გახსოვთ ალბათ, რა ლეგენდები დადიოდა პრეზიდენტ მიშა სააკაშვილზე _ მინისტრებს, მინისტრის მოადგილეებს თუ დეპუტატებს თვითმფრინავის ტრაპზე ან დისკო-ბარებში არჩევდა თურმე და „მომიტეხე მჭადი, მოგიტეხავ ყველსა“ პრინციპით მოქმედებდა.
სხვათაშორის, უმადურობას ნამდვილად ვერ დასწამებდი და... ჰყავდა საქართველოს ლამაზი, თვალტანადი მინისტრები თუ დეპუტატები. მართალია, არაპროფესიონალები, მაგრამ ისეთები, მიშას რომ მოსწონდა (იყო ასეთი ფაქტიც: თავისი „ტურფა“ დეპუტატის მანდატით რომ დაეჯილდოვებინა, კონსტიტუციაც კი შეცვალა)!
როგორც ამბობენ, ყოვლისშემძლე პრეზიდენტი „ბერიას სინდრომით“ იყო დაავადებული - ლამაზ ქალს ხელიდან არ უშვებდა, ხოლო, ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა, მტრისას და ავისას, არ გაახარებდა!
დღეს მიშას „რჩეულები“, მართალია, მინისტრები და დეპუტატები არ არიან, მაგრამ არც იკარგებიან - მათ საშოვარი უკვე იშოვეს, გასაკეთებელი გაიკეთეს და ახლა ცხოვრების შარა-გზას ღიღინ-ღიღინით მიუყვებიან!
მართალია, „ქართულ ოცნება“ სააკაშვილის სინდრომით არ დაავადებულა , მაგრამ, დეპუტატების შერჩევის კრიტერიუმში ვერ დაიტრაბახებს - დღეს ფეხის ამწევები ხელის ამწევებმა შეცვალეს!!!
პირადად მე, უკვე არჩეულებში და დღე-დღეზე გასადეპუტატებლად გამზადებულებში ისეთი პერსონები ვიცი, ვისაც 2 წიგნი ბოლომდე არ წაუკითხავს, მაგრამ, დეპუტატობის ამბიცია მაინც გაუჩნდათ.
არა მგონია, ასეთი პრინციპით შერჩეულმა დეპუტატებმა საკანონმდებლო საქმიანობას ფეხი აუწყონ, ან საკანონმდებლო ინიციატივებით თავი გამოიჩინონ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მათ ფუნქციაში ნამდვილად არ შედის - წინასწარ იციან, რომ მათი უმთავრესი ვალდებულება ხელის აწევა იქნება!
პროპორციულ სისტემას ვინ ჩივის (აქ შეიძლება ისე შეფუთო ყველაფერი, ამომრჩეველი ვერც მიხვდეს, სინამდვილეში ვის აძლევს ხმას), „ხელის ამწევი“ დეპუტატები არც მაჟორიტარებში იქნება გამონაკლისი. ქართული პრაქტიკა ადასტურებს, რომ არჩევნების მაჟორიტარული სისტემა ნებისმიერი ხელისუფლების „აქილევსის ქუსლია“. აქ ყველაზე მეტად მჟღავნდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ეფექტურობა.
ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე მაჟორიტარული არჩევნები, არჩევის წესითა და პირობებით არსებითად განხვავდებოდა ყველა სხვა ადრინდელი არჩევნებისგან, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ჩატარებულა - მაჟორიტარობის კანდიდატს ხმას ვაძლევთ არა ტერიტორიული პრინციპით, არამედ, ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, რაც აბსურდულ სიტუაციამდე დადის!
ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მთიანი რეგიონების მაგალითზე, სადაც რამდენიმე რაიონში ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. ცნობადობას რომ თავი დავანებოთ, კანდიდატს უძნელდება სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება (თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატი იმარჯვებს).
სწორედ ამ დროს „საქმეში ერთვება“ ადმინისტრაციული რესურსები, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვებას არსებითად განსაზღვრავს!
ეგ კიდევ არაფერი, 2020 წლიდან საქართველო არჩევნების მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადადის, რაც სრულიად უკარგავს აზრს არჩევნების ჩატარებას...
საქმე ისაა, რომ ქვეყანაში არ არსებობს თუნდაც ერთი პროფესიონალი (კვალიფიციური) პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს გამოკვეთილი იდეოლოგია და სახელმწიფოს განვითარების კონკრეტული პროგრამა, რაც მეცნიერულ გათვლებზე იქნება დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, არ გვყავს პროფესიონალი პოლიტიკოსებიც, ვისაც ამომრჩეველი (საზოგადოება) სახელმწიფოს მართვას ანდობდა.
მთელი უბედურება იმაშია, რომ არჩევნების ფორმალური კონკურენტული გარემოც მოისპო და ქვეყანა _ ორი ერთი და იგივე იდეოლოგიის (თუ ამას იდეოლოგია ჰქვია) მქონე პოლიტიკური წარმონაქმნის ამარა დარჩა!
საქმეს ართულებს ისიც, რომ საზოგადოებაში ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირების არათუ კონტურები, არამედ, ელემენტარული ნებაც არ ჩანს.
სწორედ ასეთ ცაიტნოტურ პირობებში იქმნება მყარი ნიადაგი „ხელის ამწევთა“ ინსტიტუტის ჩამოსაყალიბებლად - საკანონმდებლო ორგანო ახლაც და მომავალშიც იმ პერსონებით დაკომპლექტდება, ვინც მოქმედ ხელისუფლებას აწყობს - დემოკრატიული ფასადის გასალამაზებლად კი დეპუტატის მანტიას მეორე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებიც მოისხამენ (ფქტიურად ორპარტიული პარლამენტი დაკანონდა და ამათი „კოშკა-მიშკას“-ს თამაშით ნამეტნავად გავერთობით) და ასე გაგრძელდება დაუსრულებლივ, ვიდრე, ქართველი ამომრჩეველი „ზევიდან“ შემოთავაზებული კომედიის მონაწილე და ბრმა შემსრულებელი იქნება - იმ კომედიის, რომელიც რამდენიმე ხანში ისევ ჩვენსავე ტრაგედიად იქცევა!
საუბარი რომ არ გამიგრძელდეს, მოკლედ ვიტყვი: დღევანდელ ხელისუფლებას ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს „ნაციონალურ“ ინტერესებს მორგებული საარჩევნო გარემოს, შესაბამისად, საარჩევნო კანონმდებლობის შესაცვლელად და რეალურ განზომილებაში მოსაყვანად.
პირიქით, საარჩევნო კოდექსი კიდევ უფრო მოარგო საკუთარ ინტერესებს და ისეთი პირი უჩანს, რომ ამომრჩევლის ფუნქცია უახლოეს მომავალში საერთოდ დაიკარგება!
ასეთ პირობებში სულ უფრო და უფრო გაიზრდება „ხელის ამწევების“ როლი და მნიშვნელობა. დიახ, „ზევიდან“ მიღებული დირექტივების ზედმიწევნით შესრულება არც ისე რთულია, მითუმეტეს, ყველაფერზე ხელის აწევა, რაც მორალური თვალსაზრისით, ფეხის აწევისგან დიდად არ განსხვავდება!..
დანარჩენს არჩევნების მეორე ტურის დამთავრების შემდეგ ვიტყვი.
ზაურ ნაჭყებია