მსურს, მოკრძალებითა და პატივისცემით გამოვეხმაურო მსოფლიო საოჯახო კონგრესსა და უშუალოდ ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ წარმოთქმულ საინტერესო სიტყვას (16.05.2016 წელი, თბილისის საკონცერტო დარბაზი), რომელიც იქ გაჟღერებული სიმართლის გარდა, გარკვეულ ნაკლოვანებასაც შეიცავდა.
მისი ტექსტის დადებით და უარყოფით მხარეებზე ქვემოთ უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ.
დადებითი მხარეები: უპირველეს ყოვლისა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ მოხსენებაში ძალზე უშეცდომოდ და თანმიმდევრულად იქნა წარმოდგენილი საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ ცხრა წლის მანძილზე წარმოებული დანაშაულებრივი, კრიმინალური, ამორლური თუ უკეთური ქმედებანი.
ზედმიწევნითი სიზუსტით აღიწერა ადამიანის უფლებათა ყოველდღიური დარღვევა, საკუთრების უფლების ხელყოფა, მედიის მონოპოლიზაცია, სასამართლოს ცინიკური მდგომარეობა, პროკურატურის თავხედობა, ბიზნესის ტერორი, პატიმართა არნახულად დიდი რაოდენობა და მათდამი არაადამიანური, მწამებლური და სასტიკი მოპყრობა, დიპლომატიური კორპუსის უტიფრობა და უცხოელი ექსპერტების, ანალიტიკოსებისა თუ პოლიტოლოგების გროტესკული სახე, პრეზიდენტ მ. სააკაშვილის ფსიქო-პათოლოგიური ნატურა, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროს ძალადობრივი საქმიანობა, მართლმადიდებელ ეკლესიაზე განხორციელებული დისკრიმინაციული შეტევები, დემოგრაფიული კატასტროფა, საზოგადოებრივი უზნეობის ტენდენციები, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, თანამედროვე სამყაროში არსებული ჰედონიზმი და სხვა.
ყოველივე ამის საჯაროდ თქმა უსათუოდ ქებასა და მოწონებას იმსახურებს!
უარყოფითი მხარეები: ხშირ შემთხვევაში ობიექტურად მოსაუბრე ავტორს, მაშინ, როცა რუსეთის "ღვაწლსა და ამაგზე" მსჯელობდა, რატომღაც გამორჩა შემდეგი სტატისტიკა: 1811 წლის შემდეგ, მას მერე რაც რუსეთმა ავტოკეფალია სრულიად უკანონოდ გაგვიუქმა, საქართველოში დაიხურა 15 მონასტერი და 860-ზე მეტი ეკლესია, საქართველოს ეკლესიას ჩამოერთვა 140 მილიონი მანეთის ქონება.
რუსმა ეგზარქოსებმა გაყიდეს იმერეთის საეკლესიო სალაროს მთელი განძეულობა, მათ იმერეთის სამეუფეო სამოსიც კი გაძარცვეს, საიდანაც 4 კგ-მდე ოქრო გამოადნეს. აგრეთვე აურაცხელი რაოდენობის მატერიალური სიმდიდრე დაიტაცეს და კერძო კოლექციებში მიმოფანტეს - რუსებმა მთლიანად დაწვეს ქართული ეკლესიის კანონებისა და დადგენილებების არქივი, ხოლო, რაც გადარჩა, მტკვარში გადაყარეს.
1886 წელს თბილისის გუბერნიის რუსმა ეგზარქოსმა პავლემ დაწყევლა ერთმორწმუნე ქართველი ერი. ბოლო 233 წლის მანძილზე (იგულისხმება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატიდან-დღემდე) რუსეთმა სამხედრო კონფრონტაციის, ინტერვენციისა თუ ეგზეკუციის საშუალებით მრავალჯერ გამოილაშქრა საქართველოსკენ - 1801 წელს რუსეთის იმპერიამ გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო; 1810 წელს დაიპყრო იმერეთის სამეფო, 1828 წელს - გურიის, 1856 წელს - სამეგრელო-სვანეთის, 1865 წელს - აფხაზეთის სამთავროები.
1921 წლის 25 თებერვალი - დამოუკიდებელი საქართველო იმპერიამ ისევ დაიპყრო.
1924 წელი - დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ათასობით ადამიანი დახვრიტეს.
1989 წლის 9 აპრილი - თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საბჭოთა დამსჯელმა რაზმმა 21 მშვიდობიანი დემონსტრანტი მოკლა: იმპერიამ დაიწყო საქართველოს ხელახალი ოკუპაცია. რუსეთმა 1992 წელს სამაჩაბლოს, ხოლო 1993 წელს აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა.
ამასთან, მომხსენებელს გამორჩა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, რუსული ავიაციის მიერ ქართული ეკლესია-მონასტრების დაბომბვის არაერთი ფაქტი, მათ შორის, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის საკათედრო ტაძრის თითქმის განადგურება.
აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს 1937 წლის სისხლიანი რეპრესიები, 1956 წლის საშინელი ტრაგედიები, 1978 წლისთვის ქართული ენის სახელმწიფო ენად გაუქმების მცდელობა და ა.შ.
კეთილსინდისიერებისა და გულწრფელობის ხარისხის კუთხით, კარგი და უფრო სარწმუნო იქნებოდა ეს ყოველივე ბატონ ლევან ვასაძეს იმ ავადსახსენებელი ცხრა წლის მანძილზე რომ ეთქვა, რისთვისაც ჩვენ დევნა-შევიწროვების დათმენა და გაუსაძლის პირობებში ყოფნა გვიწევდა.
დასავლეთში მართლაც და არსებული უკეთურების გამო, ყოველივე იქაურის დემონიზაცია ტენდენციურობად მიმაჩნია, ხოლო, ბარაკ ობამას, ჰილარი კლინტონისა და ჯო ბაიდენის განცხადებათა ფონზე, რუსეთში არსებული გარყვნილების ვერდანახვაც არ უნდა იყოს მთლად მიუკერძოებელი შეფასება.
ამასთან, ისმება ლოგიკური კითხვა: ძერჟავნიკული გარემო-პირობებისა და ქურდული სამყაროს პარპაშის პირობებში, როგორ ახერხებს მისი აღმატებულება ბატონი ლევან ვასაძე უმწიკვლო და უბიწო ბიზნესსაქმიანობის წარმოებას?
ასევე, როგორ ათავსებს ის ალტრუისტულ მეცენატობასა და მისსავე სკოლაში მოსწავლისათვის ერთი თვის 800 ლარამდე გადასახადის შეთავსებას, ესეც გაკვეულ შეკითხვებს ბადებს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რომელიც, მერწმუნეთ, რომ შეხედულებათა და პოზიციათა "დადებით ნაწილში" ჩემსავით კეთილგანწყობილი და ნეიტრალურია ხსენებული პიროვნების მიმართ.
P.S. აბსოლუტურად თავისუფალი ვარ ე.წ. რაინდოფობიური სარკაზმისა და რუსთავი 2-ისეული რიტორიკისაგან!
გიორგი ტიგინაშვილი, ივრისპირელი