დათათბირება, რომელსაც ჩვენ „ეროვნული თანხმობის პარლამენტის“ ფორმირების კონცეფციის საინიციატივო ჯგუფის წევრები ვაწარმოებთ საქვეყნოდ მომართულ სახელმწიფო კაცებთან ქვეყნის შიგნით, კონსულტაციები, რომლებსაც ვმართავთ პოლიტიკოსებთან და ექსპერტებთან ქვეყნის შიგნით და გარეთ ადასტურებს ჩვენს პოზიციას, რომ ქვეყნის ეროვნული და პოლიტიკური ოპტიმიზმი ქართული პოლიტიკური გუნდის ფორმირებასთანაა დაკავშირებული.
ყველა კარგად აცნობიერებს, რომ ქართული - ნიშნავს პლანეტარულს, არის დასტური იმისა, რომ ჩვენ ცივილიზაციის სათავეებთან ვიდექით, დასტური იმისა, რომ გვქონდეს ქართული ცნობიერება და ვაზროვნებდეთ სამყაროს განზომილებით - პლანეტარულად. სწორედ ეს არის ამოცანა, როცა ვფიქრობთ „ეროვნული თანხმობის პარლამენტზე“.
ეს არის სრულიად საპირისპირო, ვიდრე დღეს არსებული კოჰაბიტაციის პარლამენტი. ეროვნული თანხმობის უპირველესი საყრდენი სამართლიანობაა. ხაზს ვუსვამთ, სამართლოანობა და არა სამართალი. სამართლიანობა ზნეობრივისა და სამართლებრივის ერთობლიობაა ზნეობრივის პრიმატით. კოჰაბიტაცია - ეს არის ზნეობრივის უგულებელყოფა და სამართლებრივი კომპრომისი ერთად.
როცა ჩვენ ვფიქრობთ ეროვნული თანხმობის პარლამენტზე სამართლიანობის გზით, ეს უპირველესად, ნიშნავს:
- ხალხმა დაიბრუნოს პოლიტიკოსების მიერ მისთვის წართმეული პარლამენტი;
- შეცდომად და დანაშაულად შეფასდეს 1991 წლის შეიარაღებული გადატრიალება და ე.წ. „ვარდების რევოლუცია“;
- გასამართლდეს დღემდე არსებული ყველა რეჟიმი, „ნაციონალურის“ ჩათვლით;
- ქვეყანაში იყოს არა ე.წ. ბელადებისა და ფულიანთა ძალაუფლება, არამედ -ნიჭის ძალაუფლება;
ეს ფუნდამენტური საკითხებია. დასტური იმისა, რომ ეროვნული თანხმობა და კოჰაბიტაცია თვისობრივად სრულიად განსხვავებული მოვლენებია. პირველი - აღმშენებელი, მეორე - დამანგრეველი.
დარწმუნებული ვართ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა პირველს აირჩევს.
6 ივნისი, 2016წ.