ივერიონი / „კომბლეს„ ორიგინალი, ანუ კომბლე - საბჭოთა გმირი, თუ ქრისტეს მოციქულობის სიმბოლო?!

„კომბლეს„ ორიგინალი, ანუ კომბლე - საბჭოთა გმირი, თუ ქრისტეს მოციქულობის სიმბოლო?!

დამახინჯებული „კომბლე“

 



„კომბლეს“ რამდენიმე ვერსია არსებობს. ეპოსს, თქმულებებს, როგორც წესი, ეს ახასიათებს!

ვერსიების სახელმწიფოებრივი ინტერპრეტირება მნიშვნელოვნად ახარვეზებს მთავარ სათქმელს, ხალხისეული ან კუთხეებისეული იტერპრეტირება კი მას, უბრალოდ, მოცემულ დროსა და სივრცესთან ასადაგებს.

ძირითადად, „კომბლეს“ ორ ვერსიას იცნობს ხალხი - ესაა ანიმაციური ვერსია ძროხის მონაწილეობით და პროზაული ვერსია ორი, ან სამი ცხვრის მონაწილეობით (თუმცა, კიდევ არის რამდენიმე ნაკლებცნობილი ვერსიაც). ორივე მათგანში მართლაც ჩანს სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის ჩარევა, რომელიც საბჭოურ ეპოქასთან კავშირში უნდა იყოს. ამიტომ, ჯეჯელავასეულ შეფასებას ისეთი მტკივნეული აღქმა არ უნდა მოყვეს, როგორიც მოhყვა. მას ასე ესმის და რა ქნას?!

თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ხშირად ჯეჯელავა საუბრობს თემებზე, რომლებსაც არ იცნობს. ასეა, მაგალითად, თუნდაც სკოლის დანიშნულების ჯეჯელავასეული (და არა პედაგოგიური ხედვა), მარტივად უნდა დავასკვნათ, რომ ჯეჯელავა არ იცნობს „კომბლეს“ - ცუდი მეცხვარეა და ამიტომ, რატომ ასწავლიანო, თქვა მან და  ამ განცხადებით საზოგადოება ანკესზე წამოაგო და კომბლეს, როგორც მეცხვარეს დამცველებიც კი გამოუჩდნენ. არადა, საბჭოურ ვერსიაშიც კი ზღაპარს ეწოდება „კომბლე“, ანუ ის არაა მეცხვარე. კლასიკური აბსურდია, ადამიანი განსაჯო იმ საქმეში, რომლის სპეციალისტიც არაა.


„კომბლე“ და „ძველი აღთქმა“

ორ თუ სამცხვრიანი კომბლეს პროზაული და ძროხიანი კომბლეს ანიმაციური შეცვლილი, მეოცე საუკუნის ვერსიები ერთი ზღაპრის გახლეჩვის შედეგია. ძველ ვერსიაში კი კომბლეს ჯერ ძროხა ჰყავს, ხოლო ძროხის გაყიდვის შემდეგ ის 4 ცხვარს ყიდულობს.

ეს ზღაპარი მერე მართლაც მოარგეს საბჭოეთს და ალბათ, ჯეჯელავას მისი ახალ ეპოქაზე მორგება სურს. მან ხომ სტალინის, ლენინის და ჰიტლერის მსგავსად ერთხელ ისიც განაცხადა, რომ მთავარი ამოცანაა ახალი ადამიანის შექმნა!

ორიგინალურ ვერსიაშიც კი კომბლეს ხელობა არც მწყემსობაა, არც მეცხვარეობა, ის კომბლეა. თუმცა, hყავს ჯერ ძროხა, მერე ცხვრები და სამართლიანად იცავს თავის ქონებას - ჯერ ძროხას, მერე - ცხვრებს.

ყოფითი ინტერპრეტირების გარდა ზღაპრები რელიგიურ სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებდნენ. ზღაპრები აკრიტიკებენ უსამართლობას და მხარს უჭერენ სიყვარულს, სამართლიანობას, სიკეთეს. ძველი, ორიგინალური ვერსიის „კომბლეს“ რელიგიური მხარეც ასე გამოიყურება:

ზღაპრის დასაწყისშივე ნათქვამია, რომ კომბლე გამრჯე, მშომელი ადამიანია. მისი საქმიანობა, კომბლების (სამართლიანობის სიმბოლო) თლაა. მას ხალხი ეძახდა კომბლეს - ანუ სამართლიანობის მოყვარულს. ძველი აღთქმა მჭიდროდაა დაკავშირებული სამართლიანობასთან. კომბლეს თავიდან მარტო ერთი ძროხა hყავს, რაც სიმბოლურად „ძველი აღთქმის“ ეპოქას მოასწავებს. ყველამ და ყველაფერმა იცოდა, რომ ძროხა კომბლესი იყო და მას ვერაფერს უბედავდნენ. ანუ, ყველას ჰქონდა ძველი აღთქმის სწავლებათა შიში.

ერთხელაც ძროხა ბერწი დარჩა. ანუ, მოვიდა დრო ძველი აღთქმის ეპოქის დასასრულისა. ეპოქისა, როდესაც რჩეულ ერს უნდა ჩამოერთვას სახარებისეული „ვენახი“ და სხვას გადეაეცეს. კომბლემ ძროხა გასაყიდად წაიყვანა და ყასბებს შეხვდა. ყასბები ძველი აღთქმის მღვდელმსახურებად შეგვიძლია განვიხილოთ, ქრისტეს მოსვლის დროს რომ იყვნენ და რომელთა ხელშიც ძველმა აღთქმამ ფასი დაკარგა.

ყასბები არწმუნებენ კომბლეს, რომ მისი ძროხა თხაა და თხის ფასადაც შეიძენენ. ისევე, როგორც, თავიანთი სურვილისამებრ ამახინჯებდნენ ისინი სჯულის სწავლებასა და მცნებებს.

აკი, ეუბნება კიდეც ქრისტე: „დაგიტევებიეს უმძიმესი შჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ. ესე ჯერ-იყო საქმედ და იგი არა დატევებად“ (მათე. 23.2.).

ასე გააუფასურეს სჯული და ღვთის სწავლება მწიგნობრებმა, ფარისევლებმა, მღვდელმსახურებმა
ყასბებმა ძროხა თხის ფასად იყიდეს და კომბლესსავე თხოვნით მას ძროხის კუდი დაუტოვეს. ანუ როგორც სახარებიდანაც ჩანს, ხსენებული პირები სრული მონოპოლისტები ხდებიან სჯულის მოძღვრებისა და აცხადებენ, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ ღვთის სწაველება, ამ დროს კი ყოველგვარ ფასს უკარგავენ უფლის მცნებებს!

ერთხელაც ყასაბი ძალიან ავად გახდა, რაც ნიშნავს ძველი აღთქმის მღვდელმთავართა უსჯულოებით განსაკუთრებულად დაავადებას და ცოდვებით მოწყვლას.

კომბლე მათ ძროხის კუდით ესტუმრა და კომბლით სცემა. აქ კომბლე სიმბოლრად იოანე ნათლისმცემელს განასახიერებს. ცემა კი ნიშნავს იოანე ნათლისმცემლის მხრიდან მწიგნობართა, სჯულის უხეირო მოძღვართა და ფარისეველთა დაუნდობელ მხილებას, მათ გამათრახებას, რასაც ისინი ცხადია, მძვინვარებით პასუხობდნენ („ნუ ჰგონებთ და იტყჳთ გულთა თქუენთა: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ძალ-უც ღმერთსა აღდგინებად ქვათა ამათგან ნაშობად აბრაჰამისა“ ლუკა. 3.8).

ყასაბი იძულებულია ორმაგი ფასი გადაუხადოს კომბლეს ძროხის საფასურში. კომბლემ რეალური ფასი აიღო, წავიდა და 4 ცხვარი იყიდა.


ნამდვილი „კომბლე“ და „ძველი აღთქმა“


ცხვრები, როგორც ვიცით, რელიგიური მნიშვნელობით უფლის სამწყსოს - მრევლის შესატყვისია. თავიდან 4 ცხვარი ყავს, რაც ქრისტეს სამწყსოს ოთხი მხარის დამცველობას აღნიშნავს.

ამ სიუჟეტს ამძაფრებს ისიც, რომ ჩამოივლის კიდეც ქრისტე ღმერთი გადაცმული და შეამოწმებს კომბლეს. ქრისტეს გადაცმულობას ორი მნიშვნელობა აქვს:

ერთი, როდესაც იგი დამდაბლებული ბეთლემში იშვა და ახალი სწავლება, ახალი კვერთხი შემოიღო, ხოლო მეორე მნიშვნელობა ისაა, რომ ბერიკაცი, გაჭირვებული, უცხო სტუმარი შესაძლოა სწორედ ქრისტე იყოს!

„ერთხელ იმ მხარეში ქრისტე-ღმერთმა ჩამოიარა, ნახა ეს ამდენი ცხვარი და თქვა:


- მოდი, ერთი, ამ ცხვრის პატრონს ვეწვევი და ვნახავ, რა კაცია, აბა თუ ამ სიმდიდრის შესაფერი გულუხვობაცა აქვსო. გადაიქცა მათხოვარა ბერიკაცად, მიადგა კომბლეს და სთხოვა:

- უსახლკარო კაცი ვარ და ერთ ღამეს შემიფარეო.


კომბლე ხელგაშლით შეეგება, მობრძანდით, სტუმარი ღვთისააო – დაუკლა ცხვარი, კარგა გაუმასპინძლდა და ბუმბულის ლოგინში დააძინა.

მეორე დილას ადგა ქრისტე-ღმერთი და უთხრა:

- რაკი ასეთი კეთილი კაცი ყოფილხარ და ცხვრები და კომბლებიც ასე ძლიერ გყვარებია, მე შენ ერთ ისეთ კომბალს გაჩუქებ, რომ რასაც ეტყვი, ყველაფერს აგისრულებსო“  „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“. (მათე. 25,40) ამბობს ქრისტე სახარებაში.

კომბალი სიმბოლურად „ახალი აღთქმის“ კვერთხია, რომელსაც ქრისტეს მოსვლის მერე უფრო მეტი ძალა ეძლევა, ქრისტე მას უკურთხებს და კომბალი სასწაულმოქმედი ხდება. კომბლე კი ამ მომენტიდან ქრისტეს მოციქულებსა და სამოციქულო ეკლესიას განასახიერებს.

ძველსავე ზღაპრიდან ჩანს, რომ, მართალია, კომბლემ თავიდან 4 ცხვარი იყიდა, მაგრამ ეს ცხვრები გამრავლდნენ, ისევე, როგორც, თავდაპირველად ქრისტეს სამწყსო მცირე იყო და შემდეგ კი გამრავლდა.

ზღაპრიდანაც ჩანს, რომ ქრისტეს სტუმრობის მერე ცხვარი მრავლდებოდა და მრავლდებოდა. აქ ჩვენ ვხვდებით შრომისა კურთხევას და კომბლეს შრომას. კომბლე გამრჯეა და თან იცის, რომ უფლის კურთხევის გარეშე შრომას ფასი არ აქვს!

ზღაპარში ჩანს, რომ სახელმწიფო არანაირ პირობას არ ქმნიდა განვითარებისთვის: „იმ ქვეყნის ხელმწიფე მეტისმეტად გულხარბი და შეუბრალებელი იყო. ვისაც კი ცოტა ქონებას დააგულებდა, შეუსევდა თავის ნაზირ-ვეზირებს და წაართმევდა. ხალხი შიშით საქმეს ვეღარ აკეთებდა“...

დღევანდელი გადასახედით ეს იგივეა, რომ სახელმწიფო ხელს უშლიდეს ბიზნესის განვითარებას, ხოლო რელიგიურად ესაა ამქვეყნიური სულის ბრძოლა ქრისტეს სამწყსოსთან, აკი ებრძოდნენ კიდეც იმპერატორები ქრისტეს ერს!

ბოლოს ხელმწიფემ გადაწყვიტა კომბლესთვისაც წაერთმია ქონება, ანუ მოესპო ქრისტიანობა.

„წავიდნენ ნაზირ-ვეზირები, გამოირეკეს მთელი ცხვარი და მოურეკეს ხელმწიფეს“ - მათ კომბლეს წაართვეს მთელი ფარა და არა საბჭოურ-ჯეჯელავასეული ორი ცხვარი.

კომბლე თავიდან მორჩილად მიდის ხელმწიფესთან და თხოვს ცხვრების დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ, პირიქით, თითქოს საფრთხეც ემუქრება, მაგრამ სწორედ აქ ეხმარება მას ღმერთი და კომბალი - იგივე კვერთხი, სწორედ კვერთხი უფლისა იხსნის მის ცხვრებს, ანუ როგორც ფსალმუნი გვეუბნება: „უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“.

არა მარტო ცხვრები იხსნა უფლის ძალამ, არამედ თავისი ერის მდევნელი ხელმწიფეც საბოლოოდ დაამარცხა. ესაა ქრისიტიანობის გამარჯვება და წარმართობის დამარცხება. ხალხიც სიხარულით ცას ეწია მეფის სიკვდილის გამო!


კომბლეს გაამეფებენ. ეს ნიშავვს ქრისტინობისა და ქრისტიანული ეკლესიის გამეფებას, ხელისუფლების გაქრსიტიანებას, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას. იმას, რომ ქრისტეს უხილავი ბატონობა აწმყოშიც გრძელდება ადასტურებს ზღაპრის ფინალი:


„ კომბლე დღესაც ტახტზე ზის, ისევ თლის კომბლებს და ჭერში აწყობს, მტყუანს, ხარბსა და გულბოროტს დღესაც თავში უჩაჩქუნებს, ხოლო ალალ-მართალსა და გულკეთილს ყველანაირად სწყალობს“!

P.S-ს მაგიერ: „რწყილი და ჭიანჭველა“

ზემონათქვამით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჯეჯელავამ ქართული ზღაპრები არასათანადოდ და ზერელედ იცის.

წესით ზღაპრები თავდაპირველი ვერსიით უნდა ისწავლებოდეს. მე პირადად მიმაჩნია, რომ საფუძველშივე ათახსირებს ბავშვის სულს „რწყილი და ჭიანჭველას“ თანამედროვე ვერსიის სწავლება. ესა ნეპოტიზმის, მექრთამეობის პროპაგანდა.

თუ მას არსებული ფინალით დავტოვებთ, კვლავ გაგრძელდება ბავშვების სულიერი დაბინძურება, მით უმეტეს, სახელისუფლებო პოლიტიკაც ხომ ნეპოტიზმს ეყრდნობა.

„რწყილი და ჭიანჭველა“ უნდა ვასწავლით, ორიგინალის მიხედვით, სადაც ნეპოტიზმი და მექრთამეობა ბავშვში ზიზღს გამოიწვევს. 

ორიგინალში კი, სამწუხაროდ, ჭიანჭველა სწორედ ნეპოტიზმს ეწირება და მისი გადარჩენა ვერ ხერხდება. ამაზე, ალბათ, მოგვიანებით“

დავით ფერაძე
ისტორიკოსი. პედაგოგი.

14-11-2016, 17:40
უკან დაბრუნება