ივერიონი / მიხეილ ჯიბუტი: ბიძინა ივანიშვილი ყველას წინააღმდეგ!

მიხეილ ჯიბუტი: ბიძინა ივანიშვილი ყველას წინააღმდეგ!

 


 (3 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ბაზალეთში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის კვალდაკვალ)


2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პროექტის „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ ფარგლებში ა.წ. 3 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი  მედიის წარმომადგენლებს „ბაზალეთში“ შეხვდა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ექს-პრემიერის შეხვედრა არ ჩატარდა „რეგიონულ დედაქალაქში“ (ამ შემთხვევაში მცხეთაში) და ჩატარდა „ბაზალეთში“ (როგორც ითქვა წამყვანების მიერ. თუმცა,
სად „ბაზალეთში“  არ იყო დაზუსტებული) შეხვედრის ორგანიზატორებმა ე.წ. „მცხეთა-მთიანეთის რეგიონის“ მასმედიის წარმომადგენლები „არ შეავსეს“ სხვა ხალხით, როგორც ეს ამ პროექტის ფარგლებში მოხდა გურიასა და რაჭაში. შეხვედრას მხოლოდ ორი ჟურნალისტი ესწრებოდა. თუმცა, ჯურნალისტების სიმცირეს მათთვის დამატებითი სარგებელი - უფრო მეტი კითხვების დასმის სახით არ მოუტანია. მათ რამდენიმე კითხვას შეხვედრის მესამედზე ნაკლები დაეთმო. სხვა დრო რეკლამითა და „შინაურული“ საუბრით იქნა შევსებული.

შეკითხვებიდან მნიშვნელოვანი იყო დევნილი მოსახლეობის საარჩევნო უფლებების კანონმდებლობით დარეგულირების საკითხი.

ბიძინა ივანიშვილმა ეს თემა მსჯელობისას საერთოდ გამოტოვა.

სინამდვილეში უაქტუალურესი საკითხია. სად არის საქართველოს კანონმდებლობაში განსაზღვრული დევნილი მოსახლეობის მიერ იმ ტერიტორიების წარმომადგენლობის მექანიზმი, საიდანაც ისინი იძულებით არიან აყრილები? იყო პარლამენტში აფხაზეთის ფრაქცია. გაუქმდა, მაგრამ შეიძლება ამ საკითხში ვაკუუმის დატოვება? ეს ეხება საქართველოს მოსახლეობის 7-8 პროცენტს. დავუშვათ, ოთხწლიან პერიოდში აღდგენილ იქნა რომელიმე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქცია, პარლამენტში ამ ტერიტორიას დახვდება მისი „წილი“ ადგილი?!

ბიძინა ივანიშვილმა ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი დადებითი დამოკიდებულება კოჰაბიტაციასთან და მის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მან აღნიშნულ შეხვედრაზე გაამდიდრა საზოგადოებასთან მსჯელობის საკუთარი ლექსიკა სიტყვით „ბლატაობა“. ამ მიმართულებით საინტერესო იყო საკუთარ თავზე ნათქვამი: „მე ვღაღადებ“!!!

პოლიტეკონომიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო ბიძინა ივანიშვილის პოზიცია პოლიტიკისა და სიმდიდრის თანაფარდობის შესახებ.

ერთ-ერთ ქართველ პოლიტიკოსზე (შალვა ნათელაშვილი) მან საზოგადოების გასაკვირად მიანიშნა, რომ ეს პოლიტიკოსი „ერთადერთი კაცია, რომელიც ხელისუფლებაში არ მოსულა და ისე გახდა მილიონერი“(?).

ნათელაშვილი ხელისუფლებაში მრავალგზის იყო, მაგრამ ეს არაა მთავარი!

მთავარია ბიძინა ივანიშვილის პოზიცია.

შეხვედრაზე ცოტა მოგვიანებით, მან ხაზი გაუსვა, რომ „ყველაზე დიდ ბიზნესად პოლიტიკა ითვლება“.

სწორედ ეს ეპიზოდი იყო მეცნიერთა ერთი ჯგუფის განხილვის საგანი, სადაც მეც ვიმყოფებოდი.

ყველა შეთანხმდა ერთ რამეზე: ბიძინა ივანიშვილის ასეთი პოზიცია მისკენ აბრუნებს ყურადღებას და მის მიმართ წარმოშობს კითხვებს: მათ შორის „ფულის შოვნისა“ და პოლიტიკაში მის ყოფნასა და პოლიტიკისადმი მისი ინტერესის შესახებ.

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერისას და ახალ პარლამენტში ამ პარტიის წარმომადგენლობის პროგნოზირებასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილმა (აღნიშნა მისი მრავალპარტიული პარლამენტისადმი მხარდაჭერა) განსაზღვრა ამ პარტიის თვისობრივი მდგომარეობა, როგორც „დომინირებული მდგომარეობა“.

„დომინანტი“ პარტიასთან მიმართებაში ნიშნავს ამ პარტიის „დომინირებას“ სხვა პარტიებზე. „დომინანტი პარტია“ არაა იგივური „მმართველი პარტიის“ ცნების იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას გააჩნია საკონსტიტუციო უმრავლესობა.

პარტიის დომინანტობის იდეით შეიძლება გაჟღერდა ქართულ სინამდვილეში რაღაც ახალი „მმართველობის სტანდარტის“ დამკვიდრების სურვილი? ანალოგებზე ფიქრი ინდოეთის პარლამენტში კასტურ პრინციპზე დაფუძნებულ პოლიტიკური დომინანტობის სისტემას გვაგონებს.

დომინანტის ცნების წარმოდგენისთვის წარწერების უთარგმნელად ინტერნეტ სივრციდან ვთავაზობ სურათს:

 



ვნახოთ. დრო გამოაჩენს!

მე კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილი უდიდესი გავლენის მქონე პიროვნება კი არა, არამედ, ფაქტორია საქართველოს უახლოეს პერიოდში. პიროვნების ასეთი „ობიექტიზაციის“ დროს მნიშვნელობა აქვს მისი აზრის მსვლელობის განსაზღვრას.

რას უნდა ნიშნავდეს მისი მხრიდან იმის თქმა, რომ ხალხი იმ „საჩუქარს“, რომელიც 2012 წელს უნდა მიეღოთ, ეხლა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიიღებს. ან ის, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მას რაღაცა „არ უთქვამს“, მაგრამ „ზუსტად ასე წარმოედგინა“ ოთხი წლის წინ!

პოლიტიკოსისთვის და საერთოდ საზოგადო პირებისთვის მნიშვნელობა აქვს არა მარტო იმას, თუ რას ამბობ/რა გითქვამს, არამედ იმას, თუ როდის ამბობ/როდის თქვი!..

სხვა შემთხვევაში ესაა ყურადღების გადატანა არაარსებითზე: „მე ასე ვფიქრობდი, მაგრამ არ მითქვამს“ - ეს სიტყვები საზოგადოებისათვის პრაგმატული დატვირთვის ნამდვილად არ არის.

ისევე, როგორც საუბარი მომავალზე იმ ფორმით, როგორც ამ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა შემოგვთავაზა. ჟურნალისტის კითხვაზე, ის იღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ მთავრობაზე, მან ფაქტობრივად უარყოფითად უპასუხა, როდესაც გასცა პასუხი შემდეგი კონსტრუქციით: 1. მხარს ვუჭერ „ოცნებას“; 2. „ქართული ოცნების“ დამხმარე არ ვარ; 3. თუ გამოჩნდება ახალი და უკეთესი პარტია, მას დავუჭერ მხარს; 4. ქვეყანას ვეხმარები.

ამ პასუხის შემდეგ სრულიად სხვანაირად წარმოჩინდა რეალობა. გარეგნულად თითქოს მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკული მასის ზრდის პროცესი, რაც აახლოებს სიტუაციას, სადაც ყველა განწყობილია მისი - ერთის წინააღმდეგ. სინამდვილეში, თუ გავიხსენებთ როგორ მეთოდურად ქმნიდა მის „მოწინააღმდეგეებს“ გუშინდელი „მეგობრებისგან“ ბიძინა ივანიშვილი, როგორ „იმუშავა“ ქართული ოცნების არჩევნების მხარდასაჭერად და არჩევნებამდე 5 დღით ადრე მომავალი 4 წლის პასუხისმგებლობა როგორ „დააკისრა“ „ქართულ ოცნებას“ და მოახდინა პასუხისმგებლობისგან საკუთარი დისტანცირება, ბიძინა ივანიშვილმა დაასწრო განვითარებად (მნიშვნელოვნად მის მიერ პროვოცირებულ) პროცესს და ბაზალეთის შეხვედრაზე მოახდინა პოზიციონირება, როცა თვითონ - ერთი დაუპირისპირდა ყველას.

ერთი - ყველას წინააღმდეგ - ეს სრულიად ახალი მოვლენაა იმ შემთხვევისთვის, როდესაც ერთი პიროვნება ინარჩუნებ მის საზოგადოებრივ წონასა და მნიშვნელობას.

როგორ განვითარდება ეს პროცესი დრო გამოაჩენს, თუმცა, საქართველოს კანონმდებლობითაა დადგენილი, რომ იმ შემთხვევაში, თუ ერთი არის ყველას წინააღმდეგ, ასეთი პიროვნება უარყოფილია და სათვალავში არ მიიღება!

საქართველოს ორგანული კანონით - საქართველოს საარჩევნო კოდექსი (2011 წლის 27 დეკემბერი) ყველა მოქალაქეს არ აქვს თანაბარი უფლებები.

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტის ხმები მიიღო. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა”(მუხლი 125, პუნქტი 3).

იგივეა პროპორციული სისტემისთვის „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5 პროცენტისა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა
. (მუხლი 125, პუნქტი 4).

აღნიშნული კერძო შემთხვევაა,  რომლითაც მრავალი ადამიანის უფლებები დაირღვა. არჩევნებზე მისულს, რომელმაც ხმა მისცა ყველას წინააღმდეგ, დაეკარგა „ნების თავისუფალი გამოხატვის“ უფლება - განხორციელდა მისი დისკრიმინაცია.

ბიძინა ივანიშვილის ყველას წინააღმდეგ საქართველოს ინტერესებისთვის წარმართული საქმიანობის შედეგებზე დაკვირვების საშუალება 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეგვეძლება.

 

 

 

 

5-10-2016, 10:36
უკან დაბრუნება