ივერიონი / რა მისია აქვს „ქართულ მისიას“?!

რა მისია აქვს „ქართულ მისიას“?!

კვირას გია კორკოტაშვილმა (იგივე „კორკოტამ“) ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში სახელდახელო შეკრებაზე მიგვიწვია. შეკრების მიზანი სახალხო მოძრაობა „ქართული მისიის“ სახეებისა და მხარდამჭერების დემონსტრირება იყო.

 

ვერ ვიტყვი, რომ ვინმე მოტყუებით, ან ფულის დარიგებით იყო მიყვანილი - ხალხს სახეზე ეტყობოდა, რომ რაღაც „ახალს“ ელოდა!

 

 

ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები ადამიანურ ურთიერთობებს, მაგრამ, როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს, მის მომავალს ეხება, ყოველთვის ვცდილობ ვიყო ობიექტური. აქედან გამომდინარე, ნაკლებად მაინტერესებს, ვის რა ეწყინება და რა ესიამოვნება!..

 

ძალიან მინდოდა იმდღევანდელი შეკრება „ტრადიციულს“ არ დამსგავსებოდა, ძალიან მინდოდა მენახა ახალი სახეები და მათგან მომესმინა, თუ როგორ უნდა გაირღვეს მოჯადოებული წრე და როგორ გამოვიდეთ ღრმა სულიერი და მატერიალური კრიზისიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, გაწბილებული დავრჩი!

 

დღეს ყველა საუბრობს იმ ავადსახსენებელ 9-წლიანი პერიოდის მძიმე შედეგებზე, თავსმოხვეულ კოჰაბიტაციაზე, რომელმაც კიდევ უფრო დაამძიმა არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება და საყრდენი გამოაცალა სამართლიანობის დამკვიდრების პერსპექტივას ქვეყანაში, მაგრამ არავინ გვეუბნება, აქვთ თუ არა კონკრეტული „რეცეპტი“, რომელიც ამ უმძიმეს სიტუაციას ცოტათი მაინც შეარბილებს და უახლოეს მომავალში ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს.

 

მიზეზი მარტივია: ხალხი 25 წელია შეეჩვია ბრტყელ-ბრტყელ დაპირებებს, რომელთა შესრულებაზე პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს და პასუხი არც არავისთვის მოუთხოვიათ.

 

თუმცა, იგივე ხალხი უკვე მიხვდა, რომ ყველა - ძველიც და ხელოვნურად გამოძერწილი „ახალიც“, ერთი და იგივე თიხითაა მოზელილი და მათი შინაგანი მოთხოვნილება ფასადის შელამაზებას და პირადი კეთილდღეობის (მაქსიმალური კომფორტის) მოგვარებისთვის ზრუნვას ვერ სცილდება (გემოვნებას ნამდვილად ვერ დავუწუნებთ).

 

დააკვირდით: ზოგი ისეთ ხმაურით (აურზაურით) შემოდის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, გეგონება, ყველაფერი, რაც მომაკვდინებლად შემოეჭდო ერის სხეულს, უნდა გაანადგუროს და სახელმწიფოს შენება ახალი ფურცლიდან დაიწყოს!

 

თუმცა, როგორც კი ხმაური „მიწყნარდება“, აღმოაჩენ, რომ სრული ბუტაფორიაა - არავითარი პრიორიტეტები, რომელმაც საქართველოს სიცოცხლისუნარიანობა უნდა გაახანგრძლივოს, მათ გეგმაში არ არის.

 

მეტიც, სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე რომ არაფერი ვთქვათ, გეგმა საერთოდ არა აქვთ - დაზეპირებული ლოზუნგებით კი ქვეყანაში არსებული კრიზისი რომ არ გამოსწორდება, თვითონაც კარგად უწყიან, მაგრამ მაინც გვეკეკლუცებიან - ცდა ხომ ბედის მონახევრეა.

 

სამწუხაროდ, „ქართული მისიის“ გრანდიოზულ შეკრებაზეც (კალათბურთის დარბაზი თითქმის გავსებული იყო) არაფერი თქმულა სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტებზე, ვერ მივიღეთ პასუხი: რა განსხვავებული იდეოლოგიით შემოდის ახალი სახალხო მოძრაობა ქართულ პოლიტიკაში. ვინ არის მათი სამიზნე, როგორ აფასებენ დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობას და რას შეცვლიდნენ საზოგადოების მხარდაჭერის შემთხვევაში(?!).

 

ისეთ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს იყო შეკრება შეკრებისთვის - იმის დემონსტრირება, რომ „ჩვენ ხალხი მხარს გვიჭერს და ამიტომ ანგარიში უნდა გაგვიწიოთ“-ო. ისიც გასაგებია, ვისკენაც იყო მიმართული ეს გზავნილი!

 

თუმცა, არა მგონია, იმდღევანდელი შეკრება სერიოზული ვაჭრობის საგანი გახდეს და სახალხო მოძრაობამ, რომელმაც „პატრიოტული ძალების“ გაერთიანება დააანონსა, სერიოზული გარღვევა მოახდინოს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

 

პრაქტიკა ცხადჰყოფს, რომ ერთხელ და ორჯერ ხალხსაც მოიყვანენ, სიტყვითაც გამოვლენ, მხარდაჭერასაც შეგვპირდებიან, მაგრამ ამას პოზიტიური გაგრძელება არასდროს მოჰყვება - მე იქ ვნახე ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ მსგავს შეკრებაზე სიამოვნებით მიდიან, სიტყვასაც დააგუგუნებენ, მაგრამ იმის იქით ფეხსაც არ გადადგამენ.

 

რაც ყველაზე ნიშანდობლივია (სამწუხაროა), შეკრებაზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ანგაჟირებულ ექსპერტ-კონსულტანტებს ან სიღრმეებში წვდომის და პრიორიტეტების შერჩევის უნარი არ ყოფნით, ან ზოგადი, ათასგზის გადაღეჭილი ლოზუნგებით ადვილად გადიან ფონს და „მტრებს“ არ იმრავლებენ!

 

 

გულწრფელად გითხრათ, მე უფრო პირველი მგონია, რაც ფრიად სამწუხარო რეალობაა.

 

რაც არ უნდა კეთილი სურვილებით მოდიოდეს პოლიტიკაში, „ქართული მისიის“ მისია ვერ იქნება „ქართული“, რადგან სქართველოს დღეს უფრო გულანთებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ეროვნულ იდეოლოგიაზე აღმოცენებული ლაშქარი სჭირდება და არა ზოგადი ლოზუნგებით ხელოვნურად შეკოწიწებული ადამიანთა ერთობა, რომელიც არსებულ პოლიტიკურ კონფიგურაციას ძვრასაც ვერ უზამს, არსებით გარდატეხაზე კი საუბარიც ზედმეტია!

 

დიახ, ჩვენ კრიტიკულად მოაზროვნე, უშიშართა და საქართველოზე შეყვარებულთა არმია გვჭირდება, ბატონებო!

 

 

ზაურ ნაჭყებია

19-04-2016, 11:07
უკან დაბრუნება