ივერიონი / გვიყვარდეს ნებისმიერ ასაკში, ოღონდ გვიყვარდეს!

გვიყვარდეს ნებისმიერ ასაკში, ოღონდ გვიყვარდეს!

 

დღეს ყველაზე ცოტას სიყვარულზე საუბრობენ: ისე ჩანს, ის თითქოს ფასადურია რაღაცის მისაჩქმალად და შესანიღბად!

 

მიყვარხარ დაერქვა  ყველაფერს:  წუთიერ გატაცებას, რამდენიმე  “ამბორისთვის“ მოხელთებას, იმასაც, რაც  “ათას ერთი ღამეს“ არ ჰგავს...

 

 21-ე საუკუნის ადამიანთა  უმეტესობისთვის “ცარიელი“  “მიყვარხარ“  გრძნობის სარჩულად ქცეულა...

 

ჩემი აზრით, სიყვარულის უნარი გენეტიკურია და ის შვილებს მშობლებისგან გადაეცემა. სამწუხაროდ, უფრო და უფრო იზრდება სიყვარულის გარეშე შექმნილ ოჯახთა რაოდენობა. მიზეზი მსოფლიოში გავრცელებული მასშტაბური პრობლემებია: უფულობა, სიღარიბე, კარიერული წარუმატებლობა, კრახი, მეტი ხელმოცარულობა, რომელთა დასამარცხებლად ხშირად ანგარებიან ქორწინებაზე დათანხმება უწევს ქალსაც და მამაკაცსაც. ამ კატასტროფის წინაშე საქართველოშიც ბევრნი დგანან.

 

ჩვენს ქვეყანაში,  უხეშად რომ ვთქვა, ერთ მამაკაცზე 5-6 ქალი მოდის. ქვეყანაში უამრავი შინაბერა და უშვილო გამოთხოვილია. ბევრისგან გამიგონია: ნეტავ, ერთხელ გავთხოვდე, შვილი მეყოლოს, გათხოვილის, ან განათხოვრის სახელი დამერქვას და ჯანდაბას დანარჩენიო. არც ამის  მიზეზს იკვლევს ვინმე საქართველოში.

 

სულ ახლო წარსულში,  ქართველი ქალები 15-20 წლით უფროს მამაკაცებზე ქორწინდებოდნენ. დღეს ცოლ-ქმარს შორის ასაკი 25-30 წელიც კია. მოდაშია ასაკით უფროსი ქალების შერთვაც, დედის ასაკისაც კი. ერთი შეხედვით, თითქოს ზემოთქულში საგანგაშო არაფერია, მაგრამ სამედიცინო და სხვა თვალსაზრისით თუ შევხედავთ, არის.  ვფიქრობ, ამ ტენდენციის მიზეზიც ძალიან საინტერესო იქნება, თუკი სიყვარული არ ედება საფუძვლად.

 

ჩვენში უფრო მოდური დასავლეთის ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია - ქორწინებამდე თანაცხოვრება “გადასინჯვის“  მიზნით. ანუ, თუ ამ პერიოდში წყვილს ერთმანეთი “მოეწონა“, კანონიერად დაქორწინდებიან, არადა ეს ხელს არ შეუშლით სხვებთან “სცადონ“  ბედი. “რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!“

 

ირგვლივ უამრავი პრობლემაა, რომელმაც მრავალწლიანი ოჯახებიც კი დააშორა ერთმანეთს. ხან ცოლს უწევს ფულის საშოვნელად ოჯახიდან შორს ყოფნა, ხან - ქმარს. შეიძლება 5-10 წელი ისე გავიდეს, ერთმანეთი მხოლოდ “სკაიპით“  ნახონ. ამ მდგომარეობის შემხედვარე მომავალი თაობა “მშობლების პრობლემას“ ეგუება და თვითონ უფრო უადვილდება ოჯახთან დაშორება, ან მისგან სამუდამოდ წასვლა.

 

“რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!“

 

საბედნიეროდ, ჩვენს ისტორიას ისეთი გვარ-სახელებიც ახსოვს, რომელთაც სიყვარულს შესწირეს თავი და ამ მხრივ სამაგალითონი არიან: ნინო ჭავჭავაძე და ალექსანდრე  გრიბოედოვი, მედეა ჯაფარიძე და  რეზო თაბუკაშვილი, გრიგოლ ორბელიანი  და ნინო ჭავჭავაძე...

 

საოცრად მხატვრულია ფიროსმანისა  და მარგარიტას სიყვარულის ამბავი, ასევე ჟანასა და მოდილიანისა, ოლღა გურამიშვილისა და  ილიასი...

 

დღეს რატომღაც  ძალიან ცოტა, ან წრფელი გულით არავინ  წერს და ამბობს ასე: “ტანო, ტატანო, გულწამტანო...“, ან “სიყვარულო, ძალსა შენსა, ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?“ ან “სიყვარული აგვამაღლებს...“ ან  “უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე...“ ან მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...“ ან “ რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები...“ ან “ მშვენიერება ნათელია ზეცით მოსული...“ 

 

დღს “პოეტები“  ვულგარიზმის სამოსში ახვევენ სატრფიალო ლირიკას... ვითომ ალეგორიულად გადმოსცემენ გაზენიტებულ ეროტიზმს და “წარმოსასახ“ საბურველში ახვევენ სათქმელს, რითიც ბილწავენ ქალისა და მამაკაცის ღვთისგან დაკანონებულ ურთიერთობას... სიყვარულს ხომ სულს ხდიან და ხდიან, მეტიც, “გვაეჭვებენ “  “სიტყვა  არის ღმერთის“ აბსოლუტურობასა და სიწმინდეში!

 

მაინც რა არის სიყვარული, რომელსაც წრფელს ეძახიან? რატომ აღწერს ყველა გარეგნულად, რატომ ვერავის გამოუცვნია მისი წარმომავლობა და გაჩენის მიზეზ-მიზანი, რატომაა ყველასგან ამოუხსნელი?

 

 მე თუ მკითხავთ, სიყვარული სახადია, შეგეყრება თუ არა “გვერდითი მოვლენებიც“ თან სდევს: გტანჯავს, სისულელეს ჩაგადენინებს, შეუძლებელს შეგაძლებინებს, ან დაგაბრძენებს, ან გაგახელებს. ინდივიდუალურია მისი თვისებები, მისი ფორმა -მრავალწახნაგოვანი, ფერი - ჭრელი, გემო - არამიწიურად ტკბილი და მწარე. წამალი არ კურნავს, არც წყევლა- შელოცვა “აშინებს“, ერთადერთი, რაც ბოლოს უღებს, იმასთან სიახლოვეა, ვინც უყვარს.

 

“სიყვარული თავად არს ღმერთი და, თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი!“

 

 ნოდარ დუმბაძემ თქვა: დედამიწაზე  სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე სიყვარულითო!

 

ვეცადოთ, უსიყვარულოდ არ გადავშენდეთ, გვიყვარდეს პიროვნება და არა მხოლოდ მისი “დიდება“, ვეცადოთ გვიყვარდეს, რადგან ამის შანსი მხოლოდ დედამიწაზე გვეძლევა, გვიყვარდეს  ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ დროს, ოღონდ გვიყვარდეს!

                                        ია ჯღარკავა

16-05-2016, 17:20
უკან დაბრუნება