ივერიონი / მამუკა გიორგაძე: ნუ გახდება დღევანდელი ხელისუფლება შევარდნაძე-სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის გამგრძელებელი!

მამუკა გიორგაძე: ნუ გახდება დღევანდელი ხელისუფლება შევარდნაძე-სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის გამგრძელებელი!


საქართველოს მთავარ პროკურორს
ბატონ  ირაკლი  შოთაძეს
                        
                      

ბატონო ირაკლი,

საყოველთაოდ  ცნობილია, რომ 1994 წლის 3 დეკემბერს ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურიას  მიმართ განხორციელდა ტერორისტული აქტი, რომლის შედეგადაც იგი და მისი დაცვის წევრი მერაბ ბარამია ტრაგიკულად დაიღუპნენ.

იმ პერიოდში თითქოსდა ჩატარდა გამოძიება და მკვლელები `დაისაჯნენ~ კიდეც, მაგრამ ოჯახის წევრებს, ჩვენ, მის თანამებრძოლებს და მეგობრებს, ფართო საზოგადოებას დღემდე ამ ფაქტთან დაკავშირებით უამრავი შეკითხვა გვაქვს.

რა თქმა უნდა, გამოძიებას არ დაუდგენია და არც უცდია დაედგინა მკვლელობის მოტივი, მიზანი (რომელმაც უახლესი საქართველოს ისტორია შეცვალა) და  ვინ იყო (თუ იყვნენ ამ საზარელი, გადაჭარბების გარეშე), საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული უმძიმესი დანაშაულის დამკვეთები.

ძნელად თუ ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთი მასშტაბის და ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი ტერორისტული აქტი, პირადი ინიციატივით განახორციელეს რიგითმა მხედრიონის წევრებმა, რომელთაც პიროვნულად არანაირი შეხება არ ქონიათ გიორგი ჭანტურიასთან.

თუ როგორ ზერელედ მიმდინარეობდა გამოძიება ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მისი უახლოესი თანამებრძოლები, ისეთი, როგორც არიან პარტიის პოლიტიკური მდივანი მამუკა გიორგაძე და სხვები, არც კი დაუკითხავთ. უბრალოდ არც კი გასაუბრებიან მათ. რადგანაც მაშინდელი გამოძიებისთვის რეალური ვერსიები სრულიად მიუღებელი იყო!

არ დაკითხულა სახელმწიფოს მაშინდელი ხელმძღვანელი ე. შევარდნაძე და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, მაშინდელი უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი შოთა კვირაია და სხვები. განსაკუთრებული ეჭვები გააჩინა მაშინ იგორ გიორგაძის დაჯილდოებამ ამ ფაქტიდან ორი კვირის თავზე (მას მოუმატეს წოდება), ხოლო, გიორგი ჭანტურიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირთა სწრაფმა შეწყალებამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. 

ბატონო ირაკლი,

ვფიქრობთ, თქვენთვის სრულიად ზედმეტია იმის ახსნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უახლესი წარსულის შეფასებისა და მისი მომავლის განსაზღვრისთვის გიორგი ჭანტურიას მკვლელობასთან დაკავშირებით სიმართლის დადგენას.

სამწუხაროდ, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვახორციელოთ რაიმე სახის სამართლებრივი ქმედება და ამით დაგეხმაროთ გამოძიებაში, ვინაიდან, ჩვენთვის ისიც კი უცნობია, თუ ვინ არის საქმეზე დაზარალებულების უფლებამონაცვლედ ცნობილი, ვინ მონაწილეობდა პროცესში მხარის სახით და შესაბამისად არ შეგვიძლია ოფიციალურად გავეცნოთ სისხლის სამართლის საქმეს მაინც.

მსგავსი შინაარსის წერილით 2013 წელს საქართველოს პროკურატურას  მიმართა გიორგი ჭანტურიას  შვილმა  გიორგი ჭანტურიამ  და გიორგი ჭანტურიას თანამებრძოლმა მამუკა გიორგაძემ (ამჯერად „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ). პასუხად მივიღეთ რომ სასამართლოს კანონიერი განაჩენი ძალაშია შესული და საქმის ხელახალი გამოძიება შეუძლებელია.

2016 წლის 17 ივნისს ტვ "პირველის" ეთერით ერთ-ერთმა "შეწყალებულმა ბრალდებულმა" თემურ ხაჩიშვილმა განაცხადა:  "2002 წელს საპარლამენტო კომისიამ (ამ კომისიის ზოგიერთი წევრი დღეს ხელისუფლებაშია) დაადგინა, რომ მის მიმართ გამოძიების პროცესში განხორციელებული ძალადობით იქნა აღიარებითი ჩვენება მიღებული  და საქმე პროცედურული დარღვევებითაა შედგენილი". 

ვფიქრობთ, თქვენთვის იმის ახსნა არ არის საჭირო, რომ ლოგიკურად ისმის შეკითხვები, რომელთაც პასუხი უნდა გაეცეს:

უ "გასამართლებულებმა" არა, მაშინ ვინ მოკლა გია ჭანტურია?!

რატომ არ ინტერესდება ამ საქმით დღევანდელი ხელისუფლება?! 
 
გიორგი ჭანტურიას მკვლელობის მოტივისა და მიზნის დადგენა, მისი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და რეალური მკვლელებისა და მკვლელობის შემკვეთთა გამოაშკარავება დღევანდელი ხელისუფლებასაც აშინებს?!

დღევანდელი ხელისუფლებასაც სურს დაუმალოს საზოგადოებას  გიორგი ჭანტურიას მკვლელობით და შემდეგ განხორციელებული მოვლენებით განვითარების რა გზიდან გადაიყვანეს საქართველო?!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გამონახოთ გამოძიების განახლების სამართლებრივი საშუალება, მოგვცეთ შესაძლებლობა გავეცნოთ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ყველა ღონე იხმაროთ აღნიშნული საქმის ხელახალი გამოძიებისა და ჭეშმარიტების დადგენისთვის.

ოგიწოდებთ, ნუ გახდება დღევანდელი ხელისუფლება შევარდნაძე-სააკაშვილის დანაშაულებრივი  რეჟიმის გამგრძელებლი, რომელმაც საქართველოს მომავალი წაართვა!

პატივისცემით,
„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე  მამუკა გიორგაძე

23-06-2016, 12:30
უკან დაბრუნება