ივერიონი / რა გვითხრა ბიძინა ივანიშვილმა

რა გვითხრა ბიძინა ივანიშვილმა

გუშინ საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის მიმართვა საზოგადოებისადმი.

 

„ივერიონმა“ აღნიშნული მიმართვის შეფასება სთხოვა „ეროვნული დასის“ ლიდერს ჯონდი ბაღათურიას და ანალიტიკოს გია ხუხაშვილს.

 

 

ჯონდი ბაღათურია: ივანიშვილი ისევ „შუა გაკრეფის“ პოლიტიკას აგრძელებს, რაც სახიფათოა!

 

 

- როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის წერილს მიმართვას საზოგადოებისადმი?

 

-უპირველესად, მინდა ივანიშვილის ვუთხრა, რომ ახლაც იქ ვართ, სადაც 2011 წელს ვიყავით;  საითაც მიჰყავდა სააკაშვილს ეს სახელმწიფო, შენც იქით მიგყავს, ანუ უფსკრულისკენ, დაშლისაკენ და სახელმწოფოებრიობის დაკარგვისაკენ  ნატოსა და აშშ-ს სახელების გამუდმებული ძახილით.

 

თუ ვინმეს პროტესტი გაუჩნდება ჩემი ამგვარი შეფასების გამო, დავძენ, რომ განსხვავება “მაშინ სად ვიყავით და ახლა სად ვართ“ სიტყვებს  შორის არის ის, რომ  პატიმრებისთვის ჯოხები ჯერ არ გაურჭვიათ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს დიდი განსხვავებაა „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელსა  და დღევანდელ ხელისუფლებას შორის, ცდება. სამწუხაროდ, იქამდე ერთი ნაბიჯია!

 

ამ წერილის “სანუკვარი“ მიზანი ისაა, რომ ივანიშვილი ცდილობს მოსახლეობას თავს მოახვიოს “ჭეშმარიტება“ - თითქოს არსებობს საფრთხე სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნებისა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ ორ ძალას შორის დღემდე არსებობს ფარული გარიგება. ისინი  ქართულ ეკონომიკას მოსახლეობის გატყავების ხარჯზე ინაწილებენ. ამის ნათელი მაგალითი ფარმაცევტული და ბენზინის ბიზნესებია. ფარმაცევტული კომპანიების 4 მონოპოლისტიდან ორი “ქართული ოცნების“ დამფინანსებელია, ორიც „ნაცმოძრაობისა“. 400%-ით გაზრდილი ფასები ადევს მათ მედიკამენტებს, ვიდრე იმავე დასახელებისას თურქეთში!

 

სააკაშვილთან დაპირისპირების ინსცენირება ივანიშვილს ჰაერივით სჭირდება, რათა მოსახლეობა მისი დაბრუნების სახიფათოობაში  დაარწმუნოს. თუ სააკაშვილისგან შექმნის ბუას, რომელიც  მოვა და შურისძიების ცეცხლს დაანთებს, ივანიშვილის ცრუ დაპირებით გაწბილებული მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელსაც სააკაშვილის დაბრუნებისაც ეშინია, ხმას საბოოლოოდ მაინც ივანიშვილს მისცემს.

 

საზოგადოების  მეორე ნაწილი, რომელიც სააკაშვილის მიმართ რავანშისტულადაა განწყობილი,  ხმას,  თავისთავად,  “ქართულ ოცნებას“ მისცემს.  ამ მდგომარეობას პოლიტტექნოლოგიურ ენაზე ან ივანიშვილისეულად, ანუ ხალხურ-კუთხურად, შუა გაკრეფის პოლიტიკა ჰქვია.

 

ერთადერთი, რამაც ამ წერილში  ყური მომჭრა, ივანიშვილის მცდელობაა, რომ მოსახლეობა დაარწმუნოს სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნების სახიფათოობაში. ხალხს ისე ატყუებს, თითქოს მის გარდა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის დამმარცხებელი  სხვა ძალა არ არსებობდეს!

 

ჩემი აზრით, საზოგადოების სააკაშვილით დაშინება ახალი არ არის - ეს უკვე გამოიყენა ივანიშვილმა  2012, 2013 და 2014 წლებში და ახლაც,  2016  წელსაც, ამ გზას ადგას!..

 

 

 

 

გია ხუხაშვილი: ივანიშვილს სურს, რომ ქართული  საზოგადოება დარჩეს იმ იწილო-ბიწილოს არეალში დარჩეს!

 

 

-მიუხედავად იმისა, რომ ამ წერილის შინაარსს  ვიზიარებ, რადგან კარგად მესმის, რას გადავურჩით თავის დროზე, მაინც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ “ქართული ოცნების“ და ივანიშვილის  მთავარი პრობლემა ისაა, რომ სამყაროს მხოლოდ მათსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაპირისპირების პრიზმაში უცქერენ.

 

მათ მიაჩნიათ, რომ ამქვეყნად მხოლოდ ისინი არიან და მთავარი პრობლემა ავიწყდებათ, რომ “ქართული ოცნების“  მტერი და ოპონენტი  ნაციონალური მოძრაობა კი არ არის, არამედ საზოგადოებაა, რომელიც ფიქრობს, რომ ცუდი ხელისუფლება და გაცილებით უარესი ოპოზიცია ჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“  სახით.

 

ივანიშვილს  ამ წერილით საზოგადოებისთვის ახალი და საინტერესო არაფერი არ უთქვამს - პირიქით,  მას სურს, რომ ქართული  საზოგადოება დარჩეს იმ იწილო-ბიწილოს არეალში, რასაც “ქართული ოცნებისა„  და ნაციონალური მოძრაობის დაპირისპირება ჰქვია!

 

პოლიტტექნოლოგიურად გასაგებია, რატომაც ცდოლობს ნაციონალური  მოძრაობის  ხალხის მტრად წარმოჩენას - ჩვენ თუ არ აგვირჩევთ,  მაშინ მოვლენ ბუები-ნაციონალები და შეგჭამენო.

 

ეს გზავნილი ხალხს მოყირჭდა, დღეს საზოგადოების  მოთხოვნა სხვაა - ის ეძებს სიახლეს, არ აინტერესბს არც „ქართული ოცნება“  და არც  ნაცმოძრაობა“,  ეძებს მესამეს,  ახალ ძალას.

 

ივანიშვილის ნათქვამს ჯერ კიდევ აქვს ძალა საზოგადოებაში, მაგრამ მის სიტყვებში სიახლე არ არის. გულახდილად რომ გითხრათ, არც ვიცი, რა ვთქვა ამ წერილის შესახებ. ახალი ამ წერილში არაფერი ყოფილა. “ეს რა ვნახე და რა გავიგე“, ამ წერილში არ ამომიკითხავს.

 

გეტყვით იმას, რომ ეს წერილი შედგებოდა მიმოხილვისა და  შედარებითი ანალიზისგან - (ნაცმოძრაობასთან  და ეკონომიკის შედარებისგან), გავიგეთ, რომ  ივანიშვილი მთელ თავის რესურსს „ნაცმოძრაობის“  წინააღმდეგ ბრძოლაში დახარჯავს. ამ სიტყვებმა ბადრი პატარკაციშვილი გამახსენა, მის დროს გასაგები იყო ეს გზავნილი „ნაცმოძრაობისადმი“, მაგრამ რატომ სჭირდება ბიძინას დღეს მათთან საბრძოლველად თამასის უფრო მაღლა აწევა, გაუგებარია!...

 

                            ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

31-05-2016, 11:33
უკან დაბრუნება