ივერიონი / „ქვეწარმავალთა“ საჯიჯგნად განწირული ქვეყანა, ანუ ტრაგიკული ფინალის მოლოდინში!

„ქვეწარმავალთა“ საჯიჯგნად განწირული ქვეყანა, ანუ ტრაგიკული ფინალის მოლოდინში!

სტატიაში „გეშინოდეთ მომავალი არჩევნების“ ხაზგასმით ვწერდი, რომ „მომავალი პარლამენტი ახლანდელზე უკეთესი არ იქნება“. 

http://iverioni.com.ge/16010-zaur-natcyebia-geshinodeth-momavali-archevnebis.html

 

როგორც წესი, ჩემი პროგნოზი ყოველთვის საკუთარ ინტუიციაზე და მტკიცე ლოგიკაზეა დაფუძნებული და არაფერი აქვს საერთო სასურველი რეალობის ილუზორულად წარმოჩენასთან.

 

მაინც რატომ ვფიქრობ, რომ მომავალი პარლამენტი ახლანდელზე უკეთესი არ იქნება?!

 

აქსიომაა, უკეთესი რომ იყოს, ელემენტარულად ქართულ პოლიტიკურ ველზე მოთამაშე სუბიექტები უნდა შეიცვალოს, ან საერთოდ გადახალისდეს.

 

ამასთან, უნდა შეიცვალოს დეპუტატობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, წლების მანძილზე გეგმაზომიერად დაზომბირებული ამომრჩეველი პასიური მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს!

 

სამწუხაროდ, ამის არანაირი ნიშანწყალი არ ჩანს, რაც კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს: ხელისუფლებას დღევანდელი სტატუს-კვო აკმაყოფილებს და არაფრის შეცვლას არ აპირებს.

 

„რევოლუციური“ განწყობა არც საზოგადოებაში იგრძნობა - ნაცვლად იმისა, ახალი, თვისობრივად განსხვავებული (სახელმწიფოებრივად მოაზროვნე) პოლიტიკური სუბიექტის შემოყვანას და თამაშის ახალი წესების დამკვიდრებას ცდილობდეს, მხოლოდ იმით ერთობა, უნდა დაბრუნდეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში!

 

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ „ტრადიციულმა“, დემოკრატიული ფასადის შესანარჩუნებლად საჭირო არჩევნებმა თავისი მისია უკვე ამოწურა და საზოგადოებამ ხელისუფლების შერჩევის სხვა ფორმა, სხვა გზა უნდა მოიფიქროს.

 

ყოველ შემთხვევაში, ასე გაგრძელება არათუ ტაძრამდე მიგვიყვანს, არამედ, საფრთხეს უქმნის თვით სახელმწიფოს არსებობასაც კი!..

 

არ ვიცი, რა ძველი „ახალი“ შემადგენლობით წარმოგვიდგებიან სხვა პოლიტიკური პარტიები, მაგრამ, რა ინფორმაციამაც „ოცნების“ კულუარებიდან გამოჟონა, დამშვიდების უფლებას ნამდვილად არ გვაძლევს - ჩვენ წინასაარჩევნოდ შემოგვთავაზებენ „ახალ“ სახელებს (სახეებს), რომელთა მიღმა ქართული სული, ქართული აზროვნება, სახელმწიფოებრივი ხედვა უბრალოდ არ ჩანს - ყველა მათგანმა ან თავი გამოიჩინა ხელისუფლების დითირამბებით შემკობაში და მისი საქმიანობის „გაპრავებაში“, ან თანამედროვე პოლიტიკის სტანდარტებში ჩაჯდნენ.

 

სხვანაირად, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია საქართველოსთვის ივანიშვილის ყოფილ მრჩეველს ადამიანთა უფლებათა დაცვის საკითხებში (არადა, ძალიან კარგად ვიცით, როგორ იცავდა იგი ადამიანის უფლებებს), საიას ყოფილ თავმჯდომარეს ქ-ნ თამარ ჩუგოშვილს, ან რა დამსახურებისთვის უნდა ვიხილოთ მომავალ პარლამენტში 20-30-ის ექსპერტად წოდებული მიხეილ დუნდუა?

 

სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, რა კრიტერიუმებით შეირჩა „ქართული ოცნებიდან“ ახალ საპარლამენტო სახედ ოდიოზური რიმა ბერაძე, თამარ ტალიაშვილი და ოთარ აბესაძე? (სხვა დანარჩენის ჩამოთვლა არ ღირს - ისინი ყველა „ერთ ქვაბში“ იხარშებიან!).

 

დარწმუნებული ვარ, არანაკლებ ოდიოზური ფიგურებით იქნებიან წარმოდგენილნი სხვა პოლიტიკური პარტიებიც, რომელთაც საარჩევნო ბარიერის გადალახვას უწინასწარმეტყველებენ.

 

დასკვნა მარტივია: ისევ მოჯადოებულ წრეზე ვიტრიალებთ, ისევ ისეთ საკანონმდებლო ორგანოს „გავაფორმებთ“ (თუ უარესს არა), რომელიც საკუთარი მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის ხარჯზე სახელმწიფოს ინტერესებს განზე გადადებს - მეტიც, უფრო გაფაციცებით და მონდომებით ჩადგება ბნელი ძალების სამსახურში!

 

დაგვცინიან და რეაგირება არ გვაქვს, ღირსება აგვყარეს და მის დაბრუნებაზე არ ვფიქრობთ, ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებენ და ჩვენ საღათას ძილით გვძინავს!

 

როდემდე?!

 

P.S. უკვე მერამდენედ გვაიძულებენ მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებად წოდებულ ფარსში, სადაც ჩვენს ხმას და ჩვენს გაწყობას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. არც არასდროს ექნება, თუ ჩვენი უფლებები და ვალდებულებები არ გავიაზრეთ და ქვეყანა „ქვეწარმავალთა“ საჯიჯგნად დავტოვეთ!

 

მე ბოიკოტს ვუცხადებ მომავალ არჩევნებს - არ მინდა კიდევ ერთხელ მივიღო მონაწილეობა წინასწარ დადგმულ სპექტაკლში, რომლის ფინალი სპექტაკლის დამთავრებამდეც ისედაც ცნობილია!

 

 

 

ზაურ ნაჭყებია

 

 

11-04-2016, 16:35
უკან დაბრუნება