,,მინდა დავადასტურო, რომ მე გავეცი მესტიას დაპატრონებული ბანდიტების განადგურების ბრაძანება და ამას ერთი წამითაც არ ვნანობ. ეს ბანდა იყო აფრასიძეების, რომელიც აკონტროლებდა მთელ სვანეთს და ამიტომ ჩემი ბრძანებით ვერტმფრენიდან გახსნილ იქნა ცეცხლი, მათ შორის რაკეტებიდანაც", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა 2009 წლის 2 სექტემბერს, სასტუმრო ,,რედისონში".
სწორედ ეს განცხადება მიაჩნია ადვოკატ მალხაზ ჯანგირაშვილს პრეზიდენტის სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად. მან ამის შესახებ გამოძიების დაწყების განცხადებით ჯერ კიდევ სამი წლის წინათ მიმართა მთავარ პროკურორს, თუმცა უშედეგოდ.
,,ეს იყო არა ანტიკრიმინალური, არამედ სამხედრო ოპერაცია ერთი ოჯახის წინააღმდეგ, რომელშიც თავდასხმის დროს იმყოფებოდა ხუთი მამაკაცი, სამი ქალი და ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი. ოპერაციის დროს ხელისუფლებამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა. თვითმხილველთა თქმით, ოპერაციაში მონაწილეობდა დაახლოებით 1000 კაცი, რომლებსაც ეკეთათ ნიღბები და ეცვათ სამხედრო ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ლეგიტიმური იქნებოდა წინააღმდეგობის გაწევა, აფრასიძეებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და ვერც გაუწევდნენ", - აცხადებს აფრასიძეების ადვოკატი მალხაზ ჯანგირაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ამის შესახებ ჯანგირაშვილი გაზეთ ,,ახალ თაობას" ესუბრა.