დღეს ჩვენი ქვეყანა მრავალი საფრთხის წინაშეა, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე თანამედროვე უცხოური ინვესტიციებია. თუმცა, ეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი მსოფლიოს ქვეყნებისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა!
ამ სიტყვების სამართლიანობაში წინამდებარე სტატიაც დაგარწმუნებთ, რომელიც ხანგრძლივი დროის კვლევების შედეგია - ნახავთ იმას, თუ როგორ ვანგრევთ ჩვენს ქვეყანას ჩვენივე ხელით - ჩვენ თვითონვე როგორ ვუწყობთ საკუთარ მოსახლეობას ეკონომიკურ გენოციდს.
დიდი ხანია ეკონომიკურ პრობლემებს ვიკვლევ. მრავალ სხვა საკითხთან ერთად წლების წინ ინვესტიციების შესწავლაც დავიწყე. თავიდან მაინტერესებდა, სად და რომელ ქვეყნებში ახდენდა ინვესტორი ფინანსური რესურსების ინვესტირებას.
კვლევამ დამარწმუნა, რომ უცხოელი ინვესტორები საქართველოში მრავალჯერ იაფად ყიდულობდნენ უძრავ ქონებას, ვიდრე, მისი რეალური საერთაშორისო ფასი იყო.
ნიშანდობლივია ისიც, რომ უცხოელი ინვესტორები ყიდულობდნენ მხოლოდ სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს - ობიექტებს რომელთა პროდუქციასაც გარანტირებული 100 %-იანი რეალიზაცია და გარანტირებული მოგება აქვს, იწყებდნენ ბიზნესებს, რომლებსაც ძალიან მცირე ფინანსური რესურსი სჭირდება და ყოველწლიურად სოლიდური მოგება მოაქვს!
ასე მაგალითად, „თელასის“ პრივატიზციის შესწავლის დროს სოცარი ფაქტები აღმოვაჩინე - ეს სტრატეგიული ობიექტი უცხოელმა ინვესტორმა პრაქტიკულად მუქთად ჩაიგდო ხელში. მეტიც, ერთ წელიწადში ჩადებული თანხა სამმაგი მოგებით ამოიღო. როცა შევარდნაძის მთავრობას უცხოელი ინვესტორის მოქმედებები არ მოეწონა და ქვეყნიდან გასვლა მოსთხოვა, ამის სანაცვლოდ უცხოელმა ინვესტორმა 2,0 მილიარდი დოლარი მოითხოვა, ანუ 80-ჯერ მეტი, ვიდრე ჩადებული თანხა ჰქონდა..
ჯერ კიდევ მაშინ, მე-20 საუკუნის ბოლოს, სერიოზული ეჭვები გამიჩნდა ინვესტიციების „სიკეთეში“, არადა, პრესა, ტელევიზია, მთავრობა, ექსპერტები, ეკონომისტები... ყველა საუბრობდა იმაზე, თუ როგორ მოგვეზიდა ქვეყანაში უცხოელი ინვესტორები. ასეთი ეიფორიის ვითარებაში, აზრადაც არ მომსვლია, თუ რა უბედურების მომტანია ასეთი „კაპიტალდაბანდება“ ჩვენნაირ ქვეყანაში.
ფაქტია, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ინვესტორებს სასათბურე პირობები შეუქმნეს - ჩვენს ლექსიკაში გაჩნდა ახალი ტერმინი „საინვესტიციო გარემო“. ყველაფერი კეთდებოდა საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად - უცხოური კაპიტალით შექმნილი კომპანიები სხვადასხვა გადასახადებიდან გაანთავისუფლეს.
ახლა, მაშინდელ პერიოდს რომ ვიხსენებ, ვრწმუნდები იმაში, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა დავღუპოთ დაუფიქრებლად და აბსოლუტურად გაუაზრებელი მოქმედებებით, აბსოლუტურად ფანატური დოგმებით და საყოველთაოდ აღიარებული სისულელეებით, თუმცა დღესაც იგივე გრძელდება - თითქმის არაფერი შეცვლილა.
როგორც ზემოთ ვთქვი, უცხოელი ინვესტორები ყიდულობდნენ სტრატეგიულ ობიექტებს, რომელთა პროდუქციაც გარანტირებულად 100 % იყიდება - ფულს დებდნენ იმ საქმეებში, სადაც კონკურენცია ან მინიმალურია, ან საერთოდ არ არის. ინვესტირებას ახდენდნენ (და ახდენენ) ისეთ საქმიანობაში, სადაც დიდი ფული არ სჭირდება, მაგრამ სოლიდური ყოველწლიური მოგება მოაქვს.
შედეგი? უცხოური ინვესტიციების წყალობით ქვეყნის ქონებას და ბუნებრივ სიმდიდრეებს ვკარგავდით. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოდიოდა, ეს ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე არანაირად არ აისახებოდა. პირიქით, რაც უფრო იზრდებოდა ინვესტიციების მოცულობა, მით უფრო მატულობდა პროდუქციის ფასები და მოსახლეობის მცირე პროცენტის გარდა, დიდი ნაწილი უფრო ღარიბდებოდა!
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეროვნული ვალუტის - ლარის კურსი უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში და ინფლაცია გახდა მთავარი ფაქტორები, რის გამოც მოსახლეობა ღარიბდებოდა - მათი ცხოვრების პირობები ყოველწლიურად უარესდებოდა და მძიმდებოდა. ასეთი ვითარებები ადრეც იყო, მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უფრო გამძაფრდა და გამოკვეთილად თვალშისაცემი გახდა.
ცხოვრების პირობების გაუარესება 25 წელია მიმდინარეობს, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის იქეთაც კატასტროფა, ქვეყნის დაღუპვაა. ჩემი აზრით, ჩვენ ამ ზღვართან უკვე ძალიან ახლოს ვიმყოფებით, უფრო სწორად, ამ ზღვარზე ვართ!
არ ვაჭარბებ: არსებული ვითარების გართულებამ შეიძლება შეუქცევადი კატასტროფული შედეგები გამოიღოს. ამ ვითარების მთელი ტრაგედია იმაშია, რომ ამას ვერ ხვდებით ან ვხვდებით და არაფერს ვაკეთებთ თავიდან ასაცილებლად.
თუ ხატოვნად ვიტყვით, დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა, ოკეანეში დაძრულ იმ ცუნამს ჰგავს, რომელიც სანაპიროს წალეკვით ემუქრება, მაგრამ სანაპიროს მცხოვრებლებმა არაფერი იციან ამის შესახებ.
უცხოური ინვესტიციები ზუსტად ასეთი „ცუნამია“ ჩვენი და ჩვენნაირი ქვეყნების ეკონომიკებისთვის.
სამი წლის წინ ეროვნულ ვალუტასთან, ლართან დაკავშირებული პრობლემების შესწავლისას (როცა დავიწყე იმ ფაქტორების კვლევა), საოცარი რამ აღმოვაჩინე: აღმოჩნდა, XIX-XX საუკუნეების უცხოური ინვესტიცია აბსოლუტურად განსხვავდება XXI საუკუნის ინვესტიციებისგან. XIX-XX საუკუნეში უცხოური ინვესტიციის ყოველი მილიონი დოლარი ასობით, ზოგჯერ კი ათასობით სამუშაო ადგილს ქმნიდა. შემოსული ინვესტიციების მიერ შექმნილი პროდუქციის ღირებულების დიდი ნაწილი ქვეყანაში რჩებოდა. ამასთან ერთად, გარკვეული თანხა მიდიოდა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადსახადების სახით, რომელიც ასევე ქვეყანაში რჩებოდა, ქვეყნიდან კი მხოლოდ მცირე ნაწილი - ინვესტორის მოგება გადიოდა.
XXI საუკუნეში, თანამედროვე ტექნიკის და ტექნოლოგიების პირობებში, ვითარება სრულიად შეიცვალა. წარმოების პროცესები მთლიანად, ან უდიდესი ნაწილი ავტომატიზირებული გახდა და ძალიან მცირე ოდენობის დასაქმება ხდება. წარმოებაში, სადაც წინათ რამდენიმე ათასი მუშა იყო დასაქმებული, დღეს რამდენიმე ათეული ოპერატორი მუშაობს. XX საუკუნის ბოლოს გამოჩდნენ „მოაზროვნე მანქანები“, რომლებმაც შესაძლებელი გახადა საწარმოო პროცესების კონტროლი და ამ პროცესებში ადამიანის სრულად ჩანაცვლება, ანუ ადამიანის შრომის საწარმოო პროცესებიდან სრული გამოდევნა.
თანამედროვე ცივილიზაციისა და „მოაზროვნე მანქანების“ პირობებში დასაქმება „მიზერულია“. აქედან გამომდინარე, უცხოური ინვესტიციები დასაქმების კუთხით აბსოლუტურად არაეფექტურია და არაფერს არ ცვლის, პირიქით, აუარესებს კიდეც -არსებული ტექნოლოგიების ახალი ტექნოლოგიებით ჩანაცვლების შედეგად უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის სახით.
ამრიგად, ის ხიბლი, დიდი პლიუსი და უპირატესობა რაც XIX-XX საუკუნეებში უცხოურ ინვესტიციებს ჰქონდა, „დასაქმება“ იყო, რომელიც თანამედროვე XXI საუკუნის ინვესტიციებს არ გააჩნია.
ახლა კი საკუთარ ვალუტას დავუბრუნდეთ - ლართან დაკავშირებული პრობლემების შესწავლისას, კიდევ ერთი საოცარი რამ აღმოვაჩინე: უცხოური ინვესტიციები ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს ერთჯერადად, მხოლოდ შემოსვლის მომენტში. რაც შეეხება უარყოფითს, გააჩნია უსასრულოდ მრავალჯერადი უარყოფითი მოქმედება, რომელიც ყოველწლიურად ვლინდება უცხოელი ინვესტორის მიერ ქვეყნიდან მოგების გატანის დროს. აქ უკვე აშკარად და ღიად გამოჩნდა უცხოური ინვესტიციების უარყოფითი მოქმედება!
დადგინდა ისიც, რომ ინვესტიციების ყოველწლიური მოგების სიდიდე და ამოღების პერიოდი ერთმანეთთან კავშირშია - რაც უფრო მცირეა ამოღების პერიოდი, მით უფრო დიდია უცხოელი ინვესტორის წლიური მოგება და ინვესტორის მიერ ყოველწლიურად ქვეყნიდან გასატანი ვალუტის მოცულობა.
უცხოური ინვესტიციის ქვეყნის ეკონომიკაზე და ეროვნულ ვალუტაზე უარყოფითი მოქმედება მით უფრო ძლიერია და ქვეყნისთვის უცხოური ინვესტიციები მით უფრო საშიშია, რაც უფრო მცირეა ამოღების პერიოდი!!!
აქ ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს ინვესტიციის ამოღების პერიოდი და ინვესტიციის ქვეყნიდან გატანა. ინვესტიციის ამოღების პერიოდი ესაა ინვესტიციის ტოლფასი ფულადი თანხის მოგების სახით მიღება. ინვესტიციის ქვეყნიდან გატანა კი ინვესტორის ქვეყნიდან წასვლას და ქვეყანაში ჩადებული მთლიანი კაპიტალის გატანას ნიშნავს!
უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი ინვესტორებს ამოაქვთ ერთ წელიწადში, ანუ ყოველწლიური მოგება ასეთი ინვესტიციების შემთხვევაში 100%-ზე მეტი სამნიშნა ციფრია.
დიახ, როგორც „წესი“, ინვესტიციების უდიდესი ნაწილის ამოღება ხდება 1-3 წელიწადში!
ანალიზი აჩვენებს, რომ ასეთი ინვესტიციები მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ნგრევას და მოსახლეობის გაღატაკებას უწყობს ხელს!!!
მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში შედის გარკვეული თანხები, ქვეყნის და მოსახლეობის მდგომარეობა იმდენად მძიმდება, რომ მრავალჯერ უფრო დიდი თანხა არ გვეყოფა მისი კომპენსირებისთვის. ერთი სიტყვით, ბიუჯეტის შევსებისას მნიშვნელოვანია, რის ფასად ხდება იქ თანხების აკუმულირება?!
სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლებების მთავარი მიზანი სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებაა და არ აინტერესებთ, რის ფასად!!!
როგორც ვთქვი, უცხოური ინვესტიციები ეროვნულ ვალუტაზე დადებითად მოქმედებს ერთჯერადად, მხოლოდ შემოტანის დროს. იმისათვის, რომ ადრე შემოსული ინვესტიციების უარყოფითი მოქმედება განეიტრალდეს, საჭიროა ახალი ინვესტიცია, რომლის მოცულობა ტოლი უნდა იყოს ადრე შემოსული ინვესტიციებით მიღებული მოგების (ქვეყნიდან გასატანი ვალუტის) სიდიდისა.
ამ პროცესში რომ კარგად გავერკვეთ, მოვიყვანოთ მაგალითი: დავუშვათ ქვეყანაში ყოველწლიურად შემოვიდა 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, ამოღების პერიოდი ვთქვათ სამი წელია, ანუ წლიური მოგება დაახლოებით 33,33 %. ეს პროცესი 1 ცხრილშია მოყვანილი.
ცხრილი 1. უცხოური ინვესტიციის ეკონომიკაზე მოქმედების ცხრილი, ინვესტიციის ამოღების პერიოდი 3 წელი (წლიური მოგება 33,33%), ყოველწლიური საშუალო მოცულობა 1,5 მილიარდი დოლარი.
(მილიარდ დოლარში)
(ცხრილის 1-ლ სვეტში მოცემულია წლები, მე-2 სვეტში ინვესტიციების საშუალო ოდენობა, რომელიც ყოველწლიურად შემოდის ქვეყანაში, მე-3 სვეტში ნაჩვენებია უცხოური ინვესტიციის მთლიანი მოცულობა წლების მიხედვით, 4 სვეტი აჩვენებს ყოველწლიურად ქვეყნიდან გატანილ უცხოურ ვალუტას, მე-5 სვეტი - ინვესტიციებიდან დარჩენილ ნაშტებს, მე-6 სვეტში ნაჩვენებია ქვეყნიდან გატანილი ვალუტის მთლიანი რაოდენობა წლების მიხედვით, მე-7 სვეტი წარმოდგენას გვაძლევს უცხოური ვალუტის ადგილობრივ ეკონომიკაზე, მოქმედების დადებით და უარყოფით შედეგებზე წლების მიხედვით).
ცხრილიდან კარგად ჩანს, ივნვესტიციის უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე წლების მიხედვით. მე-3 სვეტში ნაჩვენებია ინვესტიციების ჯამური მოცულობა, რომელიც 10 წლის განავლობაში ქვეყანაში შემოვიდა. იგი 15,0 მილიარდ დოლარია. მე-6 სვეტში კი ვხედავთ, რომ იმავე პერიოდში (10 წელიწადში) ქვეყნიდან გასული ვალუტის ჯამური ოდენობა 27,5 მილიარდი დოლარის ტოლია. ხოლო, 15 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გატანილი უცხოური ვალუტა 52,5 მილიარდი დოლარს შეადგენს, ე.ი. ქვეყნიდან გადის 3,5 ჯერ მეტი უცხოური ვალუტა, ვიდრე შემოვიდა.
ცხრილი წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, რომ 4 წლის შემდეგ უცხოური ინვესტიციის დადებითი მოქმედება ჩერდება. ამავე დროს, ყოველი ახალი ინვესტიცია კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას (არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ყოველი ახალი ინვესტიციის ქვეყანაში შემოსვლისას ქვეყანა ქონების მნიშვნელოვან ნაწილს კარგავს, რომელიც ინვესტორის საკუთრებაში გადადის)!
ცხრილი 2. უცხოური ინვესტიციის ეკონომიკაზე მოქმედება, ინვესტიციის ამოღების პერიოდი - 2 წელი (წლიური მოგება 50%), ყოველწლიური საშუალო მოცულობა 1,5 მილიარდი დოლარი.
(მილიარდ დოლარში)
აქ მოცემულია უცხოური ინვესტიციების მოქმედება, როცა ამოღების პერიოდი 2 წლია. მე-3 სვეტში ვხედავთ, რომ 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში შემოსული ინვესტიცია კვლავ 15,0 მილიარდ დოლარია. რაც შეეხება იმავე პერიოდში (10 წელიწადში) ქვეყნიდან გასული ვალუტის ჯამურ ოდენობას - 40,25 მილიარდი დოლარის ტოლია. ხოლო 15-ი წლის განმავლობაში ქვეყნიდან გატანილი უცხოური ვალუტა 77,75 მილიარდ დოლარს შეადგენს, ანუ, ქვეყნიდან გადის 5,18 ჯერ მეტი უცხოური ვალუტა, ვიდრე შემოვიდა. მე-7 სავეტში აქ უკვე ვხედავთ, რომ 2 წლის შემდეგ უცხოური ინვესტიციის დადებითი მოქმედება ჩერდება. ამავე დროს, ყოველი ახალი ინვესტიცია კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. ნათელია ისიც, რომ ქვეყანაში ინვესტიციით ყოველწლიურად შემოტანილი 1,5 მილიარდი დოლარი, თანდათან როგორ გარდაიქმნება ქვეყნიდან ყოველწლიურად გასატან 7,5 მილიარდ დოლარად.
მე-3 ცხრილში მოყვანილია იგივე მოცულობის საშუალო წლიური ინვესტიცია, სადაც ამოღების პერიოდი 1 წელია, ანუ წლიური მოგება 100%-ია.
ცხრილი 3. ინვესტიციის ამოღების პერიოდი - 1 წელი (წლიური მოგება 100%), ივესტიციის ყოველწლიური საშუალო მოცულობა 1,5 მილიარდი დოლარი.
(მილიარდ დოლარებში)
ვნახოთ, როგორ მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე 100%-იანი მოგებით მოქმედი უცხოური ინვესტიციები.
წინამდებარე ცხრილში მოცემულია უცხოური ინვესტიციების მოქმედება, როცა ამოღების პერიოდი 1 წელია. ცხრილიდან ჩანს, რომ 10 წლის განავლობაში ქვეყანაში შემოსული ინვესტიცია კვლავ 15,0 მილიარდ დოლარია. რაც შეეხება იმავე პერიოდში (10 წელში) ქვეყნიდან გასული ვალუტის ჯამური ოდენობას, 82,5 მილიარდი დოლარის ტოლია და 15-ჯერ აღემატება ამავე პერიოდში უცხოური ინვესტიციებით შემოსულ თანხას. 15 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გატანილი უცხოური ვალუტა 157,5 მილიარდი დოლარია, ანუ ქვეყნიდან გადის 10,5-ჯერ მეტი უცხოური ვალუტა, ვიდრე იგი უცხოური ინვესტიციებით შემოვიდა.
ცხრილიდან ჩანს, რომ პირველივე წელს უცხოური ინვესტიციის შედეგი ნოლია, შემდეგ მხოლოდ უარყოფითი შედეგები დგება. ამავე დროს, ყოველი ახალი ინვესტიცია კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. ამავე ნიშანდობლივია ისიც, რომ ქვეყანაში ინვესტიციით ყოველწლიურად შემოტანილი 1,5 მილიარდი დოლარი თანდათან გარდაიქმნება ქვეყნიდან ყოველწლიურად გასატან, ამჯერად უკვე 15,0 მილიარდ დოლარად.
დასკვნა მარტივია: ასეთ უცხოურ ინვესტიციებს საერთოდ არანაირი დადებითი ეფექტი არა აქვს. პირიქით, იგი ანგრევს ქვეყნის მთელ ეკონომიკას, უფრო ზუსტად, მიწასთან ასწორებს, ხოლო მის მოსახლეობას მიწაში დებს!
ერთი სიტყვით, რაც უფრო დიდია ყოველწლიური საშუალო უცხოური ინვესტიციის მოცულობა, მით უფრო ძლიერია ნგრევის ძალა და ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიური ზემოქმედება.
რაც ყველაზე ნიშანდობლივია, უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებენ ეროვნულ ვალუტაზე და განაპირობებენ მის ყოველწლიურ დევალვაციას.
ცხრილებიდან ასევე კარგად ჩანს, რომ უცხოური ინვესტიციების უარყოფითი მოქმედება მით უფრო ძლიერია და დამანგრეველია, რაც უფრო მოკლევადიანია ინვესტიცია.
რა შეიძლება ითქვას გრძელვადიან ინვესტიციებზე?
ქვეყანაში უცხოელი ინვესტორი გრძელვადიან ინვესტიციას დებს იმ შემთხვევაში, თუ ინვესტიციის მოცულობა დიდია, ხოლო, ქვეყნის ეკონომიკა სტაბილური. ეს მცირე ქვეყნებისთვის დროში გადატანილი ნგრევის პროცესია.
იმისათვის, რომ უცხოური ინვესტიციების უარყოფითი მოქმედება განეიტრალდეს, ყოველწლიურად საჭიროა ქვეყანაში შემოვიდეს იმ მოცულობის ინვესტიცია, რომელიც თავის რაოდენობით გადაფარავს ადრე შემოტანილი და მიმდინარე ინვესტიციებით გასატანი მოგების ოდენობას.
თუმცა, ეს არის „ინვესტიციური პირამიდა“, რომელიც საბოლოოდ ინგრევა და კატასტროფული შედეგებით მთავრდება. ზუსტად იგივე დაემართება უცხოური ინვესტიციებით შექმნილ პირამიდას ქვეყნისთვის გაცილებით უფრო მძიმე შედეგებით.
თუ ადგილობრივი ძალებით ქვეყანა პროდუქტს ვერ ქმნის, თანამედროვე უცხოური ინვესტიციებით პროდუქციის შექმნას, მისი იმპორტით შემოტანა სჯობს!.
რატომ?
იმიტომ, რომ თუ უცხოური ვალუტა შეგვიმცირდა, ან ქვეყანაში აღარ შემოდის, იმპორტი შემცირდება, ან აღარ შემოვა. როცა უცხოური ინვესტიციით პროდუქციას ვაწარმოებთ, მოგება მაინც გასატანი იქნება ქვეყნიდან და ქვეყნის ეკონომიკაზე უცხოური ინვესტიციის უარყოფითი მოქმედება მაინც გვექნება.
ქვეყნისთვის ცალკე კატასტროფაა, როცა უცხოური ინვესტიციები, მიზეზთა გამო (რომელიც წინასწარ არ არის ცნობილი), მასიურად გააქვთ ქვეყნიდან. როცა უცხოური ინვესტიციები ქვეყანას ტოვებს, კარგია, მაგრამ ცუდია ის დამანგრეველი შედეგები, რასაც უცხოური ინვესტიციები ქვეყნიდან გასვლის მომენტში და გასვლის შემდეგ ტოვებს.
ასეთ შემთხვევებში ადგილობრივ სავალუტო ბაზარზე წარმოიშობა კოლოსალური მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, ასეთ ზეწოლას კი არამც თუ სუსტი ქვეყნების ეკონომიკა, ძლიერი ქვეყნების ეკონომიკებიც ვერ უძლებენ!
რომ დავრწმუნდეთ იმაში, ქვეყნის რა დონის ძარცვასთან გვაქვს საქმე, მოვიყვანოთ პატარა შედარება: ადამიანმა იყიდა სახლი, გადაიხადა მაგალითად 50 000 დოლარი. ყველაზე დიდი შემოსავალი, რაც სახლის გაქირავებით შეძლება მიიღოს 3000-3600 დოლარია (მაქსიმუმ 300 დოლარი თვეში). ანუ ინვესტიცია რომელიც ჩვეულებრივმა ადამიანმა განახორციელა, წელიწადში მაქსიმუმ 7,2%-ი მოგებას იძლევა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინვესტიციის ამოღების პერიოდი 14 წელია.
ჩვენ თვალნათლად ვაჩვენეთ ის, თუ რა იწვევს ქვეყნის ნგრევას და მოსახლეობის ეკონომიკურ გენოციდს. თვალნათლივ ჩანს ისიც, თუ რატომ ვერ ვაჩერებთ ეროვნული ვალუტის დევალვაციის პროცესს.
და ბოლოს: ამ სტატიის მიზანია დავანგრიოთ მითი უცხოური ინვესტიციების „ყოვლისშემძლეობის“ შესახებ, ვიფიქროთ ქვეყნის შენებაზე საკუთარი ძალებით, შესაძლებლობებით და არ მივუგდოთ იგი უცხოელ მძარცველებს სათარეშოდ და საძარცვად.
და კიდევ: საჭიროების შემთხვევაში უცხოეთიდან უნდა მოვიზიდოთ და ეკონომიკაში დავაბანდოთ დაბალ პროცენტიანი გრძელვადიანი უცხოური კრედიტები, რომელთა ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი მოქმედება მრავალჯერ უფრო ნაკლებია (ყოველწლიურად 1,5 მილიარდი დაბალპროცენტიანი უცხოური კრედიტის მოზიდვის და 10 წელიწადში 15,0 მილიარდი დოლარის შემთხვევაში ყველაზე დიდი თანხა, რასაც ქვეყანა 15 წლის განმავლობაში კრედიტზე გადახდილი პროცენტის სახით დაკარგავს, 5-7 მილიარდი დოლარი იქნება, ანუ საშუალოდ წელიწადში 0,33-0,45 მილიარდი. კრედიტის სრულად გასტუმრების შემდეგ კი აღარაფერი იქნება გასატანი, ანუ კრედიტის მოქმედება მხოლოდ დროებითია!).
დიახ, თუ უცხოური კრედიტები ქვეყნის ეკონომიკაში ჭკვიანურად იქნა განთავსებული და რეალური პროდუქტის შექმნას მოემსახურება, მაშინ, მათი დადებითი მოქმედება მრავალჯერ მეტი იქნება, ვიდრე, მისი უარყოფითი შედეგები.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უცხოური კრედიტები ნულოვანი და უარყოფითი ეკონომიკური ეფექტითაც კი ბევრად ნაკლებ ზარალს აყენებს ქვეყანას, ვიდრე უცხოური ინვესტიციები!!!
ნასყიდა დარბუაშვილი