ივერიონი / არ დავუჯეროთ ლა-დი-და-ს!

არ დავუჯეროთ ლა-დი-და-ს!

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.

უკვე ცნობილია, რომ აშშ მომავალი პრეზიდენტი  ან ჰილარი კლინტონი, ან დონალდ ტრამპი იქნება.

საქართველოს მიმართ აშშ-ის სახელმწიფოს  ფუნდამენტური დამოკიდებულება, იმის მიუხედავად  თუ ვინ გახდება აშშ პრეზიდენტი, არ შეიცვლება - ხელისუფლება იქ  მემკვიდრეობითობის პრინციპს იცავს.

აშშ-თან ურთიერთობა შეიძლება სხვა მხრივ შეიცვალოს . ის  დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იქნება საქართველოში არჩეული ხელისუფლებაში (პარლამენტში).

სამწუხაროა, რომ საქართველოში 25 წლის მანძილზე არ შეიქმნა მიუკერძოებელი საარჩევნო კანონმდებლობა და არც ერთი არჩევნები მეტ-ნაკლები გაყალბებების გარეშე არ ჩატარებულა. არც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა მოსალოდნელი გაყალბების გარეშე. გაყალბება უკვე დევს საარჩევნო კანონმდებლობაში და მის უმთავრეს ბაზას წარმოადგენს ის 700 ათასი ამომრჩეველი, რომელიც მოსახლეობის აღწერის დროს არ ფიქსირდება და საარჩევნო სიებში კი მოცემულია.

მხოლოდ წესიერი არჩევნების ჩატარების შემდეგ დაიწყება საქართველოს მდგრადი განვითარება. მხოლოდ ასეთი არჩევნები გამოავლენს სრულად ქართველი ერის ენერგიას, დაუბრუნებს ქართველებს საკუთარი თავისადმი რწმენას  და მოაძებნინებს  სწორი მოქმედების გზას. ამის მეთაური და წარმმართველი შეიძლება იყოს  მხოლოდ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება.

ხელისუფლება, რომელიც ხალხის მოტყუებით ან სხვა „მანქანებით“ („პიარ-ტექნოლოგიებით“) იღებს ძალაუფლებას - სიყვარულით ვერ იმოქმედებს, ეროვნული სახელმწიფოს შექმნას ვერ შეძლებს!

ხალხი, რომელიც ელოდება პოლიტიკურ ბელადს, რომელიც მის ყველა საკითხს გადაწყვეტს - ვერ უზრუნველყოფს გაუყალბებელ არჩევნებს.

სად არის გამოსავალი?

არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ გამოჩნდება ახალი დროის ილია ჭავჭავაძე. აქცენტი უნდა გაკეთდეს „კოლექტიური ილიას“ გაჩენაზე, რაც ცოდნითა და მეცნიერების განვითარებით მიიღწევა.

მიიღწევა ეს სხვისი გამოცდილების შესწავლითაც.

კარგ მაგალითებს გვაძლევს აშშ საპრეზიდენტო არჩევნები.

ყურადღებას გავამახვილებ ერთ ასეთ მაგალითზე. 

პოლიტიკური  მიამიტობაა მოლოდინი (25 წლის გამოცდილებამ აჩვენა), რომ გამოჩნდება ერთი კაცი, რომელიც ყველა პრობლემას გადაწყვეტს, მათ შორის საოჯახო დონეზე.

მაგრამ პიროვნული პრობლემაა, როდესაც გამოჩნდება ერთი კაცი, რომელიც ერს, ქვეყანას ეტყვის, რომ მას ეს შეუძლია.

ასეთი კაცს უორენ ბაფეტმა (Warren Bufet)  „la-di-da“ უწოდა.

2016 წლის 1 აგვისტოს ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერ შეკრებაზე ომაჰაში (ნებრასკას შტატი) მსოფლიოს უმდიდრესთა სამეულში მყოფმა ბიზნესმენმა უორენ ბაფეტმა მხარი დაუჭირა ჰოლარი კლინტონს და გააკრიტიკა ტრამპი.

განსაკუთრებით გააკრიტიკა ტრამპი მისი იმ პრეტენზიის გამო, რომ მან იცის ქვეყნის სისტემა ყველაზე უკეთესად და მარტოდ-მარტოს შეუძლია მისი გამოსწორება. („he knows the system better than anyone and he “alone can fix it.”).

ბაფეტმა ამაზე უპასუხა: „Well, la- di - da”

(“la- di - da”-ს ტრანსკრიფციაა {la:di,da:})

ლა-დი-და! ლა-დი-და!

ჩვენებურად: „ვაი შენს პატრონსო“, თუ მართლა გგონია, რომ მხოლოდ ერთი კაცი 325 მილიონის გასაკეთებელს გააკეთებო (“It takes some kind of nerve or something else to really have the notion that you’re the only one out of 325 million people who can fix it”).

ასეთი კაცი პრეზიდენტად არ გამოდგებაო-დაასკვნა ბაფეტმა.
(https://www.yahoo.com/news/warren-buffett-trump-tax-returns-000000794.html- ნახვა 2.08.2016).

სამი მილიონ შვიდას ოცი ათას ოთხასი კაცის საქმის გაკეთებაც ამ სამი მილიონ შვიდას ოცი ათას ოთხასი კაცის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია ერთი კაცის მიერ.

(საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ოფიციალურად შეადგენს 3702,4 ათას კაცს http://www.geostat.ge/-ნახვა 3.08.2016).

მიმდინარე საარჩევნო პერიოდში ბევრი, დიდი თუ პატარა,   ლა-დი-და  გამოჩნდება ,რომელიც ფულზე დაყრდნობით მოინდომებს ყველა პრობლემის გადამჭრელ პიროვნებად თავის, ან თავისი ჯგუფის წარმოდგენას.

თუ დაჯერება იმიტომ მოგინდებათ, რომ ვიღაცა  ფულიანია და თუ „ჭკუის საზომი“ და  მთავარი არგუმენტი საქართველოში ფულია, მაშინ ბაფეტზე უმეტესი და მასზე უფრო დასაჯერებელი არავინაა.

მე ბაფეტის მჯერა.

მე არ მჯერა ლა-დი-დას.

მე ქართველი ხალხის მჯერა.

 

მიხეილ ჯიბუტი,

პროფესორი

3-08-2016, 10:40
უკან დაბრუნება