ივერიონი / მიხეილ ჯიბუტი: საქართველოს ეკონომიკა ხელისუფლებამ მოლიპულ გზაზე შეიყვანა!

მიხეილ ჯიბუტი: საქართველოს ეკონომიკა ხელისუფლებამ მოლიპულ გზაზე შეიყვანა!

2016 წლის 1 დეკემბერს მე ბევრს დავურეკე და მეც ბევრმა ადამიანმა დამირეკა. მათ შორის იყო ერთი გამორჩეული ზარი. არა იმით, რომ ის ჩემთვის საპატივცემულო პიროვნებას ეკუთვნოდა, არამედ, მის მიერ პირდაპირ დასმული კითხვით: „კი მაგრამ რატომ არაფერს ამბობ იმაზე თუ რა ხდება ლართან დაკავშირებით?“ (მხედველობაში ჰქონდა ა.წ. 1 დეკემბერს სავალუტო ბაზარზე დოლარის ნახტომისებური გაძვირება რამოდენიმე საათით, როდესაც 1 აშშ დოლარი 2 ლარი და 75-80 თეთრი გახდა, მაშინ როდესაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით მისი ფასი 2 ლარი და 54 თეთრი /2,5352 ლარი/ იყო).

ჩემი პასუხი არ იყო მოკლე, თუმცა შემაჯამებლად ვუთხარი: „ლაპარაკს ახლა უკვე აზრი არ აქვს. ახლა, რაც უფრო ნაკლები იქნება ლაპარაკი, უკეთესია-მეთქი“.

ცოტა ნაწყენი იყო და მე ეს წყენა ვერ გავუქარვე.

ის გაანაწყენა იმან, რომ როდესაც ლარის „ჭენებაზე“ მოიკითხა ახსნა-განმარტება, აღმოჩნდა, რომ ასეთი რამ არ არსებობს!

ყველაზე მეტი ამ საკითხთან დაკავშირებით ეს იყო ოფიციოზისა და „ექსპერტების“ განცხადებები.

არც ერთი სამთავრობო, თუ სამეცნიერო ინსტიტუტის ანალიზი, არც ერთი ხედვა, არც ერთი თეორიული თუ პრაქტიკული რჩევა.

ასეთ პირობებში მანაც ისეთი დასკვნა გააკეთა, როგორც უმრავლესობამ.

უმთავრესი დასკვნა იყო, რომ ვიღაცა საქმეს აფუჭებს, და ვიღაცას ვიღაცის თავიდან მოშორება უნდა ხელისუფლებაში. ამიტომ, საჭიროა პროკურატურა და ვიღაცის დასჯა. არგუმენტად მოჰყავდათ ეკონომიკის „ექსპერტის“ დასკვნა, რომელიც შეთქმულებაზე ალაპარაკდა.

ეს პოზიცია აბსოლუტურად ირაციონალურია.

სინამდვილეში მოხდა დაგუბებული წყლის მიერ ჯებირის გადმოქცევის მსგავსი რამ, რაც დიდი ხნის მანძილზე ჯებირში გაჩენილი ბზარებით იყო გამოწვეული. მოხდა შენობის ხანძრის კულმინაციის დროს სახურავის ჩამოქცევის მსგავსი რამ, რაც სახლის კარგა ხნის წვის შედეგად მოხდა.

ხანძრის დროს რომ გამოხტნენ „ექსპერტები“ და დაიწყეს ხელების თბობა -საქმეა?

ამ დროს ხანძარი უნდა ჩაქრეს - ამას „ექსპერტებმა“ შეუძლიათ ერთი რამით - ენაზე კბილის დაჭერით შეუწყონ ხელი.

მთავარი მოქმედი პირი ამ დროს უნდა იყოს ხელისუფლება. მისი ინსტიტუტები. უნდა მოხდეს ხელისუფლების შტოს ერთიანობის დემონსტრირება. მათი სამოქმედო გეგმის მოსახლეობისთვის გაცნობა. მმართველი პოლიტიკური გუნდის კონსულტაციები პოლიტიკურ, სამეცნიერო, საზოგადოებრივ სპექტრთან.

რა მივიღეთ?

ხელისუფლების სრული დეზორგანიზაცია (ლარი გაექანა და რა ხდება - ხომ წარმოგიდგენიათ, ბაზალეთთან რუსის ტანკი რომ გაექანოს რა იქნება?).

ვინ რას აცხადებდა და ამბობდა ოფიციოზიდან არა კვლევის, არამედ პოლიტიკური კურიოზების კრებულში შესაკრები საქმეა.

- არ დაიჯეროთ, რასაც ხედავთ!

- უკეთესია ლარის გაუფასურება - დოლარით მეტი ლარი არ „მოდის“?

- ველოდებით ლარის დასტაბილურებას...

- ჩვენ ვფიქრობთ,.. იმედია,.. ამის მიზეზი არ იყო და რა მოხდა ნეტავ?.. ფაქტორები ამოწურულია... არ უნდა მომხდარიყო...

კი არ უნდა ელოდოს ხელისუფალი, არამედ, უნდა იმოქმედოს!

ამისათვის ჯერ ხანძარი უნდა ჩააქროს და შემდეგ ხანძრის შედეგები უნდა აღმოფხვრას, ხოლო, შემდეგ უკეთესი სახლი უნდა ააშენოს.

ასეთი უნდა იყოს საზოგადოებრივი დაკვეთა.

ამიტომ არასწორია ექსპერტები, რომლებიც სპეკულანტების მოძებნასა და დასჯას ითხოვენ.

საქართველოში დღეს პირველი 100 უმდიდრესი კაცი სპეკულანტობითაა გამდიდრებული.

სპეკულანტობა კანონიერია კაპიტალიზმის დროს.

ამასთან, ლარის კურსის ნახტომმა ნიშანი მისცა ყველას, თუ სად იყო იმჟამინდელი „ჭეშმარიტი საბაზრო წონასწორობა“.

და ეს წონასწორობა გახდა ახალი ფსიქოლოგიური ბარიერი ლარისთვის. უახლოეს ხანებში, ლარის მოქმედება ამ ბარიერისკენ სწრაფვაში, მის გადალახვა - არ გადალახვის დიაპაზონში განხორციელდება ნახტომის გარეშე, თუ არ იქნება ეკონომიკაში პოლიტიკური ჩარევები.

ჩემმა მეგობარმა სწორად დაინახა ლარის ნახტომში მთავრობის განცხადების როლი (ხალხი გააგიჟა არაკომპეტენტურობამ: ლარის კურსი კი ეცემა, მაგრამ ფასებზე არ მოქმედებსო)!

თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს განცხადება არა მიზეზი, არამედ, დეტონატორი იყო. მიზეზი დიდი ხანი მზადდებოდა. ეს იყო არასწორი ქმედებები.არასწორი პოლიტიკა. ამის შესახებ, სხვაზე არ ვიტყვი, მე პირადად ვამბობდი, ვწერდი, ვყვიროდი... ადრეული შეტყობონება უნდა წამოვიდეს მეცნიერებიდან.

რამდენიმე მაგალითი.

გიორგი კვირიკაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ წამოყენებული ორი მთავარი ინიციატივა - ე.წ. „ოთხ პუნქტიანი გეგმა“ და „მოგების ესტონური მოდელი“ - მათი გახმოვანებისთანავე გავაანალიზე და ვურჩიე ავტორს, რომ მათზე უარი ეთქვა. პირველზე, როგორც მეცნიერებისა და ცივილიზებულ ქვეყნებში არსებული ქვეყნის განვითარების პროგრამების ფორმატისა და შინაარსისადმი შეუსაბამოსა და არაპროდუქტიულზე, ხოლო მეორეზე, როგორც საბიუჯეტო პრობლემების წარმომქმნელზე.

ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა რჩევები.

მოგების გადასახადის სახით 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტმა დაკარგა 600 მილიონზე მეტი.

რა არგუმენტი აქვს მთავრობას? არავითარი, გარდა რწმენისა, რომ ეს გააუმჯობესებს ბიზნესაქტივობას და რამდენიმე წლის შემდეგ უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას! ეს არ არის აქსიომა და კონტექსტის გარეშე არ შეიძლება მისი განხილვა. ჩვენ გვაქვს ისტორიული გამოცდილება, როდესაც საქართველოში მოგების გადასახადის შემცირებას 25%-დან 15%-მდე არ მოჰყოლია ეკონომიკურ ზრდაში ნახტომი.საქართველოს ეკონომიკაში თვისობრივად არაფერი არ შეცვლილა მას შემდეგ.

2017 წლის ბიუჯეტისთვის აუცილებელი გახდა 600 მილიონი ლარის „ჩანაცვლება“.

ეკონომიკის პროგნოზირებული ზრდის დაბალმა ტემპებმა ვერ უზრუნველყვეს დარჩენილი გადასახადების შეუცვლელად ამ დანაკარგის კომპენსაცია.

ხელისუფლება დადგა რეალური დილემის წინაშე: ან უარი უნდა ეთქვა „ესტონურ მოდელზე“, ან სხვა დამატებითი წყარო უნდა მოეძებნა.

გონივრული იქნებოდა ე.წ.“მოგების ესტონურ მოდელზე“ უარის თქმა.

შეიძლებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის მფლანგველური (ხშირად კორუფციულიც) ხარჯები შეემცირებინა. მარტო ე.წ. „სხვა ხარჯები“ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონობითაა განსაზღვრული.

ხელისუფლებამ უარი არ თქვა თავისი კეთილმდგომარეობის ხარჯებზე,ბიზნესს აჩუქა მოგების გადასახადი, ამასთან „გაუფრთხილდა“ თავის ღირსებას და დანახარჯები დააკისრა ხალხს (გაზარდა აქციზი...).

რაც იწვევს ეკონომიკაში ადაპტირებულ ქცევებში არეულობას.

ფინანსური შედეგი ამ ღონისძიებას არ ექნება - საუკეთესო შემთხვევაში ახალმა შემოსავლებმა ძველი შემოსავლები უნდა ჩაანაცვლოს!

არ არის ეს უმტკივნეულო ეკონომიკისთვის. ერთი ტიპის - პირდაპირი გადასახადი მოგება ჩანაცვლდება ირიბი - აქციზის გადასახადით. ადგილი აქვს აგრეთვე აქციზისა და ექსპორტ - იმპორტის გადასახადების აღრევას.

ეს იმას ჰგავს შტანგაზე ორ მხარეს გადანაწილებული გირები ადგე და მარტო ერთ მხარეს ჩამოჰკიდო. წონა არ შეცვლილა, მაგრამ როგორი ასაწევია?

ამასთან, ბიზნესისთვის არ იქნება მარტივი ბუღალტერიის გადაწყობა ყოველთვიურად მოგების გაანგარიშებაზე. დააიწყება ფიქრი, თუ როგორ იქნას გამოყენებული ეს შეღავათი. იქმნება კრიმინალის სტიმულირების საფუძველი.

ასე აიტკივა ხელისუფლებამ აუტკივარი თავი.

ამას ემატება თავის ტკივილი ლარისა და ფინანსური არასტაბილურობის გამო.

ჩვეულებრივ საარჩევნო ციკლი როდესაც დამთავრდება ყველა განეწყობა არჩეული ხელისუფლების პირობებში ცხოვრებასა და ფუნქციონირებაზე. ამის საწინააღმდეგო მოხდა საქართველოში. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დამთავრებამდე (მეორე ტურების ჩატარებამდე) დაიწყო შფოთვა ეკონომიკამ.

რატომ?

აშკარა გახდა საქართველოში მმართველობის უნიკალური მოდელის - სოლოკრატიის ჩამოყალიბება.

„სოლოკრატია“ („Solokratia”) (“solo” - იტალიური - ერთი; „ κράτος“ - ბერძნული - ხელისუფლება) - რაიმე სახემწიფოებრივი ოფიციალური პასუხისმგებლობისა და ვალდებულების არმქონე ერთი კაცის მიერ სახელმწიფოს არაფორმალურად და სრულად მმართველობის ძალაუფლება, როდესაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები მის წინაშეა პერსონალურად ვალდებული არსებულ თანამდებობაზე ყოფნის გამო.

ეტყობა, უცნობმა მმართველობის მოდელმა გააჩინა ნდობის დეფიციტი საზოგადოებაში.

საზოგადოებრივი ნდობის ზრდას ხელს არ უწყობს სოლოკრატიული სისტემის ფარგლებში ხელისუფლების სხვადასხვა შტოების ურთიერთმოქმედება.

ლართან დაკავშირებით მოქმედებებსა და განცხადებებში გამოჩნდა ხელისუფლების სხვადასხვა შტოების გაუცხოება ერთმანეთისაგან. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ხელისუფლების ერთ ხეს კი არ აქვს სამი შტო, არამედ, ხელისუფლების ყველა შტო ცალ-ცალკე ხეზეა „შემოსკუპებული“.

ხელისუფლების წარმომადგენელთა არაკომპეტენტურ განცხადებებს ლარის კრიზისის პერიოდში ახლდა სახელისუფლებო ღონისძიებები 10 პუნქტიანი გეგმა მთავრობის, 10 პუნქტიანი გეგმა ეროვნული ბანკის...

ამ გეგმებმა მთლად გადარია ადამიანები. ვერ გაიგეს ეს 10 პუნქტი ზემოთდასახელებულ 4 პუნქტან რა კავშირშია, ან ორთავე გენეტიკურად ხომ არაა დაკავშირებული სააკაშვილის 10 პუნქტიან გეგმასთან?

მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას დაემსგავსა მთავრობის განცხადება დედოლარიზაციის შესახებ.

დოლარიზაცია აშშ დოლარის მიერ ლარის გამოდევნაა ქვეყნის შიგნით ფულადი ოპერაციებიდან. დღეისათვის მისი ზომა 80%-მდეა.

ასეთ შემთხვევაში დედოლარიზაციას ხომ არ სჯობს დოლარიზაციის გატარება? -არის ასეთი მაგალითები მსოფლიოში (მაგალითად მონტენეგრო).

ასეთი გზა სახელმწიფოებრიობის განმტკიცების ამოცანების გადაწყვეტისას მცდარია.

ეროვნული ვალუტა სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა და ის იძლევა საშუალებას სახელმწიფოს სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისათვის.

მაგრამ თუ ხელისუფლება ეროვნულ სახელმწიფოს არ აშენებს და სუვენერულ ფულად სისტემას მხოლოდ ბიუროკრატიისა და მასთან შერწყმული ბიზნესის ინტერესებისთვის გამოიყენებს, მაშინ, იქნებ ჯობდეს კიდეც ორ უბედურებას შორის ნაკლები უბედურების არჩევა?

მაინც არა და არა. ამის დაშვება არ შეიძლება.

აქამდე ქვეყნის მიყვანას ვიღაც/ვიღაცეები შეიძლება მართლა ცდილობს!

თუმცა, გვაქვს ის, რაც გვაქვს!!!

შემოთავაზებულია დედოლარიზაციის გეგმა.

ყველას ხომ კარგად მოგეხსენებათ, რომ გეგმა დროსა და სივრცეში უნდა ითვალისწინებდეს შედეგებს?

რატომ არ აქვს მთავრობის გეგმებს პარამეტრები?

ვინმემ იცის, თუ როდის იგეგმება დოლარიზაციის ზომის შემცირება 60 %-მდე? 40 %-მდე?

თუ ხელისუფლებას მართლა უნდა რომ განახორციელოს ლარის დამკვიდრება, რატომ არ იღებს შესაბამის საკანონდებლო აქტებს და მათ შორის კანონს ფასებისა და ფასწარმოქმნის შესახებ?

თუ ხელისუფლება ატყობს გაშიშვლება უკვე საზოგადოებრივი პრობლემაა, რატომ არ იღებს კანონს „გახდის დროის, წესებისა და ადგილის შესახებ“ და რატომ არ ადგენს მისი დარღვევისთვის სასჯელს?

თუ ხელფასებისა და პრემიების პრობლემაა, რატომ არ იქნა მიღებული ნორმატიული აქტი „ხელფასების სატარიფო ბადის შესახებ“, როდესაც ხელფასი მინისტრზე კი არ იქნება დამოკიდებული, არამედ კანონით იქნება განსაზღვრული?

უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უმრავლესობა როგორ გადაგვარდა მევახშეებად და ამაში როგორ მონაწილეობს საზოგადოების დიდი ნაწილი. ზოგიერთი ფულს სესხულობს ბანკში და მევახშეობს. მისი ზომა ე.წ. ონლაინ სესხებთან ერთად უკვე საშიშ მაშტაბებს აღწევს. საჭიროა კანონმდებლობა ფინანსური პირამიდების შესახებ, დეპოზიტების დაცვის შესახებ, ფიზიკური პირების გაკოტრების შესახებ...

დაუკვირდით ციფრებს: თუ ეკონომიკის დოლარიზაცია 80%-ია, მაშინ, ამ სეგმენტისთვის (ბევრი პირობითობის დაშვებით) ლარის გაუფასურება უფრო პოზიტივია, ვიდრე ნეგატივი. პრობლემა ლარის 20%- იან სეგმენტშია. მაგრამ თუ ამ პროცენტებს სულს ჩავბერავთ, მაშინ გამოჩნდება რომ 80 %-ის უკან მოსახლეობის 5%-იც კი არ დგას, ხოლო 20%-ის უკან მოსახლეობის 95 %-ზე მეტია!

ხალხს აწუხებს, რაიმე გაუგებრობა ხომ არაა მთავრობის შიგნითო. ან ვინმეს არ ყოფნა საქართველოში, ხომ არ იქნაო ჩვენს საწინააღმდეგოდ გამოყენებული. ამასთან, დაკავშირებით ერთ ფაქტზე მივაპყრობ თქვენს ყურადღებას.

მთავრობამ, მიუხედავად ბევრი ნიშნისა, რომ მისი ეკონომიკური პოლიტიკის გეზი არ არის სწორი, კორექტირება არ მოუხდენია არც ერთ თავის გადაწყვეტილებაში და ყველა დაგეგმილი ქცევა შეიტანა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში (საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 14 დეკემბერს) და მის თანამდევ კანონპროექტებში.

ამაღელვებელი დღის - 1 დეკემბრის შემდეგ დღემდე (18.12.2016-მდე) მთავრობის სხდომა ორჯერ შედგა - 9 და 15 დეკემბერს. მხოლოდ მეორე სხდომაზე გააკეთა პრემიერმა განცხადება ლარის დევალვაციაზე, მის გაუფასურებაზე და აღნიშნა რომ „იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, პრაქტიკულად ყველა ვალუტა ჩვენი სავაჭრო - პარტნიორი ქვეყნებისა გაუფასურებულია. თუ პროცენტებში შევხედავთ, რაზეც ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებდნენ და ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები, 100%-ზე მეტად გაუფასურდა ყველა ძირითადი ვალუტა: თურქული ლირა, უკრაინული გრივნა (200%-ზე მეტად გაუფასურდა) რუსული რუბლი (90%-ის ფარგლებში), აზერბაიჯანული მანათი (100%-ს ზევით). ქართული ლარი არის გაუფასურებული დაახლოებით 60-65%-მდე ფარგლებში“.
http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=434&info_id=58743

ნათქვამიც კი, რომელიც ხელისუფლებას ჰგონია, რომ მოსახლეობისთვის არგუმენტია, ანალიტიკოსისთვის საწინააღმდეგოს ამტკიცებს: თუ ვალუტების გაუფასურება ხდება სხვადასხვა ზომით, ე.ი. მათი გაუფასურება მინიმუმ კორელაციაში არაა ერთმანეთთან. რატომ არ გაუფასურდა ლარი მეტად, ან ნაკლებად?! იცის ხელისუფლებამ? ისე ამ საქმესთან არამეზობელი აშშ-ს დოლარის კურსს არაფერი კავშირი არ აქვს? ან ქართული ეკონომიკის მდგომარეობას?

ამავე სხდომაზე „შემოაპარეს“ ქვეყნის ეკონომიკური მიზნის ახალი ვერსია: „ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ, არის ორიენტირებული იმისკენ, რომ გვქონდეს უფრო მაღალი განვითარების დინამიკა, ვიდრე ეს ჩვენს გარშემო არსებულ სამეზობლო ქვეყნებშია“.
http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=434&info_id=58743

ე.ი ეკონომიკის სწრაფი განვითარება გულისხმობს „სამეზობლო ქვეყნების“ განვითარებაზე მეტობას(?)

რაც „ხანძრამდე“ ითქვა ხელისუფლებამ არაფერი არ გაითვალისწინა და საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ორი დოკუმენტი: „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის“ საქართველოს კანონი (14.12.2016) და საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს 2017-2019 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (16.12.2016), რომელიც სრულად განსაზღვრავს ხელისუფლების განზრახულობას 2017 წლისთვის.

საპარლამენტო უმრავლესობა ჯერ „პოლიტიკური პირველკლასელია“ და მან გუნდური ლოიალობით ყველაფერს მხარი დაუჭირა, რაც მთავრობამ წარმოადგინა. მან არ გამოიყენა ის საშუალებები (საჯაროობა, სპეციალისტების, ოპოზიციის მოსაზრება და სხვ.), რაც საშუალებას იძლევა ხელისუფლების ერთმა შტომ (მთავრობამ - ფულის მხარჯავმა) „არ გააცუროს“ მეორე შტო (საკანონმდებლო - პარლამენტი) ამ ფულის ხარჯვაზე ნებართვის მიღების დროს.

ასე გახდა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა თანამონაწილე საქართველოს მთავრობის მიერ ჯერ კიდევ მათ არჩევამდე მიღებული გადაწყვეტილებების (რომელთაც შექმნეს სავალუტო და საბიუჯეტო კრიზისი, რომელიც ჯერ არ განელებულა) თანამონაწილე. უფრო მეტიც, როგორც კი 2017 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა, იქვე მიუტანეს დასამტკიცებლად ცვლილებები 2016 წლის ბიუჯეტში, რომელიც ძირითადად მთავრობის მიერ კანონის დარღვევით საქმიანობის „უკანა რიცხვით“ დაკანონებასა (მთავრობის მიერ ვალების აღების ნორმატივის დარღვევა საქართველოს პარლამენტის ნებართვის გარეშე) და საბიუჯეტო პროგნოზის ხარვეზების გასწორებას ემსახურება. პარლამენტი ახლა აკეთებს იმას, რომ მომავალ წელს, როდესაც 2016 წლის საბიუჯეტო საქმიანობა შეფასდება პარლამენტის მიერ,მან დაასკვნას: რაც იყო ყველაფერი კანონს შეესაბამებოდა, მიუხედავად იმისა, რომ 11 თვე და 15 დღე კანონი ირღვეოდა!

ხელისუფლების განზრახვა გაწერილია ბიუჯეტში:

- ის არ აპირებს „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულებას. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხარჯები განსაზღვრულია 0 ლარის ოდენობით!

- ის არ აპირებს მაღალმთიანი რეგიონების პოლიტიკის რეალურად გატარებას - მთის ფონდი განსაზღვრულია 20 მილიონი ლარის ოდენობით (საშუალოდ 5000 ლარი ერთ სოფელზე)!

- ლარის 60%-ით გაუფასურების მიუხედავად არ ცვლის საარსებო მინიმუმის სიდიდეს!

- „სხვა ხარჯები“ არ აქვს გაშიფრული!

- არ აპირებს ფულის ფლანგვის შეწყვეტას და უარის თქმას მმართველობის ეფექტიანობის შემზღუდველ - ორ ქალაქში პარლამენტის ფუნქციონირებაზე!

და სხვა უამრავი ნეგატივი.

მთავარი მაინც ისაა, რომ ხელისუფლებამ პირველსავე ბიუჯეტში უარი თქვა ეკონომიკის სწრაფ განვითარებაზე. ყოველ შემთხვევაში განვითარების იმ სისწრაფით, რომელიც ბიუჯეტშია მოცემული, სიკეთეს მოსახლეობა ვერ იგრძნობს 18-20 წელიწადი (ამდენი დაჭირდება მთლიანი შიგა პროდუქტის გაორმაგებას).

20 დეკემბრისთვის 1 აშშ დოლარი ოფიციალურად ღირს 2,7412 ლარი. ანუ ის, რაც 1 დეკემბერს 2 საათიანი კატასტროფის სახეს ატარებდა, დღეს სანატრელია კიდევ უფრო არ გაუარესდეს. თუმცა საეჭვოა ამ ნატვრის ასრულება. თუ 1 დეკემბერს „სოლოკრატიული“ მთავრობის იმპულსურმა ქცევებმა გამოიწვია კურსის ნახტომის პროვოცირება, ახლა მიზეზი უფრო ფუნდამენტურია - ესაა პირველი სოლოკრატიული ბიუჯეტი, სადაც გამოჩნდა ხელისუფლების სახე, რომელმაც არც ხალხის აღშფოთება, არც სპეციალისტების რჩევა, არც ეკონომიკის მინიშნება (ლარის „ფასით“) არ გაითვალისწინა. „როგორც ვიტყვი, ისე იქნებას“ პოლიტიკა ხომ უკვე იყო?

ხელისუფლებამ ჯიუტობას და „მოლოდინს“ თავი უნდა დაანებოს, სასწრაფოდ გააუქმოს ყველა საგადასახადო „ნოვაციები“- ე.წ.ესტონური მოდელით დაწყებული და აქციზის გაზრდით დამთავრებული, გააუქმოს „სხვა ხარჯები“ (სახელმწიფო უშიშროებასთან დაკავშირებული ნაწილის გარდა), მოახდინოს ხარჯების ოპტიმიზაცია... ერთი სიტყვით, გადაწეროს ბიუჯეტი. მით უმეტეს, რომ იქ ყველა გაანგარიშება, თუ ასე გაგრძელდა რეალობას აცდენილია (ბიუჯეტი გაანგარიშებულია დაშვებით, რომ 1 აშშ დოლარი 2,5 ლარის ტოლია).

შექმნილ სიტუაციაში, საკითხავი ქართული სახელმწიფოს სუვერენობის ერთ-ერთი ნიშნის - ეროვნული ვალუტის არსებობა კი არაა მთავარი, არამედ ის, თუ ყველა შესაძლო სიტუაციაში, როგორი იქნება ქართული სახელმწიფოს ბედი, როგორ მოხდება მისი გაერთიანების, გამთლიანების, განვითარებისა და გაძლიერების უზრუნველყოფა?!

ამ კითხვებზე საერთო პასუხი უნდა ჰქონდეს ერსა და ბერს.

რისთვისაც საჭიროა ყველამ იცოდეს,

უნდა დაიწყოს დიდი სჯა-ბაასი, თუ რა გვჭირს და როგორ ვიმოქმედოთ. ეს ყველას ეხება, თუმცა, ზოგი ვალდებულია ეს გააკეთოს და ამისთვის უხდის ხალხი ფულს: დაწყებული ხელისუფლებით და დამთავრებული საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიითა და სამეცნიერო ინსტიტუტებით, ფაკულტეტებით და ზოგმაც ღირსებისთვის (პროფესიონალები, მათი არასამთავრობო გაერთიანებები) არ შეიძლება ეს არ გააკეთოს!

20-12-2016, 12:42
უკან დაბრუნება