ივერიონი / „დოუძახი სპონსორეფს არამი დო შარიქას...“ ანუ როდის დასრულდება ფულის სამათხოვროდ ძუნძული!

„დოუძახი სპონსორეფს არამი დო შარიქას...“ ანუ როდის დასრულდება ფულის სამათხოვროდ ძუნძული!

ეს სტატია გასულ კვირას უნდა გამომექვეყნებინა, მაგრამ ვნების კვირასთავი ავარიდე ისედაც გულდამძიმებული მკითხველის გაღიზიანებას. ამასობაში კი დადგა ჟამი, როცა _ „თქმა სჯობს არა თქმასა!...“

 

„ანაკლია პორტის“ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული „ხაზარაძე და კონტი ჯგუფის“ და მისი გამომცხადებელი პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის, ფულის სამათხოვროდ ძუნძულმა მეგრული ფოლკლორის სახალისო ნიმუში გამახსენა, რომლის პერიფრაზსაც სათაურად ვურთავ ამ სტატიას.

 

_მესამე თვე იწურება, რაც „ანაკლია პორტის“ მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული გამოცხადდა. სამწუხაროდ, ამ ისტორიულ შემთხვევას ჯეროვანი რეაქცია არ მოჰყოლია, როგორც მთავრობის, ასევე მოსახლეობის მხრიდან, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ასწლეულის პროექტის „ანაკლია პორტის“ მნიშვნელობა ან არ ესმით ტენდერის გამომცხადებლებს, ან ტენდერში გამარჯვებულის მზადყოფნაში არ არიან დარწმუნებული და საერთო სახალხო აღფრთოვანებას ერიდებიან!

 

არადა _ მოქმედი ხელისუფლებისთვის, კარს მომდგარი არჩევნების წინ უკეთეს ე.წ. „საპიარო“ ანუ, თავმოსაწონ შემთხვევას ადამიანი ვერც კი ინატრებს.

 

მოკლედ რომ ვთქვათ, ნათლად ჩანს, რომ ვერ არის კარგად საქმე, რის გამოც მხოლოდ რამდენიმე მოკლე ინფორმაციამ გაიჟღერა ამ სამი თვის მანძილზე, ზაფხულზე დასაწყები პორტის მშენებლობის შესახებ, რომ, ჯერ ევროპაში, ხოლო შემდეგ აშშ-ში _ „ანაკლია პორტის პროექტი, წლის საუკეთესო პროექტად აღიარეს!“

 

პირდაპირ უნდა განვაცხადო _ ეს გახლავთ მორიგი ბლეფი „ანაკლია პორტთან“ დაკავშირებით და სხვა არაფერი, რადგან, თუ „პროექტზეა“ საუბარი, მაშინ „ხაზარაძე და კონტი ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი „პროექტი’ ამ შეფასებას არ იმსახურებს და იგი ანტისახელმწიფოებრივი და ანტისახალხოა რამდენიმე მიზეზის გამო, რომელსაც მოგვიანებით მივუბრუნდები.

 

რაც შეეხება, ევროპელთა და ამერიკელთა „აღფრთოვანებას“ _ იგი მხოლოდ „ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში ანაკლიაში პორტის მშენებლობის იდეას“ შეიძლება გამოეწვია, რომელიც „ხარაზარაძე და კონტი ჯგუფს“ ნამდვილად არ ეკუთვნის!

 

ევროპასა და ამერიკაში სამთავრობო დონის ბიზნესწრეებში ხაზარაძე-კვირიკაშვილ-ქუმსიშვილისგან, რომ გაიგეს ამ იდეის არსებობის შესახებ, ეს უფრო მძიმე შემთხვევაა, ვიდრე, უფულო კონსორციუმის ტენდერში გამარჯვება, რადგან, 2013 წლიდან (თავი დავანებოთ წინა წლებს), იმდენი ითქვა და დაიწერა „ახალი აბრეშუმის გზაზე და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილის ანაკლია პორტის მშენებლობაზე“ ჩვენი  ქვეყნის უპირველეს და კეთილმოსურნე პარტნიორებს ცოტა ადრე და მეტი უნდა სცოდნოდათ ამის შესახებ!

 

აქ ცოტა ხნით შევჩერდეთ და მოკლე განმარტება შევთავაზოთ დაინტერესებულ მკითხველს, თუ რატომ არის საინტერესო და აღფრთოვანების მომგვრელი ანაკლიაში მეგაპორტის მშენებლობის იდეა. თუმცა, იმავე დაინტერესებულ მკითხველს შეიძლება ის უფრო გაუკვირდეს, თუ რამ აღაფრთოვანა ევრო-ამერიკელები, როცა _ ახალი აბრეშუმის გზის შემადგენელი „ანაკლია პორტის“ დაფინანსების, მშენებლობის, მისი წარმატებული ფუნქციონირების გარანტი ჩინეთის სახელმწიფო იგნორირებულ იქნა და არ მონაწილეობს საუკუნის, შესაძლოა ათასწლეულის პროექტში!

 

უსიტყვოდ ვეთანხმები ასე მოფიქრალ მკითხველს, როცა წარმოვიდგენ დაშლის პირას მყოფი ევროგაერთიანების და აშშ-ის (რომელსაც ორი ჩემოდანი ტვირთი არ ექნება დღეში ამ გზაზე გასატარებელი), ტაში და ქების სიგელი არაფრის მომტანია ანაკლია პორტის ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული  „ხაზარაძე და კონტი ჯგუფისთვის“!

 

ტაში და ქების სიგელები წარსულს ჩაბარდა, საქმისთვის ფულია საჭირო, რასაც ისე ადვილად, როგორც ქართველ სახელმწიფო ჩინოვნიკებს და მათ მიერ ტენდერში „ნაჯიკებ ფავორიტს“ ეგონათ, თურმე არ იძლევიან!

 

რაც შეეხება ანაკლია პორტის პროექტს, რასაც „ხაზარაძე და კონტი ჯგუფი“ სთავაზობს სახელმწიფოს (არაერთგზის, ამომწურავად ვისაუბრეთ და გამოვაქვეყნეთ ამის შესახებ), მხოლოდ რამდენიმე კითხვას დავსვამ:

 

1. რა მიზანს ემსახურება სახელმწიფო, რომელმაც ტენდერში გამარჯვებულისთვის პორტის ასაშენებელი ტერიტორიის უზრუნველყოფა და მომზადება იკისრა, ანაკლიის აბორიგენ მოსახლეობას მიადგა და პორტის მშენებლობას მათი გასახლებით იწყებს?

 

2. ცალკე განხილვის თემაა, რას სთავაზობს სახელმწიფო ანაკლიის აბორიგენ მოსახლეობას მამა-პაპათა ფუძე-კარიდან აყრის სანაცვლოდ? მათი შესყიდვის შემთხვევაში რა თანხაში აისახება იგი, ქუმსიშვილმა რომ „გონივრული“ უწოდა?

 

3. რატომ მიანიჭა სახელმწიფომ და მოწვეულმა, საკმაოდ ძვირადღირებულმა უცხოურმა სატენდერო კომისიამ უპირატესობა პროექტს, რომელსაც სამჯერ მეტი, ზღვის ნაპირის საუკეთესო ნაწილი მიაქვს (ვიდრე ტენდერის ფინიშზე წარმოდგენილ ალტერნატიულ პროექტს) და მისი წარმადობა საეჭვოა ტენდერში გამოცხადებული წლიური 100 მილიონი ტონა ტვირთბრუნვის მესამედს გასწვდეს?

 

4. რაც ყველაზე მთავარია, სად არის ფინანსური გარანტიები, რომელიც ტენდერში მონაწილეთა ერთ-ერთ უპირველეს შესასრულებელ პირობას წარმოადგენდა?!

 

5. თუ ყველაფერი მზად ჰქონდა ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულ ე.წ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, იგივე ხაზარაძე და კონტი ჯგუფს“ რატომ დაეძებენ ფულს და ე.წ. „სპონსორებს“ ტენდერში გამარჯვების შემდეგ?

 

...ამას წინათ, ევრობანკის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის გამოსვლამ „ბიზნესკონტაქტში“ საბოლოოდ ცივი წყალი გადაასხა ანაკლია პორტის მშენებლობის დაწყებას ამ ზაფხულს!

 

_მოკლედ, საითაც კი არ მიასკდნენ ხაზარაძე-კვირიკაშვილ-ქუმსიშვილი ფულის სამათხოვროდ, ყველა მხრიდან გაწბილებული დაბრუნდნენ. სამაგიეროდ, სამეგრელოს რეგიონის ხელისუფლები სტუდენტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ჯიუტად არწმუნებენ, რომ _ ხაზარაძე ამ ზაფხულს პორტის მშენებლობას დაიწყებს და  უმუშევარი არავინ დარჩება. მათი აზრით, ამჟამად მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და არა, ფულის სამათხოვროდ ძუნძული!

 

რომ იტყვიან _ ნეტარ არიან მორწმუნენი!

 

_კაცმა რომ თქვას, მე რატომ უნდა ვიდარდო საქართველოს მთავრობის და მისი რჩეული კომპანიის უფულობა, მაგრამ, რომ წარმოვიდგენ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ჩავარდნილი ჩემი სამშობლოს მდგომარეობას და იმედის ნაპერწკლად გაჩენილი ანაკლია პორტის მშენებლობის იმედგაცრუებას, ნათლად ვხედავ _ მწარე განკითხვის დღე დადგება ღმერთმანი!

 

_ევროპასა და ამერიკაში ფულის სამათხოვროდ გავარდნილ კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ხაზარაძეს მწარედ შეახსენებენ, რომ _ ფული, სპონსორი და ქვეყნის სასარგებლო პროექტი ტენდერში გამარჯვებამდე უნდა ჰქონოდათ!

 

_ვიღაცას, ევროპიდან მოწვეული, რამდენიმე მილიონ ევროდ ღირებული ტენდერის ექსპერტებიც გაახსენდება _ „ღირსეული კანდიდატის“ შერჩევაში  „ოფლი ღვარეს“ და მილიონები რომ ჩაიჯიბეს!

 

თუმცა, ცნობილია, რომ ქართველი ხალხი უთავბოლოდ მიმტევებელია... ალბათ ამისი იმედი აქვთ სამთავრობო ვადამილევად ხელისუფალთ და ბოლოდროინდელი „ყველა ხელისუფლების ქისად“ წოდებულ ხაზარაძეს!

 

_ფაქტიც სახეზეა, კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ხაზარაძეს ანაკლიაში ლექსი გამოუთქვეს, რომელიც ზუსტად ასახავს მათ ქმედებას:

 

„დოუძახი სპონსორეფს - არამი დო შარიქას,

უსაქმურო ყუდეს რინა ფარას დღას ვამიღანს...“

 

(დაუძახე სპონსორებს - არამი და შარიქას, უსაქმურად სახლში ყოფნა ფულს არასდროს მოიტანს...)

 

...და ესენიც, ლამის ხუთივე კონტინენტის ღობე-ყორეს მოედნენ!

 

_ღმერთმა არ ქნას, ნააღდგომევსაც მხოლოდ ქების სიგელებით დაგვიბრუნდეს ზემოთხსენებული „სამი მუშკეტერი“!

 

თუ ეს ასე მოხდა _ მათი სიმღერა დასრულდება, სასიმღერო კუპლეტები უთუოდ გაიზრდება სათანადო განაჩენთან ერთად, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ იქნება გამოსავალი, ვერანაირი განაჩენი ამ საქმეს ვერ უშველის, რადგან ქვეყნის ეკონომიკური გადარჩენის და „ანაკლია პორტის“ იდეის დაღუპვა მოჰყვება მას, რაც არასოდეს დაგვიბრუნდება!

 

დავით ქობალია

 

P.S. „ანაკლია პორტის“ თემასთან დაკავშირებით იხილეთ საინტერესო ლინკი, რომელსაც, როგორც ჩანს, დაინტერესებული პირები საგულდაგულოდ უმალავენ მკითხველს: https://teimurazkarchava.wordpress.com/about/

 

 

ამ ლინკის ნახვის შემდეგ მკითხველი თვითონვე დარწმუნდება, რომ ის, რასაც სამი თვეა გამწარებული დაეძებს ზემოთხსენებული „სამი მუშკეტერი“, დიდი ხნის წინ იყო მოგვარებული.

 

თუ რატომ იქნა იგნორირებული ანაკლია პორტის ტენდერის ფინიშზე კონსორციუმ „ანაკლია პორტი და ეკო პარკის“ და მათი მთავარი პარტნიორის „ფაუერჩაინას“კონსტრუქციული შემოთავაზება, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებს სცილდება. თუმცა, ამ საკითხით შესაბამისი უწყების დაინტერესების შემთხვევაში მზად ვართ საინტერესო და მდიდარი მასალები გადავცეთ მათ.

4-05-2016, 16:34
უკან დაბრუნება