დღეს ე.წ. ექსპერტებიდან დაწყებული, ჩინიანი თუ უჩინო ეკონომისტებით გაგრძელებული და ვიშ-ვიშა ფეისმომხმარებლებით დამთავრებული, ყველა თავქუდმოგლეჯით გაქცეულ და ვერშეჩერებულ ლარზე საუბრობს!
საუბრობენ ზერელედ, უკიდურესი ემოციებით, ზოგჯერ კომპეტენტურადაც, მაგრამ, ყველა ერთი და იგივე შეცდომას უშვებს-ხელს მევახშედქცეული კომერციული ბანკებისკენ ან სები-სკენ (საქართველოს ეროვნული ნანკი) იშვერენ და მთავარ დამნაშავეს რატომღაც ცივ ნიავს არ აკარებენ!
ვინც ეკონომიკის ანა-ბანა იცის, დამეთანხმება, რომ ეროვნული ვალუტის მედეგობაზე გავლენას სხვადასხვა ფაქტორები ახდენენ, მათ შორის, უმთავრესი მაინც ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობაა.
თუმცა, არსებობს ვალუტის გაუფასურების შემაკავებელი ფაქტორებიც, რომლის ბერკეტები ხელში ხელისუფლებას უჭირავს!
როცა ლარის გაუფასურების სუბიექტურ ფაქტორზე ვსაუბრობთ, სწორედ სებ-ის დანაშაულებრივი მოქმედებები თუ უმოქმედობა იგულისხმება. თუმცა, სებ-ი არ არის ზეციდან მოვლენილი „ურჩხული"-იგი საქართველოს ხელისუფლების შემადგენელი ნაწილია და მის არაკომპეტენტურ თუ ხელოვნურად დამამძიმებელ გადაწყვეტილებებზე სწორედ ხელისუფლებაა (პარლამენტი, მთავრობა) პასუხისმგებელი...
დიახ, მთავრობას სებ-ის სახით ხელში უჭირავს ბერკეტი მადაგაძლიერებული კომერციული ბანკების „მოსათვინიერებლად", მაგრამ, იგი ამას არ იყენებს. პირიქით, სწორედ სებ-ი თავისი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით თვითონ გვევლინება ეროვნული ვალუტის გაუფასურების მთავარ სტიმულატორად (ფულის მასის ბაზარზე დამატებით გამოტანა).
ამ დანაშაულებრივი შეთანხმების (იგულისხმება სებ-ისა და კომერციული ბანკების შეთანხმებული თამაში) მიზანი არა მხოლოდ კომერციული ბანკების და ზოგადად, საბანკო მაფიის ჯიბის გასქელებაა, არამედ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის უკიდურეს სიღატაკეში გადაყვანაც, რომელიც უახლოეს მომავალში ერისთვის ფატალური შედეგით შეიძლება დასრულდეს!
სებ-ის (შესაბამისად, საკონსტიტუციო უმრავლესობის) დანაშაულებრივი დუმილი, ხშირ შემთხვევაში კი ცინიკური განცხადებები, მაფიქრებინებს, რომ შეგნებულად მივყავართ სასაკლაოსკენ. ამ დროს კი ჩვენი „აღშფოთება" სოციალურ ქსელს არ სცილდება, რაც ახალ-ახალი „სიურპრიზისკენ" უბიძგებს ხელისუფლებას!
დიდი ილიას უკვდავი ფორმულა: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს" მარტო ქართული მიწის პატრონობას (რომელიც შაგრენის ტყავივით დაპატარავდა და რაც დარჩა, იმასაც ხეირიანად ვერ ვპატრონობთ) და ფორმალურ დამოუკიდებლობას არ გულისხმობს-კი ვართ იურიდიულად დამოუკიდებლები, მაგრამ, საკუთარი ჯიში და ჯილაგი თავისი გაუმაძღრობით და მოღალატური პოლიტიკით სასაკლაოსკენ გვერეკება!
მორალი: ნუ შევეგუებით ყველაფერს, მითუმეტეს, როცა ჩვენი უმოქმედობით საფრთხეს ვუქმნით საკუთარ მომავალს!
ვფიქრობ, არ იქნება გაზვიადებულად ნათქვამი, თუ ვიტყვი: აქედან სახელმწიფოს სრულ კატასტროფამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია!!!
ზაურ ნაჭყებია