ივერიონი / „აბელ, ვარლამი მოსულა“!

„აბელ, ვარლამი მოსულა“!

ყველას მოეხსენება, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ 2012 წლის 1 ოქტომბერს პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“ - ხელისუფლების სადავეები ჩამოართვა, პოლიტიკურ საფლავში ჩადო და მიწაც მიაყარა!

მიუხედავად ამისა, კოალიცია „ქართული ოცნების“ მმართველმა ძალამ პოლიტიკური გვამი მიწიდან ამოთხარა, ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა, მოაძლიერა და ისევ პოლიტიკურ ასპარეზზე დააბრუნა, ასე ვთქვათ, კოჰაბიტაციაში შევიდა და ქართველი ხალხის უმრავლესობის პირველივე დაპირება სამართლიანობის აღდგენის შესახებ წყალს გაატანა!

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, „ქართულმა ოცნებამ“ ბატონი ბიძინა ივანიშვილის თამადობით ყველაზე მძიმე კრიმინალური დანაშაულის მოსამართლე ლევან მურუსიძე წინა რეჟიმის მსხვერპლად გამოაცხადა და ქართული სასამართლოს სიმართლის დამცველის ტიტულიც კი მიანიჭა!

ასევე, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატიც შეიერთა, ზუგდიდის ადგილობრივ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატიც წარადგინა, ყოფილი ზონდერები სამსახურებრივად დააწინაურა (ჩამონათვალი ძალიან დიდია) და ქართულ საზოგადოებას „საუკეთესო 4 წლის“ საუკეთესო შედეგების სია ასე წარუდგინა!

ცხადია, ეს ყველაფერი რთული გასაგებია ამ ძალის მხარდამჭერთათვის. თუმცა, თუ გავიხსენებთ ბატონ ბიძინა ივანიშვილის წერილს და შემდეგ სკანდალად მონათლულ ტელეინტერვიუს, ასე ვთქვათ, განმეორდა „მოდელირებული ქრონიკა“ რომელიც ერთი-ერთში ჯდება: თუ არ იქნება „ქართული ოცნება“ (იგულისხმება ბატონი ბიძინა ივანიშვილი) ქვეყანა დაიღუპება, კატასტროფას განიცდის და ა.შ.

მინდა შეგახსენოთ ბატონო ბიძინა, რომ ამ ქვეყანაში ორი კი არა, ორასი პარტიაა და ადამიანი ან პოლიტიკური ძალა, რომელიც ედრება და კონკურენტად მიიჩნევს ყველაზე ბინძურ, სისხლში ხელებამოსვრილ პოლიტიკურ ძალას, ის (ადამიანი) ან (პოლიტიკური პარტია)  უუნაროა, ან არაფრის გამკეთებელი და მატყუარა, რომელიც ცუდის ფონზე კარგად უნდა წარმოჩინდეს!

ვადასტურებ იმ ფასდაუდებელ ღვაწლს, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაუკეთა საქართველოს, თუნდაც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორებით. ძალიან უმადურად მიმაჩნია ის ადამიანი, ვისაც ამ ღვაწლის დაფასება და მადლიერების გამოხატვა არ შეუძლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გასაკრიტიკებელი არ გავაკრიტიკოთ და პირში წყალი ჩავიგუბოთ!..

აქვე მინდა შევეხო იმ მიკერძოებულ და ყველაზე რეიტინგულ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს:

ბატონებო და ქალბატონებო, სიმართლე ის არის, რომ მაყურებელს სეირის და ინტრიგნული ინფორმაციის მოსმენა და ყურება უფრო სიამოვნებს, ვიდრე ობიექტური ინფორმაციის მიღება. აქედან გამომდინარე, არავის აქვს უფლება დემოკრატიის პრეტენზიის მქონე ქვეყანაში შეზღუდოს სიტყვის თავისუფლება.

„რუსთავი 2“ საშიში არ იქნებოდა იმ ხელისუფლებისთვის, ვისაც თავისი მოსახლეობისთვის სათქმელი აქვს, თუნდაც დაპირებული სამართლიანობის აღდგენაზე, ეკონომიკაზე, სოციალურ საკითხებზე, სოფლის მეურნეობაზე და ა.შ.

უფრო საშიში, მლიქვნელი და კორუფციაში ჩაფლული მედროვეები არიან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან და აბრუნებენ ქვეყანას ჭაობში. ასეთები არ აკლია დღეს „ქართულ ოცნებას“ (და არამარტო მათ), ეს ის ადამიანები არიან, ვისაც ზურგში დანის დარტყმა ადვილად შეუძლიათ.

ვფიქრობ, ქვეყნის წინსვლას ისიც აფერხებს, ვინც მომავალ თაობას არ აძლევს საშუალებას თვითრეალიზაციის და არ გამოყავს პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანები პოლიტიკურ ასპარეზზე!


ბექა კუპრაშვილი

10-06-2016, 15:21
უკან დაბრუნება