ივერიონი / სოსო ცინცაძე: “რუსთავი-2“-ს ჟანგბადის მილებს ნელ-ნელა უკეტავენ!

სოსო ცინცაძე: “რუსთავი-2“-ს ჟანგბადის მილებს ნელ-ნელა უკეტავენ!

„ივერიონს“ ტლეკომპანია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებულ მოვლენებზე პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

 

-ბატონო სოსო, როგორ შეაფსებთ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს?

 

-კვირიკაშვილმა “იმედზე“  თქვა,  ქვეყნაში ბიძინა ივანიშვილის დემონიზაციის პროცესი მიმდინარეობსო, რაც ხალხის მიერ უმადურობაში გამოიხატებაო. “ქართული ოცნება“  ადრე ამბობდა, რომ ივანიშვილი მხოლოდ “ნაციონალებს“  არ მოსწონთო, ხოლო ხალხი მის ხატს იფიცებსო! გუშინ კი გვითხრა, რომ მისი დემონიზაცია მიდისო, რაც არ მგონია ცარიელ ადგილზე ხდებოდეს ხოლმე. მართალია, უმადურობა პოლიტიკაში უცხო არაა, თავის  დროზე ჩერჩილს  მის მიერ მოგებული ომის ზავზე არ მოაწერინეს ხელი, მაგრამ ივანიშვილი ხომ თვითონ წავიდა პოლიტიკიდან?!

 

 დაპირება არცერთ ხელისუფალს არ შეუსრულებია საქართველოში, მაგრამ მათი დემონიზაცია არ მომხდარა. მე, წამყვანის ადგილას,  შევეკითხებოდი, დემონიზაციასაც ხომ აქვს თავისი მიზეზები-მეთქი.

 

თუ მართლა ერთმა “რუსთავი 2-მა“ შეძლო 3-4- მილიონიანი ქვეყნის თავის ჭკუაზე გადაყვანა? მაშინ გასაგებია, რატომ ებრძვის მთელი ხელისუფლება ამ ერთ ტელევიზიას.

 

-მოახერხებენ  თუ არა წინასაარჩევნოდ “რუსთავი 2-ის“ გაჩუმებას?

 

-დღეს, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ორ ძალაა: ერთს წარმოადგენს კვირიკაშვილი, ანუ “მტრედი“, რომელიც ამბობს, რომ “რუსთავი  2 “ უნდა გაუქმდეს არჩვენების შემდეგ, თუმცა აუცილებლად რომ უნდა გაუქმდეს, ამაში ეჭვიც არ ეპარება, ვინაიდან ისევ იმეორებს პუტინის ცნობილ ფრაზას, თითქოს “რუსთავი  2-ის“ საქმე ორი სამეურნეო სუბიექტის დავაა მხოლოდ. (გაიხსენეთ, ასე შეაფასა პუტინმა ორტ-ს დახურვის ფაქტი)!

 

მეორე მხრივ, ხელისუფლებაში არის “ქორები“, რომლებიც ამბობენ, რომ სწორედ ახლა უნდა გაუქმდეს “რუსთავი 2“,  როცა სასამართლო ჩვენს ხელშიაო, რადგან, რა ვიცით, არჩევნების შემდეგ რა მოხდებაო. “რუსთავი 2-ს“  ნელ-ნელა უკეტავენ ჟანგბადის მილებს, ეს კი კარგად გამოჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოზე, სადაც ღამით მიიღეს მისი საწინააღმდეგო კანონი, რაც საშინელებაა, რასაკვირველია.

 

თუ გაიმარჯვეს “ქორებმა“, მაშინ “რუსთავი 2-ს“   მაისის  ბოლომდე გააჩუმებენ, თუ გაიმარჯვა “მტრედებმა“, რაც მეეჭვება, მაშინ  მისი  სიცოცხლე ოქტომბრამდე გახანგრძლივდება!

 

აშკარაა, ხელისუფლებას ან  “რუსთავი 2-ის“  ეშინია კატასტროფულად, ან ქართველი ხალხის უნდობლობა აშინებს. მესამე დასკვნა არ არსებობს!

 

დავუშვათ,  “რუსთავი 2“  დილიდან საღამომდე ტყუის, მაშინ, გამოდის, რომ  ხელისუფლება, არ ენდობა ხალხს, რომელიც  ამ ტყუილს იჯერებს.

 

აქედან გამომდინარე, დღევანდელი ხელისუფლება ხალხს არ ენდობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუშავებდა პრინციპით  “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“!

 

-„სიტყვის თავისუფლების“ შენარჩუნებაში დაეხმარება თუ არ დასავლეთი “რუსთავი 2-ს“

 

დასავლეთი გუშინწინ თვალსა და ხელს შუა მოატყუეს ქართველებმა - შეპირდნენ, კანონს არ მივღებთ, სანამ ვენეციის კომისიის დასკვნა არ იქნებაო, მაგრამ მალევე თქვა  ვოლსკიმ, ეს დასკვნა შეიძლება  2-3 თვე არ მოვიდეს და მას ველოდოთო. დასავლეთის გავლენა ჩვენს ქვეყანაში ჩვენს ხელისუფლებაზე შაგრენის ტყავივით მცირდება.  ჩემი აზრით, გუშინდელი ყრილობა იქ დამსწრე ელჩებისთვის თვალის ასახვევად იყო გამართული, იმათ გასაგონად რომ ეყვირა კვირიკაშვილს ევროპა, ევროპაო, მაგრამ რად გინდა ჰალვა, პირში გემოს თუ ვერ გრძნობ! რაზეა საუბარი, სადაც პარტიის თავმჯდომარეს 2 წუთში ირჩევენ. სამწუხაროდ, დღითი დღე ვშორდებით ევროპულ ფასეულობებსა და ღირებულებებს!

 

                       ესაუბრა ია ჯღარკავა

16-05-2016, 11:39
უკან დაბრუნება