კომპანია „მაგთიკომმა“ კიდევ ერთი ძვირფასი საჩუქარი შესძინა ქართულ კულტურას. ბატონი გია ჯოხთაბერიძის თაოსნობით „სეზანმა“ გამოსცა საავტორო წიგნი - „ვახტანგ დავითაია, არქიტექტურა, ფერწერა, გრაფიკა“.
წიგნი წარდგენილი იყო ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ უმნიშვნელოვანეს არქიტექტურულ ფორუმზე - არქიტექტურის მსოფლიო ტრიენალეზე, რომელიც 2015 წელს მეთოთხმეტედ გაიმართა.
ტრიენალე - მსოფლიო არქიტექტურის სამი წლის მიღწევების შეჯამებაა. ჟიური ავლენს საუკეთესო ნაწარმოებებს, პროექტების და რეალიზაციების. პარალელურად ტარდება არქიტექტურული წიგნებისა და ჟურნალების კონკურსი.
ტრიენალე ქართველი არქიტექტორებისთვის ძალიან ხვავრიელი აღმოჩნდა. წიგნმა - „ვახტანგ დავითაია, არქიტექტურა, ფერწერა, გრაფიკა“ მიიღო ორი პრემია - არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის სპეციალური პრემია და ვერცხლის მედალი, ასევე ბულგარეთის არქიტექტორთა კავშირის პრემია. პროექტების ნომინაციაში პირველი პრემია მიენიჭა არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას ორ პროექტს - „ხელოვნების ცენტრი მთაწმინდა“-ს (რეკონსტრუქცია გაფართოება) და მემორიალს - „არა ომს“.
პრემია და საპატიო დიპლომი გადაეცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ოთხმოცდაათ წლიანი ისტორიის და თანამედროვეობის ამსახველ კატალოგს, რომელიც პროფესორ გოჩა მიქიაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა. ამ ფორუმზე ასევე დიდი წარმატება ხვდა ქართული არქიტექტურული სკოლების ტექნიკური უნივერსიტეტის და სამხატვრო აკადემიის მაგისტრანტების პროექტებს .
წიგნი „ვახტანგ დავითაია, არქიტექტურა, ფერწერა, გრაფიკა“ - განსაკურებულია ფორმითა და შინაარსით, თუმცა ჩემში განსხვავებული ემოცია გამოიწვია - დიდი სიხარულის და დიდი სინანულის.
სიხარული - პროექტების, რეალიზაციების, ტექსტების, ფერწერის, გრაფიკის მაღალი შემოქმედებითი ხარისხის, თავისთავადობის და წიგნის დიზაინის მაღალი კულტურის გამო, სინანული - პროექტების უდიდესი ნაწილის განუხორციელებლობის გამო, რამაც ეს პროექტები მატერიალურ ღირებულებად და ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი ვერ გახადა
ვახტანგ დავითაიას არქიტექტურული შემოქმედების მნიშვნელოვანი პერიოდი, ისევე როგორც მისი თაობის არქიტექტორებისა, საბჭოთა პერიოდს მოიცავს. არქიტექტურულ-სამშენებლო დარგის დირექტიული მართვის, მასობრივი ინდუსტრიალიზაციისა და ტიპობრიობის პერიოდში მან შესძლო შეენარჩუნებინა, დაეცვა და განევითარებინა წინამორბედი ქართველი ოსტატების „ეროვნული არქიტექტურის“ ძიებები, თუმცა ეს ძიებები განსხვავებულია მსოფლმხედველობით, სახიერებით, ესთეტიკით. ისინი არა პირდაპირ, არამედ რაღაც უხილავი ძაფებით არიან დაკავშირებული ეროვნული ხუროთმოძღვრების ტრადიციებთან.
ქართველ არქიტექტორთაგან, ვახტანგ დავითაია ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახეა მსოფლიო არქიტექტურულ ელიტაში. ვფიქრობ ეს გამორჩეული ინტერესი მისი შემოქმედების მიმართ განპირობებულია იმით, რომ ის ყოველთვის თანამედროვეა და არასოდეს არ მომწყდარა ეროვნული არქიტექტურის ისტორიულ ფესვებს. ის ემიჯნებოდა და უარყოფდა რეტროსპექტივა - სტილიზაციას. ემყარებოდა რემინისცენციებს, ასოციაციებს, ინტერპრეტაციებს. მისი ამოსავალი არა იმდენად ქართული მატერიალური კულტურის ძეგლებია, რამდენადაც ერის სულიერი კულტურა , მენტალობა, ხასიათი.
რაც შეეხება საერთაშორისო ცნობადობას, დავიწყებ „ცინცხალი“ ამბით, უფროსი კოლეგის, გამოჩენილი საბჭოთა არქიტექტორის, სსრკ-ის სახალხო არქიტექტორის, აკადემიკოსის, ფელიქს ნოვიკოვის, რომელიც ბოლო 23 წელია ცხოვრობს და მოღვაწეობს შეერთებულ შტატებში, ზემოთხსენებული წიგნით გამოწვეულ მეგობრულ წერილით, სადაც ნათლად ჩანს ბატონი ვახტანგის ცნობადობის „მიზეზები“ (წერილი იხილეთ „ლიტერატულური საქართველო“ 25 მარტი, 2016). ზოგიერთ ფაქტს მეც გავიხსენებ.
2011 წელს პრაღის უმაღლესი ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის - არქიტექტურის ისტორიის და თეორიის კათედრამ გამოსცა მონოგრაფია „არქიტექტორები, პროგრამები, რეალიზაციები“. მონოგრაფიის მიზანია: XXსაუკუნის წარმმართველი არქიტექტურული სტილის „მოდერნის“ არსში გარკვევა.
ავტორთა მტკიცებით, არ არსებობს ერთი „მოდერნი“, არამედ არსებობს მრავალი „მოდერნი“, რომლებიც განპირობებულია ქვეყნების, რეგიონების სპეციფიკის და ავტორთა მხატვრულ-ესთეტიკური ორიენტაციით. ისინი თავიანთ პოზიციას ასაბუთებენ XXსაუკუნის 20 უდიდესი არქიტექტორის მაგალითზე. მონოგრაფიაში არქიტექტურის „მამების“ – ფრენკ ლოიდ რაიტის, ჰენრი ლუის სალივენის, ადოლფ ლოოსის, ბრუნო ტაუტის, ვალტერ გროპიუსის, ლე კორბუზიეს, მიის ვან დე როეს, ერიხ მენდელსონის, ალდო როსის, მარიო ბოტტას, ჰერცოგი და მეურონის, რიკარდო ბოფილის, ქრისტიან დე პორტზამპარკის გვერდით, ვახტანგ დავითაია წარმოდგენილია სტატიით „ტრადიცია, კონტექსტი კომუნიკაბელობა“ და ორმოცი ფოტოთი.
მართებულად აღნიშნავს ცნობილი კულტუროლოგი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი დავით ანდრიაძე ამ მნიშვნელოვანი ფაქტისადმი მიძღვნილ სტატიაში - „წარმატების სტრატეგია“ - „ასეთ ავტორიტეტულ გამოცემებში რეალური ღირებულებები სიმბოლურ ღირებულებებში იცვლება, „სიმბოლურ კაპიტალად“ წარმოჩნდება. ამგვარი კაპიტალი კი, პიერ ბურდიეს თუ დავესესხებით, სხვა თუ არა სოციალური და კულტურული კაპიტალია, ეკონომიკურ კაპიტალად რომ ძალუძს ტრანსფორმაცია.
სამწუხაროდ ჩვენში, საქართველოში, ჯერ კიდევ ვერ მივეჩვიეთ ამ ძნელად მოსაპოვებელი „სიმბოლური კაპიტალის“ ჯეროვნად დაფასებას და მსოფლიოს არქიტექტურულ რუკაზე ვერ ვამჩნევთ ფიგურებს რომლებსაც კარგა ხანია უკავიათ მართლაც შესაშური სტრატეგიული პოზიციები.
კიდევ ერთი ფაქტი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ უაღრესად ღირებული, რომლის თქმაც იმ პერიოდში (1987 წელი) სარისკოც კი იყო, იგი ეკუთვნის ფილოსოფიის მეცნიერების დოქტორს, აკადემიკოსს ვიაჩესლავ გლაზიჩევს ქ.სოფიაში ვახტანგ დავითაიას პერსონალურ გამოფენასთან დაკავშირებით, „უდაო წარმატება ხვდა „ინტერარქ-87-ზე“ ვახტანგ დავითაიას შედარებით მცირე გამოფენას, რომელიც საბჭოთა არქიტექტურაზე, როგორც სახიერებას მოკლებულ საპროექტო „მანქანაზე“ სტერეოტიპიული შეხედულების სრულიად საწინააღმდეგო მოვლენას წარმოადგენს“.
დავუბრუნდეთ „სინანულს“ – განუხორციელებელ პროექტებს, რომლებიც რეალურ მატერიალურ და კულტურულ ღირებულებად ვერ იქცნენ:აფხაზეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ქ.სოხუმში, 1975წ. საკონკურსო პროექტი (ვ.დავითაია, შ.ბოსტანაშვილი, ო.ნახუცრიშვილი), კულტურის სასახლე ქ.ფოთში, 1977წ. (ვ.დავითაია, შ.ბოსტანაშვილი), ბალნეოლოგიური სანატორიუმი 250 ადგილზე სოფელ ნოქალაქევში, 1979წ. (ვ.დავითაია, თ.კლდიაშვილი, გ.კვიწინაშვილი), საჭადრაკო კლუბი წყალტუბოში, 1984წ. (ვ.დავითაია, თ.კლდიაშვილი), საცხენოსნო ტურისტული სასტუმრო ბეთანიაში, 1985წ. (ვ.დავითაია, მ.დავითაია), კულტურულ-სავაჭრო ცენტრი და კარსტული მღვიმეების კვლევის ლაბორატორია სოფელ ცხუნკურში, 1986წ. (ვ.დავითაია, ზ.სუჯაშვილი, ს.გაგუა), კარსტული მღვიმეების მართვის ოფისი სოფელ ცხუნკურში, 1986წ. (ვ.დავითაია, მ.გუჯაბიძე, ზ.სუჯაშვილი), მხატვრის სახელოსნო ქ.ქუთაისში, 1986წ. (ვ.დავითაია), ილია ვეკუას სახელობის სკოლა სოფელ შეშელეთში, 1987წ. (ვ.დავითაია), პანსიონატი 250 ადგილზე სოფელ კიკეთში, 1989წ. (ვ.დავითაია, თ.გოგოლაშვილი), სასტუმრო 180 ადგილზე თბილისში, 1990წ. (ვ.დავითაია, ნ.შავიშვილი), სამლოცველო თბილისში, 1994წ. (ვ.დავითაია), მიწისქვეშა კლუბი-რესტორანი თბილისში ამაღლების ქუჩაზე (ვ.დავითაია). მათი რიცხვი რამდენიმე ათეულია, ჩამოთვლას აზრი არა აქვს, ის ვერ შეცვლის მოვლენის არსს. პროექტთა შორის არის არა ერთი ქალაქგეგმარებითი და მონუმენტურ-მემორიალური ობიექტი.
პროექტების უმრავლესობა ემყარება “რეგიონალიზმს”. “ადგილის სული”, კონტექსტი არქიტექტურულ-ურბანულ გარემოსთან, კონტექსტი მატერიალურ და სულიერ კულტურასთან, მენტალობასთან, მსოფლშეგრძნებასთან, საქართველოს კუთხეების ყოფით თავისებურებებთან, ეს ვ.დავითაიას “რეგიონალიზმის” ზოგადი, საერთოქართული მაქსიმაა. ის იმავდროულად მგრძნობიარეა ქვეყნის კუთხეების თავისებურებათა მიმართ. ვ.დავითაიას “რეგიონალიზმი” არ არის ერთხელ და საბოლოოდ ჩამოყალიბებული, დამთავრებული, არც რომელიმე წარმატებული მიგნების ვარიაციები თუ პერეფრაზი, არამედ მუდმივად განახლებადი და ახალი. მისი პროექტები კი არ გვანან რეალურ მატერიალური კულტურის ძეგლებს, არამედ გაგონებენ მათ. გავიხსენოთ სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, “ალგეთის ბაზილიკა” სოფელ ტბისში (რეალიზებული),საცხოვრებელი სახლები დასავლეთ საქართველოს ინდივიდუალური ბინათმშენებლობისთვის, საცხოვრებელი ტიპები ხევსურეთის სოფლების ბისოს და ხახმატისთვის, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის საცხოვრებელი უბანი “პალიასტომი” ქ.ფოთში, კახეთის სამეურნეო-ყოფით ტრადიციებთან მისადაგებელი საცხოვრისის ტიპები სოფელ ხორნაბუჯში და სხვა.
აფხაზეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, ფოთის კულტურის სასახლე, საცხოვრებელი უბანი “პალიასტომი” ფოთში, სოფელ გავაზის სკოლა (რეალიზებული), ასევე სოფლების გუნდაეთის, არალის, იორმუღანლოს სკოლები მკაფიო მაგალითებია “კომუნიკაბელური არქიტექტურისა”.
რა არის ეს, ვახტანგ დავითაიას მიერ შემოთავააზებული, ერთი შეხედვით უცნაური “კომუნიკაბელური არქიტექტურა”? მოუსმინოთ აკადემიკოს ვლადიმერ ხაიტს. “არქიტექტურის თეორიისთვის ყველაზე უფრო საინტერესო და ახალია ვახტანგ დავითაიას მიერ შემოთავაზებული ისეთი კატეგორია, როგორიცაა არქიტექტურის “კომუნიკაბელობა”, რომელსაც ის ქართულ ეროვნულ ხასიათთან, ცხოვრების ტრადიციულ წესთან, გახსნილობა-გამჭვირვალობასთან, თანადგომასა ადა სტუმართმოყვარეობასთან აკავშირებს”.
სოფელ ხორნაბუჯის კულტურულ-ადმინისტრაციული-სავაჭრო ცენტრი, ქ.თბილისის რიყეს უბნის არქიტექტურულ-სივრცობრივი კონცეფცია (5 ვარიანტი), მემორიალი ქ.სმოლიანში (ბულგარეთი),არქიტექტურული თეატრის, არქიტექტურული რეჟისურის მაგალითებია, ხოლო მემორიალი ქ.ქუთაისში თავად არქიტექტუურლი სპექტაკლია.
ასოციაციები, რემინისცენციები, არქიტექტურული-ურბანული და ემოციური კონტექსტი, “ადგილის სული”, ატმოსფერო, ვ.დავითაიას შემოქმედების პოსტულატებია და მთავარ მოტივად გასდევს მთელს მის შემოქმედებას. ისინი მისი “რეგიონალიზმის”, “ეროვნულის” სამყაროში შესასვლელი გზაა. ამ მიზნის მიღწევის არქიტექტურულ-მხატვრული ენა კი განსხვავებული.
საქართველოს ფლორისა და ფაუნის მუზეუმის “მონადირის სოფელი”-ს არქიტექტურული სახე შატილის, ომალოს, უშგულის ატმოსფეროს, განწყობილების ასოციაციებია. სოფელ ცხუნკურის კულტურულ-სავაჭრო-ადმინისტრაციული ცენტრი ოთხქანობიანი სახურავებით, დასავლეთ საქართველოს ოდა სახლების და მთის ფერდობზე შეფენილი სოფლების მოგონებებს იწვევს, თბილისის ზღვის უბანში გაშენებულ პურის საცხობში ავტორებმა კოლხური არქიტექტურის მოტივების შეტანით შესძლეს სამრეწველო შენობის ჰუმანიზაცია და ეროვნულობა.
გზა, ვახტანგ დავითაიას შემოქმედებაში, არა მხოლოდ გადაადგილების, ფიზიკური კავშირების და კომუნიკაციების საშუალებაა, არამედ არქიტექტურულ-გეგმარებითი ელემენტიფუნქციური კავშირების, კომპოზიციური ქარგის განმსაზღვრელი:სანატორიუმის კომპლექსი სოფელ ნოქალაქევში, კავკასიის დამცველთა მემორიალიყარაჩაევო-ჩერქეზეთში (განხორციელებული), საცხოვრებელი უბანი “პალიასტომი” ქ.ფოთში, ილია ვეკუას სახელობის სკოლა სოფელ შეშელეთში და სხვა.
ყოველივე ზემოთაღნიშნული განაპირობებს იმას, რომ ვახტანგ დავითაიას პროექტები რაღაცით მეტია “ლამაზ”, “პროფესიულ“პროექტებზე. სწორედ ეს “რაღაც” არის ის განსაკუთრებული, რომელთა განუხორციელებლობა იწვევს “დიდ სინანულს”. ამ “რაღაცას” შეეძლო კეთილმყოფილი გავლენა მოეხდინა ქართულ არქიტექტურულ პროცესზე, მის სახიერებაზე. “ადგილის სულის” ჩანაცვლებამ “მსოფლიო სულით” (“ინტერნაციონალური” არქიტექტურით) არქიტექტურა მიიყვანა მსოფლიო ერთფეროვნებამდე.
ვახტანგ დავითაიას “რეგიონალიზმი” განსჯის და გენეზისის შედეგია. იგი მკაფიო პასუხია კითხვაზე ერთი არქიტექტურა (გლობალიზაცია) თუ მრავალი არქიტექტურა ქვეყნების და ერების სახიერება თუ უსახურობა.
არსებობენ წიგნები, რომლებიც გამოცემისთანავე უდიდეს მნიშვნელობას იძენენ, ერთგვარ ორიენტირებად იქცევიან კულტურულ ცხოვრებაში. ისინი გვაიძულებენ დაპყრობილი სიმაღლეებისადმი პატივისცემით განვიმსჭავლოთ და მოგვიწოდებენ, მომავალი თაობებისთვის არქიტექტურული ხარისხის სავალდებულო სიმაღლედ იქცნენ.
კომპანია „მაგთიკომი“ თავისი გამოცემებით გვარწმუნებს, რომ ქართველებს თავისი გასავლელი გზა აქვს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავითქვიფოთ შევერწყათ მსოფლიო გლობალიზაციის ოკეანეს. წიგნი „ვახტანგ დავითაია. არქიტექტურა. ფერწერა. გრაფიკა.“ კიდევ ერთი დადასტურებაა გაკეთებული „ქართული საქმისა“.
უღრმესი მადლობა „მაგთიკომს“. ბატონი გია ჯოხთაბერიძე ღირსეულად აგრძელებს დიდი ქართველების ძმები ზუბალაშვილების, დავით სარაჯიშვილის, აკაკი ხოშტარიას ტრადიციებს, რომელთა სახელები ოქროს ასოებითაა ჩაწერილი ჩვენი ერის ისტორიაში.
თამაზდოგრაშვილი
არქიტექტორი