ივერიონი / გია ხუხაშვილი: ივანიშვილის „თამაშს“ ხალხი უკვე არ ჭამს!

გია ხუხაშვილი: ივანიშვილის „თამაშს“ ხალხი უკვე არ ჭამს!

-როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრას, მიგაჩნიათ, რომ ის საბოლოოდ გაშიშვლდა?

 

-ის მობილიზებული იყო, აზრს გასაგებად აყალიბებდა, თუმცა საკითხავია, რამდენად მისაღებია ეს აზრი!

ლოგიკურად არცერთი მოსაზრება არ დაუსაბუთებია, თუმცა დასაბუთების მცდელობა პარადოქსული იყო:

 

“ნაცმოძრაობაზე“ ამბობდა,  სერიოზული საფრთხეა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაცო, რადგან NDI და აირაი-ს აკონტროლებსო;   “რუსთავი 2“  სახიფათო  სიცრუის მანქანაა,  რადგან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ამახინჯებსო!

 

მეორე მხრივ ამბობდა, “ნაცმოძრაობა“  ბარიერს ვერ გადალახავს,  ხოლო “რ2“  რაც დიდხანს იმუშავებს ჩვეული მეთოდებით, ეს “ქართული ოცნების“  წისქვილზე დაასხამს წყალსო. ერთი სიტყვით, ივანიშვილი ასეთი ურთიერთგამომრიცხავი ალოგიკურობით უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

 

-რა სტატუსით ელაპარაკებოდა ივანიშვილი ჟურნალისტებს?

 

-აქაც იყო ერთი ლაფსუსი: ერთი მხრივ, ის ამბობს ხოლმე, რომ  უსტატუსოა და არ ერევა ხელისუფლების მოქმედებაში, მერე მხრივ კი ამბობს, “ქართულმა ოცნებამ“  არჩევნებზე ხმების  50%-ზე მეტი თუ ვერ მიიღო, დაგტოვებთ და სხვა საყვარელ საქმიანობას დავუბრუნდებიო. რას ნიშნავს დაგვტოვებს? განა დატოვებული არ ვყავდით? ხან გვეუბნება, რომ დაგვტოვებს, ხან გვეუბნება, რომ ხელისუფლებაში არ არის - რომელია სიმართლე?!

 

-რა გავლენის მოხდენა შეუძლია მას არჩევნებზე?

 

-მის გარეშე “ქართული ოცნება“ საერთოდ არაფერს  წარმოადგენს, რადგან იქ არათუ პოლიტიკური ფიგურები, არამედ პოლიტიკურად მოაზროვნენიც კი არ არიან, რომელთაც საარჩევნო კამპანიის  მწყობრად აგება შეუძლიათ. ვფიქრობ, ივანიშვილის ოპტიმიზმი “ქართული ოცნების“ მიერ 95 მანდატის მიღებაზე, გადაჭარბებულია -უბრალოდ, მას აქვს რატომღაც მოლოდინი, რომ რეგიონებში მოგზაურობისას პოზიტიურ შედეგს მიიღებს. ეს საეჭვო იმედიანობაა, რადგან  მას იქ ის ხალხი დახვდება, რომელმაც 2012 წელს ხმა მისცა, თუმცა დღეს გაწბილებულია.  ივანიშვილის ხალხთან შეხვედრა იქნება მძიმე და არ მოიტანს იმ შედეგს, რასაც ელოდება.

 

-თქვენი აზრით, ივანიშვილი გრძნობს თუ არაპასუხისმგებლობას ქართველი ერის წინაშე?

 

-გრძნობს, მაგრამ საკითხავია, მზადაა თუ არა იმედგაცეუებული ადამიანების კვლავ მისკენ მოსაბრუნებლად. რა არის მისი პასუხისმგებლობა: ბოდიში შეცდომებისთვის? თუმცა ეს არ არის გულწრფელი და ამომწურავი პასუხი. მობოდიშებასთან ერთად, ხალხის მწუხარებისა და გაჭირვების თანაზიარიც უნდა გახდეს,  მათ უნდა მოეფეროს. გუშინწინ კი არც ერთი უქნია და არც მეორე, მეტიც, ამის გაკეთებას არც აპირებს. მის “თამაშს“ ხალხი უკვე არ ჭამს!

 

                            ესაუბრა ია ჯღარკავა

9-06-2016, 11:04
უკან დაბრუნება