(15სექტემბერს ბიძინა ივანიშვილის ამბროლაურში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის კვალდაკვალ)
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პროექტის „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ ფარგლებში ა.წ. 15 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილს შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან ამბროლაურში წმინდა სახით ვერ შედგა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ე.წ.“ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში“ თურმე ადგილობრივი მასმედია ფაქტობრივად (4 ერთეულის გარდა) არ არსებობს!
ამიტომ, დარბაზში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები მოიწვიეს.
ამ ფაქტით გასაგებია, თუ რატომ იყო ოზურგეთის შეხვედრის დროს დარბაზშიმედიის წარმომადგენლების გარდა სხვა პირებიც. ეტყობა ვერც გურიაში აღმოჩნდა პროექტისთვის საკმარისი მედიის რაოდენობა.
აღნიშნულ ფაქტებში გამომჟღავნდა ჯერ კიდევ შემორჩენილი რეალობის საბჭოური შელამაზების სინდრომი. თუ პროექტი „რეგიონულ მედიასთან“ შეხვედრას გულისხმობს, მაშინ უნდა იყოს შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან და იმდენთან, რამდენიც არსებობს.
ზოგადად ცუდია მასმედიის სიმცირე, თორემ კონკრეტული შეხვედრის თვალსაზრისით, რაც უფრო ნაკლები იქნება ჟურნალისტების რაოდენობა, ეს მით უფრო მეტი კითხვის დასმისა და საკითხებში ჩაღრმავების შესაძლებლობას იძლევა.
ამ სიტუაციამ გააცოცხლა საბჭოთა პერიოდის ანეგდოტი. „აწარმოე საბჭოთა კავშირში“ პროგრამით გახსნილი ახალი საწარმოს - „კომუნისტური ოცნების „ ხელმძღვანელი პარტიულ აქტივს მოახსენებს იმის შესახებ, რომ საწარმომ დაიწყო მწყერის ძეხვის გამოშვება. კი მაგრამ, ამდენი მწყერი საიდან გაქვთ? - დაინტერესდა „ნაციონალური უძრაობის“ მოძრაობის აქტივისტი. მოსახლეობის დაბალანსებული კვების ინტერესებიდან გამომდინარე ცოტა ცხენის ხორცს ვურევთო - იყო პასუხი. მაინც რა პროპორციითო - არ მოეშვა აქტივისტი. ერთი -ერთზეო - ამაყად უპასუხა „კომუნისტური ოცნების“ ხელმძღვანელმა.
ხალხის პატივისმცემელ საზოგადოებაში ზემოთმოტანილ შემთხვევებში ერთი იტყოდა, რომ შეხვედრა იყო არა არარსებული რეგიონის, არამედ ამბროლაურის, ონის, ლეჩხუმის, ლენტეხის წარმომადგენლებთან (თუ ასეთი წარმომადგენლობა იყო) და ადგილობრივ მედიასთან, ხოლო მეორე ისაუბრებდა ცხენის ძეხვზე, რომელშიც მწყერის ხორციც ურევია.
ამბროლაურში კი არ მოხდა გაუგებრობა, არამედ გაუგებრობაა უპირველეს ყოვლისა იმაში, თუ როგორ ესმით პროექტის ავტორებს ცნება „რეგიონული“.
ბათუმსი ბ.ივანიშვილი შეხვდა აჭარის „რეგიონის“ მასმედიას, თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ მასმედიას?
ზუგდიდში იგი მიმართავდა მეგრელებს, მაგრამ მასმედია რომელი „რეგიონის“ იყო? დღეს დამკვიდრებული გაგებით, ალბათ „სამეგრელო -ზემო სვანეთის“.
ქვეყანაში არსებული საყოველთაო და ყოვლისმომცველი უწესრიგობის გამოხატულებაა საქართველოს არაოფიციალური დაყოფა ე.წ. რეგიონებად. კანონმდებლობით ასეთი რამ დადგენილი არ არის!
ნონსენსია გურიის რეგიონი იმ გაგებით, რა გაგებითაც ის დღეს გამოიყენება. ისტორიულად და ეთნოგრაფიულად „გურია“ მეტია ვიდრე დღევანდელი ჩოხატაური-ლანჩხუთი-ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ჯამი. ასევე ნონსენსია „სამეგრელო-ზემო სვანეთი“, „მცხეთა-მთიანეთი“, „რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი“ და ყველა დანარჩენი.
მათი გამოყენება ხდება უკანონოდ (!), არაფორმალურად(!!)და ისინი არ ეფუძნებიან საქართველოს არც კულტურულ, არც ისტორიულ და არც გეოგრაფიულ საფუძვლებს(!!!).
საქართველოს ასეთი დაყოფა მცოცავი სახით შეიცავს საქართველოს ფედერაციული დაყოფისკენ მეთოდურად წაყვანას.
ბიძინა ივანიშვილის შეხვედრებმა, განსაკუთრებით ამბროლაურში, ეს კარგად გამოაჩინეს.
ამბროლაურის ქალაქის თვითმმართველობა და ამბროლაურის სათემო თვითმმართველობის გაყოფა არის თვითმმართველობის იმ რეფორმის შედეგი, რომელსაც ბ.ივანიშვილი თვლის თავის „საყვარელ“ რეფორმად და რომელიც ქართული ოცნების კოალიციაში „მიიტანა“ რესპუბლიკურმა პარტიამ.
ბიძნა ივანიშვილი უკვე: აჭარის, გურიის, იმერეთის, გურიის. რაჭის .... მასმედიას?
შემდეგი შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში ჰქონდა დღეს, 19 სექტემბერს.
ამის შემდეგ მიუბრუნდება და შეხვდება სვანეთის, ლეჩხუმის, სამურზაყანოს, აფხაზეთის, სამაჩაბლოს (ცხინვალის რეგიონის) წარმომადგენლებს?
ან გააგრძელებს თუ არა შეხვედრებს თუშებთან, ხევსურებთან, ფშავებთან და ა.შ.
ერთი სიტყვით, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა არფორმალურ საგუბერნიოებად არის „ქართული ოცნების“ მიერ წინა ხელისუფლებიდან მიღებული საქართველოს დაყოფისკენ მიმართული უარყოფითი მემკვიდრეობა (დაწყებული შევარდნაძიდან), რომელსაც მათ ე.წ. „დედაქალაქ ამბროლაურების“ შექმნით კიდევ უფრო გააღრმავეს!
ივანიშვილი ცდილობს ყველა საკითხისა და პრობლემისაგან დისტანცირებას.
კითხვებზე სტანდარტული პასუხია: „ხელისუფლება ამაზე ფიქრობს და ის გააკეთებს“, „მე კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ხელისუფლება მომავალ ოთხ წელიწადში ამ საკითხს გადაწყვეტს“ და ა.შ.
მაშინ რისი მიღწევა სურს ბატონ ივანიშვილს?
ჩემი აზრით, ივანიშვილის უპირველესიბ მიზანი კერძოა - მას სურს საქართველოში სახელმწიფოს მართვის არსებული მოდელის შენარჩუნება. ეს მოდელი უნიკალური ხასიათისაა და ერთ კაცზე - საკუთრივ ბიძინა ივანიშვილზეა აგებული (თუ მორგებული).
საპარლამენტო არჩევნების ფონზე უნებურად კონსტიტუციური მონარქიის ასოციაცია მოდის, სადაც მონარქი „მეფობს, მაგრამ არ მართავს სახელმწიფოს“. თუმცა ბიძინა ივანიშვილი „არ მეფობს და არც სახელმწიფოს მართავს.“ ის სახელმწიფოს მმართველ პირებს „პატრონობს“.
ამ სისტემის შენარჩუნება შესაძლებელია მმართველობის უმაღლესი პირების მასზე პირადი დამოკიდებულების არსებობის გზით.
ამიტომ, ივანიშვილის ამოცანაა საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს მასზე დამოკიდებულმა „ქართულმა ოცნებამ“, რის შედეგადაც პარლამენტში მმართველ პარტიაში უკვე აღარ იქნება „რესპუბლიკელების“ მსგავსი ჯგუფური ინტერესის მქონე პოლიტიკური გუნდები და გაადვილდება ცალკეული პირების მანიპულირება მადლიერება - პირობის შესრულების-ინტერესების დაკმაყოფილების მარტივი, პრაგმატული მიდგომებით.
ეტყობა, ეს ივანიშვილის ძლიერი მხარეა: თუ კაცისგან მიიღე ფული, თანამდებობა, ერთი -ერთზე შეთანხმდი, ერთი-ორი შენიშვნის მოსმენაც არ გინდა? 4 წელი ჩუმად იყავი და ეხლა გინდა გამოარჩიო იქედან შენი კარგი და სხვისი ცუდი?
არ გამოვა.
არ გამოსდის ეს ბიძინა ივანიშვილსაც!!!
ის ვერაფრით გაჰყოფს ისტორიისა და ქვეყნის თვალსაზრისით ხელისუფლების საერთო საქმიანობის შედეგებში ხელისუფლებაში მისი, როგორც პრემიერისა და სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის საქმიანობებს.
იმავე კრიტერიუმებით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საქმიანობა არ იმიჯნება „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“, „ეროვნული ფორუმის“, „მრეწველებისა“ და „კონსერვატორების“ საქმიანობისგან კოალიცია ქართული ოცნების ფარგლებში, ვიდრე „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ არ გავიდნენ კოალიციიდან (2014 წლის 4 ნოემბერი) და ვიდრე კოალიციიდან არ დაიშალა (2016 წლის ივნისს-აგვისტოში).
ერთობლივად საქმიანობის პერიოდში კარგიც საერთოა და ცუდიც!
თუ 2012-2014 წლებში საქმიანობისთვის ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკებს „რესპუბლიკელებს“ - ეს კრიტიკა „ქართულ ოცნებააც“ ეხება. ისევე, როგორც იმავე პერიოდისთვის რესპუბლიკელების მიერ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა მათზეც ვრცელდება. მათი ურთირთკრიტიკის ჯამი შეადგენს კოალიცია „ქართული ოცნების“ ოთხწლიანი საქმიანობის შეფასებას.
საზოგადოებისთვის ახალია იმ პიროვნული ურთიერთობების დეტალები, რომელსაც ხან ერთი და ხან მეორე მხარე გამოაშკარაცვებს ხოლმე.
აქ ივანიშვილის უპირატესობა აშკარაა - მას ჩანს ჰქონდა ხელშეკრულებები კოალიციის წევრებთან, რომელსაც ვადა არ გაუგრძელა. აქ მაღალ მატერიებზე საუბარი ძნელია: როგორ შეიძლება ქვეყანა მართო სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე ადამიანებმა 4 წელიწადი ერთად?
ან როგორ შეიძლება ასეთი მართვა იყოს ეფექტიანი? ეს შესაძლებელია, თუ არსებობს იდეოლოგიურ პრინციპებს გარეთ არსებული სხვა გარიგება.
ბიძნა ივანიშვილიც ეტყობა ამ გარიგებათა საფუძველზე აკრიტიკებს მის ყოფილ პარტნიორებს, რამეთუ, მის კრიტიკაში რაიმე პრინციპებისა და პოზიციების სხვაობაზე არაა საუბარი.
საქართველოს პრეზიდენტი შევა თუ არა სასახლეში, ეს გავლენას ვერ ახდენს რაიმე იდეოლოგიურ შეხედულებაზე- ეს შეიძლება იყოს რაღაც გარიგების/შეთანხმების შესაბამისი ან საწინააღმდეგო.
ცხადია, ივანიშვილს აქვს საზოგადო ინტერესი და ამდენად მიზანიც. თუმცა, ჩვენი აზრით, მისი საზოგადო ინტერესი კერძოდან გამომდინარეობს. ბუნებრივია, მას სურს მისთვის სასურველი მოდელის ფარგლებში ოცნების ხელისუფლება იყოს წარმატებული, თუმცა ეს სურვილი არ ჩანს, რომ ეფუძნებოდეს ქვეყნის განვითარების კონცეპტუალურ გააზრებას. ის ეფუძნება იმედს, რომ რაც შორსაა საპროგნოზო პერიოდი, უფრო ადვილია პოზიტიური მოლოდინის შექმნა (აქ მოქმედებს საკუთარი გამოცდილებაც: პროგნოზმა მეოთხე საუკეთესო წელი -არ გაამართლა). საქართველოში არსებობს ბ. ივანიშვილის მითითებით შექმნილი განვითარების სტრატეგია 2020 წლისთვის, მაგრამ ის მის შესახებ არ საუბრობს. საუბრობს 2030 წელზე.
ექს-პრემიერმა ამბროლაურში, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის გაორმაგების შესაძლებლობისათვის სამი ვადა დაასახელა: 7,8 და 10 წელიწადი. ეკონომიკური მეცნიერების ენაზე ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის ყოველწლიური ზრდა უნდა იყოს შესაბამისად - 10, 9 და 7%. არც ერთი ეს მონაცემი არ შეესაბამება არც საქართველოს ეკონომიკის არსებულ მდგომარეობასა და არც ხელისუფლების პროგნოზებს უახლესი წლებისათვის(?!)
ივანიშვილის სასურველი მმართველობის მოდელის ფუნქციონირების დადებითი შედეგიანობა მისი ზედმეტად ხელოვნურობისა და ვოლუნტარიზმის გამო მოსალოდნელი არაა.
ჯერ ერთი, „ქართული ოცნების“ საკადრო შერჩევის სისტემა დაფუძნებულია უპირველეს ყოვლისა ლოიალობისა და ერთგულების ხელშეკრულებაზე - თვითონ ვერ იქნება მყარი სისტემა და მით უფრო ვერ შეასრულებს საზოგადოებრივი ცხოვრების სტაბილურობის ფუნქციას. საეჭვოა, რომ მან გაძლოს კოლიზიის გარეშე მომავალი ოთხი წელი.
მეორეც, მცირე იმედი, რომ ასეთი მოდელი იმუშავებს შეიძლება იყოს ბიძნა ივანიშვილის მიერ სოციალურ-ეკონომიკურ მეცნიერებათა და მათი კანონზომიერების საქართველოში გამომჟღავნების ცოდნა და ამ საკითხებზე მუდმივი მეცადინეობა.
მედიასთნ შეხვედრებზე გამომჟღავნდა მის მიერ პრობლემების არაფუნდამენტური ხედვა და ზედაპირული დაინტერესება!
მაგალითად, როდესაც საკითხი შეეხო საპენსიო სისტემას (ამ სისტემის დანერგვის დაპირება „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა). საპენსიო ხარჯებზე, როგორც აუცილებლად საბიუჯეტო ხარჯებზე საუბრის გვერდით, არ შეიზლება არ გაგახსენდეს ამ სისტემის ნაკლოვანება. არ გაგახსენდეს, რომ საპენსიო ფონდის ბიუჯეტში აკუმულირება მოხდა ნოღაიდელის მთავრობის მიერ, რომლის ხარჯზეც გაიზარდა ბიუჯეტის ზომა . რა პოლიტიკური დებატების საგანია პენსია? რატომ უნდა იხილავდეს ამ საკითხს ყოველწლიურად ბიუჯეტი?
ეს მოუწესრიგებელი სისტემის ბრალია. იმის ბრალია, რომ ქვეყანა ვერ გადავიდა ე.წ.“სამსვეტიან“ საპენსიო სისტემაზე.
ექს-პრემიერი სწორად აღნისნავს, რომ სააკაშვილის დროს სოციალური დახმარებების მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა არჩევნების წინა პერიოდშიო. ეს ზრდა მოსყიდვის მიზნით მოხდაო.
სწორია, მაგრამ იგივე თვისება ამ დახმარებებს ხომ არ დაუკარგავს დღეს?
სინამდვილეში ეს სისტემა თავიდანვე ამისთვის შეიქმნა და მისი არსი არ შეცვლილა. საჭიროა ამ მახინჯი სისტემის, სადაც სახელმწიფოს ადამიანებს შორის შეჯიბრი აქვთ გამართული ქულებით (ანუ სუბიექტურად), თუ ვინ უფრო ღარიბია, გაუქმება და ადამიანის ღირსების შემანარჩუნებელი სისტემის დანერგვა.
ბიძინაივანიშვილის მიზნის შესრულებისთვის, გარდა „ოცნების“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისა (რაშიც ხელს უწყობს საარჩევნო კანონმდებლობა) სჭირდება პოსტსაარჩევნო პერიოდში სტაბილურობა.
საზოგადოებრივი სტაბილურობის შენარჩუნებაში ივანიშვილის კერძო და საზოგადოების საერთო ინტერესები ემთხვევა, თუ სტაბილურობა არ იქნება სამართლიანობის ხარჯზე.
P.S. ამბროლაურის შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მომენტი იყო ივანიშვილის მიერ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის აშენების დაპირება.