ივერიონი / როგორ ჩავატაროთ არჩევნები?

როგორ ჩავატაროთ არჩევნები?

ინფორმაციული საზოგადოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრესი იძლევა იმის საშუალებას არჩევნებთან დაკავშირებით, რომ

 

- პრაქტიკულად  ნულამდე იქნას დაყვანილი გაყალბების შესაძლებლობა;

- მიღწეულ იქნას უზარმაზარი ფისკალური ეფექტი;

- უზრუნველყოფილ იქნას არჩეულ დეპუტატთა გაცილებით მაღალი ლეგიტიმაცია;

- უპრობლებოდ მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე არჩევნების პერიოდში არ მყოფი მოქალაქეების პროცესში ჩართულობა.

 

 ამასთან, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, სისტემა მოგვცემს საშუალებას არჩევნებში მონაწილეობა მივაღებინოთ ცხინვალისა და სოხუმის რეგიონებში საქართველოს  სახელმწიფოსადმი ლოიალურად განწყობილ მოქალაქეებს.

 

საკითხის გადაწყვეტაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს  რანჟირებისა და რეიტინგების მინიჭების პრობლემურ საკითხებს.

 

თეორიულად  შეიძლება განვიხილოთ შემდეგი საკითხი:

 

ნებისმიერი სერიოზულ საკითხზე  აზრის ჩამოყალიბება აუცილებლად დამოკიდებულია აზრის გამომხატველის ინტელექტუალურ შესაძლებლობაზე და ამ გადასაწყვეტ საკითხთან მის დამოკიდებულებაზე.

 

ჩემი აზრით, უნდა მოხდეს ამომრჩეველთა რანჟირება (მისი ინტელექტუალური IQ   სერთიფიცირების საშუალებით), ანუ უნდა მოხდეს ამომრჩეველთა ტესტირება (გამოცდა). ამომრჩევლები უნდა დაიყოს სამ კატეგორიად და შესაბამისად უმაღლეს კატეგორიას მიენიჭოს 3 ქულა, საშუალოს 2, ხოლო უმდაბლეს - მესამეს 1 ქულა.

 

მეორე ასპექტი, ანუ რეიტინგის ასპექტი მდგომარეობს შემდეგში: დავუშვათ ამომრჩეველს სურს აირჩიოს ვინმე   a  კანდიდატი, თუ არადა  b,  წინააღმდეგ შემთხვევაში c.

 

რანჟირებულად მიღებული ქულების რაოდენობა უნდა გამრავლდეს ფიქსირებულად ყველასთვის ერთნაირად მიღებულ მუდმივ კოეფიციენტზე, მაგ.: 4-ზე, მიღებული ნამრავლი შესაძლებელი იქნება ამომრჩეველმა გადაანაწილოს მისთვის სასურველ და ნაკლებად სასურველ კანდიდატებზე.

 

მიღებულმა მოქმედებებმა შეიძლება მოგვცეს შემდეგი შედეგი: ერთმა კანდიდატმა შეიძლება დააგროვოს იმდენი ქულა, რომ აჯობოს მეორეს ისე, რომ ამომრჩევლების მიერ რაოდენობრივად პირველ ადგილზე არც იყოს გასული.  არჩევნების ასეთი სისტემით წარმართვა გაცილებით უფრო მაღალი დონის იქნება ჭეშმარიტების შედეგის მიხედვით.

 

ამავე დროს, შესაძლებელია რანჟირებულ-რეიტინგული მეთოდოლოგია, შესაბამისი დამუშავების შედეგად, გამოყენებულ იქნას ყველანაირი, თუნდაც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის დროს, რომლის წინაპირობათაც შეიძლება მოგვევლინოს რამოდენიმე საუკუნის წინ მთა-თუშეთში დამკვიდრებული ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მონათესავე სტრუქტურის არსებობა, რაც დასტურდება არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენა-მოკვლევით. ზემოაღნიშნული პროცედურის დროს  გათვალისწინებული იყო მსაჯულთა შორის უფრო მეტად დაფასებული, გამორჩეული პირი, რომლის ნათქვამსაც თავის მხრივ უფრო მეტი წონა ჰქონდა.

 

ასევე, მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და გამოყენების საკითხები.

 

ამომრჩევლები უნდა გადანაწილდნენ არა პირდაპირ ტერიტორიული პრინციპით, არამედ, უნდა ჩამოიწეროს სრული სია და დაიყოს ასარჩევ დეპუტატთა რაოდენობაზე - ეს საშუალებას მოგვცემს თითოეული დეპუტატის წონადობა პრაქტიკულად გათანაბრდეს. ეს კი, თავის მხრივ მთლიანად მოხსნის მაჟორიტარების არჩევის თითქმის ყველა უარყოფით მხარეს. აქვე ანალოგიურ დადებით ეფექტს მივიღებთ პროპორციული არჩევნების შემთხვევაშიც.

 

აღნიშნული პროცედურის ჩატარება შეუძლებელია მძლავრი პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე.

 

მთლიანი პროცედურა უნდა დაიყოს ორ ძირითად ნაწილად: რეგისტრაცია და არჩევნები.

 

რეგისტრაციის დროს საქართველოს ტერიტორიაზე (კონტროლირებად) მცხოვრები ამომრჩევლები რეგისტრაციას გაივლიან შესაბამის  სახელმწიფო დაწესებულებებში,   სადაც მოხდება მათი სახის ბიომეტრული იდენტიფიცირება და შეივსება პასუხისმგებელი პირის მიერ ამომრჩევლის საპასპორტო მონაცემებში.

 

ჩვენი ქვეყნის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მყოფი ამომრჩევლებისთვის კი პროცედურა შემდეგნაირად უნდა განხორციელდეს. აქვე ავღნიშნავ იმ პირთა რეგისტრაციასაც რომელნიც არალეგალურად იმყოფებიან უცხოეთში ან/და მათი ადგილმდებარეობა, ანუ ყოფნადობა ტერიტორიულად საკმაოდ შორსაა საქართველოს საკონსულოებისგან.  მაგ.: აშშ-ში საკონსულო არის შეზღუდული რაოდენობის, ხოლო თუნდაც ლეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქის რეგისტრაცია, თუ ის იმყოფება ალასკის შტატში, საკმაოდ მოუხერხებელია. ასევე რთულია იძულებით გადაადგილებულთა რეგისტრაციაც, რომლებიც ამჟამად არ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ჩვენ უნდა მივიღოთ შემდეგი დაშვება. ასეთი პიროვნებებისთვის უნდა გამოვიყენოთ სანოტარო დამოწმება ან მასთან გათანაბრებული სამი ან მეტი პირის ხელმოწერის პროცედურული ქმედება, რომელიც განმტკიცებული იქნება როგორც ასეთი, სასამართლოს დონეზე მიღებულ ჩვენებად.

 

რეგისტრაციის ჩატარების შემდგომ ეტაპს წარმოადგენს ამომრჩეველთა რანჟირებისთვის ე.წ. გამოცდის ჩაბარება, რომელიც შესაძლებელია საწყის ეტაპზე, ანუ საზოგადოების მოუმზადებლობის გათვალისწინებით სრულად იქნას ამოღებული.  ე.ი რანჟირების საკითხი მომავლისთვის გადავდოთ.

 

არჩევნების ჩატარების პროცედურა და ტრანზაქციების განხორციელება შემდეგნაირი იქნება:

 

ამომრჩეველი, მიუხედავად იმ მომენტში მისი ადგილმდებარეობისა, ინტერნეტქსელის მეშვეობით ჩაერთვება არჩევნების პროცესში. მაგ.: თუ ამომრჩეველი, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რეგისტრირებულია ბათუმში და არჩევნების დღეს იმყოფება, ლეგალურად ან არალეგალურად, ახალ ზელანდიაში, მას ყოველგვარი პრობლემებისა და შიშის გარეშე შეეძლება დააფიქსიროს თავისი კონსტიტუციური უფლება-მოვალეობა. იგი მოახდენს თავისი თავის იდენტიფიცირებას, რის შემდეგაც ეკრანზე გამოვა ასარჩევ სუბიექტთა ჩამონათვალი და ამომრჩევლის ხელში არსებული ქულათა რაოდენობა.

 

ეს ქულები ამომრჩეველმა უნდა გადაანაწილოს ნებისმიერი კომბინაციით ასარჩევ სუბიექტთა შორის. ერთადერთი შეზღუდვით – ამომრჩეველს არ ექნება საშუალება ჯამობრივად გამოიყენოს იმაზე მეტი ქულა, რაც მისთვის საწყის ეტაპზე იყო გამოყოფილი, რაც შეეხება დაკლებას - შესაძლებელია. მაგ.: ამომრჩეველს აქვს 8 ქულა და მან დახარჯა ვთქვათ 6. ეს მისი ნების გამოხატულებაა.

 

ამით ამომრჩევლის ქმედება დასრულებულია, შეტყობინება გადამოწმდება და გაიგზავნება შესაბამის სერვერზე, სადაც მოხდება მისი სხვა მონაცემებთან დაჯამება, ამის შემდეგ გაუქმდება ინფორმაცია იმის შესახებ თუ კონკრეტულმა ამომრჩეველმა ვის მისცა ხმა, ანუ მოხდება კენჭისყრის ფარულობის დაცვა და სერვერზე შეინახება მხოლოდ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამომრჩეველმა ერთხელ უკვე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, მივიღებთ მომენტალურ ინფორმაციულ  შედეგს, ანუ, არჩევნების მიმდინარეობის იმწუთიერ მდგომარეობას.

 

არჩევნების მიმდინარეობის სიზუსტე და ოპერატიულობა შეუდარებლად გაუმჯობესებულია.

 

რა თქმა უნდ, შეიძლება მოხდეს ჰაკერული ჩარევა, მაგრამ ეს იმდენად არამოტივირებულია, რომ იმ დონის ჰაკერს, რომელსაც შეეძლება 16 გ.ბ.-ნი კოდის გატეხვა, ადვილად ხელეწიფება ნებისმიერი ბანკის ანგარიშის გახსნა და მილიონობით თანხის მოპარვა. ეს კი მოტივაციის განხორციელების მიმართულებას აშკარად ცვლის.

 

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ზემოთ დასმული ამოცანა არ მოითხოვს არც ერთი დონის კომისიების, დამკვირვებლების, შემმოწმებლის და სხვა მრავალი ზედმეტი ჩინოვნიკის დაქირავება – დავალდებულებას.  ეს კი თავის მხრივ, მოგვცემს არამარტო ფინანსურ დაზოგვებს, არამედ უფრო დემოკრატიულს გახდის მთელ ჩასატარებელ პროცედურას არჩევნების პროცედურის მიმდინარეობის პერიოდში.

 

შეიძლება ასე ვთქვათ სიმბოლურად შევარჩიოთ დამკვირვებელთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელთა ფუნქციაც პრაქტიკულად  0-ის ტოლი იქნება. ეს შემადგენლობა შეიძლება შეირჩეს სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიდან, საზოგადოების ცნობილი სახეებიდან (რომლებიც არ იქნებიან დაკავშირებული არჩევნებთან), აგრეთვე შეიძლება მოწვეულ იქნეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აკრედიტირებული სუბიექტები.

 

ფისკალური ეფექტის განსაზღვრა უნდა დავიწყოთ იმით, რომ ზემოაღნიშნული ამოცანის დანერგვა არ მოითხოვს სხვადასხვა კვალიფიკაციის მქონე პირებისგან სხვადასხვა დონის კომისიების დაკომპლექტებას. ეს რა თქმა, უნდა დაზოგავს არა მარტო სახელფასო ფონდს, არამედ სამუშაო ადგილის სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის გამოსაყოფ თანხებსაც.

 

აქვე ავღნიშნავთ, რომ არ არის საჭირო ძვირადღირებული საარჩევნო უბნების მოწყობა და მრავალი მაკონტროლებელი რგოლის შექმნა. შედარებისთვის ბოლო დროს ჩატარებული საპარლამენტი, ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნები ჯამში დაჯდა 100 მილიონ ლარზე მეტი.

 

ჩვენს შემთხვევაში საჭირო იქნება რამდენიმე სპეციალისტის დასაქმება და ლეგალურად, სპეციალური ბიომეტრული ამომცნობი პროგრამის ინსტალაცია ბევრ კერძო კომპიუტერზე იმ პირობით, რომ პროგრამა იმუშავებს მხოლოდ რეგისტრაციისა და არჩევნების პერიოდის განმავლობაში და მფლობელისგან მომხმარებელი დროებით იქირავებს აღნიშნულ პაკეტს.

 

ქირავნობის თანხა (მთლიანი ღირებულების 0.1 – 0.15 (%)) შეიძლება ისე შეირჩეს, რომ მოგებული აღმოჩნდეს მეპატრონეც და დამქირავებელიც.

 

საერთო ჯამში, საქართველოს მაგალითზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ხარჯები შეიძლება რამოდენიმე ერთეულ პროცენტამდე შემცირდეს.

 

დასკვნა

საარჩევნო პროცედურის ჩატარების შემოთავაზებული ვარიანტი პირველია როგორც ტექნიკური, ასევე ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ხოლო, რაც შეეხება საბანკო გადარიცხვებს, ის ნელნელა ფეხს იკიდებს სხვადასხვა ქვეყანაში, თვით შვეიცარიაშიც კი. ტრანზაქციების განხორციელება ბიომეტრული იდენტიფიცირებით, პლასტიკური ბარათების გამოყენებასთან შედარებით იძლევა უფრო მაღალი დონის დაცულობას და სხვა მრავალ უპირატესობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გაცილებით უკეთეს პოზიციაში აყენებს ჩვენს მიერ შემოთავაზებულ პროექტს.

 

რაც შეეხება არჩევნების პროცედურას, აქაც ვხვდებით გარკვეულ უხერხულობებს. მაგ.: საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ არ არის მზად რათა გამოავლინოს კომპიუტერთან ურთიერთობის სულ მინიმალური უნარ-ჩვევები.

 

ასეთ შემთხვევაში აქაც შეგვიძლია გარკვეული დათქმები გამოვიყენოთ.

 

დამატებით კიდე შეიძლება დამონტაჟდეს დამხმარე საარჩევნო, ან მოძრავი (ანუ გადასატანი) საარჩევნო ობიექტები.

 

ასეთი მეთოდით არჩევნების ჩატარება ხელიდან გამოგლიჯავს არაკეთილ მოსურნეებს არჩევნების გაყალბებას; არ გვექნება არანაირი კარუსელი, მკვდარი სულების დამატება, არ გამოიყენება სახელმწიფო რესურსები და შეუძლებელი გახდება გასამხედროებული ნაწილების დავალდებულება, ამა თუ იმ კანდიდატის არჩევაზე.

 

აქვე ავღნიშნავთ, რომ ხელმოცარულ პარტიებს აღარ ექნებათ საშუალება მოიმიზეზონ თავიანთი წარუმატებლობა და დამარცხება გაამართლონ ვითომდა გაყალბებული არჩევნებით.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩემი აზრით ამოცანის დანერგვა საკმაოდ აქტუალურია, დროულია, ეფექტურია და მრავალმხრივ გამართლებულია. ამასთან  პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, მას აქვს ალტერნატიული არჩევანის შესაძლებლობა  და არ გამოიწვევს რაიმე რელიგიური თუ სხვა სახის  სეგრეგაციის ელემენტებს.

 

„ივერიონისგან“: ჩვენ ერთმნიშვნელოვნად არ ვიზიარებთ ავტორის პოზიციას არჩევნების ინოვაციური მეთოდით ჩატარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ სტატიაში ბევრი რამ საკამათოა.

 

მზად ვართ დავიწყოთ პოლემიკა აიმ ინოვაციურ წინადადებებთან დაკავშირებით.

 

                      ზურაბ  კოლხიდაშვილი

 

 

18-04-2016, 17:04
უკან დაბრუნება