მაჟორიტარი კანდიდატის მიმართვა მეცნიერებს, პედაგოგებს, მშობლებს, მოსწავლეებს
პარლამენტარობის კანდიდატის პოზიციიდან მიმართვა, შესაძლოა, მეტ მოკრძალებულობას საჭიროებდეს, რადგან ახლა მე ვესაუბრები ჩემს მომავალ ბატონებსა და ქალბატონებს, მათ, ვის სამსახურშიც ვაპირებ ჩადგომას!
ბევრმა. ალბათ, იცის, რომ თქვენი მსახურების მსურველი გახლავთ განათლების სისტემის გაჯანსაღებისა და მასწავლებელთა უფლებების დაცვისთვის ექსმინისტრ სანიკიძის მითითებით გათავისუფლებული და საკუთარ ქვეყანაში დევნილი ადამიანი.
სადავო არაა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს განვითარების ფუნდამენტია განათლება - ნებისმიერი პრობლემა ან წარმატება პირდაპირაა დამოკიდებული განათლების ხარისხზე.
საქართველოში კი განათლება მხოლოდ ლექსიკაში შემორჩა. ჩემი გადაწყვეტილება - შევიდე საკანონმდებლო ხელისუფლებაში, უპირველესად განათლების გადარჩენისთვის ბრძოლის პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ რანგში აყვანის აუცილებლობამ გადამაწყვეტინა.
ამიტომ, ეს პირველი მიმართვა ეკუთვნის განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს და ამ სეგმენტთან დაკვშირებულ წრეებს. მიმართვის უპირველესი ადრესატი, რაღა თქმა უნდა, ჩემს საარჩევნო (დიდუბის მე-15) ოლქში მცხოვრები მშობლები, მოსწავლეები, პედაგოგები, მეცნიერები ბრძანდებით.
მეგობრებო, ჩვენ ერთად ვმონაწილეობთ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. დიდუბემ უნდა თქვას უმნიშვნელევანესი სიტყვა. დიდუბელებო, ხმა უნდა მისცეთ სუფთა სინდისს და ეს იქნება თქვენი გამარჯვება!
უკანასკნელ წლებში, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრში, ჩემს მიერ გადატანილი ურთულესი ბრძოლა ბოროტების დაუნდობელ მანქანასათან არის ამ გამარჯვების გარანტი. ვერავინ იტყვის, რომ ამ ბრძოლას თუნდაც ერთი თეთრით აფინანსებდა ვინმე. ეს იყო უთანასწორო ომი, მაგრამ ეს იყო ომი საქართველოში განათლების გადასარჩენად და ამით ჩვენი მომავლის გადასარჩენად.
საზოგადოების შეგნებულ ნაწილს, თქვენ, დიდუბელებს, კარგად გესმით განათლების მნიშვნელობა: თუ ეშველება განათლებას - მოგვარდება ყველა პრობლემა.
გასულმა წლებმა ყველას დაგვანახა, რომ ამ იდეისთვის ჩემი ბრძოლის შეჩერება შეუძლებელია:
მდევნიდნენ, მაშანტაჟებდნენ, ცილს მწამებდნენ, სამსახურიდანაც გამიშვეს და ღვთის ანაბარად დამტოვეს, მაგრამ ბრძოლა არ შემიწყვეტია. პარლამენტი ამ ბრძოლას მეტ შედეგიანობას, მეტ ძალას შემატებს. განათლებისთვის ბრძოლა ყოველი თქვენგანაის უკეთესი მერმისისთვის ბრძოლაა, ამიტომაც იქ მე გავაგრძელებ ბრძოლას პედაგოგთა და მეცნიერთა სოციალური სტატუსის და ღირსების ამაღლებისთვის, მოსწავლეთა და მშობელთა უფლებების და მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
უნდა ამოივსოს ხელოვნურად წარმოქმნილი უფსკრული მშობლებსა, პედაგოგებსა და მოსწავლებს შორის. სისტემა უნდა გაერთიანდეს. ამიტომაც, ჩემი პარლამენტარობა ნიშნავს იმას, რომ ყველა თქვენგანის ტკივილს გაიცნობს ქვეყანა.
განათლება უნდა გახდეს აქტუალური. სახელმწიფომ ყოველდღე უნდა უზრუნველყოს მისი აქტუალიზაცია. ამისთვისაა საჭირო თქვენი ნდობის მანდატი და მომავალი პარლამენტის ტრიბუნა. დღეს ხალხი ნებსით თუ უნებლიედ ემსახურება პარლამენტართა ჯიბეებს. სწორი არჩევანით თქვენ პირველივე დღიდან დაინახავთ, თუ როგორ უნდა ემსახუროს ხალხს პარლამენტარი.
ჩემთვის ნდობის გამოცხადება ნიშნავს, იმას, რომ:
- მთელი განათლების სეგმენტს - მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს, მეცნიერებს ექნებათ უწყვეტი ხმა პარლამენტში;
- არგუმენტირებული დასაბუთებით პარლამენტში შევა კანონპროექტი პედაგოგთა საბაზო ხელფასის 1000 ლარამდე დაუყოვნებლივი გაზრდის, ჩინოვნიკთა ბიუროკრატიული აპარატის ოპტიმიზაციისა და სხვა ხარჯების შემცირების გათვალისწინებით;
- საყოველთაოდაა ცნობილი, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ძირითადი მიზანია მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის დანაშაულებრივი დამუხრუჭება, ამიტომ ამ მავნებლობის არგუმენტირებული დასაბუთებით გაგრძელდება ბრძოლა მისი სასწრაფოდ გაუქმებისთვის;
- ვიბრძოლებთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის რეორგანიზაციისთვის, რადგან ის არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მაღალჩინოსანთა პირადი კომპანია, უმეცრებისა და ნეპოტიზმის ბუდე თავისი მავნე შედეგებით. პედაგოგთა გადამზადება უნდა მოახდინონ პროფესიულმა ორგანიზაციებმა, ვიბრძოლებთ, რათა პედაგოგთა პროფესიული წინსვლისთვის სახელმწიფომ გამოყოს ფინანსური ვაუჩერი, რომელსაც მასწავლებელი მისთვის სანდო ორგანიზაციაში განათავსებს.
ვიბრძოლებთ, რათა დაწესდეს:
- ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სკოლების თანამშრომლების ყოველწლიური სადღესასწაულო დაფინასნება მათი მოტივაციის გაზრდის მიზნით, აგრეთვე სოციალურად დაუცველი მეთორმტეკლასელებისთვის სავალდებულო ფინანსური ვაუჩერი გამოსაშვებ (საბანკეტო) საღამოში მონაწილეობისთვის;
- სასწავლო და განმავითარებელ რესურსებზე ხელმისაწვდომად ყოველ სამ წელიწადში პედაგოგთა უფასო კომპიუტერიზაცია;
- მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსების ზრდა;
- სახელმძღავენელოების, სასკოლო ნივთებისა და სხვა აუცილებელი ინვენტარის შესაძენად მშობლების ყოველწლიური ვაუჩერიზაცია;
- მე-12 კლასელთა თავისუფალი დასწრებისა და თავისუფალი ექსტერნატის ფორმით სკოლის ათი კლასის შემდეგ დასრულება (ამ მიზნით შემუშავდება კანონპროექტი);
- სკოლების ფართო ავტონომიზაცია, დემოკრატიზაცია (სკოლები უნდა გათავისუფლდნენ სამინისტროს ბიუროკრატიული დიქტატისგან);
- სკოლების დირექტორების პირდაპირი და საყოველთაო წესით არჩევა მოსწავლეების, მშობლებისა და უფროსკლასელებისგან. სწორედ ეს იქნება სკოლის დამოუკიდებლობისა და დემოკრატიულობის, მოსწავლეების საზოგადოებრივი, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების გარანტი.
ამის გარდა:
- დადგება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, როგორც სახელმწიფო რეპრესიული მანქანის გაუქმების (ზოგიერთ ქვეყნაში არაა მსგავსი სამინისტრო), საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სკოლის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში გადასვლის, განათლების სისტემის „დეოდეერიზაციის“ („ოდეერები“ შენიღბული არიან სახელმწიფო ინტერესებით, სინამდვილეში უზრუნველყოფენ გამარჯვებული და გადაგვარებული კლანის მიერ სტუდენტების, მოსწავლეების, პედაგოგების, მეცნიერების დამორჩილება-დამონებასა და პოლიტიკური რეპრესიების გატარებას) საკითხი.
ბრძოლა გაგრძელდება განათლების სრული თავისუფლებისთვის.
დავით ფერაძე
დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი,
პედაგოგი, ისტორიკოსი, ეთნოლოგი, პუბლიცისტი.
თბილისი, დიდუბე.