ღია ბარათი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბ-ნ ირაკლი კობახიძეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს
ბატონებო,
2015 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“, რომელიც ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან შევიდა.
კანონი საქართველოს მთავრობას ავალდებულებდა, 2016 წლის 1 თებერვლამდე შეექმნა ენის სახელმწიფო დეპარტამენტი, დაენიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, ხოლო 2016 წლის 14 აპრილამდე შეექმნა სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისია. აღნიშნულ ვადაში ქვეყანას უნდა ჰქონოდა ქართული ენის სახელმწიფო პროგრამაც.
ნიშანდობლივია ისიც, რომ 2016 წლის ბიუჯეტში ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ფუნქციონირებისთვის გამოყოფილი იყო 300 000 ლარი (კანონის განმარტებით ბარათში მითითებული 1 მლნ ლარი კი სადღაც „აორთქლდა“).
სამწუხაროდ, ისე დაასრულა თავისი მოღვაწეობა საქართველოს წინა პარლამენტმა, ზედამხედველობა არ გაუწია თავისივე მიღებული კანონის აღსრულებას, ხოლო, ისე მიილია 2016 წელი, საქართველოს მთავრობას არაფერი გაუკეთებია ზემოთ ხსენებული კანონის აღსასრულებლად. აქედან გამომდინარე, ქართული ენის სახელმწიფო დეპარტამენტის საქმიანობისთვის გამოყოფილი 300 000 ლარიც არ ათვისებულა.
სახელმწიფო ენა დღევანდელი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი რომ არ არის, ეს იქიდანაც ჩანს, რომ 2017 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში „სახელმწიფო ენის დეპარტამენტის“ გასწვრივ ასიგნების გრაფაში მითითებულია ციფრი - 0.
მართალია, დიდი ბრძოლისა და დავიდარაბის ფასად „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონი კი მიიღეს, მაგრამ დღემდე ეს კანონი ფარატინა ქაღალდის ფუნქციას ითავსებს. - სახეზეა დღევანდელი მთავრობის ცინიკური, დანაშაულებრივი დამოკიდებულება სახელმწიფო ენის მიმართ!
არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ მთავრობა, რომელსაც სახელმწიფო ენის დაცვა მეორეხარისხოვან პრობლემათა ნუსხაშიც არა აქვს შეტანილი, რბილად რომ ვთქვათ, საფრთხეს უქმნის ერის სიცოცსლისუნარიანობას - ის ბუნებრივად გადის სახელმწიფებრივი სივრციდან და საზოგადოების უმდობლობას იმსახურებს.
„სამოქალაქო ინიციატივის ჯგუფი“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს ზედამხედველობა გაუწიოს კანონის აღსრულებას, ხოლო საქართველოს მთავრობას - უმოკლეს ვადაში შეიმუშაოს სახელმწიფო ენის განვითარების პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მრავალათასწლოვანი, მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის რამდენიმე ნიშნით გამორჩეული ქართული ენის შენარჩუნება-განვითარებას.
,,სამოქალაქო ინიციატივის ჯგუფის“ სახელით:
ზაურ ნაჭყებია - ჟურნალისტი,
მიხეილ ჯიბუტი - პროფესორი,
იური პაპასქუა - პროფესორი,
მზია ხაჩიძე - ფილოლოგი
ზურაბ წოწორია - ანალიტიკოსი,
გიორგი მარიამიძე - იურისტი,
რუსუდან გოგბერაშვილი - ფილოლოგი,
მარეხ ბეჟანიშვილი - ფილოლოგი,
ნასყიდა დარბუაშვილი - აკადემიური დოქტორი,
ლელა ფრიდონიშვილი - იურისტი,
ლაშა რურუა - ჰიდროინჟინერი.