არა, ოღონდ ეს არა - რაც გაიფიქრეთ
1.მაგრამ როგორ?
თეორიული პასუხია: ყველაფერი უნდა გადაწყდეს არჩევნებით.
ამ მექანიზმის უმტკივნეულოდ გამოყენებისთვის ქვეყნის პოლიტიკაში, მინიმუმ, კონკურენტული გარემო უნდა არსებობდეს. საქართველოში,რეალურად, ეს სფერო მონოპოლიზებულია. განსხვავება წინა პერიოდებისგან ამ მონოპოლიზების ფორმაშია: თუ ადრე იყო სრულად მონოპოლიზებული, ეხლა ის ოლიგოპოლიურია.
2012 წლის შემდეგ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებაში ისეთი რამ მოხდა, რაც დამოუკიდებელ საქართველოში მანამდე არ მომხდარა.
როგორც წესი, ოპოზიციური პარტიებიმხოლოდსაარჩევნო პერიოდში და არჩევნების ჩატარებიდანკიდევ მოკლე დროის განმავლობაშიახდენდნენმმართველი და სახელისუფლებო პარტიების რამდენადმე მასშტაბურ ოპონირებას. ეს დაკავშირებული იყო რესურსების, უპირველეს ყოვლისა, ფინანსური რესურსების უქონლობასთან.
2012 წლის არჩევნების შემდეგ კი დამარცხებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“(„ნაცები“) არ შეუწყვეტია გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნების“ („ქოცების“) ოპონირება. უფრო მეტიც, უმრავლეს შემთხვევაში პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგს ისინი ქმნიდნენ/ქმნიან, რაშიც ლომის წილი „რუსთავი 2“-ს მიუძღვის.
თავიდან, გამარჯვების მოპოვების მიზნით, ნაცებთან დაპირისპირების დრამატიზირების გაზრდის მიზნით,ქოცების დამფუძნებელმა და ერთპიროვნულმა ლიდერმა - ბიძინა ივანიშვილმა „შუა გაკრეფის“ ტაქტიკა აირჩია, რამაც შედეგიც მოუტანა, თუმცა შემდგომ მან ვერ მოახერხა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა და 2016 წლის არჩევნების წინ კვლავ „ნაცებისა“ და „რუსთავი 2“-ის პირისპირ აღმოჩნდა!
ისტორია ფორმალურად მეორდება,თუმცა კონტექსტი უკვე სულ სხვაა.
კოალიცია „ქართული ოცნება“ დაშლილია და „ქოცების“ ქვეშ რა იგულისხმება, ჯერ ბოლომდე გაურკვეველია.
დასუსტებულია „ნაცებიც“ - მათგან თანაპარტიელების დაჭერის, ქვეყნიდან წასვლის, პარტიის დატოვების (და სხვ.) გამო.
პოლიტიკურ ლანდშაფტზე დღეისათვის სხვა პოლიტიკური ძალებიც უფრო სერიოზულადაა წარმოდგენილი. მათგან ერთნი, რომლებიც ყოველთვის ახდენდნენ დისტანცირებას „ნაცებისა“ და „ქოცებისაგან“ და მეორენი, რომლებიც არიან/იყვნენ „ნაცებისა“ და „ქოცების“ სატელიტები, ან არიან მათგან „ნაბარტყები“.
პოლიტიკური პარტიების ეს ორი ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსები აქვთ, პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან.
ამას მოცემულ ეტაპზე, თავისი მოქმედებებით, ხელს უწყობს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი.
გამორჩეული იყო ამ მხრივ ბიძინა ივანიშვილის წერილი (ა.წ. 30 მაისი) და შემდგომ მისი სატელევიზიოგამოსვლები (ა.წ. 2 და 7 ივნისი )თითქოს ამ ქვეყნად არაფერი ხდება გარდა „ნაცებისა“ და „ქოცების“ დაპირისპირებისა, თითქოს საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის უმთავრესი საკითხია გაირკვეს: რომელი უკეთესია მათ შორის. ამ კამათში ჩაებნენ „ნაცებიც“.
შედეგად,
ბიძინა ივანიშვილმა არგუმენტებით დაასაბუთა, თუ როგორი „ცუდები“ არიან და რატომ არ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში „ნაცები“ და მიხეილ სააკაშვილი.
„ნაცებმა“ ასევე „არგუმენტებით“ დაასაბუთეს, თუ როგორი „ცუდები“ არიან და რატომ არ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში „ქოცები“ და ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშვილის წერილის უდიდესი დამსახურებაა, რომ მისი წაკითხვით და ცოტა ანალიზით გაკეთდეს დასკვნა: საქართველოს კარგი მომავლისთვის სასურველია, რომ ქვეყნის მმართველობა არ აღმოჩნდეს არც „ნაცების“ და არც „ქოცების“ ხელში, რადგანაც ქართველ ხალხს, დარწმუნებული ვარ, არც გუშინდელი ცხოვრების განმეორება სურს და არც ის, რომ მომავალი ჰქონდეს ისეთი, როგორიც აწმყო აქვს!!!http://iverioni.com.ge/16131-mikheil-jibuti-ivanishvilis-tserilmac-daamtkica-rom-saqarthvelos-arc-nacebida-arc-qocebi-ar-unda-marthavdnen.html
ამრიგად, თუ სიტუაციას შევაფასებთ საქართველოს საქვეყნო ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველია არც ერთი და არც მეორე პოლიტიკური ძალა არ იყოს საქართველოს დომინანტი მმართველი.
2. რატომ იქნება ეს კარგი?
იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში პირველად დამოუკიდებლობის 25 წლისთავზე საქართველოში პოლიტიკური ორგანიზაცია იქნება „დასჯილი“ ცუდი მმართველობისთვის და ახლად არჩეული ხელისუფლება ეცდება იფიქროს არა იმაზე, თუ როგორ დაამტკიცოს მისი უკეთესობა წინა ხელისუფლებასთან, ან მეზობლებთან შედარებით, არამედ იმოქმედოს იმისათვის, რომ საქართველომ, უპირველეს ყოვლისა, მიაღწიოს ეკონომიკურად იმ დონეს, რომელიც საუკეთესო იყო მის ეკონომიკურ ისტორიაში (1989 წ.).
დღევანდელი საქართველო ამ დონეს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ამასთან, საქართველოს განვითარება წარიმართოს ისეთი ტემპებით, რომ არ გაიზარდოს ჩამორჩენილობის ზომა განვითარებულ ქვეყნებთან. საქართველოში ახალგაზრდებს ჰქონდეთ პერსპექტივა. ისინი არ გარბოდნენ ქვეყნიდან. უწყვეტად მიმდინარეობდეს ფიქრი და საქმიანობა ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.შეჩერდეს სოფლების დაცლისა და გაუკაცურების პროცესი. დაძლეულ იქნას სოფლის ჩამორჩენილობის ზრდის ტენდენცია ქალაქთან მიმართებაში. ამასთან, შეჩერდეს ერთიანი ქართული კულტურის დამანგრეველი ქალაქების დეურბანიზაციის პროცესი, ადამიანი გახდეს მთავრობის საქმიანობის მთავარი კრიტერიუმი. ქვეყანა იმართებოდეს მეცნიერებისა და საუკეთესო გამოცდილების საფუძველზე შემდგარი პროგრამებითა და არა რეიტინგებით და სხვ.
საქართველოში ყველა და ყველაფერი უნდა იყოს მიმართული ქართული სახელმწიფოს გასაძლიერებლად და ქართველი ერის თავისუფალი განვითარებისთვის, მასში არსებული შესაძლებლობების რეალიზების ხელსაყრელი გარემოს შექმნისთვის.
3. რამდენადაა ეს შესაძლებელი?
ის, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში, შეიძლება მოხდეს ელექტორატის ისეთი გადასხვაფერება, რის შედეგადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დარჩება ხელისუფლების მიღმა, პრაქტიკულად შეუძლებელია,გარდა მოვლენების რევოლუციური განვითარების შემთხვევისა (ამის დეტონაციის საფრთხე „რუსთავი-2“-თან დაკავშირებულ მოვლენებში ჩანს. მრავლისმეტყველია აშშ ელჩის იან კელისსიტყვები: “ქართველებმა ეს არ უნდა მოითმინონ“ - 2 ივნისი http://marshalpress.ge/?p=40925).
არის შესაძლებელი, რომ მოხდეს „ქოცებისა“ და „ნაცების“ ხელისუფლებაში წარმომადგენლობის მინიმიზება და ვერც ერთმა ვერ მიიღოს ქვეყნის მართვის „საკონტროლო პაკეტი“?
აქაც პირველი პასუხი ტრივიალურია: ეს შესაძლებელია გაუყალბებელი და წესიერი არჩევნების დროს.
იქვე ისმის მეორე შეკითხვა, რამდენად შესაძლებელია დღეს საქართველოში წესიერი ან/და გაუყალბებელი არჩევნები?
ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელი პირობაა, რომ არსებობდეს შესაბამისი კანონმდებლობა და ისეთი ინფრასტრუქტურა არჩევნების ჩასატარებლად, რომ ტექნოლოგიურად შეუძლებელი იყოს წესრიგის დარღვევა!
„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსი ჩოხასავით მოირგო. კოდექსის ბევრი ნორმა, განსაკუთრებით მაჟორიტარების არჩევასთან დაკავშირებით, ალბათ სამართლის ისტორიაში შევა როგორც უარყოფითი საკანონმდებლო ნორმის მაგალითი. სახელისუფლებო რესურსების მნიშვნელობა და შესაძლებლობა მაჟორიტარების არჩევნებისათვის ერთი ათადაა გაზრდილი.
თუმცა, მარტო კანონმდებლობაც არაა საკმარისი წესიერი არჩევნებისთვის. არჩევნების გაუყალბებლად ჩატარებისთვის საჭიროა მმართველი პარტიის პოლიტიკური ნება.
სამწუხაროდ „ქოცებიდან“ მსგავსი განწყობა არ ჩანს.
(არადა, საკმაო დრო გავიდა იმისათვის, დარწმუნებულიყო ქართული საზოგადოება, რომ საქართველოს აღმავლობა დაიწყება იმ დღიდან, როდესაც საქართველოში ჩატარდება გაუყალბებელი არჩევნები, როდესაც თითოეული მოქალაქე დარწმუნებული იქნება, რომ მისი ერთი ხმა გადამწყვეტია. ისტორიულად სანიმუშო იქნება ის ხელისუფლება, ვინც თავის ამოცანად ასეთი არჩევნების ჩატარებას დაისახავს მიზნად. თუმცა, ხელისუფლების შენარჩუნებისათვის ეს არ იქნება საქმის გაიოლება, უფრო მოსალოდნელია პირიქით - ამან ხელისუფლების დაკარგვას შეუწყოს ხელი. ამ რისკზე წამსვლელი- ქვეყნის ინტერესების პარტიულ ინტერესებზე მაღლა დამყენებელი - ხელისუფლება ჯერ საქართველოს არ ჰყოლია!).
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არც ერთი არჩევნები არ ჩატარებულა გაყალბებების გარეშე. არც ერთი არჩევნები არ იყო საყოველთაო ნდობით მიღებული.
განსხვავება იყო იმაში, რომ არჩევნების შედეგები ზოგადად იყო თუ არა მისაღები ხალხისათვის. ამაზე იყო დამოკიდებული უკმაყოფილებისა და პროტესტის ტალღა.
ამ უკმაყოფილებამ აიძულა გადამდგარიყო შევარდნაძე. არჩევნების პროცესი ხალხს არ გაუპროტესტებია 2012 წელს, რადგანაც ივანიშვილის გამარჯვება მისაღები იყო ხალხისთვის და შედეგად მოუწია სააკაშვილს ხელისუფლების დათმობა. თუმცა, გაყალბება იყო ყოველთვის და ამის საფუძველს ხელისუფლებაზე მორგებული საარჩევნო კანონმდებლობასა და საარჩევნო მანიპულაციებთან ერთად (კარუსელები, მარაოები, ბიულეტენების ჩაყრა, მათი „გაფუჭება“, მკვდარი სულები და სხვ) საარჩევნო სიებიც ქმნიდა.
2016 წლის 8 ოქტომბერს არჩევნების ფალსიფიცირების ჩამოყალიბებული ტრადიციის შეცვლა, როგორც ეტყობა, მოსალოდნელი არაა. ეს კანონმდებლობის გარდა საარჩევნო სიების საკითხშიც გამომჟღავნდა.
„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიები არ დააკონკრეტა და ერთმანეთისგან არ გამიჯნა საარჩევნო უფლებებით ადამიანები, რომლებიც სახეზეა საქართველოში და ადამიანები, რომლებიც 12 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოში არ იმყოფებიან.ასეთი ადამიანების ოდენობა მერყეობს 600-700 ათასამდე. ვინ „ჩამოვა“ ხმის მისაცემად ერთი დღით, ან ერთი საათით ეს მხოლოდ ხელისუფლებამ იცის. ესაა ყველაზე დიდი საფრთხე. 700 ათასი კაცის მისვლა ყუთთან შეიძლება თბილისში ერთ კომპიუტერში 10 წუთიანი ოპერაციით გადაიფაროს.
სიების შემოწმებაც გართულებულია, რადგანაც შეიძლება შემოწმება მხოლოდ სახელითა და გვარით, პირადი მონაცემებით, მაგრამ არ შეიძლება შემოწმება მისამართით.
ნათქვამიდან გამომდინარე, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წესიერი და/ან გაუყალბებელი ჩატარება არაა მოსალოდნელი.
ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ გარდა საკუთარ თავზე მორგებული კანონმდებლობისა, სამანიპულაციო 600 – 700 ათასი „მკვდარი სულებისა“, სახელისუფლებო რესურსებისა, გააჩნია „საკუთარი“ ( ბიძინა ივანიშვილის) ფული - მისი გამარჯვების შანსები ეჭვს არ უნდა იწვევდეს.
იმ პაექრობის გამო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ყოველი არჩევანის შემდეგ არადანს „ნაცებს“-ს თავაზობს, რომელთაც გააჩნიათ ფარული სახელისუფლებო რესურსები, ფული, საერთაშორისო ფარული თუ ღია მხარდაჭერა- აგრეთვე,აქვთ მნიშვნელოვანი წარმატების შანსები.
4.გამოდის რომ, ასეთ შემთხვევაში ქართველი ხალხი კვლავ გარდაუვალი არჩევანის წინაშეა?
როგორც ყოველთვის, მას აიძულებს სიტუაცია, აირჩიოს არა ის, როგორიც სურს, არამედ, როგორსაც სთავაზობენ. არჩევანს ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, რომ პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰყავდეს 95 დეპუტატი, თორემ ის „წავა“ (ე.ი. ჯერ არ წასულა!). არადანად მას მიაჩნია ტოტალიტალური მმართველობა.
ყველა შემთხვევაში ქვეყანას ემუქრება „ერთ კაცზე“ ჩამოკიდებული მმართველობის სისტემა.( ასეთი სისტემა უკვე აღარ იქნება მისაღები და აუცილებლად დღის წესრიგში დასვამს არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს).
არ ამართლებს ეს სისტემა: საქართველოს,ბოლო 25 წლის მანძილზე, ჰყავდა ყველა ტიპის და ამასთან მსოფლიო დონის მმართველი, რასაც საშველი და სახიდებელი არ მოჰყოლია ქვეყნისთვის.
ხალხს შეუძლია დაიბრუნოს არჩევანის უფლება.
ქართველი ხალხის არჩევანის სრული უფლების განხორციელებისთვის რესურსი არსებობს იმ პოლიტიკური ძალების სახით, რომლებიც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.
თუმცა, არსებული სისტემის შემთხვევაში არჩევნებში მათი გამარჯვების შანსები დაბალია. არასაკმარისია მათი რესურსები არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგოდ ბრძოლისთვის. შეზღუდულია მათი რესურსები მოსახლეობის ისეთი მობილიზებისთვის, რომ „ქოცები“ და „ნაცები“ გარიყონ პოლიტიკური ველიდან!
აქედან გამომდინარე, მთავარი ძალა პოლიტიკური მონოპოლიზმისა და კვაზი - მმართველობის სისტემის შესაცვლელად, მხოლოდ საქართველოს ხალხშია!
5. როგო უნდა მოხდეს ამ შესაძლებლობის რეალიზება?
ყველამ, როგორც შეგვიძლია, უნდა ვიბრძოლოთ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ და მაქსიმალურად შევზღუდოთ ხელისუფლება ამ მიმართულებით.
რა თქმა უნდა არჩევნების ბოიკოტი არაფერს არ იძლევა. ხშირად ის მეტი გაყალბების შანსს წარმოშობს.
არჩევნებზე მისვლა და ხმის არავისთვის მიცემაც შედეგს არ იძლევა (საქართველოს საარჩევნო სისტემა არ ითვალისწინებს ასეთ „პროტესტს“)!
გამოსავალი, ამ ბრძოლაში თითოეული ჩვენთაგანის ჩართულობაშია.
ეს ნამდვილი ბრძოლაა, მაგრამ ყველა იარაღს ვერ ავისხამთ, არის ფიზიკური და სოციალური შეზღუდვები, განწყობა და სხვ.
თითოეულს უნდა ჰქონდეს ამ ბრძოლაში მონაწილეობის საშუალება მაღალი იდეალისადმი-სამშობლოს ბედის გადამწყვეტის გრძნობით და ამასთან მის სახელს, სიცოცხლეს, ქონებას საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს. შესაძლებელი უნდა იყოს ამ ბრძოლაში ღია და ანონიმური მონაწილეობა. ის არ არის დაკავშირებული რაიმე ფინანსურ ხარჯებთან.
ერთია მხოლოდ - საქართველო უნდა გიყვარდეს და მისი მომავალი უნდა გაწუხებდეს - ისიც ჩვეულებრივ, როგორც ამას ყოველდღიურობაში გამოხატავ.
ჩემი აზრით, ამის საშუალებას იძლევა სოციალური ქსელები.
ჩემი წარმოდგენა ასეთია.
საერთოდ არჩევნებისთვის ხალხის ორგანიზებას ახდენს პარტიები პლატფორმებისა და იდეოლოგიის მიხედვით. დღეს ეს ჩანაცვლებულია დაპირებებითა და პოპულიზმით.
ამიტომ საჭიროა პარტიების მაორგანიზებელი როლი იქნას ჩანაცვლებული.(რომელი პარტიაც ამას წესიერად განახორციელებს - მომავალში წარმატებაც მისი იქნება).
როგორ?
ხალხის თვითმმართველობით-თვითორგანიზებით.
სწორედ სოციალური ქსელი უნდა იქნას გამოყენებული საარჩევნოდ თვითორგანიზებისთვის.
უმთავრესი როლი ეკუთვნის „ფეისბუკს („ფეისბუკი“ აქ პირობითადაა გამოყენებული, შეიძლება იყოს „ციფრული“, „ელექტრონული“) საქართველოს“. ყველაზე დიდი ტვირთი უნდა აიღოს ახალგაზრდობამ. მათ თავიანთი ოჯახების იმ წევრების მონაწილეობა უნდა უზრუნველყონ ამ პროცესში, რომლებიც არ არიან სოციალური ქსელების მომხმარებლები.
თუ ამოცანაა, რომ დომინანტი მდგომარეობა არ დაიკავოს „ქოცებმა“ და „ნაცებმა“, მაშინ„ფეისბუკის შეფიცულები“ ამ პარტიების წარმომადგენლებს არ აძლევენ ხმას არც პროპორციული და არც მაჟორიტალური არჩევნების დროს.
არ აძლევენ ხმას არც მათ სატელიტებს (არჩევნებამდე ეს ზუსტად დადგინდება და ამას ხალხი გამოიცნობს).
ქსელის მეშვეობით ყალიბდება ის მოთხოვნები, რომელსაც პარტიებსა და მაჟორიტარებს წაუყენებს ამომრჩეველი. ფაქტობრივად შეიქმნება სახალხო პროგრამები და იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას მოსახლეობა.
მაგალითად, სოციალური ქსელი იწყებს კამათს:
„ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი უნდა იყოს თუ არა მუდმივად ხელისუფლების დღის წესრიგში თუ არა?
„ხელისუფლება თუ ვერ გადაწყვეტს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხს, მაშინ უშვებთ თუ არა რომ ამ ტერიტორიებს გაცვლის სხვა ინტერესებში (უსაფრთხოება, კეთილდღეობა), ან გაასხვისებს მას“?
მე მხარს დავუჭერდი იმ პარტიას, რომელიც იტყვის, რომ ოკუპაციის თემა ხელისუფლების მუდმივი საზრუნავია და რომ გარდა მათი დაბრუნებისა სხვა ვარიანტს ის არ დაეთანხმება. თუ ვერ შეძლებს ტერიტორიების დაბრუნებას, საკითხს დაუტოვებს მომავალ თაობებს გადასაწყვეტად (კურილიის მაგალითი) და არ იზამს ისეთ რაიმეს(არასდროს აღიარებს ამ ტერიტორიებს ავტონომიურად საქართველოსგან), რაც ამ პრობლემას დახურავს ( ტაო-კლარჯეთის, ან ჰერეთის მსგავსად).
სოციალური ქსელით იქმნება ამომრჩეველთა საზოგადოებრივ აზრი და ის განსაზღვრავს მოქმედებას.
მაჟორიტარი კანდიდატების განხილვა ხდება ქსელში. ამ პროცესში მიიღწევა თანხმობა საკითხებზე, რომელიც უნდა ივალდებულოს მაჟორიტარმა ცალკეული ოლქების მიხედვით.
შემოთავაზებული მექანიზმით პარლამენტი იქნება მრავალფეროვანი (დღევანდელი ერთფეროვნებისგან განსხვავებით), წინა პლანზე წამოიწევს საერთო-საქვეყნო (და არა ჯგუფური ინტერესებიდან გამომდინარე) საკითხები.
ეს იქნება ინოვაციური ბრძოლა (ქუჩისა და რევოლუციის გარეშე) ხალხის მიერ საკუთარი ხმებისთვის ძალის მიცემისა და მის წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლების შექმნისათვის.
ხალხი დაიბრუნებს არჩევანს!
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ავირჩევთ არა ვიღაცის მოსაშორებლად, არამედ ხალხისთვის სამსახურის გასაწევად.
მიხეილ ჯიბუტი
„ქართული პლატფორმა“