ივერიონი / თავგასულობა და თავისუფლება ერთმანეთში გერევა და მზარავს იმის შეგრძნებაც, რას მოუტანს ქვეყანას შენი ისტერია!

თავგასულობა და თავისუფლება ერთმანეთში გერევა და მზარავს იმის შეგრძნებაც, რას მოუტანს ქვეყანას შენი ისტერია!

(მონოლოგი ისტერიულ ფსიქოტიპთან - ალექსანდრე ჯეჯელავასთან)

 

უნდა ვაღიაროთ, ჩემო ლექსო, რომ შენში ნამდვილად არის ცვლილებების, სიახლის სიყვარული,  მაგრამ,  ეს ავადმყოფობაში გაქვს გადაზრდილი.  ამიტომაც ამ მონოლოგს კონკრეტული  მიზნით ვაქვეყნებ: იცოდეს საზოგადოებამ, ვის ხელშია ჩვენი განათლებისა და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მომავალი. ძალიან სამწუხაროა, რომ უკანასკნელ ათწლეულებში განათლების სისტემას ხელმძღვანელობენ არაორდინალური პიროვნებები. 2011 წლის მერე  ფაქტობრივად, კატასტროფის პროცესი დაჩქარდა. შაშკინის სისასტიკემ შესანიშნავი ფონი შექმნა იმ არნახული კორუფცია-ნეპოტიზმისთვის, რაც თამარ სანიკიძემ მოიტანა. ახლა კი, ერთგვარი ისტერიული პიროვნება ჩაუდგა სისტემას სათავეში და ეს პიროვნება შენ ხარ!

 

შენ, როგორც ვითომ სიახლით და ვითომ კრეატივით „დაავადებული“ ადამინი, ცხადია, ვერასდროს წარმოიდგენ, რომ დანაპირების შესრულება აუცილებელია. პაუხისმეგებლობა ხომ ღირებულებით კატეგორიაში შედის. შენთვის ღირებულებები და ტრადიციები გაქვავებული, გამოუსადეგარი ფენომენია. უფრო სწორად, ფენომენიც არაა. ამიტომ, მთავარია რაღაც წამოისროლო, მოცემულ მომენტს შეუსაბამო და აქ მთავრდება ყველაფერი. ეს არის შენი ისტერიულობის ყველაზე თვალსაჩინო დეტალი. ამიტომ არ სრულდება შენი არცერთი დანაპირები და არც არასდროს შესრულდება. მთელი ტრაგიზმი კი ისაა, რომ შენ ეს შეუსრულებლობა არ გაწუხებს. არც შეგაწუხებს, რადგან შენ დროით კატეგორიებში არ არსებობს მომავალი. შენ აწმყოს ხედავ მხოლოდ, ისიც შენთვის!

 

შენი ყოველი სიტყვის პათოსი ააშკარავებს შენში არსებულ უპასუხისმგებლობას: რა საჭიროა ლექსი, პროზა.. რა საჭიროა მდინარეების ცოდნა, ქიმიის ფორმულები და ა.შ. ეს აწმყოს არაფერში არ სჭირდება და მომავალში რა იქნება, ღმერთმა უწყის. არადა, განათლება, სკოლა მომავალს ემსახურება და არა აწმყოს. წარმოდგენაც კი მზარავს, რას მოუტანს ქვეყანას, თუ რამენაირად რეალიზდება შენი ისტერია, ყოველგვარი ტრადიციის, დაგროვებული ცოდნისა და ცოდნითი სისტემების, მორალური თუ სხვა სახის ღირებულებებისადმი შენი შიში და ზიზღი!..

 

შენი იდეაფიქსი: ვიცოდეთ იმდენი, რომ მზად ვიყოთ ყოველგვარი სპონტანურობის გასამკლავებად, ისე ჟღერს, თითქოს მომავალში ადამიანებს აღარაფერი ესაქმებათ და ის თავისით მოვა. წარსული გამოცდილება არაფერში გამოდგება და თუ სპონტანურობა მოგვთხოვს, ბოლოს და ბოლოს „დავგუგლავთ“ და ამით გავიტანთ თავს. თუ მაგალითად, ქირურგს არ ეცოდინება, რა ინსტრუმენტები სჭირდება ოპერაციის დროს, მერე, რა, როდესაც შეუძლია, რომ საოპერაციო მაგიდაზე დადგას ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი და „გოოგლე“ს სისტემით მოძებნის საჭირო ინვენტარს!

 

ცოტა გონივრული შეიძლება დავიჭიროთ იმაში, რომ შენ უპირისპირდები ყოველგვარ ადამიანურ ურთიერთობათა სისტემას, მერკანტილური იქნება ეს, ანგარებიანი თუ მორალურ პრინციპზე აგებული. მაგრამ, შენს ავადმყოფობას კიდევ უფრო საშიშად გვისახავს შენი შიში და შენი კონფლიქტი ბუნების, სამყაროს კანონზომიერებასთან. ეს ძალიან მძიმე სენია. შეუძლებელია უარყო ისეთი გარდაუვალი ფიზიკური „ტრადიცია“, როგორიცაა სიკვდილი, მაგრამ შენ უარყოფ მას, პრინციპით: რა საჭიროა სიკვდილი, როდესაც შესაძლებელია სიცოცხლე!

 

ალბათ, უკვე გჯერა, რომ ამგვარი უარყოფებით თავისუფლებას მიაღწიე: როდესაც არანაირ პასუხიგებლობას არ გრძნობ შენი ქმედების და ნათქვამის შედეგზე - ეს თითქოს თავისუფლების მაღალი ხარისხია! შენ ეს დაიჯერე და კეკლუცობ ხალხის წინაშე, აქაოდა, მიყურეთ, რა თავისუფალი ვარო, მაგრამ, გავიწყდება, რომ ეს თავისუფლება კი არა, თავგასულობაა. პიროვნულად მებრალები: რადგან, ასე გჯერა. ძნელია განიკურნო, თუ არ გაიაზრე, რომ დაავადებული ხარ!

 

წინ უფრო დიდი საფრთხეა და ორმაგდება უბედურება, იმით, რომ შენ გინდა მთელი სისტემა ჩაითრიო ამ უბედურებაში. მთავრობის სხვა წევრებშიც კი გაჩნდა ისტერიის ნიშნები. შენ გჯერა, რომ არსებობს არა ის სინამდვილე, რომელიც მართლა არსებობს, არამედ სხვა. და ეს სხვა შენი გამოგონილი მოჩვენებითი (ვირტუალურიც არა) რეალობაა, სადაც ყველაფერი უკეთაა. შენ გინდა აქ შეუძღვე მთელ საგანმანათლებლო სფეროს, მშობლებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს. ეს ქმედება მაფიქრებინებს, რომ რაღაც ძალებმა სპეციალურად შეგარჩიეს. მგონი, ადრეც უნდა ჰქონოდათ ამის მცდელობა - შეეტყუებინათ ადამიანები ილუზორულ სივრცეში, მაგრამ არ გამოუვიდათ, რადგან შენ წინამორბედებს არ სჯეროდათ სხვა სინამდვილისა. შენ კი გჯერა და ამიტომაც ხომ არ შეგარჩიეს?

 

დიახ, დიდი ეჭვი მაქვს, ასე უნდა იყოს. შენ ხომ შედეგებზე არ ფიქრობ; შენ ხომ სასჯელი არ გემუქრება, რადგან სასჯელიც კანონიერების, მოწესრიგებულობის შემადგენელი ნაწილია, ისიც ერთგვარი ღირებულებაა, პირობითობაა. მაგრამ სრულიად არასაჭირო. ამიტომ, ვერც ვერასდროს იფიქრებ, რომ შეიძლება შედეგების გამო დაისაჯო. შენ ხომ თავისუფალი ხარ და შენ რატომ შეგეხება კანონი?!

 

როგორც გითხარი, მოჩვენებითობის სჯერათ მაღალ ეშელონებშიც: მოგვიწოდებენ კიდეც ილუზიების ატმოსფეროსკენ - არ დაიჯეროთ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაო, ან თუნდაც: ეკონომიკა ყოველდღიურად უმჯობესდებაო და ა.შ.

 

შენ, როგორც ისტერიული ფსიქოტიპი, თითქმის ზედმიწევნით ჯდები ამ ტიპთათვის დამახასიათებლი ზოგად სქემაში. შენ უარყვე ბევრი უნარის საჭიროება, რადგან, თავად არ გაქვს ეს. მაგრამ გაქვს მოთხოვნილება, რომ კრეატიული ჩანდე. ამისთვის ეძებ „თითიდან გამოწოვილ“, არაფრის მომცემ მიზეზებს და არაფრისგან „დაძაბულობის ატმოსფეროს“ ქმნი. ამ დაძაბულობის ატმოსფეროში თითქოს რეალიზდები, თითქოს ნოვატორი ჩანხარ.

 

 შენ გაგიგია, რომ ყოველგვარ სიახლეს მტკივნეულად აღიქვამს კონსერვატორული საზოგადოება და შენ სულელურ გამოხდომებს როდესაც ახლავს ეს ე.წ. მტკივნეულობა, მაშინ სიხარულისა და ეიფორიის ზენიტში ხარ. მაშინ კიდევ უფრო იჯერებ: „ეს რამხელა ნოვატორი ვყოფილვარ, კაცოო?“. მაგრამ წარმოდგენაც არ გაქვს, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი უარყოფითი ველი, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია, სინამდვილეში, საზოგადოება მტკივნეულად პასუხობს არა ნოვაციას, არამე იმას, რომ მინისტრი კარგად ვერ ყავთ და რა არის ნოვატორული შენს იდეებში, კაცი ვერ ახსნის მაგას.

 

ვერ დაიწუნებს ვინმე შენს წარმოსახვას, მაგრამ ამ ულოგიკო წარმოსახვას რომ დააქვემდებარო სისტემა, ამას ვერავინ შეეგუება. შენ რომ მინისტრი არ იყო, არც არავინ დაგაკისრდებდა შენთვის ესოდენ საძულველ პასუხისმგებლობას, მაგრამ როგორც მინისტრს, ბავშვობას არავინ გაპატიებს, ჩემო კარგო!

 

შენნაირი ტიპებისთვის არაფერს ნიშნავს მორალური ნორმებიც. როგორც ჰიტლერი იტყოდა, სინდისი მხოლოდ ქიმერაა. თუ ვინმე მორალს დაგიწუნებს, თუ ვინმე გაგაკრიტიკებს გამოთქმული სისულელეებისა და კანონზომიერებაზე აცდენის გამო, დაასკვნი: ეს იმიტომ კი არა, რომ შენშია პრობლემის წყარო. არა - ეს საზოგადოება არ არის მზად, გაუგოს თურმე ისეთ კრეატიულსა და პროგრესულს, როგორიც შენ ხარ. თურმე, პრობლემა გარეშე პირებშია და არა შენში.

 

მერე რა, რომ „კომბლეს“ გამო გაგკიცხეს, ან „დაგუგლვა“ დაგიწუნეს?! ეს შეგაშფოთებს? ეს საზოგადოებაა უმწიფარი, მოუმზადებელი, ჩაკეტილი, კონსერვატორული და ბრბო, თორემ, შენ განუმეორებელი უკრეატიულესი ადამიანი ხარ. საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება შენს სიდიადეზე მეტყველებს, მათი არგუმენტირებული მსჯელობა კი არაფერს ნიშნავს. შენთვის არგუმენტიც ხომ აუცილებლობის, მიზეზ-შედეგობრიობის გმოხატულებაა. ჰოდა, არგუმენტიც საძაგლობა და საშიშია. თუ მაინც დაგარწმუნებენ იმაში, რომ სასაცილოდ შეცდი, მერე რა, ეს ხომ წარსულში მოხდა. აწმყო კი სხვა არის და ცხოვრებაც სხვა იქნება!

 

 მინისტრობამ დროზე მოგისწრო, თორემ შენი პიროვნული კრახი ძალიან მძიმე იქნებოდა! უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ მინისტრობამ პიროვნული კრახი გადაავადა. ეს ხომ მართლაც სპონტანური იყო შენთვის. რას წარმოიდგენდი, რომ მინისტრი გახდებოდი? აკი, თქვი კიდეც, „კომაროველობა“ და განათლება არც არასდროს გამოგდგომიაო. შენმა ცხოვრებამ გიჩვენა, რომ კაუზალობა არ არსებობს. რომ ცხოვრება აწმყოა და მომავლისთვის მზადებას არანაირი აზრი არა აქვს. მინისტრიც ისე გახდი, არც მომზადებულხარ. მაგრამ ახლა ის დრო მოდის, რომ ამ აწმყოში კუთხეში მიმწყვდევა მოგიწევს. შესაძლოა ეს სტატიაც გახდეს ამის საფუძველი, თუმცა, მე ვისურვებდი, ეს სამკურნალოდ, ანუ დასაფიქრებლად გამოგეყენებინა, თორემ სულ მალე აღმოაჩენ, რომ ჩიხში ხარ და ვინ ხარ, რას წარმოადგენ, მაგასაც ვერ გაიაზრებ.

 

შენ მინისტრი ხარ და ვერ გიშველის ისტერიულ ტიპთათვის დამახასიათებელი თავის დაძვრენის მეთოდი, რომ შენი დანაშაულობები სხვას გადააბრალო. ეს, როგორც რიგით პირს, შეიძლება გამოგდგომოდა, მაგრამ ამხელა სოციალურ ჯგუფში, რომელსაც ილუზორულ სივრცეში უპირებ შეტყუებას, არაფერი გამოგივა. დადგება დრო, რომ ხალხს ვერ დააჯერებ ვეღარაფერში. ხალხი არც იმას დაიჯერებს, რომ გამოგონილი რეალობის რელურობაში თავად იყავი დარწმუნებული. ამგვარ დაპირისპირებას კი შენი პიროვნული განადგურება მოჰყვება და მენანები, თავს არაფერი აუტეხო, ჩემო ლექსო.

 

სიყვარულით:

მეამბოხე პედაგოგი - დავით ფერაძე

 

 

 

2-02-2017, 10:35
უკან დაბრუნება