ივერიონი / ნასყიდა დარბუაშვილი: როცა ლარს პატრონი არ ჰყავს, ანუ, ყველაზე დიდი დამნაშავე სებ-ი და საქართველოს პარლამენტია!

ნასყიდა დარბუაშვილი: როცა ლარს პატრონი არ ჰყავს, ანუ, ყველაზე დიდი დამნაშავე სებ-ი და საქართველოს პარლამენტია!

 

დღეს ყველას ყურადღება ლარისკენაა მიპყრობილი - არც არის გასაკვირი, რადგან, ლარის სიცოცხლისუნარიანობა მოსდახლეობის მნიშნელოვანი ნაწილის სიცოცხლისუნარიანობაზე გადის!

 

თვითონ ლარის დევალვაცია, ანუ დოლარის გაძვირება საფრთხეს ნაკლებად შეიცავს.   მოსახლეობა ამ პროცესის მიმართ ადაპტირებულია. დიდი საფრთხის შემცველია ის შემთხვევები, როცა ლარის მკვეთრი დევალვაცია, ანუ დოლარის მკვეთრი გაძვირება ხდება და ისედაც მძიმე ცხოვრების მკვეთრად გაუარესებას იწვევს.

 

თუ ლარის მკვეთრ დევალვაციას გადასახადების მკვეთრ ზრდასაც დაუმატებთ, გასაგებია, თუ რატომ ვარდება მოსახლეობის დიდი ნაწილი სასოწარკვეთაში და რატომ ეშინია ხვალიმდელი დღის.   

 

ლარის კატასტროფულად დაცემის რამდენიმე მიზეზი არსებობს: უპირველესად ეს არის სტრუქტურული, ობიექტური და სუბიექტური პრობლემები.

 

 

მუდმივად გვესმის კითხვა: რა ამყარებს ლარს, როცა ქვეყანაში თითქმის არაფერი მუშაობს?!

 

მხედველობაშია ის, თუ როგორ ხერხდება ლარის მსყიდველობითი უნარის და შესაბამისად, ლარის კურსის შენარჩუნება უცხო ვალუტებთან მიმართებაში? რატომ არ ხდება ლარის მუდმივი დევალვაცია, მაშინ, როცა ქვეყანაში თითქმის არაფერი არ მუშაობს და თითქმის ყველაფერს იმპორტულს მოვიხმართ?!

 

ისევე როგორც ეროვნული ვალუტა, უცხოური ვალუტაც ისეთივე საქონელია, როგორც ბაზარზე არსებული ნებისმიერი სხვა საქონელი. ამდენად, ლარის კურსი  დამოკიდებულია დოლარის მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობაზე: თუ მიწოდება აღემატება მოთხოვნას, დოლარი იაფდება, ხოლო თუ მოთხოვნა აღემატება მიწოდებას, დოლარი ძვირდება!

 

ამრიგად, უცხოური ვალუტის ფასი დამოკიდებულია ადგილობრივ ბაზარზე უცხოური ვალუტის მოთხოვნა-მიწოდებაზე და  ეროვნული ვალუტისა და  უცხოური ვალუტის თანაფარდობაზე, ანუ ლარის მასაზე.

 

რა განაპირობებს უცხოური ვალუტის მიწოდებასსავალუტო ბაზარზე, ანუ როგორ შემოდის უცხოური ვალუტა ქვეყანაში.

 

არსებობს უცხოური ვალუტის ქვეყანაში შემოტანის რამდენიმე ძირითადი გზა:

 

1. წარმოებული პროდუქციის ექსპორტი. იგი ყველაზე კარგი საშუალებაა ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსატანად.

 

რაც შეეხება სამუშაო ძალის ექსპორტს, ამ გზით მიღებული უცხოური ვალუტა კარგია, მაგრამ ამას აქვს მრავალი უარყოფითი თანმდევი პროცესი, კერძოდ:

 

1.    ადამიანები რომლებიც უცხოეთში მუშაობენ აძლიერებენ და ანვითარებენ უცხო ქვეყნების ეკონომიკებს და ეს რესურსი - მათი ინტელექტუალური და ფიზიკური შესაძლებლობები ქვეყნის განვითარებას არ ადგება!

2.    როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, სამუშაოდ გასულ ადამიანთა დიდი ნაწილი არალეგალები არიან, დასაქმების უფლების გარეშე. მათზე არ მოქმედებს ადამიანის უფლებების დეკლარაცია, შრომის კანონმდებლობა, სოციალური გარანტიები და ა.შ. სამუშაოდ გასული ჩვენი თანამემამულეთა უმრავლესობა მძიმე, არანორმირებულ, არაადამიანურ შრომას ეწევა.

3.    რაც ყველაზე საგანგაშოა, სამუშაოდ გასულია დიდი რაოდენობით ახალგაზრდობა, რაც უარყოფითად მოქმედებს ქორწინებებზე (ოჯახების შექმნაზე) და შესაბამისად, ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე.  

 

ამრიგად, სამუშაო ძალის ექსპორტით შემოტანილ უცხოურ ვალუტაში ქვეყანა ძალიან დიდ საფასურს იხდის!

 

 

2. უცხოური კრედიტების შემოტანა ეს პროცესი სავალუტო ბაზარზე ერთჯერად დადებით ეფექტს იძლევა. თუ უცხოური კრედიტები ეკონომიკას განავითარებს და რეალური პროდუქციის შექმნაზე წავა, ეს მხოლოდ დადებით ეფექტებს მოგვცემს. თუ ამ კრედიტებით ისეთ წარმოებებს განვავითარებთ, რომლებიც ქვეყნის ექსპორტსაც გაზრდიან, მაშინ, ფაქტიურად, ასეთი კრედიტები თავის თავს თვითონ ისტუმრებენ და კოლოსალური დადებითი ეფექტები მოაქვს ქვეყნისთვის. როცა უცხოური კრედიტები სოციალურ პროგრამებს ხმარდება, ასეთ შემთხვევაში მიმდინარე პრობლემებს ვწყვეტთ მომავლის მკვეთრი გაუარესების ხარჯზე!

 

დასკვნა მარტივია: თუ უცხოურ კრედიტებს ვიყენებთ სტრატეგიული ამოცანების გადასაწყვეტად, კარგია და ქვეყანას ანვითარებს, ხოლო, თუ უცხოურ კრედიტებს ვიყენებთ მიმდინარე პრობლემების მოსაგვარებლად, არ ვარგა და ქვეყანის მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს!

 

3. ბუნებრივი რესურსების ექსპორტით მიღებული უცხოური ვალუტა მხოლოდ იმ შემთხვევაში წაადგება ქვეყანას, თუ ამ რესურსით სტრატეგიულ ობიექტებს განვავითარებთ და მათი განვითარებისთვის სხვა საშუალება არ არსებობს. სხვა შემთხვევაში ბუნებრივი რესურსების ექსპორტი იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე საჭიროებებზე უყაირათოდ ვიყენებთ მომავალი თაობიების რესურსებს!

 

4. უძრავი ქონების და ბუნებრივი რესურსების უცხოელებზე გაყიდვა, ანუ უცხოური ინვესტიციები. ინვესტორის ქვეყანაში შემოსვლის დროს შემოტანილი უცხოური ინვესტიციები ერთჯერადად დადებითად მოქმედებენ, ხოლო შემდგომ მკვეთრად გამოხატული ქვეყნის დამანგრეველი მრავალჯერადი, უსასრულო, უარყოფითი მოქმედების უნარი გააჩნიათ.

 

ნებისმიერი ფორმით შემოტანილი უცხოური ვალუტა სჯობს ინვესტორის მიერ ქვეყანაში შემოტანილ უცხოურ ვალუტას. ამიტომ, ამ სახის ვალუტის ქვეყანაში შემოტანაზე  ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანამ უარი უნდა თქვას და შეძლებისდაგვარად ის ინვესტორებიც გავისტუმროთ ქვეყნიდან, ვინც არიან შემოსულები (ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ვრცლად გაეცნოთ ჩემს სტატიას.  „ივერიონში“ - ნ. დარბუაშვილი „ყველაზე ფარული და ყველაზე დიდი საფრთხე რომელიც ქვეყანას ემუქრება“).

 

5. ტურისტების შემოსვლით ქვეყანაში შემოტანილ ვალუტას მხოლოდ მაშინ ააქვს ძლიერი დადებითი ეფექტი, როცა უცხოელი ადგილობრივ პროდუქციას და მომსახურებას ყიდულობს. თუ უცხოელი ტურისტი ჩვენ ქვეყანაში იმპორტულ პროდუქციას (საკვებს) ყიდულობს და მომსახურებას უცხოური კომპანიები უწევენ (სასტუმროები, კაფეები, ბარები, სათამაშო ბიზნესები და ა.შ. ძირითადში უცხოელებისაა) ამ შემთხვევაში ტურიზმიდან ქვეყანაში დიდი არაფერი რჩება და უცხოური ვალუტა ქვეყანაში როგორც შემოდის, ისევე გადის!

 

აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა არა აქვს ტურისტების რაოდენობა წელიწადში 1,0 მილიონი იქნება თუ 10,0 მილიონი. 

 

ასეთი „ბიზნესი“ უარყოფითადაც კი მოქმედებს ქვეყანაზე - ისტორიული და კულტურული ძეგლები ზიანდება და მათ აღდგენას მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრები და უცხოური ვალუტა სჭირდება! გარდა ამისა, აუცილებელია ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ცალკე თანხები ჯდება.

 

რა გამოდის? ტურიზმს ქვეყნისთვის დადებითი ეკონომიკური ეფექტი პრაქტიკულად არა აქვს - უცხური ვალუტა უფრო მეტი იხარჯება, ვიდრე ამ საქმიანობიდან ქვეყანას რჩება. აქაც ქვეყანა ეკონომიურად აგებს!

 

როგორც ვხედავთ, უცხოური ვალუტის ქვეყანაში სტაბილურ შემოტანას პროდუქციის და სამუშაო ძალის ექსპორტი უზრუნველყოფს. მაგრამ როგორც კი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისი იწყება ან მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის ტალღა მოიცავს, ეს ორივე წყარო ყველაზე არასტაბილური ხდება.

 

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას?

 

მართალია, სამუშაო ძალის იმპორტი ჯერჯერობით ქვეყანას სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ პოზიციით ქვეყნიდან უცხოური ვალუტა მუდმივად გაედინება, შეიძლება მომავალში სავალუტო ნაკადების გადინება სერიოზულ პრობლემად იქცეს და ეროვნული ვალუტის დევალვაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს.

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ უცხოელი ინვესტორების მიერ ყოველწლიურად გასატანი მოგება არა მხოლოდ ლარის დევალვაციის ყველაზე დიდი და ყველაზე საშიში საფრთხეა, არამედ, იგი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და საერთოდ ქვეყნის და მისი მოსახლეობის არსებობასაც კი!!!

 

სამწუხაროდ მთელ მსოფლიოში უცხოური ინვესტიციები ყველა პრობლემის „პანაცეად“ მიიჩნევა - ყველა ცდილობს ინვესტიციები საკუთარ ქვეყანაში მიიზიდოს. სინამდვილეში კი ისინი უდიდესი საფრთხის მატარებლები არიან.

 

დიახ,  უცხოური ინვესტიციები ეს არის შავი ხვრელები, რომელიც დაუნდობლად ისრუტავს ყველაფერს, რაც ქვეყანაშია: უძრავ ქონებას, ბუნებრივ სიმდიდრეებს და სხვა ეკონომიკურ რესურსებს, ეროვნულ ვალუტას და უცხოურ ვალუტებს და ა.შ. უმოწყალოდ მიაქვს ყველაფერი და უკან არაფერს არ აბრუნებს!

 

ერთერთი ყველაზე დიდი ფაქტორი, რაც უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას მკვეთრად ზრდის და ეროვნული ვალუტის დევალვაციას განაპირობებს იმპორტული პროდუქციის მოხმარებაა -  როცა ქვეყანაში პრაქტიკულად არაფერი არ იწარმოება და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს, მკვეთრად ეცემა მოსახლეობის მსყიდველობითი უნარიანობა და ძირითადი მოხმარება პირველადი მოხმარების საქონელზე დაიყვანება.

 

რაც შეეხება ჩვენი თანამემამულეების მხრიდან უცხოეთიდან გამოგზავნილ დახმარებებს, ოფიციალური მონაცემებით, საბანკო არხებით უცხოეთიდან გზავნილები წელიწადში 800,00 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. თუ სტატისტიკას დავუჯერებთ,  სამუშაოდ გასული მოქალაქე ოჯახში ყოველთვიურად აგზავნის მხოლოდ 40-45 აშშ დოლარს, რაც არარეალურია!

 

ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს ციფრი სულ ცოტა 5-6 ჯერ მეტია, ანუ, თვეში 200-300 დოლარს შეადგენს.  აქედან გამომდინარე, ამ გზით ქვეყანაში შემოდის 3,5-5,0 მილიარდი დოლარი.

 

მაშინ რა ხდება, რატომ აქვს ეროვნულ ვალუტას მუდმივი პრობლემები?

 

დრო დადგა, განვიხილოთ ის მიზეზები, რის გამოც ეროვნული ვალუტა ასეთ მძიმე მდგომარეობაშია.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს სისტემური პრობლემები  და ამ პრობლემების არსებობაში მთავარი დამნაშავე კანონმდებელი, ანუ, საქართველოს პარლამენტია.

 

დიახ, საქართველოს პარლამენტია დამნაშავეა იმაში, რაც დღეს ქართულ ლარს მოსდის და რაც აქამდე მოსვლია.

 

საქართველოს პარლამენტია დამნაშავე იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობა უმძიმეს სიღარიბეშია!

 

საქართველოს პარლამენტია დამნაშავე იმაში, რაც ქართულ ეკონომიკას დაემართა და ა.შ.

 

„საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, ქვეყნისთვის როგორ ძირგამომთხრელ კანონებს იღებენ პარლამენტში!

 

ეს კანონი ნათელი მაგალითია იმისა, თუ პარლამენტარებს როგორ არ ადარდებთ ქვეყნის ბედი და მომავალი და თავიაანთი ცოდნით, თუ უცოდინრობით, შეგნებულად, თუ შეუგნებლად, მათ მიერ მიღებული კანონები როგორ ანგრევს ქვეყანას!

 

ბედის ირონიაა ის, რომ პარლამენტარებს, რომლებიც თავიაანთი შეგნებული თუ შეუგნებელი მოქმედებით, ქვეყნისთვის დამანგრეველ კანონებს იღებენ და იღებდნენ, სიცოცხლის ბოლომდე ჩვენი ჯიბეებიდან ვუხდით ოთხჯერ დიდ პენსიას, ვიდრე ჩვეულებრივი პენსიონერი იღებს! რისთვის?

 

ახლა კი ერთ კურიოზზე გავამახვილებ ყურადღებას: კანონის „საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი პასუხს არ აგებს ბრუნვაში შეტანილ ფულის მასის ფულად თვისებებზე.

 

პასუხს არ აგებს ფულის ფუნქციებზე და მათ დაცვაზე.

 

არ ევალება ეროვნული ვალუტის გამყარება.

 

პასუხს არ აგებს ეროვნული ვალუტის დევალვაციაზე.

 

არ არის განსაზღვრული ფულის ემისიის პირობები და პრინციპები.

 

სებ-ი არაა ვალდებული იფიქროს უცხოური ვალუტის მოზიდვაზე.

 

არაა ვალდებული გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რაც დაზოგავს ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გატანას.

 

კანონი არ ავალდებულებს სებ-ს ხელი შეუწყოს  ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ამ გზით ეროვნული ვალუტის ადგილობრივი ეროვნული პროდუქციით გამყარებას.

 

ერთი სიტყვით, ამ კანონის თანახმად, სებ-ი არაფერზე პასუხს არ აგებს!

 

ამ კანონის თანახმად, იგი არავისგან არ კონტროლდება პასუხს არ აგებს და ანგარიშვალდებული არ არის არავის წინაშე. სებ-ი თვითონ არჩევს სამ საერთაშორისო აუდიტს, საიდანაც პარლამენტი ირჩევს ერთს, რომელიც სებ-ს აუდიტორულ შემოწმებას უტარებს, რაშიც სოლიდურ ანაზღაურებას ღებულობს. სულ ეს არის სებ-ის კონტროლი. ამავე კანონის თანახმად, სებ-ი განთავისუფლებულია ყველა სახის გადასახადისგან!!!

 

ერთი სიტყვით, სებ-ი, რაც არ უნდა გვიკვირდეს, ზესახელმწიფოებრივი წარმონაქმნია.

 

კანონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საოცრება და „ლაფსუსი“ ის არის, რომ სებ-ი თვითდაფინანსებაზეა და ფულს აკეთებს, ანუ საკუთარ შემოსავლებს მოიპოვებს ქვეყნის შიდა საფინანსო ბაზარზე - იქ, სადაც სებ-მა წესით, სახელმწიფო ფულად-საკრედიტო პოლიტიკა უნდა გაატაროს!

 

ზედაპირულათაც თუ შევისწავლით, დავრწმუნდებით, რომ იგი არანაირ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას არ ატარებს და თითქმის ყოველთვის  მხოლოდ მოგების მიღების მიზნით მოქმედებს!

 

ცხადზე ცხადია, რომ სებ-ი სწორ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ვერ გაატარებს. პირიქით, ძალიან ხშირად იგი ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებას ახორციელებს, რაც ცალსახად უარყოფითად მოქმედებს ლარის სიმყარეზე.

 

დიახ, ლარი და ლარის ბედი სებ-ს არ აინტერესებს ან რატომ უნდა აინტერესებდეს, როცა მას არავინ არაფერს ავალდებულებს?!

 

ამრიგად, ლარის არსებული მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი კანონმდებლობაში დაშვებული უხეში, დანაშაულებრივი შეცდომები და არასწორი კანონია, რომლის მიხედვითაც, ლარზე და მის მდგომარეობაზე არავინ პასუხს არ აგებს!

 

შეიძლება ითქვას, რომ კანონმდებლის მიერ ლარი ბედის ანაბარაა მიტოვებული და პატრონი არა ჰყავს!

 

კურიოზია, მაგრამ რეალობაა, რომ კანონით არცერთ სახელმწიფო უწყება  პასუხს არ აგებს ეროვნული ვალუტის - ლარის მდგომარეობაზე. ვერც მოვთხოვთ მაგალითად მთავრობას პასუხი აგოს ლარის მდგომარეობაზე, რადგან მას არ გააჩნია ეროვნულ ვალუტაზე ზემოქმედების სათანადო ბერკეტები.

 

როგორც ვთქვი, ასეთი ბერკეტები მხოლოდ სებ-ს გააჩნია, თუმცა კანონი ლარის სტაბილურობის შესანარჩუნებლად მას ფაქტიურად არაფერს ავალდებულებს!

     

ახლა ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხზე უნდა გადავიდეთ. ყოველწლიურად სახელმწიფო შესყიდვების მიზნით მრავალი საერთაშორისო ტენდერი ცხადდება და როგორც წესი (როგორც ყოველთვის), ასეთ ტენდერებს უცხოური კომპანიები იგებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად ასობით მილიონი დოლარი ხელისუფლებას ქვეყნიდან გააქვს, ეს კი პირდაპირ „ურტყამს“ ეროვნულ ვალუტას და შესაბამისად, სახელმწიფოს ინტერესებს. საერთაშორისო სახელმწიფო ტენდერები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც ინტენსიურად იწვევს ლარის დევალვაციას.

 

შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ხელისუფლების ქმედება ამ მიმართულებით, შეიძლება დანაშაულად დაკვალიფიცირდეს. იგი ქვეყნის ეკონომიკიდან მობილიზებულ და ამოღებულ თანხებს (ანუ, ჩვენგან ამოღებულ თანხებს) ამ ქვეყნის წინააღმდეგ იყენებს.

 

რას ვგულისხმობ? იმას, რომ უამრავი რამის გაკეთება ადგილობრივ ფირმებს და კომპანიებს შეუძლიათ, რომლებიც ხშირად ხელოვნურად დამძიმებული პირობების გამო ტენდერებში მონაწილეობას ვერ ღებულობენ.

 

სხვადასხვა მონაცემებით, ყოველწლიურად მარტო ცენტრალური ბიუჯეტიდან 3,0-3,5 მილიარდის საქონელზე და მომსახურებაზე სახელმწიფო  შესყიდვები  და საერთაშორისო ტენდერები ცხადდება, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას უცხოური კომპანიები იგებენ.  მარტო ამ სახით ყოველწლიურად 1,0-1,5 მილიარდ დოლარზე მეტი გადინება ქვეყნიდან.

 

სწორედ ეს იწვევს ლარის დევალვაციას და დაუსრულებელ მუდმივ რყევებს. ეს იწვევს საქართველოს ეკონომიკის მუდმივ კრიზისსაც!!!

 

ეს იწვევს მოსახლეობის გაღარიბებას და გაღატაკებას!!!

 

ეს პოლიტიკა იწვევს მოსახლეობის საკუთარი ქვეყნიდან და საკუთარი მიწაწყლიდან აყრას და უცხო ქვეყანაში ლუკმა პურის საძიებლად გადახვეწას!!!

 

ეს პოლიტიკა წარმოშობს და მუდმივად ზრდის ქვეყნის საგარეო ვალებს!!!

 

დიახ, დღეს არსებული ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტი ადამიანური პოლიტიკა წარმოშობს ყველა იმ მანკიერებას და უბედურებას, რაც ჩვენ ქვეყანას ჭირს. 

 

რეზიუმეს სახით ვიტყვი: ჩვენმა ხელისუფლებამ ფუფუნებაში და სამოთხეში, რომ იცხოვროს, ლარი უნდა გაუბედურდეს, ეკონომიკა უნდა დაიქცეს, ქვეყნის ქონება და ბუნებრივი რესურსები უნდა გაიყიდოს, უცხოური ვალები უნდა ვზარდოთ. ქვეყნის მოსახლეობა კი  სიღარიბეში, სიღატაკეში და ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში უნდა ცხოვრობდეს!

 

სად არის გამოსავალი?

 

გამოსავალი საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების საქმიანობაზე კონტროლის გაძლიერებაშია. ამასთან, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ლარის კურსის კატასტროფული დაცემა მთავრობის (უფრო კონკრეტულად სებ-ის) მოღალატური საქმიანობის (თუ უსაქმურობის) შედეგია, რომელსაც ბოლო არა და არ უჩანს!

 

ასე გაგრძელება დიდხანს არ შეიძლება - არ გავაზვიადებ თუ ვიტყვი, ჩვენი უმოქმედობით ქვეყანა მალე თავზე დაგვენგრევა!

 

 

 

26-12-2016, 15:51
უკან დაბრუნება