ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: მე ვაპროტესტებ „HEROკრატიას“ - ეს საკუთარი ხალხის დაცინვაა!!!

ზაურ ნაჭყებია: მე ვაპროტესტებ „HEROკრატიას“ - ეს საკუთარი ხალხის დაცინვაა!!!

ვინც გოგა ხაინდრავას ფილმის „heroკრატია-ს" გადაღებას იწონებს, მას ეტყობა არა აქვს გააზრებული, თუ რა დამანგრეველი შედეგის მოტანა შეუძლია მას ქართული საზოგადოებისთვის!

საკუთარი და საკუთარი თანამოქალაქეების უსუსურობისა და უღირსების განცდაზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს ფილმი (პირდაპირი გაგებით) ანგრევს ადამიანის ფსიქიკას და ქვეყანაში მასობრივი ფსიქოზის დამკვიდრების საშუალებად იქცევა...

რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ციხის კადრებმა გარდამტეხი როლი შეასრულა სააკაშვილის რეჟიმის ფორმალურად მოშორებაში, „heroკრატია" უფრო შორს მიდის და როგორც უკვე ვთქვი, მისი შედეგები ნამდვილად არ იქნება ქვეყნისთვის სასიკეთო.

თუ ადრე რეჟიმის მხვერპლნი და მათი ოჯახები იყვნენ ფილმში აღწერილი კოშმარის უშუალო მონაწილენი, „heroკრატიით" სრულიად საქართველო ხდება დასახიჩრებული და გაბახებული...

რა უნდა ამით თქვას ფილმის ავტორმა და მისმა შემკვეთმა?

ის, რომ, ჩვენ ჩვენივე დაუოკებელი სურვილით არჩეულმა პრეზიდენტმა დაგვაჩმორა, თუ, რადგან რეჟიმის მემკვიდრე ხელისუფლებამ სამართლებრივი შეფასება არ მისცა „ნაციონალურ"ჯოჯოხეთს, ფილმის საშინელი კადრებიდან სულში დალექილი უკიდურესი აგრესია „ნაციონალების" წინააღმდეგ მივმართოთ და ისინი ლინჩის წესით გავასამართლოთ?! როდის და ვისთვის მოუტანია ხეირი ლინჩის წესით გასამართლებას?

ეს უპატიებელი დანაშაული და ავანტიურიზმია საკუთარი ხელისუფლების მხრიდან - ის, რაც შენი გაასაკეთებელია, შენ უნდა გააკეთო - ამის ყოველგვარი ბერკეტები გაგაჩნია და ახლა არჩევნების წინ რატომ თამაშობ ჩემს ნერვებზე?

რატომ?

რატომ?

რატომ?

ჩვენდა სამწუხაროდ, „ნაციონალებს" დღესაც ჰყავთ მყარი ელექტორატი და არა მგონია ისინი ამ ამაზრზენმა კადრებმაც დააფიქროს და გადაწყვეტილება შეაცვლევინოს, რაც იმის წინაპირობაა, რომ სისხლიანი რეჟიმი ისევ იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში. მაშინ, სხვა რა აუცილებლობით იყო ნაკარნახევი ამ ფილმის გადაღება და ჩვენება არჩევნების წინ?!

პასუხი მარტივია: ხალხი მასობრივ ფსიქოზში რომ გყავდეს და საკუთარი უნიათობით თუ შეგნებული უკასუხისმგებლობით გამოწვეული მასების უკმაყოფილება ამ ჯოჯოხეთური კადრებით გადაფარო!

ფურთხის ღირსი ვართ, თუ ეს ვერ გავიაზრეთ და გადავყლაპეთ!

წუხელ პროფესიული ინტერესის გამო ვუყურე ფილმს და საშინელ ხასიათზე დავდექი.ჩემთვის არაადამიანურ კადრებზე მეტად მიუღებელი აღმოჩნდა ის უკიდურესი ბილწსიტყვაობა, რომელიც უხვად იღვრება ტელეეკრანიდან. ვფიქრობ, ეს რეჟისორის წინასწარ დაგეგმილი ავანტიურაა, რომ ხალხი პრაქტიკაში უზნეო ლექსიკის დამკვიდრებას შეაჩვიოს!

მე ვაპროტესტებ „HEROკრატიას". ეს საკუთარი ხალხის დაცინვაა რეჟისორის და დამკვეთის მხრიდან!

ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემს მოსაზრებას არგუმენტებით გააბათილებთ...

8-09-2016, 10:15
უკან დაბრუნება