ლარის კურსის გაუფასურებაზე რა გავლენა მოახდინა ბიძინა ივანიშვილის ბოლო დროინდელმა აქტიურობის ზრდამ?
გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის მეთაურად გახდომის შემდეგ (2015 წლის დეკემბერი), ვიდრე ბოლო ერთი თვე, ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი აქტივობა დაბალი იყო.
მისი დაბალი აქტივობის დროს ლარის კურსი სტაბილურად ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა.
სიტუაცია შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის აქტივობის ზრდასთან ერთად!
ბიძინა ივანიშვილის რეზონანსული აქტივობების ქრონოლოგია შემდეგია:
30 მაისი - ღია წერილი საზოგადოებას;
2 ივნისი - ინტერვიუ ჟურნალისტ ასათიანთან;
7 ივნისი - შეხვედრა ტელევიზიების ჟურნალისტებთან;
14 ივნისი - შეხვედრა ბეჭდური და ინტერნეტ მედიის წარმომადგენლებთან;
20 ივნისი - კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკა ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები“ ღია წერილის გამოქვეყნების მეორე დღიდან ლარმა დაიწყო „შფოთვა“. ის ოდნავ გაუფასურდა (30 მაისს 1 აშშ დოლარი 2,1461 ლარი, ხოლო 31 მაისს 2,1472 ლარი გახდა), თუმცა შემდეგ აღდგა ტენდენცია. 2 და 7 ივნისის ინტერვიუსა და შეხვედრის შემდეგ კურსი სხვადასხვა მიმართულებით მერყეობდა. მსგავსი რამ სხვა პერიოდში 2016 წლის მანძილზე არ მომხდარა.
ხოლო 14 ივნისის შეხვედრის შემდეგ ლარის კურსი მხოლოდ გაუფასურების მიმართულებით იცვლებოდა, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდა 20 ივნისის კონფერენციის შემდეგ (14 ივნისს 1 აშშ დოლარი=2,1291 ლარი; 20 ივნისს 1 აშშ დოლარი=2,1790 ლარი; 21 ივნისს 1 აშშ დოლარი=2,1805 ლარი; 22 ივნისს 1 აშშ დოლარი=2,2128 ლარი; 23 ივნისს 1 აშშ დოლარი=2,2240 ლარი).
არის ეს შემთხვევითი დამთხვევა თუ არა?
სრული ინფორმაცია, თუ რა ხდება, მხოლოდ ხელისუფლების ხელთ არსებული რესურსების გამოყენების გზითაა შესაძლებელი. სამწუხაროდ, ხელისუფლება ამ საკითხებთან დაკავშირებით დუმს!
მრავალი ეკონომიკური ფაქტორი შეიძლება იყოს ვალუტის კურსის ცვლილების მიზეზი (საბიუჯეტო ხარჯები, დოლარის შესყიდვა და სხვ).
ამასთან, თეორია იცნობს ე.წ. მოლოდინებისა და ფსიქოლოგიური ფაქტორების ზეგავლენის ფენომენს ეკონომიკური მოვლენების, მათ შორის, სავალუტო კურსების ჩამოყალიბების, დროს.
ბიძინა ივანიშვილის აქტივობით აბსოლუტურად გადაიფარა კვირიკაშვილისა და მისი კაბინეტის მუშაობა და გამოჩნდა, რომ საქართველოში კვირიკაშვილის მოსვლით მმართველობის სისტემაში არაფერი არ შეცვლილა და მომავალშიც დიდია იმის ალბათობა, რომ გაგრძელდეს „ქართული ოცნების“ კოალიციის მმართველობის დროს დამკვიდრებული მმართველობის მოდელი - დაფუძნებული ფორმალურისა და არაფორმალურის დეფორმირებულ თანაფარდობაზე.
ასეთი პერსპექტივის დანახვას შეუძლია გამოიწვიოს ეკონომიკური აგენტების ნებისმიერი მოქმედება.
აქედან გამომდინარე და ზემოთ მოტანილი მონაცემების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არსებობს კავშირი ლარის კურსის დაცემასა და ბიძინა ივანიშვილის აქტივობას შორის და ის, რომ ბიძინა ივანიშვილის აქტივობის ზრდა ლარის გაუფასურების მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია!
ხანგრძლივი პერიოდისთვის როგორ განვითარდება ეს დამოკიდებულება, შეასრულებს თუ არა ის ლარის კურსის შემცირების დეტონატორის ფუნქციას - ახლა ამის პროგნოზირება შეუძლებელია. თუმცა ასეთი შესაძლებლობის არც გამორიცხვა შეიძლება!
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
„ქართული პლატფორმა“