ღია წერილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს
ბატონო ირაკლი,
საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგ კვლავ გადაუჭრელია ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსის - მიწის ფონდის სახელმწიფოს მიერ რეგულირების პრობლემა. კერძოდ, საქმე ეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებას.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მთავრობაში მსვლელობა მიეცა ერთი წლის წინ შეჩერებული კანონპროექტის - „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - განხილვას.
იმისათვის, რომ ადგილი აღარ ჰქონდეს კიდევ ერთ მორიგ (მეთერთმეტე!) ცვლილებას მოცემულ კანონში, რომელიც ისედაც რამოდენიმე მუხლიღაა დარჩენილი, ჩვენი წინადადებაა:
1. შეჩერდეს ცვლილებების შეტანა და უპირველესად გამყარდეს სახელმწიფოს უზენაესი კანონის-კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი, რომელიც დაარეგულირებს მიწის საკუთრებით ურთიერთობებს უცხოელებთან მიმართებაში. საშუალება აღარ უნდა მიეცეს ისეთ დამოკიდებულებებს კანონების მიმართ, როგორიც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიჩინა მიწის გასხვისებასთან მიმართებაში.
2. კანონისმიერი პირობები და შეზღუდვები განისაზღვროს საყოველთაო -სახალხო განხილვის (სულაც რეფერენდუმის) საფუძველზე - ვინაიდან, არ არსებობს სტანდარტული კრიტერიუმები იმის დასადგენად, თუ მიწაზე საკუთრების რეგულირების რომელი ფორმა შეესაბამება ქვეყნის საზოგადოების კეთილდღეობას, მის ინტერესებს - ეს ხალხის გადასაწყვეტია და არა რომელიმე ჯგუფის, ან გუნდის (იქნება ეს სამთავრობო, მეცნიერთა თუ პოლიტიკოსთა).
გასხვისების უფლებას საკუთრების გარანტირებულობის ბირთვად მიიჩნევენ, ამიტომ გასხვისების აკრძალვების ან/და მისი შეზღუდვების დასაბუთების საფუძველს მხოლოდ საზოგადოების ინტერესი უნდა შეადგენდეს; ხოლო, კანონმდებლისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ამოცანაა მოძებნოს ოპტიმალური თანაფარდობა საკუთრების პოლიტიზებასა და პიროვნების გარანტირებულობას შორის.
კონსტიტუციაში რედაქციული ხასიათის ცვლილებაა საჭირო საკუთრებასთან დაკავშირებული ნორმის ერთმნიშვნელოვნად გაგებისთვის.
საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებულია და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით:
„დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.“
მაგრამ, იგივე მუხლი ითვალისწინებს ამ საერთო წესიდან გამონაკლისებსაც:
1. „საკუთრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, მაგრამ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით
2. საკუთრების უფლება შეიძლება ჩამორთმეულ იქნას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, მაგრამ ასევე მხოლოდ კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში ........“
საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს საკუთრების უფლებას, მაგრამ არ იძლევა მის ცნებას. იგი მხოლოდ იმ პრინციპებს განსაზღვრავს, რომლებსაც ემყარება საკუთრება - გარანტირებულობა, შეზღუდვის შესაძლებლობა, მესაკუთრის ინტერესების დაცვა სასამართლოს მეშვეობით. ფაქტობრივდ, ეს არის იმ სივრცის განსაზღვრა, რომლის შიგნითაც კანონმდებელმა უნდა მოაწესრიგოს საკუთრების ურთიერთობები. საკუთრების ფარგლებს და მის კონკრეტულ შინაარსს ძირითადი კანონი- კონსტიტუცია არ განაზღვრავს, ეს მიმდინარე კანონმდებლის ამოცანაა, საკუთრების დაცვის კონსტიტუციური გარანტიების ფარგლების ხელყოფის გარეშე.
აქედან გამომდინარე, კანონმდებლისთვის მყარად უნდა იქნას ჩამოყალიბებული ის ფარგლები, რომლიდანაც მას არ შეეძლოს გასვლა.
21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები კი, მიწის მიმართ ბუნდოვნად ასახავენ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის კანონმდებლის მიერ გამოყენების ფარგლებს. ამიტომ, ნაცვლად ორჯერ განმეორებული სიტყვებისა: „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“, პირველი პუნქტი უნდა შეიცვალოს სიტყვებით: „ქვეყნისათვის აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე“, რომელსაც უშუალოდ შეესაბამება „შეზღუდვა“; ხოლო „ჩამორთმევა“ ყველა შემთხვევისათვის შესაბამისობაში იქნება „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებასთან“.
ამრიგად, ჯერ კონსტიტუციურად გარკვევით ჩამოყალიბდეს საკუთრებასთან (მათ შორის მიწასთან) დაკავშირებული ნორმა, შემდეგ მის საფუძველზე მიღებულ იქნას სრულფასოვანი დარგობრივი კანონი - მიწის კოდექსი და ჩამოყალიბდეს ცივილიზებული სამოქალაქო ურთიერთობები მიწასთან დაკავშირებით.
მიწის კოდექსით განსაზღვრულ მიწის რეგულაციებში გათვალისწინებული უნდა იქნას რთული შემადგენლობისა და სტრუქტურის მქონე მრავალი ფაქტორი - ისტორიული მემკვიდრეობის, ტრადიციული, სოციალურ-ეკონომიკური, ლანდშაფტურ-ეკოლოგიური, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური და ა.შ., აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიული ადგილმდებარეობის განსაკუთრებულობით განსაზღვრული მიწის რეგულაციები.
აქედან გამომდინარე, მიწის საკუთრების დაცვა კანონმდებლის მხრიდან, ჩვენ შემთხვევაში აუცილებელია ითვალისწინებდეს შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ ამავე დროს, მნიშვნელოვნად არ აზიანებდეს საკუთრების უფლებას.
დღემდე მიწასთან დაკავშირებული კანონები ფრაგმენტულია და ხდება მათში გაუთავებელი ცვლილებები. განსაკუთრებით ბევრია ცვლილებები სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით. არსებული ცვლილებები (საკონსტიტუციო სასამართლოს ორჯერ განხორციელებული ცვლილებების ჩათვლით) გამოირჩევა ურთიერთგამომრიცხავი, ნონსესური დასაბუთებულობებით, შექმნილია სახელმწიფო პიარი ინტერესების დასაცავად და არა საზოგადოების განვითარების სასარგებლოდ.
იმავე გზის გაგრძელებაა ზემოთხსენებული კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების მიზეზი მოცემულია განმარტებით ბარათში, სადაც ნათქვამია, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელთა საკუთრების უფლების შეზღუდვის მიზანია მიწის, როგორც ამოწურვადი რესურსის, რაციონალური გამოყენების საფუძველზე ორგანიზებული მეურნეობის უზრუნველყოფა და აგრარული სტრუქტურის გაუმჯობესება.“ ?! აქ კომენტარის გაკეთებაც კი შეუძლებელია პოზიციის ნონსენსურობიდან გამომდინარე. (ა.ა) მიზნის შესახებ ნათქვამია:
„ა.ბ) კანონპროექტის მიზანი 2014 წლის 24 ივნისის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და ძალადაკარგულად გამოაცხადა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ნორმა, რომლითაც უცხოელებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეუჩერდათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება.
მორატორიუმის მოქმედების პერიოდში საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელის საკუთრების უფლების ამსახველი ისეთი დაბალანსებული მექანიზმის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფდა, ერთი მხრივ, საჯარო ინტერესის დაცვას და სახელმწიფოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილებას, ხოლო, მეორე მხრივ, მისაღებ პირობებს შეუქმნიდა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის მსურველ უცხოელებს, რომლებიც, საამისოდ აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოიპოვებდნენ ამ კატეგორიის მიწაზე საკუთრების უფლებას და მისი დამუშავებისა თუ ინვესტიციების განხორციელების გზით მონაწილეობას მიიღებდნენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.“
რისი აღიარებაა ყოველივე ეს? - შეუსრულებლობის თუ შეუძლებლობის? პასუხი თვითონვე მოჰყავთ ცოტა ქვემოთ:
„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემუშავებული კანონპროექტით უცხოელთა მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელი პირობების განსაზღვრა ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის მიერ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რომლის მიხედვითაც, ამ უკანასკნელმა 2014 წლის 30 ნოემბრამდე უნდა უზრუნველყოს:
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით;
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო რეგულირების განსაზღვრა;
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება და სხვ.“
აღნიშნული არც ვალდებულების შესრულებაა და არც ეს ჩამონათვალი არ არის სრული მიწის კოდექსისთვის.
რაც შეეხება თვით ცვლილებებს:
„1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება აქვთ:
ა) სახელმწიფოს, ადგილობრივ თვითმმართველობას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს,
ბ) უცხოელს, თუ ის აკმაყოფილებს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პირობას: “..........
კომენტირების ნაცვლად, კითხვა გვებადება კანონშემოქმედთან - საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები საერთოდ საქართველოში არიან დარეგისტრირებულები, თუ..... რატომ მოხვდნენა) ქვეპუნქტშიდა არა ბ) -ში?
კანონმდებელი არ განმარტავს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ქვეშ ვის გულისხმობს. სპეციალურ ლიტერატურაში ასეთად მიჩნეულია აზიის განვითარების ბანკი, არაბეთის სავალუტო ფონდი,ევრაზიის განვითარების ბანკი,საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ა.შ. ამ ინსტიტუტებზე გეგმავს კანოპროექტის ავტორები შეუზღუდავად საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვას? თუ საქართველოში რეგისტრირებულ რომელიმე იურიდიულ პირზე, რომელსაც სათაურში ფორმალურად ექნება დასახელება „საერთაშორისო ფინანსური“ და სინამდვილეში იქნება რომელიღაც პირის თუ პირთა ჯგუფის ინტერესების გამტარებელი.
როგორიც არ უნდა იყოს შინაარსი, „ფინანსურ ორგანიზაციებზე“ სასოფლო სამეურნეო მიწების გაყიდვის დაშვება არ შეიძლება და საერთოდ, ამ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენაც კი, არათუ მისი მიღება, იქნება ნაბიჯი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მეტიც, სამშობლოს ღალატი!
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, თქვენთ ხელთ არსებული ყველა შესაძლებელი ძალისა და რესურსის გამოყენებით, წინ აღუდგეთ დასახელებული კანონპროექტის მიღებას, დააჩქაროთ მიწის კოდექსის მიღება და საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში ასახოთ შემოთავაზებული ცვლილება.
პატივისცემით,
პაატა კოღუაშვილი - პროფესორი,
ჯუმბერ ფანჩულიძე - პროფესორი,
ანზორ მესხიშვილი - პროფესორი,
მიხეილ ჯიბუტი - პროფესორი,
მამუკა გიორგაძე - პოლიტიკოსი,
ზაურ ნაჭყებია - პუბლიცისტი.