სწავლა დამთავრდა!
ყველას უყვარს არდადეგები. მართალია, აგერ უკვე შუა ივნისია, მაგრამ ზაფხულს მხოლოდ სახელი უგავს, რადგან ან წვიმაა, ან ქარი, თუმცა სწავლის დასასრულისა და წიგნების თაროებზე შემოწყობისთვის ამას ხელი არ შეუშლია, ჩვენ კი თამაშს ავდარშიც კარგად ვახერხებთ...
სწავლა დამთავრდა, თუმცა ჩემმა სკოლამ რამდენიმე საგანში გამოცდა დაგვინიშნა. ჩემი მასწავლებლები სხვებივით არ იქცევიან - ბილეთებში მთელი წიგნიდან რომ შეაქვთ ხოლმე საგამოცდო საკითხები. ისინი ძირითადზე ამახვილებენ ყურადღებას, დანარჩენზე კი შეკითხვებს გვისვამენ. ასე ჩვენთვისაც იოლია და მათთვისაც, რადგან გამოცდა ხალისით და შედეგიანად სრულდება!
ჩემი აზრით, ბევრ მასწავლებელს იმიტომ უხარია მის საგანში გამოცდის დანიშვნა, რომ მოსწავლეებზე ჯავრი იყაროს. ამიტომ, 15-20 4-საკითხიან ბილეთს ადგენს ხოლმე. მართალია, მოსწავლემ ამა თუ იმ საგანში მთელი წიგნის შინაარსი უნდა იცოდეს, მაგრამ გამოცდა ტანჯვა-წამებად არ უნდა ექცეს.
ასეთმა გამოცდამ მოსწავლეს შეიძლება საგანი და მასწავლებელი შეაძულოს, რადგან გრძნობს, რომ გამოცდით მისი ცოდნის რაოდენობა და ხარისხი კი არ იზომება, არამედ სხვა რამ- მისი ნერვები, ფსიქიკა და ემოცია, რაც, სამწუხაროდ, ხშირადაა ხოლმე მასწავლებლის სამიზნე.
დედამ მითხრა: წელს სასკოლო გამოცდებში უამრავი 12-კლასელი ჩაიჭრაო. წარმომიდგენია მათი და მათი მშობლების გულის წუხილი, თუმცა მიკვირს, 11 წელი რასაც ისმენენ და სწავლობენ, მე-12 წელს რატომ ავიწყდებათ?!
მალე ეროვნული გამოცდები დაიწყება. ალბათ იქაც ბევრი ჩაიჭრება. (იმედია უმეტესობა უმაღლესებში მოხვდება).
მასწავლებლების გამოცდაც კარსაა მომდგარი. დედაჩემი სერტიფიცირებული მასწავლებელია და მასწავლებელთა პროფესიული გამოცდა სავალდებულოდ მიაჩნია.
ჩემი აზრითაც, ტვინის გასავარჯიშებლად, ცოდნის გასაახლებლად და ახლის შესაძენად გამოცდა მნიშვნელოვანია, თუმცა საგამოცდო საკითხები და გარემო გამოსაცდელისთვის შიშისმომგვარელი და დამთრგუნავი არ უნდა იყოს.
ერთი სიტყვით,სწავლა ძნელია, ცოდნის მიღება რთულდება, ნიჭი და ჭკუა კი სწავლისა და ცოდნის გარეშე თითქმის გამოუყენებელი ხდება. მიუხედავად მრავალი ბარიერისა, ყველა ბავშვს ვურჩევ მშობლებს დაუჯეროს და სწავლას მიეჩვიოს, ჩემს თავსაც იმავეს ვუმეორებ ხოლმე.
წინ გამოცდებია! ჩემს თავსაც წარმატებას ვუსურვებ და თქვენც!
ზურა ყურულიშვილი, სკოლა-ლიცეუმ “ცოდნას“ VI კლასის მოსწავლე