„დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს აქვს იმდენი ძალა და თავმოყვარეობა, რომ სულხან მოლაშვილის სახელით „ნაცმოძრაობა“ საბოლოოდ დაასამაროს, თუ ამას ვერ შეძლებს, მაშინ „ნაცმოძრაობა“ დაასამარებს საქართველოს და ქართველ ხალხს“ - წერდა გუშინ სოციალურ ქსელში ცნობილი პუბლიცისტი თეიმურაზ ქორიძე.
ჭეშმარიტად! სულხან მოლაშვილი „ნაცმოძრაობის“ სადისტური რეჟიმის სამაგალითო მსხვერპლია. ჩვენთვის ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია (ქედს ვიხრი „ნაციონალური“ რეჟიმის მსხვერპლთა წინაშე), მაგრამ სულხან მოლაშვილის მოწამებრივი სიკვდილი (მას „ჯიშიანი ქართველობა“ და პრინციპულობა არ აპატიეს!), დიახაც რომ „ნაცმოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ვამპირის დასამარებისკენ მოგვიწოდებს!
სხვათაშორის, ცუდად მენიშნა რევოლუციური აღტკინების პირველ დღეებში „მეტეხი-პალასში“ პრესკონფერენცია რომ ჩაატარა და თავისი მტკიცე პოზიცია დააფიქსირა: -„მე ერთი ჯიშიანი ქართველი ვარ, მიყვარს ჩემი ქვეყანა და გასაქცევიც არაფერი გამიკეთებია“-ო.
ამ სიტყვების მოსმენისას სიამაყესთან ერთად შიშის გრძნობაც დამეუფლა - ვიცოდი, რევოლუციურ ტალღაზე მოსული ხელისუფლება, რომელიც ყველას და ყველაფრის შთანთქმას აპირებდა (ამის სიმპტომები „ვარდების რევოლუციის“ პირველივე დღეებიდანვე იკვეთებოდა), სულხან მოლაშვილს ამ პრინციპულობას არ აპატიებდნენ. იგი ვაჟკაცურად იტანდა ციხის კედლებში დატრიალებულ არაადამიანურ წამებას და ნაცვლად ხელების აწევისა და ბედთან შერიგებისა, იქიდანაც ამხელდა კრიმინალურ რეჟიმს, რომლის მიზანი საზოგადოების სრული დამონება იყო1
გული დამეწვა, როცა ერთ დროს მართლაცდა „ჯიშიანი ქართველი“ ციხიდან გამოსვლის შემდეგ საკმაოდ განადგურებული (ფაქტიურად, „ჩონჩხად“ ქცეული) ვიხილე. ეტყობა, თვითონაც გრძნობდა ყველაფერს, მაგრამ არ ტყდებოდა. ამის დასტური მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის სურვილიც იყო!
სწორად ბრძანა ერთმა გულშემატკივარმა სოციალურ ქსელში: სულხან მოლაშვილი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, „ნაციონალების“ პანაშვიდს ვერ მოესწროო.
თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება პირიქითაც მოხდეს - „ნაცმოძრაობა“ ჩვენი უდროო პანაშვიდის მომსწრე გახდეს - დიახ, თუ ჩვენ არ დავასამარეთ „ნაცმოძრაობა“, ის დაასამარებს საქართველოს!
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სულხან მოლაშვილის ნაადრევმა სიკვდილმა (მსხვერპლშეწირვამ) საზოგადოებაში გულრწფელი თანაგრძნობა და „ნაციონალური“ რეჟიმის მიმართ აგრესია გამოიწვია, მაგრამ დროსთან ერთად (სულ რამდენიმე დღეში), ეს ყველაფერი გაქრება, თუ ჩვენში ბუნებრივად (კანონიერად) დაგროვილი აგრესიული მუხტი არ გავაერთიანეთ და „ნაცმოძრაობის“ კრიმინალური ბანდა პოლიტიკური ველიდან საერთოდ არ განვდევნეთ!
დღევანდელი ხელისუფლების არა მარტო უსუსურობის ნიშანია, არამედ, დანაშაულის ტოლფასია, როცა „ქართული ოცნების“ „რჩეული“ მოსამართლე გიორგი მურუსიძე უტიფრად აცხადებს, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო მოლაშვილთან მიმართებაში, რადგან ის კანონიერად იქნა სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში მხილებული (როგორც იტყვიან, ასეთი უტიფარი ადამიანების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს!).
დღევანდელი ხელისუფლების მიერ არჩეული დანაშაულებრივი კურსის ბრალია, როცა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი სახე, ნიკა რურუა ასევე უტიფრად აცხადებს, რომ მოლაშვილი ციხეში არ უწამებიათ (ალბათ, „თვითდაზიანება“ მიიყენა).
აგერ ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი იგონებს სულხან მოლაშვილის სიტყვებს, რომ მის წამებას გიგა ბოკერია ესწრებოდა თურმე!
რაღაცამ ხომ უნდა შეგვძრას, რაღაცამ ხომ უნდა გაგვაერთიანოს ჯალათების წინააღმდეგ, რომ საბოლოოდ დავუსვათ წერტილი მათ პარპაშს საქართველოში.
ამას ტრადიციული ფორმით აჯანყებაც არ უნდა - საკუთარი ნება საარჩევნო ყუთებთან დავაფიქსიროთ და „ნაციონალების“ მიმართ არსებული აგრესიული მუხტიც იქვე დავცალოთ. ხელისუფლება ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებს - არ აწყობს და იმიტომ.
თუ ეს ვერ შევძელით, მაშინ მართლაც დასამარების ღირსი ვართ!
ბოლოთქმა: მე პირადად ვიცნობდი სულხან მოლაშვილს. კონტროლის პალატაში მუშაობის პერიოდში მასთან საქმიანი ურთიერთობაც მქონდა. გულწრფელად განვიცდი მის ტრაგიკულ ხვედრს და ვუსამძიმრებ ოჯახსა და სრულიად საქართველოს.
ზაურ ნაჭყებია