ივერიონი / წვიმს ლანას თვალებიდანაც და საერთოდაც, წვიმს!

წვიმს ლანას თვალებიდანაც და საერთოდაც, წვიმს!

რეცენზია ნანა მიქავას მძაფრსიუჟეტიან რომანზე `სიყვარულის წვიმა~

 

სამყაროს მთავარი განცდა ლიტერატურაში მრავალგზის რეფლექსირებულია და მრავალგზის რეფლექსირდება, რათა ჟამიერში მარადიული გამოილანდოს.

 

გრძნობათაგან უპირველესი მაღალი ლიტერატურის გულისგულია ეგვიპტური მისტერიების ჟამიდან გავალდას ბოსტოდეროსტულ ნარატივამდის, სერაფიტის „ვაება ვაებათადან“ - ვიდრე ნაირა გელაშვილი (ასევე პოსტმოდერნისტულ) რომანამდის - „მე ის ვარ“...

 

ნეფერტიტის და იზიდს, ელენესა და პენელოპეს, საფოსა და კასიას, ლაკმესა და სენსიონაგონის, როკუნომიელი ქალისა და რომელიმე გეიშას, ვისისა და ლეილას, ნესტანისა და თინათინის, ემა ბოვარისა და ანა კარენინას, კედი კომპსონისა და რემედიოსის (და სხვათა და სხვათა, და სხვათა) დრამების ყველა ჟამისა და სივრცის მოაზროვნეებს დიდ ლიტერატურად უქცევიათ, იმ მარადიულ ნარატივებად, არც ხიბლი რომ უხუნდებათ, არც მოთაყვანენი ელევათ...

 

განსხვავებულია განცდათაგან უპირველესი - „ზოგთა აქვთ საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა“ (რუსთველი), ზოგთ - „ეშმაკი ტრფიალებისაჲ ფრიად აზრზენდა“ (მერჩულე), თუმც, „ზრზენაც“ კი მაღალ ლიტარატურად ტრანსფორმირდება, როცა მერჩულე აშოტ კურაპალატს ათქმევინებს, „ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არსო“, ტოლსტოი კი - ვრონსკის: „Я не человек, я - развалина“...

 

ნანა მიქავას რომანის - „სიყვარულის წვიმის“ პერსონაჟი - მშვენიერი ლანა ბეწვის ხიდს გადის „საღმრთო სიახლეს“ (სიახლოვესა) და „ზრზენას“ შორის; პირველი ქვა მან დააღიროს, ვინც თავადაა უცოდველი.

 

ნარატივის ინტრიგა საინტერესოა, ყოველგვარი დიდაქტიკის გარეშე მოწოდებული - „მე მივდიოდი და ვეცემოდი, ისევ ვდგებოდი და მივდიოდი“ - პოეტის ლაკონიური მაქსიმა, იქნებ, უზუსტესად გამოხატავდეს კიდეც ლანას (ერთდროულად) უაღრესად ტრაგიკულ და მაინც თავისებურად ლამაზ წუთისოფელს - უყვარდა, უყვარდათ - „მიშვებითა ღმრთისაჲთა“...

 

ყველა ტკივილი მაინც განწმენდისკენ გზაა და ასეა ამ რომანშიც. მართებულად აღნიშნავს წინასიტყვაობაში რედაქტორი, ტექსტს მაღალმხატვრულობის პრეტენზია არა აქვსო, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველ ტექსტს თავისი ლიტერატურული ნიშა აქვს (არსებობს ვულფი და არსებობს გავალდა, არსებობს ცვეტაევა და არსებობს დონცოვა)...

 

თავისი ნიშა აქვს „სიყვარულის წვიმასაც“ - სევდიან ნარატივს მშვენიერი ქალის ბინდისფერ წუთისოფელზე, რომელსაც ჟამით-ჟამ მაინც ოქროსფრად აბრწყინებს განცდათა შუქი.

 

ტექსტის ფინალში შემთხვევითი არც მწვანე მონასტრის სილუეტია, ალბათ - მწვანე მონასტერი იგივე კვირიკეწმინდაა, გრიგოლ ხანძთელის ერთი უპირველესი თანამოსაგრის - ქრისტეფორეს მადლით ნაგები... ის ციტატაც - „ეშმაკი ტრფიალებიაჲ ფრიად აზრზენდა“ „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდანაა“ და კვირიკეწმინდა - მწვანე მონასტერიც ამავე წმინდა ტექსტიდან გვახსოვს...

 

სინანულის გზა მუდამ მონასტერზე გადის (თუ - მონასტრისკენ მიდის).

 

წვიმს ლანას თვალებიდანაც და, საერთოდაც, წვიმს.

 

„და, როგორც უფლის მაღალ ტაძარში, მთელი ქვეყანა შედის წვიმაში“ (ო. ჭილაძე) - „სიყვარულის წვიმაში“...

 

ნანა კუცია

11-05-2016, 17:20
უკან დაბრუნება