-როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრას, მიგაჩნიათ, რომ ის გუშინ საბოლოოდ გაშიშვლდა?
-ამ შეხვედრის ამონარიდები გაზეთში წავიკითხე, რამაც დამარწმუნა, რომ ივანიშვილთან ყველაფერი რიგზე არ არის.
როცა იგი პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა, მისი გადაწყვეტილება სატელევიზიო ეთერიდან უარყოფითად შევაფასე. ამის გამო, მახსოვს, ეთერში ვიღაცებმა დარეკეს და მლანძღეს. არადა, კაცი, რომელიც თბილისს თავზე დაადგამს ისეთ სიმახინჯეს, როგორიც დაადგა, ნიშნავს, რომ ამ კაცს საქართველო და თბილისი ფეხებზე ჰკიდია და სასტიკად ამბიციურია!
მოსახლეობის დიდ ნაწილს, მიუხედავად მათზე ივანიშვილის 4-წლიანი ექსპერიმენტისა, მაინც არ შეეცვალა მასზე წარმოდგენა და კიდევ აქვს იმედი, რომ ის მას გადაარჩენს. არადა, ეს კაცი არ არის დაბადებული სხვისი ცხოვრებისა და სიცოცხლის გადამრჩენად - მას არც საქართველო აინტერესებს და არც მისი ხალხი, მისი ინტერესია, ისეთი მონური ხელისუფლების ყოლა, რომლის დახმარებითაც თავისი ბიზნესპროექტების განხორციელებასა და აქედან მილიონების შოვნას შეძლებს!..
ის, რომ ივანიშვილი დიდ ფულს ხარჯავს ქველმოქმედებასა და ქვეყნის განვითარებაში, კაპიკებია იმასთან შედარებით, რასაც სანაცვლოდ იღებს! საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რომ მილიარდერებსა და, ზოგადად, მდიდრებში, დაუწერელი კანონი მოქმედებს, რომლის თანახმადაც, ის ვალდებულია ფული დახარჯოს ქველმოქმედებაში ან ქვეყნის განვითარებაში. ივანიშვილის ქმედებაც გამოძახილია ამ დაუწერელი კანონისა და არა ვინმეს, ან რაიმეს სიყვარულისა.
მან პოპულარობის მოსახვეჭად მოისყიდა ქართული ინტელიგენცია (თუ ასეთი ჰყავს საქართველოს) : მსახიობები, რეჟისორები და ა.შ. კავსაძეს რომ ფულს უხდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ყოველთვის კარგს ილაპარაკებს ივანიშვილზე, ხოლო თუ რაღაც საპროტესტო აზრი გაუჩნდება, ხმას მაინც არ ამოიღებს, რადგან ფულითაა მოჯადოებული...
-რა სტატუსით ელაპარაკებოდა ივანიშვილი ჟურნალისტებს?
-ისყოველთვის აღნიშნავდა, რომ პოლიტიკაში არ იყო ჩაბმული, მაგრამ ამ პრესკონფერენციამ და უკანასკნელმა განცხადებამ, რომ რეგიონებში ჩასვლას აპირებს, ბევრი დაფარული გაამჟღავნა. რატომ აპირებს რეგიონებში ჩასვლას და ხალხთან შეხვედრას? ვინ არის ივანიშვილი ერთი ჩვეულებრივი მოქალაქის გარდა? მერე რა, რომ დიდი ფული აქვს? ფული ბევრს აქვს საქართველოში, რაც პანამის დოკუმენტებითაც კარგად გამოჩნდა, რატომ აქტიურობს ივანივილი და არა ისინი? პასუხი ერთია: ის აქედან შემოსავალს ელის, ბრიყვ ხალხს კი ჰგონია, რომ საქართველოს დახმარებაზე ფიქრობს.
ესაუბრა ია ჯღარკავა