საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გატანა ღია ბაზარზე, სადაც დღეს არ არის საქართველოს არც ერთი კონკურენტუნარიანი მოქალაქე, პრაქტიკულად ნიშნავს ერთ თაობაში საქართველოს თითქმის მთელი მიწის გადასვლას უცხოელების ხელში!
ხელისუფლების მზაკვრული გადაწყვეტილებით, საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქე რჩება ბოგანოდ, რომელიც იძულებული იქნება იწანწალოს მთელ მსოფლიოში უპრესტიჟო დროებითი დასაქმების საძიებლად.
ამის განჭვრეტას არ სჭირდება არც სპეციალური და არც ზოგადი განათლება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ მმართველ ინსტანციებში დასაქმებულ პირთა შორის ისეთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან საქართველოს მთელი მიწა გაყიდვის საგნად აქციონ!
ისინი ვერ ხვდებიან, რომ მათ შთამომავლობას, ძალიან მცირე გამონაკლისით, საქართველოს გარეთ პერსპექტივა არ ელით!
საქართველოს მოსახლეობის შემადგენლობის რადიკალური შეცვლა _ ქართველების გასვლა საქართველოდან და უცხოტომელთა მასობრივი შემოსვლა _ არსებითად ერთი, მაქსიმუმ ორი თაობის განმავლობაში მოხდება!
ერთი (ან ორი) ანტისახელმწიფოებრივი დანაშაული უკვე მომხდარია: სააკაშვილმა სრული სოციალური უჩინარობიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მდგომარეობამდე მოიყვანა გიორგი პაპუაშვილი, რომელმაც გააყალბა საქართველოს კონსტიტუცია. სახელდობრ: სასამართლოს დადგენილებაში უცხოელი მოქალაქის სარჩელზე მიიღო განსაზღვრება, რომ ყოველგვარი შეზღუდვა უცხოელების საკუთრებაზე საქართველოს მიწის მიმართ არის უკანონო. სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება დაემყარა ორ სიყალბეს:
პირველი, რომ მიწის ჩამორთმევა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის არის საკუთრების შეზღუდვაც, იმ შემთხვევაში, თუ ეს შეზღუდვა ხდება სათანადო ანაზღაურებით. სინამდვილეში, თუ ანაზღაურება ხდება, მაშინ, არ აქვს ადგილი საკუთრების უფლების არანაირ შელახვას.
მეორე, კონსტიტუციის ფორმულირება (მუხლი 21 პუნქტი 2) „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნული უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში დადგენილი წესით" უგულებელყო იმ საფუძველზე, რომ სასამართლო ვერ ხედავს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არ გავიდეს სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების საკუთრებიდან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში. საკონსტიტუციო სასამართლოს ორივე ხსენებული პოზიცია იმდენად აბსურდულია, რომ შეუძლებელია მასზე იდგეს შერაცხადი პიროვნება, მით უმესტეს – კვალიფიკაციით იურისტი!
საკონსტიტუციო სასამართლოს ეს მოქმედება სხვაგვარად ვერ დაკვალიფიცირდება, თუ არა, როგორც შეგნებული დანაშაული ქვეყნისა და ერის წინაშე!
შეგახსენებთ, რომ მოპასუხედ ამ პროცესზე იყო საქართველოს პარლამენტი (თავმჯდომარე დავით ბაქრაძე). მან არ შეასრულა თავისი მოვალეობა: არ დაიცვა კონსტიტუცია ყალბი ინტერპრეტაციისგან და არ მოითხოვა ექსპერტიზა თემაზე – არის თუ არა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტოტალური გადასვლა უცხოელთა საკუთრებაში ისეთი საშიშროება, რომლისგანაც დაცვა წარმოადგენს „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას" – არის თუ არა საკუთრების შეზღუდვა „მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით" `საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება"?!
საქართველოს პარლამენტმა ეს არ მოითხოვა მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყო „სასამართლოს მეგობართა" პოზიცია, რომელშიც გაანალიზებული იყო უცხოელებზე მიწის გაყიდვის მოსალოდნელი კატასტროფული შედეგები!!!
ანალოგიურად მოიქცა საქართველოს შემდეგი მოწვევის პარლამენტიც (თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი): მან არ მოითხოვა ექსპერტიზის დანიშვნა ამავე თემაზე, მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითი განხილვის გარეშე, თავის ზემოხსენებული დადგენილებით დააკმაყოფილა უცხოელი მოქალაქის სარჩელი, რომელიც მიწის გაყიდვაზე დროებითი მორატორიუმის გაუქმებას ითხოვდა.
მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსა და მისი წევრების პოზიცია, ისევე როგორც ორივე ზემოხსენებული პარლამენტის პოზიცია სხვაგვარად ვერ გაიგება, თუ არა, როგორც შეგნებული შეთქმულება საქართველოს, როგორც ქვეყნის წინააღმდეგ, მისი მოსახლეობის, როგორც ერის (Nation) წინააღმდეგ და საქართველოს სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუტის წინააღმდეგ.
ჩვენი აზრით, სათანადო სამართლებრივი დევნა დამნაშავეთა მიმართ, გარდაუალია. ჩვენი შეუვალი მიზანია ეს დევნა შედგეს.
დამნაშავედ დაკვალიფიცირდება საქართველოს მთავრობაც, რამდენადაც ვიცით, მას განზრახული აქვს კანონპროექტის შეტანა, რომელიც უშვებს არა მარტო უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაუყოვნებლად მიყიდვას, არამედ, იგივეს უშვებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზეც, რაც ყოვლად დაუშვებელია. სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ აცდება საქართველოს პარლამენტს და მის ყველა წევრს, ვინც ამ კანონპროექტს ხმას მისცემს.
ხსენებული კანონპროექტის მიღება პარლამენტის მხრიდან იქნება უფლების უზურპაცია: პარლამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გარდასულ თაობათა წინაშე, დღეს ცოცხალი მოსახლეობის წინაშე, რომელთანაც იგი მიწის გაყიდვის პროგრამით არ წარმდგარა და მომავალ თაობათა წინაშეც, რომლებსაც იგი, დანაშაულებრივი კანონის მიღების შემთხვევაში – მეორეხარისხოვანი ადამიანების – უმიწაწყლო ერის - ხვედრს უქადის.
ანალოგიურ სიტუაციებში – სახალხო რეფერენდუმის ჩატარება – ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა. კიდევ ვიმეორებთ: პასუხისმგებლობა მძიმეა. იგი არავის არ აცდება. ეს არის არა მხოლოდ პროგნოზი, არამედ, საქართველოს მოსახლეობის მყარი ნება!
P.S. დემოკრატიული მსოფლიო მიწათსარგებლობის თემას უკიდურესი სიფაქიზით ეკიდება. სხვა დამოკიდებულება მხოლოდ ხელისუფლების ჰორიზონტის შეზღუდულობაზე, უპასუხისმგებლობაზე და უპრესპექტივობაზე მეტყველებს!
ნოდარ ნათაძე,
მამუკა გიორგაძე,
პაატა კოღუაშვილი,
მიხეილ ჯიბუტი.