„თავისთავად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება, ძალიან ბუნდოვანი და ზოგადია. ვფიქრობ, შეგნებულად არის გაკეთებული ამ წინასაარჩევნო კამპანიის ეტაპზე. თუ კი ვინმე დღეს ზეწოლას განიცდის, სამწუხაროდ, ალბათ თავად პაპუაშვილი განიცდის ძველი ხელისუფლებიდან, ან ვალდებულია ასე მოიქცეს. არ მინდა ჩემს კომენტარში თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტიტუს შევეხო და რაიმე მკაცრად ვთქვა. თუ მართლაც რაიმე სახის ზეწოლის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, პაპუაშვილს განცხადება კი არ უნდა გაეკეთებინა, არამედ პროკურატურაში უნდა მისულიყო და კანონის შესაბამისად ემოქმედა. მერე უნდა გამხდარიყო ეს ფაქტები საჯარო, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე ქანთარიამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ მანცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა და მუქარა ხორციელდება.
ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და მასთან მიმართებაში ყველა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ პაპუაშვილის ეს განცხადება შესაძლოა საკადრო ცვლილებას უკავშირდება:
„ალბათ ნაციონალურ მოძრაობას უნდა ეს თემა ხმაურისთვის. იცით, რომ ნაციონალებს უნდოდათ გაეუქმებინათ ცესკოს მიერ დადგენილი საზღვრები. მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. ეს ასე დამთავრდება თუ მერე ექნება გაგრძელება, ვნახავთ. თუ პაპუაშვილი ამით თავის თამაშსს თამაშობს და მერე უნდა კუდი მოიქნიოს, გამოჩნდება. მიმაჩნია, რომ თუ კი ასეთი ისნტიტუტის ხელმძღვანელს მართლაც აქვს კონკრეტული ფაქტები, გაცილებით კონკრეტული უნდა იყოს განცხადებებში. ადრეც თქვა პაპუაშვილმა, თითქოს მასზე ზეწოლას ახდენდნენ და ისიც თქვა, დავასახელებო, მაგრამ არ დაასახელა. დაველოდოთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რა მიზნები აქვს, გამოჩნდება“, – აღნიშნა ქანთარიამ.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში მოსამართლეები ზეწოლას განიცდიან, სახელისუფლო გუნდის წევრი ხელისუფლების მხრიდან სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლას გამორიცხავს:
„დღეს, ნებისმიერი მოსამართლე ხელისუფლებისგან აბსოლუტურად თავისუფალია. თუ რომელიმე მათგანი, თვითონ არ არის შინაგანად თავისუფალი, ეს სხვა პრობლემაა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბუნდოვანი და არაკვალიფიციური განცხადებები, ხალხს სხვადასხვა ვერსიას უჩენს. ეს კი თავად ინსტიტუტისთვის არის დამაზიანებელი. ეს მისთვისვეა ცუდი“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.