„ივერიონს“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა
-როგორ შეაფასებთ “თავისუფალი დემოკრატების“ მიერ ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას?
-ეს თემა პოლიტიკურიამას შემდეგ, რაც, ფაქტობრივად, ალასანიამ, როგორც პოლიტიკურმა ფიგურამ, თავისი ბედი ამ საქმეში ბრალდებულ ადამიანებს დაუკავშირა.
ხელისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით მძიმე შეცდომები დაუშვა, თუნდაც მაშინ, როცა, მიუხედავად არასაკმარისი მტკიცებულებებისა, მათ მაინც შეუფარდა წინასწარი პატიმრობა, რითაც უფრო გააძლიერა ამ საქმის პოლიტიკურობა. (მართალია, შემდეგ ბევრს ეცადა ეს აღქმა გაეუფერულებინა, თუმცა, უხარისხოდ).
ვერ ვიტყვი, აქ საქმეში ვინ არის დამნაშავე და უდანაშაულო, მაგრამ ერთი რამ აშკარაა: დანაშაულის მოტივი, რა მიზნითაც ბრალდებულებს შეიძლებოდა ჩაედინათ ეს დანაშაული, არ ჩანს. არადა, რაღაც სარგებლის გამო ხომ უნდა ჩაედინათ? პროკურატურას არ აქვს ზუსტად იდენტიფიცირებული, რა სარგებელს ელოდნენ ეს ადამიანები აღნიშნული საქმიდან.
კითხვები ჩნდება სარგებლის სავარაუდო მიმღებთან დაკავშირებითაც: თუ პროკურატურა ამტკიცებს, რომ „სილქნეტმა“ მიიღო რაღაც სარგებელი, ესე იგი, ისიც ეჭვმიტანილია. მაგრამ ხელისუფლება დღემდე თბილად და ტკბილად რომ თანამშომლობს მასთან, ეს როგორ, ან რატომ?
-იყენებს თუ არა ვინმე ე.წ. კაბელების საქმეს ალასანიაზე ზეწოლის იარაღად?
-ამ საქმით ალასანიაზე ზეწოლას ვერ შეძლებენ, მით უფრო, რომ მისთვის ეს თემა პოლიტიკურად უფრო მომგებიანია, ვიდრე, საზიანო. მას ეს თემა საშუალებას მისცემს მთელი წინასაარჩევნო კამპანია წარმატებით ჩაატაროს. თუ ვინმე ამ საქმით დაზიანდება, ეს ხელისუფლება იქნება! მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ, როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე, ჩვენ გვყავს მაზოხისტური ხელუსუფლება, რომელსაც ტკივილი სიამოვნებას გვრის!!!
-დაფიქრებულხართ, რატომ არ დაკითხულან ამ საქმესთან დაკავშირებული სხვა პირები?
-სავარაუდოდ, თუ დანაშაული ჩადენილია, აშკარაა, გარიგების მხარე ეს 5 ბრალდებული არ იქნებოდა. ისინი შეიძლებოდა ყოფილიყვნენ მხოლოდ გარიგების ინსტრუმენტები, და არა სარგებლის მიმღებნი. სამწუხაროდ, დღეს ეს ადამიანები ციხეში არიან, ხოლო სავარაუდო დამნაშავეები კარგად გრძნობენ თავს, ან მთავრობაში სხედან!
კითხვები ჩნდება ამ საქმეზე ფულის გამოყოფასთან დაკავშირებითაც : მე არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ მთავრობას ამ საქმესთან თანხის გამოყოფის გარდა არაფერი აკავშირებდეს. პირიქით - ის სოლიდარული პასუხისმგებლობის სისტემაა და, შესაბამისად, ყველა პასუხისმგებელია. ჩემი აზრით, ძალიან არასამართლიანია, რომ მეისრეებზე ტყდება ხოლმე ჯოხი და რეალურად დამნაშავე ფიგურები სუფთა გამოდიან.
ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო უნდა ყოფილიყო ღარიბაშვილისა და ხადურის პოზიციაც. თუ ისე გამოყვეს თანხა, რომ საქმეს არ გაეცნენ, ეს უფრო დიდი დანაშაულია.
ხელისუფლებას უკან დახევის რა რესურსი აქვს, ჩემთვის გაუგებარია. ვისაც ამ პრობლემის მოხსნა შეუძლია, პრეზიდენტია!
-რა განცდას იწვევს ეს თემა თქვენში?
-ეს საქმე სერიოზული უსამართლობის განცდას იწვევს. აშკარაა, რომ ხელისუფლება, სამართლებრივი თვალსაზრისით, “კაბელების საქმეს“ აგებს. ბოლოს და ბოლოს, საუბარია ოფიცრებზე, რომელთა უკან, ამ საქმესთან დაკავშირებით, არც კეთილდღეობა მოიაზრება და არც სარგებელი. უსამართლობის განცდა საზოგადოებაშიცაა, შეიძლება ეს საზოგადოება ჯერ არ არის მზად “თავისუფალი დემოკრატების“ დროშის ქვეშ დადგეს, თუმცა ამ ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა ძლიერადაა ფეხმოკიდებული!
ესაუბრა ია ჯღარკავა