(ანუ _ ჟურნალი „ანაკლია“, ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყების ნაცვლად!)
„ანაკლია პორტის“ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ იგივე „ხაზარაძე და კონტი ჯგუფი“ სახელმწიფოსთან, ანაკლიაში პორტის მშენებლობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის და მშებელობის დაწყების ნაცვლად _ „თიბისი გალერეაში ჟურნალ „ანაკლიის“ პრეზენტაციას აწყობს და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დეტალურად გაშუქებას აპირებს“.
ბრავო, ვინ მამაძაღლს არ გაუხარდება ახალი ჟურნალის დაარსება და გამოცემა, ისიც ჟურნალ „ანაკლიის“, მამაძაღლური საქმე რომ არ იყოს შიგ ჩადებული!
პორტის მშენებლობის დაწყების ვადის გადასაწევად, აქამდე ნაცადმა, ანაკლიის აბორიგენი მოსახლეობის გასახლებამ და არქეოლოგიურმა ფანდებმა (პორტის მშენებლობის დაწყებამდე „მაქაცარიას დიხაგუძუბას გათხრა“) შედეგი რომ ვერ გამოიღო, ტენდერში გამარჯვებული კონსორციუმი _ სანამ პორტის მშენებლობას დაიწყებდეს, ორ თვეში ერთხელ, ერთი წლის მანძილზე, ჟურნალ „ანაკლიით“ გართობას გვთავაზობს!
შესანიშნავი იდეაა, _ პატივცემული რედკოლეგია, მაღალპროდუქტიულ ავტორ, ბატონ აკა მორჩილაძესთან ერთად, ერთ წელიწადში თორმეტტომეულს თუ არა ათტომეულს მაინც გამოსცემს „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დეტალებზე“!
თუ ჩემს წინადადებას მიიღებენ და ვითანამშრომლებთ, დასაწყისისთვის, ერთი სქელტანიანი წიგნის მასალა შემიძლია უსასყიდლოდ გადავცე ძვირფას რედაქციას!
არ ვხუმრობ, ორ ათეულზე მეტი სტატია მაქვს გამოქვეყნებული ამ თემაზე ბოლო ოთხი წლის მანძილზე!
ახლა, რაც შეეხება ანაკლია პორტს და მის გარშემო შექმნილ პრობლემებს:
2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებში ნაცმოური რეჟიმის მოულოდნელი მარცხისგანგამოწვეული შოკი დიდხანს არ გაგრძელებულა და პირველი, რასაც დამარცხებული ნაცრეჟიმი წაეპოტინა ანაკლია აღმოჩნდა, სადაც ახალი მთავრობის დავალებით მიწის ამზომველი შპს „გეოგრაფიკი“ ჩავიდა და მოსახლეობას აუწყა, რომ _ „ლაზიკა პორტის“ მშენებლობა გრძელდება და მათი სახლკარი უნდა აიზომოს, რადგან, იგი მომავალი პორტის არეალში მოექცაო!
გასასახლებელთა შორის ჩემი კარმიდამოც მოჰყვა (ეს უკვე მეორედ. პირველად 2011 წელს აგვყარეს ახლანდელი სასტუმრო „ოქროს საწმისის“ მიდამოებიდან) და საქმის გასარკვევად თბილისში ვესტუმრე შპს „გეოგრაფიკს“, სადაც განმიმარტეს _ „ლაზიკა პორტის“ პროექტი გრძელდება და მთავრობის დავალებით ვმუშაობთ ანაკლიაში. დავალებული გვაქვს იმ ტერიტორიების აზომვა სადაც პორტი უნდა განთავსდეს და მოსახლეობის გამოკითხვა, ალტერნატიულ ფართს მოითხოვენ თუ გაყიდიან მათზე აღრიცხულ საკარმიდამო ფართსო.
ჩემთვის მოულოდნელი, მაგრამ ნათელი იყო, რომ მიუხედავად ხელისუფლების შეცვლისა, სინამდვილეში არაფერი იცვლება და მაშინვე გაზეთ „ილორში“ გამოვაქვეყნე სტატია სათაურით „სააკაშვილის აჩრდილი ანაკლიას არ ტოვებს“, სადაც პირველად და ღიად ვამხილე „ლაზიკა პორტში“ ჩადებული ვერაგული გეგმა, რომელიც არა სამოქალაქო-სამრეწველო პორტის აშენებას, არამედ სამხედრო საზღვაო ბაზის შექმნას ითვალისწინებდა. ამ უკანასკნელს მყისიერი და მძაფრი რეაქცია მოჰყვა პრეზიდენტ სააკაშვილისგან. გაზეთის გამოსვლის დღესვე ტელევიზიით დედა არ გვაგინა, თორემ არაფერი დაგვაკლო იმათ, ვისაც _ „თუნდაც აშშ-ს სამხედრო საზღვაო ბაზის აშენება არ მოგვწონდა ანაკლიაში“. ეს ფრაზა პრეზიდენტყოფილმა უფრო ვრცლად წელსაც გაიმეორა ანაკლიაში პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით _ „ლაზიკა პორტის“ აშენება 2013-ში უნდა დამემთავრებინა, რომელსაც ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადმოსატანად ვგეგმავდი, მაგრამ არ დამცალდაო!
2012-ის მიწურულს, დასაშვებია, ახლარჩეულ მთავრობას არ ესმოდა თუ რას ნიშნავდა „ანაკლიაში სამხედრო საზღვაო ბაზის და ნახევარ მილიონიანმოსახლეზე გათვლილი ქალაქ ლაზიკას აშენება“, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ მაინც ხომ უნდა გახსნოდათ გონება და დაფიქრებულიყვნენ, რატომ მიადგა სააკაშვილი ჯიუტად აბორიგენ ანაკლიელთა დასახლებას?
მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს დღევანდელი პრემიერ-მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი, ბატონები: კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი შესანიშნავად იცნობენ ბატონ სპარტაკ ერაგიას ახალი აბრეშუმის გზისა და მის შამადგენლობაში შემავალი ანაკლიის სატვირთო–სატრანსპორტო კვანძის კონცეფციას.
სატვირთო–სატრანსპორტო კვანძი თავის შემადგენლობაში განიხილავს, როგორც ახალ ღრმაწყლიან მრავალფუნქციურ საზღვაო ნავსადგურს, ასევე ახალ სატვირთო აეროპორტს, სამრეწველო და ეკონომიკურ ზონებს, დამხმარე (Supporting) ინფრასტრუქტურას, მთლიანად ზონის ეკოლოგიურ და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკურ საკითხებს.
საგანგებოდ უნდა გაესვას ხაზი, რომ _ საზღვაო ნავსადგური დაპროექტებულია არა მოჩვენებით, არამედ ნამდვილად 100 მლნ. ტონა ტვირთბრუნვაზე, შორეულ პერსპექტივაში განვითარების შესაძლებლობით.
ეს მასალები ნამდვილად წარმოადგენს საბაზისოს და პირველ წყაროს, რადგანაც მათი დამუშავება დაწყებულია ჯერ კიდევ 2001 წელს.
სწორედ ამ მასალების მეშვეობით გიაცნეს ანაკლია და მისი შესაძლებლობები ბატონმა ხაზარაძემ და მის მიერსაქართველოში სარფიანი სამუშაოს მოსაპოვებლად და არა ინვესტიციების განსახორციელებლად ჩამოყვანილმა კონტი ჯგუფმა.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთგაცხადებულ კონცეფციას ზურგი აქცია საქართველოს მთავრობამ და მისმა რჩეულმა, ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადებულმა კომპანიამ, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას _ ხაზარაძე და კონტი ჯგუფის „ლაზიკა“ ორჯერ დიდია სააკაშვილისეულ „ლაზიკა გუბურაზე“!
გასულ კვირას, ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც ჩემი ბოლო სტატიის საინფორმაციო ანალიტიკურ სააგენტო „IVERIONI“-ში გამოქვეყნებას მოჰყვა, იქაც დაისვა ეს შეკითხვა და ერთმა საუბრის მონაწილემ ნახევრად ხუმრობით განგვიმარტა:
„მოახლოებულ არჩევნებში სამი კაცი იქნება გარანტირებულად გამარჯვებული. ესენია _ კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი და ხაზარაძე!“
როცა გაკვირვება შეგვატყო ყველა იქ დამსწრეთ, განაგრძო _ თუ კი, არჩევნები მმართველმა პარტიამ მოიგო, ისედაც ხომ გამარჯვებული რჩება ეს სამეული, მაგრამ, ვინიცობაა, მოხდა სასწაული და ნაცები მობრუნდნენ _ „ანაკლია პორტად“ მონათლული „ლაზიკა პორტი“ გაუჭრელ კოზირად უჭირავთ ხელში. ის კი არა, ვალსაც კი დაადებენ უკანმობრუნებულებს _ თქვენი „ლაზიკა“ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ ვაპირებთო!
არ ვიცი რამდენად გამოადგება ეს მასალა ახალდაარსებულ ჟურნალ „ანაკლიას“ რედაქციას და მათ იდეოლოგებს, მაგრამ ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერსად გავექცევით!
ზემოთ „ანაკლიაპორტის საბაზისო კონცეფცია“ ვახსენე. მე მას არანაკლებ კარგად ვიცნობ, ვიდრე ბატონები _ კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი. ამიტომ, ჩემთვის გასაკვირი და ამოუხსნელია, მათ მიერ, საერთაშორისო ექსპერტების არაერთგზის მოწონებული „საპროექტო მოსაზრების“იგნორირება, რომელიც ზღვის მაქსიმალურად პატარა ნაპირს იკავებს, საერთოდ არ ეხება დასახლებულ ტერიტორიებს და უკიდეგანო შესაძლებლობებს იძლევა პორტის და სამრეწველო ეკონომიკური ზონის გაფართოება-განვითარებისთვის!
ამის შემდეგ, ბუნებრივია ისმება კითხვა _ რას ნიშნას ყოველივე ეს? შველის ამ საქმეს _ ჟურნალ „ანაკლიას“ დაარსება, პატივცემული მწერლების, ჟურნალისტების და გამომცემლების მოწვევა?
ამ და სხვა კითხვებზე პასუხია გასაცემი, კარსმომდგარი არჩევნების წინ, ხალხს რომ საბოლოოდ არ გადაეწუროს ქვეყნის სასიკეთოდ მოქცევის იმედი!
ზემოთ „ზღვის ნაპირის და დასახლებული ტერიტორიების გაფრთხილება ვახსენე“ რომელიც მაქსიმალურადაა გათვალისწინებული „ანაკლია პორტის საბაზისო კონცეფციაში“. სამწუხაროდ, ანაკლია პორტის სატენდერო მოთხოვნებში საერთოდ არაფერია ნახსენები, ტერიტორიებშემოკრეჭილი საქართველოს, ისედაც მცირე ზღვის ნაპირის მომჭირნედ გამოყენებაზე და დასახლებული ტერიტორიების ხელშეუხებლობაზე, გამოუვალი შემთხვევის გარდა, რაც ინვესტორს უფლებას აძლევს ისე მოექცეს მათ, როგორც თვითონ მოაწყობს და მოეხერხება!
თუმცა, ინვესტორი რა შუაშია, როცა ყველა ამ შავი საქმის მოგვარება საქართველოს მთავრობამ იკისრა და ასრულებს კიდეც!
ამ საკითხზე მეტს არაფერს ვიტყვი, რადგან მას ვრცლად შევეხე წინა სტატიაში, რომელიც 29 ივლისს „IVERIONI“-ში გამოქვეყნდა და დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია ნებისმიერ დროს გაეცნოს.
ორი წლის წინ „საერთო გაზეთში“ გამოვაქვეყნე სტატია, სადაც მკითხველს ვაუწყე ახალი საერთაშორისო საინფორმაციო მედიასაშუალების შესაძლო დაფუძნების შესახებ, რომელიც პირობითად „ახალი აბრეშუმის გზის მიმომხილველის“ სახელით გამოვიდოდა სამზეოზე და დასაწყისში მისი წაკითხვა _ ქართულ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე იქნებოდა შესაძლებელი!
გაზეთი (ან ჟურნალი) იქნებოდა ყოველთვიური გამოცემა და ახალი აბრეშუმის გზაზე მდებარე ყველა ქვეყნის (და არა მარტო მათი) სამრეწველო, საინვესტიციო პროექტები გამოქვეყნდებოდა და საქმიან სამყაროს მიეწოდებოდა. მისი გამოცემა ტენდერში გამარჯვებულის გამოცხადებისთანავე დაიწყებოდა!
მავანს გაუჩნდება კითხვა _ ტენდერში გამარჯვებული გამოცხადდა, სად არის „ახალი აბრეშუმის გზის მომომხილველი“?
აქ ძალაუნებურად უნდა შევჩერდეთ და მკითხველს განვუმარტოთ, რომ ტენდერში გამარჯვებული არ გამოვლენილა, რადგან, გარკვეულ მიზეზთა გამო, გამარჯვებული კი არ გამოვლენილა, სარბიელზე მარტოდ დარჩენილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ იგივე „ხაზარაძე და კონტი ჯგუფი“ გამოცხადდა გამარჯვებულად!
არაფერს ვამბობ იმაზე, თუ რამდენად ღირსი იყო ე.წ. „გამარჯვებული“, რომელიც ახლა დაეძებს ინვესტორს და, როგორც ზემოთ ვახსენე სააკაშვილისეულ „ლაზიკა პორტის“ ქვეყნის დამანგრეველ იდეასაა ჩაფრენილი. მკითხველს მინდა გავაცნო, თუ რატომ დატოვა ტენდერი, ფინიშის სწორზე გასულმა კონსორციუმა „ანაკლია პორტი და ეკო პარკმა“,კონსორციუმში შემავალ ამერიკულ „აიკომთან“და ჩინურ გიგანტ „ფაუერჩაინასთან“ ერთად?!
ჩემთვის უცნობი მიზეზეზის გამო „ანაკლიაპორტის საბაზისო კონცეფციის“ ავტორმა ბატონმა სპარტაკ ერაგიამ ტენდერის პირველი ეტაპის დამთავრებისთანავე დატოვა კონსორციუმი „ანაკლია პორტი და ეკო პარკი“.
გასული წლის, ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერი, „ანაკლია პორტის წინა საპროექტო თვალსაზრისის“ მომზადების საგანგებოდ დაძაბული პერიოდი იყო კონსორციუმ „ანაკლია პორტი და ეკო პარკში“ შემავალი ქართველი და უცხოელი კომპანიებისთვის. როგორც ჟურნალისტი, ასევე საგანგებო ყურადღებით ვადევნებდი თვალს საქმის მიმდინარეობას და პერიოდულად პრესისა და საზოგადოებრივი ქსელის საშუალებით ვაწვდიდი ინფორმაციას დაინტერესებულ მკითხველს. არ ვიცი მათში საქართველოს მთავრობის ჩინოვნიკები თუ იგულისხმებიან, მაგრამ ეს მათი საქმეა, ქვეყნის აშენებით დაინტერსებული მკითხველის ყურადღება ნამდვილად არ მოგვკლებია!
გასული ნოემბრის დასაწყისში საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ _ ჩინური გიგანტი სახელმწიფო კომპანია „ფაუერჩაინა“ ლოკომოტივად ჩაუდგებოდა კონსორციუმს და ანაკლია პორტის დაფინანსების, აშენების და მისი წარმატებული ფუნქციონირების გარანტად გამოვიდოდა. გამომდინარე აქედან, ყველაზე მეტი კითხვები ჩინურ კომპანიას ჰქონდა და _ მათი უმრავლესობა „ანაკლია პორტის“ დამკვეთის- საქართველოს მთავრობისადმი იყო მიმართული და მის მიერ ინვესტორისთვის მომზადებული ხელშეკრულების ხარვეზებზე მეტყველებდა.
ყოველი ახალი შეკრების და მსჯელობის შემდეგ კითხვების რაოდენობამ ორასს მიაღწია, რომელიც განსახილველად, პასუხის გასაცემად, მთავრობას და მის სატენდერო კომისიას გადაეცა, სადაც გარკვევით იყო მითითებული _ ვიდრე ამ კითხვებზე პასუხს არ მიიღებდა კონსორციუმი „ანაკლია პორტი და ეკო პარკი“ ტენდერის ფინიშზე საბუთების წარდგენას არ მოახდენდა!
ეს არ ყოფილა ულტიმატუმი, მკითხველმა უნდა იცოდეს _ ეს იყო „ანაკლია პორტის“ დამფინანსებლის, მშენებლის და მისი წარმატებულად მუშაობის გარანტიის მომცემი ჩინური სახელმწიფო კომპანია „ფაუერჩაინას“ განცხადება, რომელსაც ჩინეთის სახელწიფო უმაგრებდა ზურგს!
სამწუხაროდ, _ ისე მიილია გასული წელი და მიმდინარე წლის იანვარი, არცერთ კითხვაზე პასუხი არ გაცემულა, ასე მარტოხელად დარჩა ტენდერის ფინიშზე „ხაზარაძე და კონტი ჯგუფი“, რომელიც, საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით „უკომპრომისო ბრძოლაში ღირსეულ გამარჯვებულად“ გამოცხადდა 2016 წლის 5 თებერვალს!
ანაკლიაში პორტის აშენების ორ უმნიშვნელოვანეს მომენტზე _ ზღვის ნაპირის დაზოგვასა და მოსახლეობის ხელშეუხებლობაზე უკვე ვისაუბრეთ. დავასახელებ ხელშეკრულების კიდევ სამ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას:
1. 1. პორტის მშენებლობის 100%-იანი ფინანსური უზრუნველყოფა.
2. ტენდერში გამარჯვებულის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 3 თვეში სახელმწიფოსთან ხელშეკრულების გაფორმება(ხელის მოწერა).
3. 3. პორტის მშენებლობის დაწყება არაუგვიანეს 2016 წლის პირველი ივნისისა.
ვნახოთ როგორ შეასრულა იგი „ტენდერში გამარჯვებულად“ გამოცხადებულმა კონსორციუმმა:
1. 1. ტენდერში გამარჯვებული ახლა დაეძებს ინვესტორს.
2. 2. ტენდერში გამარჯვებული 2016 წლის 5 თებერვალს გამოცხადდა, ხელშეკრულება მთავრობასთან 5 მაისს უნდა გაფორმებულიყო. იგი დღემდე ხელმოუწერელია.
3. 3. პორტის მშენებლობა 2016 წლის პირველ ივნისს უნდა დაწყებულიყო, ნაცვლად ამისა, გაცხადდა, რომ იგი მომავალი წლის გაზაფხულზე იგეგმება.
შეგნებულად არაფერს ვამბობ, ზემოთჩამოთვლილი პირობების შეუსრულებლობის გამო, ტენდერის პირობებით დადგენილი პირგასამტეხლოს შესახებ. მიმაჩნია, იგი ქვეყნის შესაბამისმა სახელმწიფო სამსახურმა უნდა გაარკვიოს.
ვიმედოვნებ, მკითხველს საკმარისად ავუხსენი „ანაკლია პორტის საბაზისო კონცეფციის“ არსებობის შესახებ, რომელიც ყველა ზემოთხსენებულ სატენდერო მოთხოვნებს ზედმიწევნით აკმაყოფილებს,რაც შესანიშნავად მოეხსენებათ ქვეყნის პრემიერმინისტრს და პირველ ვიცეპრემიერს. მიუხედავად ამისა, ის არა მარტო იგნორირებული, არამედ, ფართო საზოგადოებისათვის სპეციალურად დავიწყებას არის მიცემული.
შექმნილი გარემოება იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ, გაუგებარ მიზეზთა გამო, მთავრობას თვალში არ მოსდის (ეს ფრაზა შემთხვევით არ თქმულა!) ტენდერის ფინიშზე თამაშიდან გასული კონსორციუმი „ანაკლია პორტი და ეკო პარკი“ და ამიტომაც არ განიხილება მისი „წინასაპროექტო მოსაზრება“, რომელიც მაღალპროფესიონალ ექსპერტთა აზრით, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერის ყველა პირობას აკმაყოფილებს, რომ არაფერი ვთქვათ პორტისა და მისი ინფრასტრუქტურის საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტის სრულყოფილებასა და მისი ოპერირების ფართო შესაძლებლობებზე. ასევე პროექტით განსაზღვრული თავისუფალი სამრეწველო-ეკონომიკური ზონების ეფექტური საქმიანობის განსაკუთრებულ პერსპექტივებზე ჩინელ ინვესტორ-პარტნიორთან - სახელმწიფო კომპანია „პაუერ ჩაინა“-სთან ერთად.
სათქმელი კიდევ ბევრია. ვნახოთ რა შედეგი მოჰყვება ამ შენიშვნებს და შეხსენებებს, რომლებიც მარტო ჩემი ჟურნალისტური შემოქმედების ნაყოფი არაა.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ _ კეთილი გულით მივესალმებით ახალი ჟურნალის გამოცემას!
მაგრამ, ათასწლეულის პროექტისადმი, საქმიანი მიდგომის ნაცვლად, განცხადება _ „თიბისი გალერეაში ჟურნალ „ანაკლიის“ პრეზენტაცია შედგა“, ქვეყანა და მისი მოსახლეობა ორ თვეში ერთხელ 3000 ცალ ჟურნალ „ანაკლიას“ უსასყიდლოდ მიიღებს, პორტის მშენებლობა კი მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება“ _ არა მარტო ანაკლიელების, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის წინასაარჩევნო დაცინვა და აბუჩად აგდებაა, რაც შეიძლება დღევანდელი მთავრობისადმი ნდობის დაქვეითებისა და მისი რეიტინგის დაცემის ერთერთ მიზეზად მოგვევლინოს!
დავით ქობალია