როცა ამბობენ, დღემ იკლო და დედამიწა ადრინდელზე ჩქარა ბრუნავსო, ხანდახან სიმართლე მგონია. დედა მეუბნება, რომ მის ბავშვობაში დრო ძალიან ნელა გადიოდა, ხოლო, ზამთარში, უგრძესი ღამეები გადადიოდა. ახლა რომ ვუკვირდებით, დღე და ღამე მართლა დამოკლებულია!
სწავლის პერიოდში 8-ის ნახევრიდან 4 საათამდე სკოლაში ვარ. შინ დასაბრუნებლად 1 საათი მჭირდება, კვირაში სამჯერ ვაკეში კალათბურთის აკადემიაში დავდივარ, საიდანაც 8-ზე ვრუნდები. ამის შემდეგ იწყება გაკვეთილების მომზადების პროცესი - დასაწერი, დასახაზი, დასახატი, დასაზეპირებელი... მოკლედ, დღე ისე მალე გარბის, სხვა წრეებზეც რომ დავდიოდე, სკოლის გაკვეთილების სწავლას საერთოდ ვერ შევძლებდი.
მიმაჩნია, რომ ბავშვი სკოლისგარეშე აქტივობებზე აუცილებლად უნდა დადიოდეს. ჩემს ასაკში, როგორც მითხრეს, სპორტზე მიდევნება აუცილებელია!
კალათბურთი იმიტომ ავირჩიე, რომ ხელები მუდამ ზევით აწვდენილი გაქვს ბურთის კალათში ჩასაგდებად, რაც სიმაღლეშიც გზრდის და ხერხემალსაც გივარჯიშებს. ამავე სტილის სპორტის სახეობებია: ჩოგბურთი, ფრენბურთი და ცურვა, ხოლო ფეხბურთი, ჰოკეი და რაგბი წელსქვემოთ ააქტიურებს კუნთებს და ამიტომაც ამ სპორტის მიმდევრები ჩაფსკვნილნი და გაცილებით ტანდაბალნი არიან.
დღეს მოდაში ბევრ სხვადასხვა წრეზე სიარულია. სამწუხაროდ, ბავშვს მოსწონს თუ არა, შეეფერება თუ არა, მომავალში გამოადგება თუ არა, ბევრ მშობელს არ ანაღვლებს, მისთვის მთავარია სხვებთან დაიკვეხნოს, რომ ბავშვი ერთდროულად სამ წრეზე მაინც დაჰყავს!
რა თქმა უნდა, წრეობრივი დატვირთვა ბავშვის განვითარებისთვის ურიგო არ არის, ბოლოს და ბოლოს, წრეებზე იმიტომ კი არ დადიან, რომ მაინცდამანც ვან გოგი, მაილკ ჯექსონი, ილიკო სუხიშვილი, პელე, ჯორდანი ან ფედერერი გამოვიდნენ, მაგრამ აქ სხვა რამ უფრო თვალშისაცემია: მშობლები საბრალო შვილებს ერთმანეთის ჯიბრზე “აჭერინებენ“ “9 კურდღელს“, წლის ბოლოს შედეგით კი თურმე ერთიც ვერ მოიხელთეს!..
თბილისში უამრავი სტუდიური წრეა გახსნილი: სიმღერის, ცეკვის, ხატვის, სპორტის, საკრავების შემსწავლელი, სამსახიობო და ა.შ. რომლებსაც არც ბავშვები აკლია და იაფიც არ ღირს.
მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი საბავშვო სტუდიის მიმართ, სადაც პატარებს უამრავ “სპეციალობას“ “აუფლებენ“ და ტელევიზიითაც აცნობენ საზოგადოებას, შეკითხვები მაქვს და მაინტერესებს, რატომ ხდება ასე:
პირველი, როცა მათ გადაცემას ვუყურებ, ვამჩნევ, რომ ვერცერთი ბავშვი ვერ ახერხებს ამა თუ იმ ილეთის დამოუკიდებლად შესრულებას. გეჩვენება, რომ მათ წინ მუდმივად “ვიღაც“ დგას და მოძრაობას “კარნახობს“!
მეორე, სიმღერებში შეუფერებელი ილეთებია გამოყენებული, რომელსაც ბავშვი ქვეცნობერად ხვდება და ამიტომაც ეშლება, “დაზეპირებული მეთოდით“, სად შემოირტყას დოინჯი და სად დაგვიქნიოს თითი.
მესამე, ბევრი სიმღერას ისეთი მელოდია აქვს, ბავშვს მთელი ცხოვრება არ დაამახსოვრედება. ის თითქოს ერთხელ შესრულებისთვის, მოვალეობის მოხდისა და ხელფასის აღებისთვის “შექმნა„ “კომპოზიტორმა“.
მეოთხე, თითქმის ყველა ფონოგრამით მღერის და დავიწყებულიც კი აქვთ, რა ხმა ამოსდით ყელიდან!
ამის შესახებ დედას როცა ვუყვები, მიდასტურებს, რომ მის ბავშვობაში მსგავს სტუდიებს ნინი ბადურაშვილისა და თაკო გაჩეჩილაძისთანა სუპერბავშვები უქმნიდნენ იმიჯს, ამიტომაც რეპერტუარი იყო ხალისიანი, ბავშვური, ბუნებრივი, სასიამოვნო, ნამდვილი და შემოქმედებითიო!
ეჰ, რაღა მხოლოდ დედაჩემია ასეთი, ფონოგრამისა და საფრთხობელას გარეშე რომ “მაიძულებს“ ჩემით ვაკეთო ყველაფერი!
პროტესტის გრძნობა მიჩნდება, როცა წრის მასწავლებელი მოსწავლეებს მხოლოდ იმიტომ “აქებს“ და “ასხამს ხოტბას“, რომ იარონ და ფული გადაუხადონ.
ჩემი აზრით, ნამდვილი პროფესიონალი წრის ხელმძღვანელები ბავშვებსა და მათ მშობლებს ხარვეზებზე უნდა მიუთითებდნენ და მათ აღმოფხვრაზე ერთობლივად ზრუნავდნენ. მე ასეთ მასწავლებლებს ვიცნობ და მიხარია მათთან ურთიერთობა.
დაბოლოს, როგორც დედაჩემი ამბობს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველად მაშინ დაუკარგეს ფასი, როცა მისი ფილიალები აბაშაში, ზუგდიდში, სენაკსა და ხობში გახსნესო.
ამის მსგავსად, ბავშვებისთვის წრეობრივი მომსახურება და სტუდიური მეცადინეობა სუფთა გარემოში, კარგ შენობასა და სათანადოდ აღჭურვილ კაბინეტებსა და დარბაზებში უნდა იმართებოდეს და არა სოკოებივით მიმოფანტულ ისეთ დარბაზებში, სადაც “ლუარსაბ თათქარიძის სახლის იატაკზე“ გიწევს ცეკვა, ან საპირფარეშოს სუნი გახრჩობს, ან ამავე შენობაში გახსნილი სასადილოს თუ კაფე-ბარიდან გამოსული მოშუშული ხახვის სუნი.
ზურა ყურულიშვილი,
სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას“ VI კლასის მოსწავლე