ივერიონი / მიხეილ ჯიბუტი: კვირიკაშვილის მთავრობა - კანონიერებისა და გონიერების ზღვარს გასცდა!

მიხეილ ჯიბუტი: კვირიკაშვილის მთავრობა - კანონიერებისა და გონიერების ზღვარს გასცდა!

 

მთავრობა ქვეყანას უნდა მართავდეს კანონებით, რომელიც ეფუძნება მეცნიერებას, მსოფლიოში ქვეყნების მმართველობის არსებულ საუკეთესო პრაქტიკასა და საკუთარი ქვეყნის გამოცდილებას.

საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ ქვეყანაში, მმართველი პარტიის რამოდენიმე ცვლილების მიუხედავად, ფაქტობრივად საბჭოთა ერთპარტიული მმართველობის სისტემა უცვლელი რჩება.

გამსახურდია -„მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“

შევარდნაძე - „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“

სააკაშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (პირველი სახელი - „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად“)

ივანიშვილი/მარგველაშვილი/ღარიბაშვილი/კვირიკაშვილი- „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

ასეთ პირობებში ყველა მმართველი პარტია, თავისი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, ირგებდა კანონმდებლობას და უზრუნველყოფდა იმას, რომ მათი საქმიანობა „კანონიერების ფარგლებში“ მოქცეულიყო.

შედეგად, ბუნებრივია, წარმოიშვა ცუდი კანონები, ჩამოყალიბდა „არასამართლიანი სამართალი“. განსაკუთრებით მოიმატა ასეთმა კანონებმა ნაცების მმართველობის პერიოდში (2003-2012წწ.).

ამ პერიოდში ჩვეულებრივ ამბად იქცა საქართველოს კონსტიტუციის სიტუაციის მიხედვით ცვლილება.

მაგალითად, რომელიმე დეპუტატის გაყვანის ან თანამდებობაზე დანიშვნისათვის კონსტიტუციის ნორმები მორგებულ იქნა ცალკეული პირების მონაცემებზე. თავისი მმართველობის ბოლო წლებში „ნაცების“ ხელისუფლებამ უკვე მის მიერ მიღებული კანონების საზღვრებიდან დაიწყო გასვლა. ამას მოჰყვა განუკითხაობა ადამიანთა მსხვერპლით, ქონების გადანაწილებით, პოლიტიკური დაპატიმრებებით...

ამის გამო იყო, რომ საზოგადოებას გაუჩნდა „სამართლის აღდგენის“ მოთხოვნა რაღაც წინა პერიოდის სტატუს-ქვოს დონეზე, მაშინ როდესაც დამოუკიდებელ საქართველოში კანონის უზენაესობის პრინციპი ჯერ არ ყოფილა სამართლებრივ სისტემაში რეალიზებული.

„ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საზოგადოების უმცირესი მოლოდინი - „სამართლიანობის აღდგენა“ არ მოხდა. პირველსავე დღეებში საზოგადოებამ მმართველი პარტიისგან მიიღო ნაცებთან თანამშრომლობის პროექტი საქართველოში ფართო საზოგადოებისათვის მანამდე უცნობი სახელწოდებით- „კოჰაბიტაცია“.

ქართული ოცნების ხელისუფლებამ არც ნაცების კანონმდებლობა შეცვალა და საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პერსონალურად ჩაბუდდა „ნაციონალების“ მიერ შექმნილ სისტემაში.

ივანიშვილმა, ფორმალურად სააკაშვილის მიერ დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, დაკისრებულ პასუხისმგებლობის ტვირთს ვერ გაუძლო, მან ამ პოსტზე იგრძნო, რომ ხალხში ავტორიტეტის ძალა დაკარგა და მიატოვა ხელისუფლება!

თუმცა ივანიშვილი არ წასულა ხალხთან. მას არ დაუწყია ავტორიტეტის აღდგენა. მან დაიწყო დაკარგული ავტორიტეტის ძალის - ძალის ავტორიტეტით ჩანაცვლება. ამიტომაც ხალხისა და ხელისუფლებისგან განზე გადგა, უფრო სწორად განცალკევებულად დადგა და თქვა რა უარი ხელისუფლებაზე, არ უთქვამს უარი ძალაუფლებაზე!

მის ხელთ არსებული ბერკეტებით (მმართველი პარტიის დამფუძნებელი, ფინანსური რესურსები, ხელისუფლებაში მის მიერ დანიშნული და მისდამი ლოიალური პიროვნებები) მან შენარჩუნა დიდი ძალაუფლება და დღეისათვის ჩამოყალიბებულია არაფორმალურად საქართველოში (ქვეყნის საშინაო საქმეებში მთლიანად) ხელისუფლებაზე მეტი ძალაუფლების მქონე სუბიექტად.

სახელმწიფო მმართველობაში არაფორმალური ყველგან არსებობს, მაგრამ გააჩნია მის ზომას.თუ არაფორმალური ფორმალურს დიდად აჭარბებს, მაშინ ხელისუფლება ვეღარ ეტევა საკანონმდებლო ჩარჩოებში, არაფორმალურის პიროვნული ჭირვეულობის სისწრაფეს მხარს ვერ უბამს ვერც ერთპარტიული სისტემა, მაშინაც კი, როდესაც პარლამენტი მზადაა მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქცია შეასრულოს.

ქართული ოცნების ხელისუფლების სამართლებრივი (უფრო სწორად ადამიანური, მათ შორის სამართლებრივი) სივრციდან სისტემური გასვლა მოხდა საყდრისის აფეთქებით. ეს აფეთქება მსოფლიოსთვის თალიბების მიერ ბუდას ქანდაკებების აფეთქების მსგავსი ვანდალიზმია. ქართველებისთვის ეს გამოუსწორებელი ტრაგედიაა.

დამოუკიდებელ საქართველოში „ქართულმა მთავრობამ“ ააფეთქა და გაანადგურა ისტორია. ამ აქტში პირდაპირ, თუ ირიბად მონაწილეობდა მთავრობის ყველა სტრუქტურა და მთავრობის ყველა წევრი.

ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება, მაგრამ რა ვუყოთ იმ სირცხვილს, რომელიც ამ აქტით ქართველ ერს, საქართველოს ყველა მოქალაქეს მიადგა? რა ვუყოთ იმ დანაკლისს, რაც საქართველოს მომავალმა თაობებმა დაკარგეს ქართველების, როგორც ისტორიულად ინოვაციური ერის მატერიალური მტკიცებულების სახით?

არაფორმალიზმის ასეთი აღზევების შემდეგ ქვეყნის მმართველობაში ის გახდა მთავარი ფაქტორი, ხოლო ფორმალური - დაქვემდებარებული. ბუნებრივია ერთი კაცი კი არ წყვეტს ყველა დეტალურ საკითხს, მაგრამ მას აქვს საშუალება გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რასაც ჩაიფიქრებს. ოცნების ხელისუფლება მზადაა ეს შეასრულოს. არფორმალური მმართველობა იქცა ფაქტობრივად სისტემად და სახელმწიფო მმართველობაში ყველა დონეზე მისი გავლენა განუსაზღვრელია.

არაფორმალური მმართველობა იმდენად ძლიერია, რომ არსებულ მმართველობით სისტემაზე გავლენას ვერ ახდენს პრემიერ-მინისტრის კატაპულტირებით წასვლა, ერთიანი ოცნების კოალიციის დაშლა, არაკოალიციურ მინისტრთა კაბინეტში ოპოზიციური პარტიის წევრების მინისტრობა და ა.შ. ასეთი სისტემით რაიმე მნიშვნელოვანი საყოველთაო სიკეთის - ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, შეუძლებელია!..

მიუხედავად ამისა, მაშინ, როდესაც მოულოდნელად „საქმიანობის ზენიტში“ მყოფი ღარიბაშვილის (რატომ იყო ზენიტში არავის უთქვამს. ჩემი აზრით, ალბათ საყდრისის სიკვდილით დასჯის აღსრულების გამო) წასვლით მთავრობის მეთაური გახდა კვირიკაშვილი, გაჩნდა თეორიული შანსი, რომ მას ექნებოდა რაიმე საკუთარი დღის წესრიგი, რომელიც შეამსუბუქებდა არაფორმალური მმართველობის უარყოფით შედეგებს.

სამწუხაროდ, კვირიკაშვილის მთავრობამ ღარიბაშვილის მთავრობისაგან თვისობრივ განსხვავებას ვერ მიაღწია. მან მოახერხა მხოლოდ ფასადური გაუმჯობესება, რაც მთლიანად გიორგი კვირიკაშვილის დადებითი პიროვნული თვისებებითაა განპირობებული - მან მოახერხა ჯერ კოჰაბიტაცია პრეზიდენტთან (სანაცვლოდ პრეზიდენტის სასახლის საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან), შემდეგ „ორმაგი კოჰაბიტაცია“ პრეზიდენტს დამატებული პარტიის შიგნით ბობოქარ წევრებთან პარტიის არაფორმალური მართვის პერიოდში და ბოლოს,პარტიის ყრილობის შემდეგ, „სამმაგი კოჰაბიტაცია“, როდესაც ჰყავს შემცვლელები, მაგრამ არ ცვლის ოპოზიციაში გაშვებული რესპუბლიკური პარტიის მინისტრებს!

მაგრამ კვირიკაშვილმა და მისმა მთავრობამ გამოამჟღავნეს სრული უუნარობა ქვეყნის მართვის საკითხებში.

მთავრობის წევრებს სახეზე ეტყობათ, რომ ვერ გაიგეს ეს ლარის კურსი რას დარბის ხან ქვევით და ხან ზევით. მეცნიერებთან და მეცნიერებასთან ურთიერთობიდან ამ საკითხებში მწყრალად არიან. თავხედობის კასტინგზე შერჩეული ექსპერტები კი არაფერს არ ამბობენ. თვითონ პრემიერი კი დიდ საგონებელშია: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ყოფნის დროს მან ლარის კურსის დასარეგულირებლად-კურსის გასამყარებლად - მიიღო მსოფლიო ეკონომიკურ თეორიასა და პრაქტიკაში გაუგონარი (უარყოფითი გაგებით) გადაწყვეტილება: მინისტრმა გაყიდა სამინისტროს შენობა და სამინისტრო დატოვა ქუჩაში. ლარის კურსის დაცემა ამით არ შეჩერებულა!

დღეისათვის კვირიკაშვილის მიერ უშენობოდ დატოვებული სამინისტრო ნაქირავებ შენობაშია და ქირის ოდენობა ბევრად გადააჭარბებს იმ თანხას, ვიდრე სამინისტროს შენობის გაყიდვით იქნა მიღებული. ქირის გადახდის პერიოდში კი ლარი მყარდება!

უნდა გავაფრთხილო ხელისუფლება, რომ აქ რაიმე კორელაცია არ დაინახონ და არ მიადგნენ სამინისტრო-უწყებების შენობებიდან გამოსახლებას.

ისე, ეკონომიკური უგუნურებაა სახელმწიფო შენობების პრივატიზებას ახდენდეს ერთი მხრივ, და სახელმწიფო უწყებებისთვის ფართებს ქირაობდეს, მეორე მხრივ. ამასთან, ამ ქირას იხდიდეს ნასესხები ფულით!

კვირიკაშვილის მთავრობას საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 27 დეკემბერს გამოუცხადა ნდობა პროგრამის „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსათვის“ საფუძველზე.

ამ მოვლენების შესახებ კვირიკაშვილის ოფიციალურ ფეისბუკზე ნათქვამია: „ეკონომიკური განვითარება, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება, სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება, კერძო სექტორზე მაქსიმალური ორიენტაცია, სტრატეგიული სექტორების განვითარება, ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული განათლება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, სტაბილური განვითარებისთვის საჭირო პირობების შექმნა, კანონის უზენაესობისა და მართლწესრიგის განმტკიცება, ღია და ეფექტიანი მმართველობა და შერიგების პროცესის დინამიურობა, - ასეთია ახალი სამთავრობო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებზეც მთავრობის მეთაურობის კანდიდატმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან ისაუბრა.“
https://www.facebook.com/KvirikashviliOfficial/

კვირიკაშვილმა ეს პროგრამა, რომელშიც სამასამდე სხვადასხვა დიდი თუ პატარა საკითხია გადასაწყვეტად მოცემული, არ დატოვა პარლამენტის ტრიბუნიდან გაცხადებული პრიორიტეტების დონეზეც კი და 16 თებერვალს ბიზნესასოციაციის წევრებთან საუბრისას გამოაცხადა „ოთხ ბლოკიანი რეფორმების“ შესახებ.

ესაა: „საგადასახადო სისტემისა და მმართველობის რეფორმა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების გეგმა და განათლების სისტემის რეფორმა“.

https://www.facebook.com/KvirikashviliOfficial/

კონტექსტიდან საკითხის ასეთი ამოგლეჯა და რთული სოციალურ-ეკონომიკური სისტემის რეფორმის რამოდენიმე ერთეულზე დაყვანა ახდენს თითქოს მიზნის უფრო ხილვადობას, მაგრამ რეალურად მეცნიერული თვალსაზრისით პრაქტიკაში განსახორციელებლად არის აბსოლუტურად გამოუსადეგარი.

მით უმეტეს, რომ ეს პროგრამა არ არის მოცემული რაიმე დოკუმენტის სახით და რჩება არაფორმალური მართვის სისტემის დასტურად. მას არ აქვს დასაწყისი და დასასრული, არაა განსაზღვრული შემსრულებლები, მოსალოდნელი შედეგები. აბსოლუტურად თავისუფალია ასეთი „პროგრამები“ შეფასებების შესაძლებლობისგან.

შედეგიც სახესეა.ყველა აღნიშნული მიმართულებით მთავრობამ ეპიზოდური ნაბიჯები გადადგა და რაიმე შედეგი არ მიუღია. არცაა მოსალოდნელი ასეთი ანტიმეცნიერული მიდგომით შედეგების მოლოდინი.

სამწუხაროდ, კვირიკაშვილის მთავრობამ ვერ გააკეთა დასკვნა ამ 4-პუნქტიანი რეფორმების პროგრამის, მათ შორის, გადასახადების ე.წ. ესტონური მოდელის 1 ივლისს შემოღების გადაწყვეტილების კრახიდან, ვერ გამოიტანა გაკვეთილი და უკვე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ IV (14.05.2016) პარტიულ ყრილობაზე განაცხადა, რომ სამომავლო მიზანი - 4 პუნქტი ძალაშია:

“საგადასახადო რეფორმა და მეწარმეობის ხელშეწყობა, ეკონომიკაზე ორიენტირებული განათლება, გამართული ინფრასტრუქტურა, მმართველობის ეფექტიანი სისტემა”.
https://www.facebook.com/KvirikashviliOfficial/


ოდნავი დაკვირვებაც საკმარისია, რომ დაინახო ოთხი პუნქტის შიგნით კორექტირება. მაგრამ მთავარი აქ ისაა, რომ კვირიკაშვილის მთავრობამ აღიარა ამ ოთხი პუნქტის შეუსრულებლობა მისთვის განკუთვნილ დროში და კვირიკაშვილმა ეხლა ის დაივალა, როგორც პარტიის თავმჯდომარემ.

კვირიკაშვილის ოთხი ინიციატივა იწვევს შორეულ ასოციაციას.

თუ კვირიკაშვილი ბაძავს დენ სიაოპინის „ოთხ მოდერნიზაციას“, მაშინაც შორსაა ეს რეალობისაგან .

დენ სიაოპინი საუბრობდა თავდაცვის მრეწველობაზე,სოფლის მეურნეობაზე, მეცნიერებასა და სამრეწველო წარმოებაზე, როგორც ყველა სხვა რეფორმების საფუძველზე

სამომავლო მოქმედების გეგმების ასეთი პრიმიტივიზაციაც ნაცების არსენალიდანაა
ნასესხები („50 დღიანი პროგრამა“,“36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსათვის“ და სხვ.).
იყო მოლოდინი, რომ სახელმწიფო იმოქმედებდა სისტემური და კომპლექსური სტრატეგიის საფუძველზე.

შემუშავდა და მიღებულ იქნა ამ მიზნით საქართველოს სოციალურ- ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“ (საქართველოს მთავრობის დადგენილება №400 ,2014 წლის 17 ივნისი).

სამწუხაროდ ეს დოკუმენტი თაროზე დარჩა.

მისი არსებობა არც მაშინ გახსენებია არავის, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის აღწერით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა 761 ათასით (16,9%).

საქართველო შემცირდა 761 000 კაცით!

მოსახლეობა შემცირდა 761 000 კაცით!

და სტრატეგიაში, რომელიც გათვლილი იყო 761 ათასი კაცით მეტ მოსახლეობაზე, ამას არავითარი ცვლილება არ გამოუწვევია.

ხელისუფლება რომ თავის უფლებამოსილებას გადაამეტებს, კანონმდებლობით განსაზღვრულია სასჯელი, მაგრამ თუ თავის ფუნქციას აკლებს და დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს, სასჯელი კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის.

დემოკრატიულ სახელმწიფოში ხალხი ასეთ ხელისუფლებას აღარ აირჩევს!

თუმცა, როგორ მოახერხოს ეს არჩევნების შემოთავაზებული სისტემით ქართველმა ხალხმა, გაუგებარია.

კანონმდებლობით საარჩევნო სისტემა მონოპოლიზებულია და გაურკვეველია ამომრჩეველთა სიები, სადაც არავინ იცის 600 ათასი კაცი თუ ვინაა. ხელისუფლება არ ხსნის ამ „საიდუმლოს“. უკვე მოსახლეობის რაოდენობა ზოგიერთ ადგილებზე ნაკლებია ამომრჩეველთა რაოდენობაზე.

ასეთ პირობებში არჩევნები აზრს კარგავს!!!

ის დღევანდელი სახით უკანონობასა და სუბიექტივიზმზე დაფუძნებული სისტემის ცვლილების შანს არ იძლევა.

უწესრიგობის ალაგმვა არ ხერხდება!

ამის მაგალითი უამრავია: თბილისის უნივერსიტეტში განვითარებული პროცესები, ზუგდიდში 19 მაისს სოფელ ხურჩაში მკვლელობა ,22 მაისს კორცხელის საარჩევნო უბანზე ჩხუბი.

სახელმწიფო თვითონ არ არ იცავს კანონს და კანონის დაცვის საზოგადოებრივ სიკეთის სერვისით ვერ უზრუნველუყოფს ქვეყანას!

კვირიკაშვილის მთავრობა არ ასრულებს კანონების მოთხოვნებს.

ის უგულებელყოფს საქართველოს კანონის - „სახელმწიფო ენის შესახებ“ შესრულებას. ამ კანონის პრეამბულაში წერია, რომ „ქართული ენა საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა და მისი სახელმწიფოებრიობის აუცილებელი პირობაა.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/2931198


http://iverioni.com.ge/16105-ratom-sdzuls-kvirikashvilis-mthavrobas-qarthuli-ena.html


კვირიკაშვილის მთავრობის მიერ ქართული სახელმწიფოებრიობის არსებობის პირობის ხელშეწყობა, რომელიც კანონით ევალება, გათელილია.

ამასობაში იფლანგება დრო და არა მარტო დრო.


კვირიკაშვილის ხელისუფლება ჯერ არნახული ცინიზმით ეწევა ფულის არამიზნობრივ ხარჯვას. ამის მაგალითია, სარეზერვო ფონდიდან, ათეულ მილიონობით თანხის გამოყოფა კონცერტებზე.

ქვეყანა წინ ვერ მიდის. ხალხი გარბის ქვეყნიდან!

ხელისუფლება კანონს, მეცნიერებასა და სიტყვას პატივს არ სცემს!

ყველაფერი ეს პოლიტიკური ნაცარქექიაობაა...

თუმცა, ხომ გახსოვთ:

„ნაცარქექიას კარგი მეოჯახე ძმები ჰყავდა.

- კაცო, სულ რომ ნაცარს უზიხარ, ან ჭამა არ გინდა, ან სმა, – ეუბნებოდნენ ძმები ყოველდღე, – ადექი, გაისარჯე და ოჯახში რამე შემოიტანე, თორემ იცოდე, ჩვენ შენი რჩენის თავი აღარ გვაქვს და სახლიდან გაგაგდებთო.

ნაცარქექია ძმების მუქარას ერთ ყურში რომ შეუშვებდა, მეორიდან გაუშვებდა. მობეზრდათ ძმებს მისი უსაქმურობა და ერთ მშვენიერ დღეს მართლაც გააგდეს სახლიდან.“

ჩანს, რომ საქართველოშიც Check In Georgia -ს Check Out “Ocneba” მოჰყვება.

Check In Georgia -ს Check Out “Ocneba”!
Check In Georgia -ს Check Out “Ocneba”!
Check In Georgia -ს Check Out “Ocneba”!

მიხეილ ჯიბუტი,
„ქართული პლატფორმა“


24-05-2016, 12:41
უკან დაბრუნება