(29 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილის გორში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის კვალდაკვალ)
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პროექტის „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ ფარგლებში ა.წ. 29 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილი მედიის წარმომადგენლებს გორში შეხვდა.
ექს-პრემიერმა ამ შეხვედრაზე დაადასტურა კოჰაბიტაციისადმი მისი პოზიტიური დამოკიდებულება. ამ პოზიციისადმი მე პირადად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ეს არაა ეხლა მნიშვნელოვანი. მთავარი ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა აღწერა ის გზა, თუ როგორ მივიდა ის ამ პოზიციაზე. თურმე, ეს გზა დაიწყო იქიდან, რომ მან „კოჰაბიტაციის სიტყვის მნიშვნელობაც“ არ იცოდა... შემდეგ იყო უამრავი რჩევა დასავლეთში - „უკან არ გაიხედო, მარტო წინ იყურეო“, უფრო მეტიც, მისი თქმით, იურმალაში სხვადასხვა ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები ამ პოზიციის სასარგებლოდ „აწვებოდნენ“ კიდეც.
ივანიშვილს მოუწია ერგნეთის ბაზრობის აღდგენის შესახებ თავისი დაპირების ფაქტობრივი უარყოფა - არაკონკრეტული იყო კონფლიქტის საკითხებთან დაკავშირებული პასუხებიც. მისი პოზიცია ხელისუფლების მემკვიდრეობითობის პრინციპთან დაკავშირებით საჯარო სივრცეში არაა გამოხატული. ამასთან, უცნობია, აღიარებს ის თუ არა, რომ თუ ქვეყანაში რაღაცა წინა ხელისუფლების გამო გაფუჭებულია, ეს არ ათავისუფლებს მომდევნო ხელისუფლებას ამ წამხდარი საქმის გამოსწორების ვალდებულებისგან.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ დასავლური ორიენტაციის აუცილებლობა საქართველოსთვის მის მიერ იყო მკვეთრად და სწორად გამოხატული.
საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის“ იმპლემენტაციასთან დაკავშირებით (https://matsne.gov.ge/ka/document/view/1381526) მისი პასუხი მხოლოდ სიმწვავის შემსუბუქების მცდელობა იყო. დასავლეთის ორიენტაციისადმი ერთგულების დასტურად მან გაიმეორა არგუმენტად ის, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაში მისი წვლილი დიდია!!!
აქ არ შევჩერდები „თავისუფლების ქარტიის“ მნიშვნელობაზე. ავღნიშნავ იმ მომენტს, რომ ხელისუფლება არსებულ კანონს არ ასრულებს! ვიღაცამ შეიძლება იკითხოს, ეს კანონი რა შესასრულებელიაო, მაგრამ კანონის სიცუდე-სიკარგის არგუმენტიც კარგავს აზრს, თუ გავიხსენებთ, რომ ხელისუფლება არ ასრულებს სხვა კანონებსაც, მაგალითად, „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონს. თუ კანონი არ არის საჭირო, ან მიუღებელია ხელისუფლებისთვის - ის უნდა გააუქმოს! ზემოთ ხსენებული არსებული კანონის შეუსრულებლობა ხელისუფლების მიერ გაუგონარი კონტექსტში ჯდება. ეს არის კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევა! როგორ უნდა ირწმუნო ამის შემდეგ, რომ ხელისუფლება თავს კანონს ზემოთ არ აყენებს, ან არ დააყენებს?!
ბიძინა ივანიშვილს გორის შეხვედრაზე დაუსვეს კითხვები სტალინზეც დაუსვეს. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ კითხვებს მან ექსპრომტად უპასუხა.
გორში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სტალინის შესახებ კითხვის ალბათობის გამოთვლა მისთვის ძნელი არ უნდა ყოფილიყო. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ბიძინა ივანიშვილი მარტო ემზადება ამ შეხვედრებისთვის, თუ ჰყავს მას საგანგებოდ შერჩეული გუნდი? გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სტალინთან დაკავშირებით პასუხები მისი პასუხები არ იყო ივანიშვილის რანგისა და პოზიციის შესაფერისი.
როგორც წესი, ქუჩის სახელი ადგილობრივი თვითმმართველობის გადასაწყვეტია. არ იყო ინტელექტუალური მისი მხრიდან კომუნიზმისა და სოციალიზმის იდეების სიმცდარის უაპელაციოდ გამოცხადება, მით უმეტეს, გაუგებარია ეს, როდესაც „ქართული ოცნება“, როგორც პარტია სოციალისტურად ახდენს თავის პოზიციონირებას (ყველას ახსოვს კახი კალაძის განცხადებები სოციალისტური პარტიის აღმშენებლობის შესახებ).
ბიძინა ივანიშვილის ნიჭიერებამ გამოიბრწყინა სტალინის შესახებ საუბრის დროს გამოცხადებული სარეკლამო ჭრის შემდეგ საუბრის გაგრძელების დროს, როდესაც მან აღნიშნა, რომ გორელებს სტალინი უყვარს და მათ სიყვარულს პატივი ვცეთო!
უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანებს და პატივი ვსცეთ მათ შეხედულებებს, პოზიციას, სიყვარულს, დამოკიდებულებას. ბერლინში დღესაც დგას საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლი. ქუჩებში არის კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსისა და ვლადიმერ ილიჩ ლენინის გორელიეფები, არის როზა ლუქსემბურგის ქუჩა და ა.შ. რატომ? პატივს სცემენ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს სიმბოლოები და გვარები რაღაცას ნიშნავს. ცოცხლებს სცემენ პატივს. უპატივცემულობით მოკვლა რით განსხვავდება იდეისთვის დახვრეტისაგან? არაფრით. ანგარიშსწორებას ძეგლებსა და გვარებზე ისტორია ახდენს!
საერთოდ გაუგებარი იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლ პოტის ექსპერიმენტის მოხმობა სტალინის საკითხის განხილვის კონტექსტში. ამ მაგალითს ძალა დაუკარგა პოლ-პოტის სამშობლოდ კამბოჯის ნაცვლად ნიკარაგუას გამოცხადებამ.
ამ უზუსტობამ ყოველ შემთხვევაში, იმ ფონზე, როდესაც რუსთავში ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ყვარყვარეს „მშობელად“ მან ჯავახიშვილი დაასახელა (პოლიკარპე კაკაბაძის ნაცვლად), სკანდალური ელფერი შეიძინა!
ყვარყვარესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა გორში განაცხადა, რომ კვაჭისთან ასოცირებით მოიხსენია, თუმცა არა უშავსო „კვაჭი და ყვარყვარე ბიძაშვილები არიანო“.
იმედია, რომ პოლ-პოტთან დაკავშირებით განმარტებისას მას სტალინის ბიძაშვილად არ დაასახელებს. საიდანაც არ უნდა იყოს პოლ-პოტი, ქართველი მაინც არაა, ხოლო, ყვარყვარე და კვაჭი ქართველები იყვნენ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი პოლიტიკოსი მედროვეა, ხოლო, მეორე საქმოსანი მედროვე, მაინც ორივე ქართველია, ორივე მედროვეა და მათი აღრევა და გაიგივება ადვილია!
მთავარია საპარლამენტო არჩევნებში ყვარყვარეები და კვაჭები არა ერთმანეთში, არამედ ღირსეულ კანდიდატებში არ აერიოს ამომრჩეველს...
P.S. სხვათაშორის, გორში, ისევე როგორც რუსთავში, ბიძინა ივანიშვილს არც ერთი კონკრეტული დაპირება არ მიუცია აუდიტორიისა და საზოგადოებისთვის.