ივერიონი / ყელში გაჩხერილი „ძვალი“, ანუ, რატომ მიჰყავს ხელისუფლებას ქვეყანა ქაოსისკენ?!

ყელში გაჩხერილი „ძვალი“, ანუ, რატომ მიჰყავს ხელისუფლებას ქვეყანა ქაოსისკენ?!

ქიბარ ხალვაში „ბედნიერია“, ბიძინა ივანიშვილი შესაძლო ზარალის კომპენსირებაზე პასუხისმგებლობას იღებს, ამერიკის ელჩი იან კელი თავხედურად გვარფრთხილებს, რომ „ქართველი ხალხი ამას არ მოითმენს“, საზოგადოების ერთი ნაწილი ხბოს აღტაცებას ვერ მალავს და „სამართლიანობის აღდგენას“ ზეიმობს, მეორე ნაწილი კი რევოლუციური ტალღის აგორების მოლოდინშია.

 

დაახლოებით ასეთია „რუსთავი-2“-ის გარშემო არსებული ვითარება, რომელიც მიუხედავად მოჩვენებითი ეიფორიისა, დამშვიდების უფლებას ნამდვილად არ იძლევა.

 

არსებობს საზოგადოების მცირე ნაწილიც, რომელიც უფრო საღად, ცივი გონებით აფასებს ყველაფერს და მოსალოდნელ შედეგებსაც ხედავს, რომელმაც შეიძლება სრული ქაოსისკენ წაიყვანოს ქვეყანა!

 

პირდაპირ ვიტყვი: მე არ ვარ აღფრთოვანებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს განჩინება. არ ვარ არა იმიტომ, რომ მხარს არ ვუჭერ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებას, არამედ, იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული უდევს საფუძვლად და აშკარა დესტაბილიზაციის წყარო შეიძლება გახდეს...

 

დავასაბუთებ, თუ რატომ ასდის ამ ვაკხანალიას პოლიტიკური დაკვეთის სუნი და რატომ მიდის ხელოვნურად ყველაფერი დესტაბილიზაციისკენ...

 

პირველი: ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და შემდგომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მისი ძალაში დატოვება მესაკუთრეთა უფლებების დაცვის და ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების მცდელობას არ ემსახურება... ეს რომ ასე იყოს, ახალი ხელისუფლების მოსვლიდან თითქმის 4 წლის მანძილზე სხვა, უფრო მასშტაბური დანაშაულებები (ქონების იძულებით წართმევა) გადაიხედებოდა და წართმეული ქონებებიც თავის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდებოდა, რაც არ მომხდარა.

 

ბავშვიც კი მიხვდება, რომ აქ ქონების დაბრუნება არაფერ შუაშია - „რუსთავი-2“, როგორც მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა ხელისუფლებას ყელში ეჩხირება (განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ) და ამით ცდილობს მის განეიტრალებას!

 

დასადგენია ისიც, რანაირი მესაკუთრეა ბატონი ქიბარ ხალვაში. რამდენადაც ვიცით, სააკაშვილის ზეობის პერიოდში „რუსთავი-2“ ხელთათმანივით იცვლიდა მესაკუთრეებს (იმისდა მიხედვით, თუ ვინ ვის გადაუგრიხავდა ხელებს) და აქედან გამომდინარე, ტელეკომპანიის რეალური, თუ ირიბი მფლობელი ხდებოდა ის, ვინც სააკაშვილის კლანს აწყობდა.

 

ამის გათვალისწინებით, ქართული სასამართლო კი არა, ეშმაკიც ვერ დაადგენს, იყო თუ არა ბატონი ხალვაში რეალური მესაკუთრე და გადაიხადა თუ არა მან ის მილიონები, რომელიც ოფიციალურადაა დაფიქსირებული დოკუმენტებში.

 

ან, საერთოდ, სად, რა გზითა და ხერხებით იშოვეს ის მილიონები ღრმადპატივცემულმა ბიზნესმენებმა ასეთ ღარიბ-ღატაკ საქართველოში, სააკაშვილის კლანმა რომ „აახია“ და დღეს დაჩაგრულის (ქონებაწართმეულის) იმიჯით რომ სარგებლობენ?! (ეს თანაბრად ეხება ყველას, ვინც ზღაპრული კაპიტალი ძარცვით, ძალადობით და მოტყუებით დააგროვა).

 

ფაქტია, პატიოსანი გზით ათეული და ასეული მილიონის შოვნა (მითუმეტეს, საქართველოში) წარმოუდგენელია. ეგეც არ იყოს, ქიბარ ხალვაშს ტელევიზია ისე აინტერესებს, როგორც მე ჩინეთის იმპერატორობა!

 

მეორე: „რუსთვის-2“ რომ დესტრუქციული პოლიტიკური ძალაა (და არა თავისუფალი მედია-საშუალება) ეს არავისთვის საკამათო არ არის. არც ის არის საკამათო, რომ მას არა მარტო „ნაციონალური“ კლანი (თავისი კრიმინალური კაპიტალით) უმაგრებს ზურგს, არამედ, ოკეანესგაღმელი მეგობრებიც თავიანთი მძლავრი აგენტურული ქსელით და პირწავარდნილი ენჯეოებით, რომელთა მისია საზოგადოების ზომბირება და ქვეყანაში დასტაბილიზაციის მოწყობაა!

 

ის, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უმტკივნეულოდ არ აღსრულდება (თუ საერთოდ აღსრულება უწერია), ცხადია. მეტიც, შეიძლება ამ გადაწყვეტილების აღსრულებაში მოყვანის მცდელობას სრული ქაოსი და სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება მოჰყვეს!

 

ეჭვი არავის შეეპაროს, რომ მავანი ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და იმის ილუზიას შექმნის, რომ „რუსთავი-2“-ის მესაკუთრის შეცვლის სახით საქმე გვაქვს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებასთან, რომელსაც „ქართველი ხალხი“ არ დაუშვებს!

 

ამით იმის თქმა მინდა, რომ ადვილად შესაძლებელია მოხდეს ე.წ. ჯახი „რუსთავი-2“-ის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, რომლის თავიდან აცილების უნარი დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია (ან, შეიძლება არც მოინდომოს)!

 

მესამე: ის ფაქტი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდს დაუმიზნეს (საინტერესოა, სამი წელი სად იყო ბატონი ქიბარ ხალვაში), გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება ცდილობს ჩაახშოს მძლავრი პროპაგანდისტული რუპორი და ამით გადაფაროს მისდამი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ნაგატიური დამოკიდებულება, ან, პირიქით, ნოყიერი ნიადაგი მოამზადოს რეოვოლუციური ტალღის ასაგორებლად!!!

 

იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ორგანიზმად ვერა და ვერ ჩამოყალიბდა (რასაც მოწმობს უხეირო და არამფრისმთქმელი „ახალი სახეების“ დემონსტრირება და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პოლიტიკურად უმწიფარი კახი კალაძის დანიშვნა), დღევანდელი პოლიტიკური რეალობა მას სერიოზული დილემის წინაშე აყენებს - გამოიყენოს გაყალბების მის ხელთ არსებული ბერკეტები და სწორედ ტოტალური გაყალბების შედეგად შეინარჩუნოს ხელისუფლება!

 

სწორედ ამისთვის სჭირდება მას „რუსთავი-2“-ის განეიტრალება (ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის რადიკალურად შეცვლა). თუმცა, ეს არ იქნება გამოსავალი. პირიქით, არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე (თუ იქამდე მივედით) თბილისში (შესაძლებელია რეგიონებშიც) დაიწყება მასობრივი საპროტესტო აქციები, რომელიც შეიძლება უმართავ პროცესებში გადაიზარდოს!

 

რაც არ უნდა მისაყვედურონ, ღიად ვაცხადებ: არჩევნებამდე „რუსთავი-2“-ს ხელი არ უნდა ახლონ ორი მიზეზის გამო:

 

პირველი: ხელისუფლება არ უნდა დარჩეს ცარიელ მოედანზე (მძლავრი ოპოზიციური მედიის გარეშე), რომ მან არ გაიჯეჯილოს და არჩევნების გაყალბების მადა ძალიან არ გაეზარდოს. თუ ეს მოხდება, ბუნტი გარდაუვალია!

 

მეორე: „რუსთავი-2“-ის პარალიზება (არადა, ეს გარდაუვალია, თუ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება), ბუნებრივად გამოიწვევს საზოგადოების გარკვეული ნაწილის ვნებათაღელვას და შექმნის წინაპირობებს რევოლუციური აღტკინებისთვის, რაც სახელმწიფოს (საზოგადოების) გეგმაში არ უნდა შედიოდეს. ყველა შემთხვევაში, ეს აღიქმება, როგორც შეტევა თავისუფალ მედიაზე და საპროტესტო აქციები მოძალადე ხელისუფლებისგან თავისუფალი მედიის ინტერესების დაცვად გასაღდება!

 

ბოლოთქმა: „რუსთავი-2“ რომ ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა, ამას ჩემი დასტური არ სჭირდება. თუმცა, ამ დესტრუქციული პროპაგანდისტული მანქანის გასანეიტრალებლად, ხელისუფლებას სხვა ბერკეტიც გააჩნია (მათ შორის ერთ-ერთი ფინანსური ბერკეტია - გარედანაც ჩანს, რომ იქ ძაღლი პატრონს ვერ ცნობს), რომელსაც ის არ, ან ვერ იყენებს. რატომ?

 

აქედან გამომდინარე, ისეთ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი სცენარით მიდის და ჩვენ ამ აიწონა-დაიწონას (სპექტაკლის) ბრმა მაყურებლები ვართ.

 

არც ის არის გამორიცხული სპექტაკლის ფინალი რევოლუციით მთავრდებოდეს და უბრალო ხალხი მასში ნებსით თუ უნებლიედ ჩათრეული აღმოჩნდეს!

 

რა ჩანაფიქრი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის „ზემდგომებს“ არ ვიცი, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცი, ჩვენ არ გვინდა რევოლუცია!!!

 

ზაურ ნაჭყებია

13-06-2016, 11:36
უკან დაბრუნება