ივერიონი / მოღალატე პარლამენტარები და დასაღუპად გამეტებული საქართველო!

მოღალატე პარლამენტარები და დასაღუპად გამეტებული საქართველო!

 

 

 

 

 

ნაცვლად იმისა, ქართველი კანონმდებლების მოღალატური, თვალთმაქცური გადაწყვეტილების გამო გამძვინვარებული საზოგადოება საქართველოს პარლამენტთან მრავალათასიან რკალს არტყამდეს და სულგაყიდული „რჩეულების“ სამაგალითოდ დასჯას ითხოვდეს, ორი დღეა იმაზე ყბედობით ათენ-აღამებენ, როგორ გაბედა ბაია პატარაიამ გიორგი კვირიკაშვილის მუხლმოდრეკა „ფორთხვად“ „ეკურთხებინა“ და ვინ ეკითხება BBC-ის ჟურნალისტს, ქართულ სასაფლაოზე ღრეობას გავმართავთ თუ ჩვენს მიცვალებულებს სულის საოხად სანთელს ავუნთებთ და კვერცხს გადავუგორებთ.

 

არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ჩვენ „მომსახურების ზონიდან“ კარგა ხანია რომ გავედით, ამას ელემენტარული დაკვირვებაც ცხადჰყოფს. თეთრისა და შავის ერთმანეთისგან გარჩევას თავი რომ დავანებოთ, იმუნიტეტი იმდენად დაგვიქვეითდა, კარს მომდგარ საშიშროებასაც ვერ ვგრძნობთ. მეტიც, საკუთარი ნებით ავდივართ ეშაფოტზე და ასევე საკუთარი ნებით ვანადგურებთ ერის მომავალსაც!

 

დიახ, ღალატი და თვალთმაქცობა _ მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება „იუვენალური იუსტიციის შესახებ“ კანონის („ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე) მეორე მოსმენით (თანაც ვნების კვირას, თანაც დაჩქარებულად!) მიღების თაობაზე, _ კანონის, რომელიც ე.წ. სოციალურ მუშაკს თავისი შეხედულებისამებრ აძლევს უფლებას ჩაერიოს ოჯახურ საქმეებში და „ბავშვის უსაფრთხოების“ ფორმალურად შექმნის მოტივით დააშოროს მცირეწლოვანი ოჯახს, ანუ დედ-მამას წაართვას საკუთარი შვილი.

 

მე თქვენ გეტყვით და ღრმადპატივცემულ და უფლებადებულ სოცმუშაკს ძალიან გაუჭირდება მიზეზების მოძებნა _ მაშინ წაგვართმევენ შვილებს, როცა მოეპრიანებათ და როგორც მოეპრიანებათ!

 

„ასე რამ შეგაძულათ საკუთარი შვილები?“ _ წერდა გუშინ სოციალურ ქსელში ქალბატონი ნაირა ადამია-რუხაია. სულით ხორცამდე შემძრა ამ სიტყვებმა. არადა, სრული სიმართლეა _ ჩვენი უნიათობით და უღირსობით საკუთარ ქვეყანაში ხელს ვუწყობთ ისეთი შემზარავი პრაქტიკის დაკანონებას, რომელიც არა მარტო საფრთხეს უქმნის ქართულ გენოფონდს, არამედ, აშკარა განადგურებით ემუქრება კიდეც!

 

ეჭვი არ არის, ამ კანონის მიღებას საპარლამენტო არჩევნების დამთავრებისთანავე, მოჰყვება ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებაც. მშობლებისგან ძალით (სხვადასხვა ხრიკებით) წართმეული ბავშვები სწორედ ლესბოსელებზე და მამათმავლებზე გასაშვილებლად სჭირდებათ. არც ის არის გამორიცხული, იგივე მიზნით სახელმწიფოს ტყვეობაში ჩავარდნილი მოზარდები უცხო ქვეყნის (ქვეყნების) გზას გაუყენონ!!!

 

ახლა ორიოდე სიტყვით განვმარტავ, რას მოითხოვს „იუვენალური იუსტიცია“. როგორც კანონპროექტის პრეამბულიდან ირკვევა, იგი მშობლებისგან მოითხოვს თავიანთი შვილებისთვის სრული თავისუფლების მინიჭებას _ მშობლებს ბავშვებზე ზემოქმედების ყველანაირი უფლება ერთმევათ, რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ირღვევა უფლის მიერ დადგენილი ოჯახური იერარქიაც...

 

აღნიშნული კანონის მიღება რომ კატასტროფის ტოლფასია, ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს მაგალითზეც კარგად ჩანს _ იმ ევროპისა, რომლის კარებზე კარგა ხანია ვაკაკუნებთ, მაგრამ არ გვიღებენ, იმ ევროპისა, ვიზალიბერალიზაციას რომ გვპირდება, სანაცვლოდ კი ასეთი დამანგრეველი კანონების მიღებას გვაიძულებს (იქნებ არც გვაიძულებს და ჩვენი მოღალატე და სულწაწყმედილი კანონმდებლები თვითონ აწონებენ თავს ასეთი გამბედაობით?!), იმ ევროპისა, სადაც ბოლო ოცი წლის მანძილზე იუვენალური იუსტიციის წყალობით მშობლებისთვის ათეულ ათასობით ბავშვია წართმეული!

 

სანამ ჯერ კიდევ დროა, საჩქაროდ უნდა დავცეთ კარავი საქართველოს პარლამენტის შენობასთან, მოვაწყოთ ჯერარნახული საპროტესტო აქციები, საჯაროდ გამოვაქვეყნოთ იმ პარლამენტართა სახელები და გვარები, ვინც ხელი აუწია ამ ავადსახსენებელი კანონის მეორე მოსმენით მიღებას!

 

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დღევანდელ კანონმდებელთა უმეტესობას სურვილი აქვს საკუთარი „კანონშემოქმედებითი“ მოღვაწეობა გააგრძელოს მომავალ პარლამენტშიც.

 

ჩემი აზრით, მათ არა მარტო პარლამენტში, არამედ, ზოგადად, სახელმწიფო სამსახურში უნდა აეკრძალოთ  საქმიანობა, როგორც ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლ ინდივიდებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის მიღებას „ერთადერთი“ საპარლამენტო  ოპოზიციაც უჭერს მხარს, მთელი პასუხისმგებლობა მმართველ კოალიციას „ქართულ ოცნებას“ ეკისრება (არ მიხსენოთ ახლა ქართველთა „მესია“ ივანიშვილი და გაწონასწორებული კვირიკაშვილი), რომელიც დღესაც ყელყელაობს და მომავალ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებასაც აანონსებს!

 

თუ ერს ღირსების ელემენტარული გრძნობა შერჩენია, თუნდაც ამ კანონის მიღების გამო უნდა უთხრას „ქართულ ოცნებას“ _ არა. ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ ქართული პოლიტიკის ცარგვალზე ახლებურად (სახელმწიფოებრივად) მოაზროვნე ადამიანთა ერთობა გამოჩნდება. ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ ზომბირებულ საზოგადოებას საბოლოოდ თვალი აეხილება და ომახიანად დაიგუგუნებს: „ვინც სამშობლოს მოღალატეს მხარს დაუჭერს, დედა შეერთოს ცოლადა“-ო!

 

ჩვენ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისას მოწოდების სიმაღლეზე რომ დავმდგარიყავით და მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლებით საკუთარი ნება დაგვეფიქსირებინა, არც საყდრისს აგვიფეთქებდნენ და, მითუმეტეს, არც იუვენალურ იუსტიციას შემოგვაპარებდნენ.

 

არადა, იუვენალური იუსტიციიდან ერთსქესიანთა ქორწინებამდე და ერის საბოლოოდ განადგურებამდე, ნახევარი ნაბიჯია!

 

დანარჩენი შენთვის მომინდვია მკითხველო...

 

P.S. სერიოზულად ვაცხადებ: თუ ესეც გადავყლაპეთ და განგაშის ზარი არ დავარისხეთ, საქართველო გადარჩენის ღირსი არ ყოფილა. რომელ არჩევნებზეა საუბარი, როცა არჩეული ზურგში ლახვარს გვცემს, ხოლო ასარჩევად გამზადებულნი ხმას არ იღებენ.

 

საქართველო განსაცდელშია!

 

აბა ერთი დავითვალოთ: ვის შერჩა ერისთვის თავდადების უნარი და ვინ კიდევ ფეისბუქში ცარიელი მუშტების ქნევით გვაბრუებს.

 

განსაცდელი იმიტომაა განსაცდელი, რომ გამოგვაფხიზლოს. მე მზად ვარ, ვინ იქნება შემდეგი?!

 

 

ზაურ ნაჭყებია

 

 

 

4-05-2016, 11:27
უკან დაბრუნება