1-5 ივლისს თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგი სესია იმართება. დამთავრდა კამათი სესიაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობაზე, მაგრამ არ ცხრება ვნებათაღელვა გიგი წერეთლის ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩამოსული რუსული დელეგაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერის, გიგი წერეთლის კანდიდატურას. „ვფიქრობთ, რომ გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის პოსტზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს“, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა ნიკოლაი კოვალიოვმა.
ჭეშმარიტად! ამოუცნობნი არიან გზანი უფლისანი, მაგრამ არც ისე ძნელია „ნაციონალთა“ და რუსული პოლიტიკური ელიტის თანხვედრილი ნააზრევის ამოცნობა. რუსთა მიერ გიგი წერეთლის მხარდაჭერა არა თუ ეჭვის საბაბად აღიქმება, არამედ, აღიარებაა „ნაციონალთა“ და მათ პატრონთა ურთიერთშეთანხმებული ქმედებისა - მინიმუმ თოთხმეტი წლის განმავლობაში.
თავის მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს ან "ორი რუსეთის თეორიის" არსებობის მტკიცება, ან საკუთარი პოლიტიკური წარსულის გაკრიტიკება, რა თქმა უნდა, აწმყოსთან ერთად. მომავალი ხომ ისედაც არ უჩანთ, თუნდაც ისეთი უნიათო პოლიტმოწინააღმდეგის პირობებში, როგორიც „ქართული ოცნებაა“.
თავისთავად, ქართული ოცნება კი „პირველ ჩვენებას“ არ ცვლის, სიტყვით ომახიან, საქმით კი უსუსურ წინააღმდეგობას უწევს გიგი წერეთლის არჩევას. ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე ქმნის განცდას, რომ ყველგან და ყველაფერში “სასტიკად ებრძვის და ჩაგრავს” „ნაცმოძრაობას“. “იმდენად ებრძვის”, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალ პოსტზე ქართველი დეპუტატის არჩევას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრები ეწინააღმდეგებიან.
ამ ქმედებითაც ჩანს, რომ რეალურად მთელი ძალისხმევით ცდილობენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დასახული ამოცანის - „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენის - ბოლომდე განხორციელებას „ნაცმოძრაობის“ მთავარ პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალად დამკვიდრების გზით („ოცნების“ შიდა კვლევების გამოქვეყნებაც ამის დასტურია), ამ სტატუსის “მფლობელს” კი, რაც არ უნდა აპროტესტოს საზოგადოების ნაწილმა, ხელს იოლად არავინ მოგაკიდებინებს!
„სახალხო პარტია“ 01.07.2016