-თქვენი აზრით, რამ განაპირობა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის პოსტიდან გადაყენების შესახებ?
-ალბათ, სავარაუდოდ, მთავარი როლი ითამაშა იმან, რომ პრემიერ-მინისტრმა პრიორიტეტულ საკითხად განათლება მიიჩნია, რომელთან დაკავშირებული გეგმის განხორცილებისთვის სხვა ადამიანი იყო საჭირო. ეს პირველი საკადრო ცვლილებაა, რომელიც კონცეპტუალურ საფუძველზეა მიღებული და არა პარტიულ ან ინტერპერსონალურზე.
-წინ ეროვნული, მასწავლებელთა და სხვა ტიპის გამოცდებია, ასეთ დროს შედეგიანი იქნება სანიკიძის პოსტიდან გადაყენება?
-რაც შეეხება რისკებს, ის არსებობს. ერთ-ერთი რთული პერიოდი განათლების სამინისტროსთვის ზაფხულია. არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში პრემიერს შეიძლება რამდენიმე მინისტრთან გამომშვიდობება კიდევ მოუწიოს. არ არის გამორიცხული, რომ მინისტრების ცვლა კრიტიკულ ზღვრამდე მივიდეს, რაც ახალი მთავრობის დამტკიცებას გარდაუვალს გახდის. ეს არის რისკის შემცველი, მაგრამ ალბათ ამის შესახებ უკეთ იცის პრემიერ-მინისტრმა და რახან რისკავს, ესე იგი, განათლება მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წინასაარჩენო პერიოდი!
-როგორი განათლების მინისტრი სჭირდება დღევანდელ საქართველოს?
-დღევანდელ საქართველოს განთლების მინისტრად ლუარსაბ თათქარიძე შეეფერება.
-განათლების ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იქნება თუ არა ამ პოსტისთვის შესაფერისი ფიგურა?
-განათლების სისტემა ურთულესია, რადგან მთელ საქართველოზე ბადესავითაა გადაშლილი და ყველა ოჯახშია შესული უფრო ინტენსიურად, ვიდრე ჯანდაცვის სისტემა. ამ დროს კი ყველაზე დაბალანაზღაურებადი და ინერტულია. პოლიციის სისტემა შეიძლება ერთ კვირაში შეცვალო, როგორც სააკაშვილმა გაკეთა, მაგრამ განათლების სისტემაში ასე ვერ მოიქცევი!
პრობლემა იმდენია, ძნელია ოპტიმიზმი ვიქონიოთ, რომ ერთი მინისტრის მეორით შეცვლა რაღაც მნიშვნელოვანს შეცვლის. სანიკიძემ პრობლემების ნაწილი გადაჭრა, ჯეჯელავას სატელევიზიო გადაცემებიდან ვიცნობ, კარგი ალღო აქვს, ენერგიული და საქმიანი ჩანს და ვიქონით იმედი, რომ პრობლემებს გადაჭრის. დღევანდელი განათლების უდიდესი პრობლემა გაუნათლებელი მასწავლებლებისა და მოსწავლეების სიჭარბეა და ეს უნდა შემცირდეს. ეს იქნება სასწრაფოდ გადასაჭრელი პრობლემა და თუ ამას შეძლებს, კარგია.
ესაუბრა ია ჯღარკავა