ივერიონი / FAO საქართველოს მაღალი ხარისხის თესლის წარმოებაში ეხმარება

FAO საქართველოს მაღალი ხარისხის თესლის წარმოებაში ეხმარება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი ლაბორატორია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საჭირო ინვენტარით აღჭურვა. ახალ ლაბორატორიაში, რომელიც სოფელ წილკანში მდებარეობს, ხორბლისა და სხვა სათესლე მასალების ხარისხის კონტროლი საერთაშორისო სტანდარტებისშესაბამისად განხორციელდება.

 

,,ლაბორატორია თავისი ახალი აღჭურვილობით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია თესლის სერტიფიცირების სისტემის განვითარებისთვის. მასასევე მაღალი ღირებულება აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კუთხით. ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ მივაღწიოთ დასახულ მიზანს და საქართველოში ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის სათესლე მასალა’’, - აცხადებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის უფროსი ნოდარ ხატიაშვილი.

 

სათესლე მასალის კვლევითი ლაბორატორიის რეაბილიტაცია და შესაბამისი აღჭურვა FAO-ს პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს თესლის სერტიფიცირების სისტემის განვითარებაში ეხმარება. ეს სისტემა განიხილება, როგორც თესლის წარმოების გაზრდის ერთ-ერთ ძირითადი საყრდენი და ხელშემწყობი ფაქტორი.

 

თესლის სერტიფიცირების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა. FAO და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო თესლის შესახებ კანონის სრულყოფაზეც მუშაობენ. კანონპროექტი მზადაა და საქართველოს პარლამენტს წლის ბოლომდე წარედგინება დასამტკიცებლად.

 

თესლის სერტიფიცირების სისტემის მხარდასაჭერად, FAO-ს ინიციატივით არაერთი ღონისძიება განხორციელდა: ნებაყოფლობითი სერთიფიკაციის პროგრამა თესლის მწარმოებლებისთვის, ტრენინგები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებისთვის, სასწავლო ტურები გიუმრის სანაშენე ინსტიტუტსა და ანკარაში.

 

,,FAO-ს ტექნიკური დახმარების პროექტის მთავარი მიზანია, თესლის სერტიფიცირების სისტემის ხელშეწყობით საქართველოში სათესლე მასალების წარმოების მდგრადი განვითარება’’, - აცხადებს FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში მამუკა მესხი.

 

მისი თქმით, ,,მაღალი ხარისხის სერტიფიცირებული თესლის გამოყენება წარმოების განვითარებას განაპირობებს, რაც ხელს შეუწყობს ფერმერების საარსებო გარემოს გაუმჯობესებას და ქვეყანაში  საექსპორტო პოტენციალის ზრდას“.

 

პროექტი  2016 წლის აპრილში პრაქტიკული ტრენინგით დასრულდება. FAO-ს ექსპერტები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს თესლის ტესტირების უახლეს მეთოდებს შეასწავლიან. პროექტს ავსტრიის მთავრობა აფინანსებს.

 

 

 

14-04-2016, 11:52
უკან დაბრუნება