ქრისტესმიერ საყვარელნო, ჩემო სევდიანო, დამთმენო და გულმტკივანო საზოგადოებავ!
გამოჩენილი რუსი კლასიკოსი თ. დოსტოევსკი ამბობს: „არ არსებობს ქვეყნად სიმართლის თქმაზე უფრო რთული რამ და არც არაფერია მლიქვნელობაზე უფრო ადვილი“. მერწმუნეთ, ჩემთვისაც იოლი არ არის ვწერო იმ ეკლესიის საპატრიარქოში არსებულ პრობლემაზე, რომლის ომოფორქვეშაც თავად ვიმყოფები. რასაკვირველია, ჩვეულებრივ ჭეშმარიტი სარწმუნოების შვილობრივი გულშემატკივრობა, რომ არ მამოძრავებდეს, პირადი კეთილდღეობის მერკანტილურ და კარიერისტულ პოზას ავირჩევდი და მოღიმარი ლაქიების მსგავსად, ეგოისტურად შევხედავდი სამყაროს, მაგრამ ნუ იყოფინ!
როგორც ვხედავთ, საეკლესიო სივრცეში განვითარებულმა მოვლენებმა, მეტად გაურკვეველი, ქაოტური და დამაბნეველი გარემოება შექმნა. სისტემური მარცხი, აბსოლუტიზმის იდეით განმტკიცებული და სულიერად დასნებოვნებული რეჟიმი უმძიმეს კრიზისშია. ფაქტობრივად, გაცხადდა ის, რაზედაც პრივატულ თუ კონფიდენციალურ წრეებში, ყველანი წუხილითა და შეშფოთებით ვსაუბრობდით. სწორედ ამიტომაც, იმისათვის რათა მკვეთრი სიცხადე და გარკვეულობა დავინახოთ, საჭიროა ეკლესიის, როგორც მისტიკური სავსებისა თუ მეტაფიზიკური ბუნების გამიჯვნა – ადმინისტრაციული ორგანოსაგან (საპატრიარქოსაგან), ისევე როგორც ერთია მედიცინის სფერო და მეორე კონკრეტული საავადმყოფოს ხელმძღვანელობა თუ მისი შინა-განაწესი, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი რომელიმე მედპერსონალი უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტურია, სავსებით არ ნიშნავს საკუთრივ მედიცინის, როგორც დარგის პრობლემას.
ცხადია, წარმოებაში არსებულ საქმეზე, რომელზედაც მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, შეუძლებელია დამაჯერებლად ისაუბრო გარედან და თეოლოგისა და მრევლის წევრის კომპეტენციას მიაკუთვნო სისხლის სამართლის დანაშაულის რეალიებზე მსჯელობა, მისი ახსნა და შეფასება. რაკი უმძიმეს ბრალდებებთან გვაქვს საქმე, დაბეჯითებით რაიმეს თქმა ძალიან რთული და არაკორექტული იქნება. თუმცა, მე, როგორც მოქალაქეს, მართლმადიდებელ ქრისტიანსა და მეტ-ნაკლებად საეკლესიო წიაღთან დაახლოებულ ადამიანს, შესაძლოა, ინტუიტურად, ვიწრო გამოცდილების, ინფორმირებულობისა და ანალიზის დონეზე გარკვეული მოსაზრება და ვერსია გამაჩნდეს, მაგრამ კონკრეტულად მოწამვლის გეგმაზე დარწმუნებით საუბარი ერთობ არასერიოზული და უხერხულიც კია ჩემი მხრიდან, ამიტომ მზაკვრულ ინსინუაციებსა და ემოციურ სპეკულაციებს ნამდვილად არ მივეცემი.
შექმნილი აურზაურის გათვალისწინებით, მიუხედავად საკითხის სენსიტიურობისა და სიფაქიზისა, ფრთხილი ანალიზისთვის, გარკვეული დოზით მაინც საჭიროდ მივიჩნიე, რომ გამოვთქვა პირადი პოზიცია და დამოკიდებულება, აღნიშნულ ვითარებისა და მიდინარე პერიპეტიების შესახებ.
მახსენდება გამოჩენილი ირანელი საზოგადო მოღვაწე – ალი შარიათი, რომელიც ამბობდა: “თუ არ შეგიძლია, ბოლო მოუღო უსამართლობას, მაშინ უამბე მაინც ყველას მის შესახებ”. ჩემი პათოსის ერთ-ერთი მახასიათებელიც სწორედ ეს არის, რომ ღვთისმოშიშებითა და კეთილკრძალულებით ყველას ღიად და გამჭვირვალედ გავანდო საკუთარი საწუხარი, რომელიც გარშემო ჩამოწოლილი რეალობის გულწრფელი გამოძახილია.
II
ნაციონალური მოძრაობის მიმდევრები და რუსთავი 2 ჩვეულებისამებრ მოწოდების სიმაღლეზე” არიან და აცხადებენ, რომ ელისო კილაძის მისტიკურ-მეტაფიზიკური ხილვის საფუძველზე, აღნიშნული ლიკვიდაციის მცდელობა თურმე და ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა იყო, რაც სუს-მა გარკვეული ინსცენირებით “შეკერა”, იმისათვის, რათა ეკლესიაში თავისი საცეცები უფრო მეტად განიმტკიცოს და კონკურენტი ფრთა დისკრედიტირდეს. ამავე ნარატივს ირიბი რიტორიკით, მაგრამ ანალოგიური განწყობითა და ეგოისტური ინტერესით მიჰყვებიან მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ტრენდის წევრები, რომელნიც ხელმოცარულობის გამო წარსულ გავლენას მისტირიან და ახალაიების ახლობლობაში მხილებული მეუფე დიმიტრის სიძის – იოსებ ოხანაშვილის პოზიციების შენარჩუნებისათვის იბრძვიან, რომლის მიმართაც ფინანსური მანიპულაციების კუთხით არაერთი ბრალდება და მითქმა-მოთქმა არსებობს (აღარაფერს ვამბობ მის უზნეობასა და თავგასულობაზე). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სულ ცოტა ხნის წინ მასთან გაჩაღებულ დავაში მეუფე იაკობი აბსოლუტურად მართალია. ამდენად, პროვინციული ახირებითა და მერკანტილური შურისმაძიებლობით მუდმივად მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილზე აპელირება ძალიან სამარცხვინო და კომიკურია. თუმცა ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი ხელისუფლების მეხოტბე და ძებნილი მწამებლების: სოსო თოფურიძისა და მეგის ქარდავას მეგობრისა და სადისტი ახალაიების ოჯახთან შეხმატკბილებული ახლობლის ბაგეთაგან არაადეკვატური თუ ისტერიული აკვიატება სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს. აქვე დავძენ, რომ შორენა თეთრუაშვილს უმანკო ანგელოზად სულაც არ ვთვლი და არაერთხელ გამიკრიტიკებია, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ ბრძოლაში ის ყველაზე მეტ პატივისცემას იმსახურებს.
შექმნილი სურათი კი, მთავრობამ რომ მოაწყოს ამის ნიადაგი იქ უნდა იპოვოს, შიგნით. თუ ეს სუს-მა დადგა, მაშინაც არაასახარბიელოდაა საქმე, რადგან დასაყრდენი ნახეს და იმიტომაც მოაწყვეს. ასევე, მთლად ისეთი მოწყობა და ინსცენირება, რომ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანის გარშემო საქმე გამოცხვეს, ასეთი რაღაც რა საკვირველია წიგნებსა და ფილმებშიც კი არ ხდება-ხოლმე.
მთავრობამ შესაძლოა რაღაც ინტერპრეტაცია მისცა ბოროტმოქმედთა განზრახვებს და მოცემულობა იმ კუთხით დაგვანახა, როგორადაც უფრო მას სჭირდებოდა. მთლიანობაში ფაქტი ის არის, რომ შიგნით დაგროვილია დიდი სიბინძურე, ძირმაგარა გასიებულია, ჩირქის ამოხეთქვას ლამობს და განწმენდაა საჭირო. ამდენად, ვფიქრობ, რომ სახელმწიფო პირიქით, უნებლიედ, სულაც კეთილ როლშია როცა ავლენს დამნაშავეებსა და აქამდე იმუნიტეტით მოსარგებლე რამდენიმე მაფიოზს.
ცხადია არც ის არის გამორიცხული, რომ ორი უმსხვილესი დომინანტური პოლუსის: აშშ-ს სპეცსამსახურებისა და რუსეთის საიდუმლო კოლონიის ურთიერთცილობის საგანი იყოს ესოდენ ავტორიტეტული ინსტიტუტის შიგნით საკუთარი ვექტორისადმი სიმპათიებით განწყობილი ჯგუფისა თუ პირის გაძლიერება და შესაბამისად კონკურენტის განეიტრალება, რათა სამომავლო პლათფორმა მათ სასარგებლოდ ამუშავდეს
მოვლენათა პერიპეტიებს თუ მივყვებით, ამაში დაუჯერებელი არაფერია, რადგან თავის დროზე მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში ნამსახურებ მღვდელ გიორგი მამალაძეს ღია გაცხადებული კონტაქტები აქვს უკრაინის ავტონომიურ რუსულ ეკლესიასთან. ამრიგად, ნებისმიერ შემთხვევაში საპატრიარქომ თავად ჩაიგდო თავი ასეთ უხერხულ და სამარცხვინო მდგომარეობაში და ესეც მისი ადმინისტრაციის ბრალია, და იმ უბეში გამოზრდილი გველებისა, რომელთაც იქედნესავით საკუთარი მშობლის სხეულს დაუწყეს ჭამა და განადგურება.
III
ვინმე მამა გიორგი მამალაძე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვიცი მკვლელია თუ დანაშაულებრივი ჯგუფის პაიკი ფიგურა, მაგრამ ეს პიროვნება არასოდეს მომწონდა. პირადი გამოცდილება მასთან შეხებისა ასეთი მაქვს: 4 წლის წინ შიომღვიმის მონასტერთან, ეზოში ვიმყოფებოდით მომლოცველები, საღამო ხანი იყო, ჩვენთან ერთად იყვნენ სასულიერო პირებიც, მათ შორის იდგა დეკანოზი გიორგი მამალაძეც. მე, აღფრთოვანებით ვესაუბრებოდი მეგობარ მღვდლებს ათონელი ბერების სიდიადის შესახებ, რაზედაც ჩემთვის უცნობმა, თმებდაუთოვებულმა“მოძღვარმა“გიორგი მამალაძემ დამცინავი და უხეში რეპლიკები მომიძღვნა და ათონელი ბერები უაღრესად აგდებულად მოიხსენია, რის გამოც მასთან უსიამოვნო შელაპარაკება მომივიდა და რომ არა ჩემი მოთმინება, დამსწრე საზოგადოების ჩარევა და წმინდა გარემო, ალბათ კამათი სერიოზულ ჩხუბშიც გადაიზრდებოდა.
ამასთან, ხსენებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ის პიროვნებაა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, კერძოდ კი 2011 წლის მაისში (ნაციონალური მოძრაობის ზეობის პერიოდში), ქობულეთის სასაფლაოდან ერთი თვის დაკრძალული ახალგაზრდა ქალის ცხედარი საბრალო ჭირისუფლებს ამოათხრევინა და საფლავი შეურაცხყო, იმ მოტივით, რომ მანამდე ნაგავსაყრელად ქცეული მიწა, ვითომ მისი საკუთრება გახლდათ და როცა იქ ადამიანი დაკრძალეს, მერე გაახსენდა, რომ იმ მიწის რამდენიმე კვადრატულ მეტრს საკუთრებაში ფლობდა (რაც რეესტრში გადამოწმების შემდეგ არც დადასტურდა), თუმცაღა მოკვლევა უკვე გვიანი იყო, რადგან ჭირისუფალნი ორჯერ აგლოვა, გვამი ამოათხრევინა, სხვაგან დაამარხინა და საწყალი ოჯახი შანტაჟითა და პოლიციის მუქარებით დაამცირა.
აგრეთვე, საყოველთაოდ ცნობილია, რომ როდესაც დეკანოზი გიორგი მამალაძე დონეცკში მსახურობდა, თავისი ამორალური და უხამსი ქმედებების გამო, იქაური ქართული დიასპორის ძალისხმევის შედეგად გამოძევებულ იქნა ქალაქიდან. საქმე ეხებოდა საეკლესიო საკუთრებაში არსებული მიწების თვითნებურ გასხვისებას, ფინანსური თაღლითობის ფაქტებსა და აღვირახსნილ ქმედებებს.
საგულისხმოა, რომ ჩაქვის რაიონის წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის გიმნაზიაში, რომელსაც ღვაწლმოსილი დეკანოზი არჩილ ჩხარტიშვილი ხელმძღვანელობდა, ავადსახსენებელმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ თავისი ჩვეული ინტრიგნობით მიტროპოლიტ დიმიტრის გადააყენებინა დაკავებული თანამდებობიდან და ამასთან ერთად სხვა ტაძარში გადააყვანინა. ცნობილია, რომ ამის შემდეგ, მავნებელ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც სასწავლებელს დაეპატრონა, საშინელ დღეში ჰყავდა პედკოლექტივი და მოსწავლე ახალგაზრდობა, რომელნიც მისგან სიტყვიერ შეურაცხყოფებსა და ყოველდღიურ წნეხს განიცდიდნენ. არადა „მღვდელმა უნდა იცოდეს, რომ ღმერთმა მბრძანებლად ან ზემდგომად კი არ დაადგინა თავის სამწყსოზე, არამედ მის შემწედ. (1 პეტ. 5.3).
გუშინ, 13 თებერვალს, ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერით გავრცელდა არაავთენტიკური და ყალბი წერილი, რომლის ავტორადაც ვითომ და დეკანოზი გიორგი მამალაძე გვევლინება, სადაც მავანს (ჯგუფს, რომელმაც მისი სახელით ცრუ წერილი გამოაქვეყნა) ჰყოფნის უტიფრობა და არც მეტი არც ნაკლები უსპეტაკეს გმირადაც კი ჰყავს გამოყვანილი ბრალდებული დამნაშავე, რაც ამ პიროვნებასთან ოდნავ სიახლოვეში მყოფი ადამიანებისთვისაც კი ძალიან სასაცილო და უხერხული მოსასმენი აღმოჩნდა. ეს საქციელიც წყალწარებულის ხავსზე მოჭიდების უბადრუკი გაფართხალება უფროა, ვიდრე გულამოსკვნილად წრფელი საწუხარი.
ამ ფონზე, აუცილებლად უნდა დაისვას ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც თანამდებობრივად და წოდებრივად აღამაღლა და უფლებათა კვარცხლბეკზე აღიყვანა დეკანოზი გიორგი მამალაძე. ბუნებრივია, ეს პიროვნება გახლავთ მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, რომელიც ამასთანვე, გაცხადებული ლობისტია ისეთი დესტრუქციული და ექსტრემისტული დაჯგუფებისა ეკლესიაში, როგორიც „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირია“. ალბათ, ნიშანდობლივია ისიც, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი საეკლესიო ბიუჯეტის ყველაზე მსხვილი ნაწილი, სწორედ ხსენებულ მიტროპოლიტს მიაქვს, რომელიც ბუნდოვანი მიზრობრიობით გან-იკარგება!
საქვეყნოდ ცნობილია თუ როგორი ფუფუნებით, განცხრომითა და კომფორტით ცხოვრობს ყანდურად ქცეული ბათუმის ამჟამინდელი მიტროპოლიტი, რომელიც გვაროვნული დინასტიის წესით, მრავალი წელია რაც წარმატებით ცდილობს, რომ დაეპატრონოს ზოგადსაეკლესიო ქონებას, შეიმუშავოს კარტელური თუ კორუფციული სქემა ფულის გათეთრებისა და კაპიტალის გაფართოებისათვის, განიმტკიცოს კლანური ძალაუფლება და გაწიროს ყველა ვინც ამ ამოცანის გზაზე მამხილებლად გადაეღობება. ზემოთ ხსენებული დეკანოზი გიორგი მამალაძეც სწორედ მისი უახლოესი გარემოცვის წევრია და მისი ლოცვა-კურთხევის ქვეშ მოქმედი პირი. კონსტანტინე გამსახურდიასი არ იყოს: „გველს ვინც რძეს უსხამს, შხამსაც ის უორკეცებსო“ და აქედან გამომდინარე, დამკვეთი დამნაშავეების კვალიც სწორედ ლოგიკურ პერიმეტრზე უნდა მოიძებნოს და სადამსჯელო აქტის ჯოხი მხოლოდ ამ ცალკეულ დეკანოზზე არ უნდა გადატყდეს.
აღსანიშნავია, რომ თვალის ასახვევად, ვიზუალური ფონი (ტაძრებისა და სამღვდელო დასის სიმრავლე) მართლად შექმნა და გააფართოვა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ, თუმცა ეკლესიის ჭეშმარიტი დანიშნულება, სულიერება და ცხონების საკითხი აბსოლუტურად მიღმა დატოვა და მხოლოდ პირადი განდიდებისა და პატივმოყვარული ამბიციების სახებად ჩამოყალიბდა.
აქვე დავძენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ბრალდებებს უშუალოდ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, ნებისმიერი არაანგაჟირებული და ნეიტრალური აჭარის მოსახლე (ბათუმის, ჩაქვისა და ქობულეთის) მკვიდრი დაგიდასტურებთ. ხსენებულ პიროვნებაზე, კიდევ არაერთი დანაშაულებრივი ფაქტის მოყვანა შეიძლება თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო ამჯერად თავს შევიკავებ!
ზოგიერთ კეკლუც და ფლიდ იერარქსა თუ რიგით სასულიერო პირს კი, რომელიც ცდილობს, რომ საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით ნამუსი მოწმინდოს კრიმინალურ ფიგურებს და სოლიდარობა გამოუცხადოს ბრალდებულს, შევახსენებდი წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის უმკაცრეს გაფრთხილებას:
”არავინ არ აყენებს ისე დიდ ზიანს ეკლესიას, როგორც სასულიერო პირი, რომელიც უსჯულოდ იქცევა. ვერავინ ბედავს დაადანაშაულოს იგი, ხოლო ცდომილება მისი კი მით უფრო იზრდება, როცა მისი სასულიერო ღირსების და მოწიწებისა და პირადი სარგებლის გამო, მაინც განაგრძნობენ ასეთი ცოდვილის შეწყნარებას”.
IV
დასკვნა:
ჩვენ გვჭირდება ქრისტოცენტრული საეკლესიო ადმინისტრაცია, დეპოლიტიზებული, არაიდეოლოგიზირებული, არაბიუროკრატიული, არაკარიერისტული ხელმძღვანელობა, რომლისთვისაც სულთა ხსნა, ჭეშმარიტების დამოწმება, მისიონერული განმანათლებლობის ხელშეწყობა და სიყვარულის მახარებლობა იქნება უმთავრესი პრიორიტეტი და კრედო.
ჩვენ გვჭირდება ღარიბი ეკლესია, რომელსაც მიღმიერი სიმდიდრე გააჩნია. გვესაჭიროვება იმგვარი გულწრფელობის ხარისხის სამღვდელო კადრების წარმოჩინება-დაწინაურება, რომლისთვისაც საზოგადოებასთან ღია კომუნიკაცია, წარსული შეცდომების აღიარება, მონანიება და გამჭვირვალობა იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი რეორგანიზაციის გზაზე. ამის პოტენციალი, მიუხედავად სტაგნაციისა და დახუთულობისა, ნამდვილად არსებობს და ადამიანური რესურსიც უანგარო მზადყოფნაშია, თუმცა ამჟამინდელ მმართველობით ატმოსფეროში, ისინი ჯერ კიდევ უუფლებონი, პატივაყრილნი და გარიყულნი არიან.
შენდობას ვითხოვ მკითხველის წინაშე, რამეთუ ემოციურად მტკივნეულ და უმძიმეს პრობლემატიკას შევეხე, ერთი შეხედვით ლეო ტაქსილის „წმინდა ბუნაგის“ მსგავსი, ფატალური სურათი წარმოვადგინე, თუმცა ეს ყოველივე, ჩვენში ჩამოწოლილმა სულიერად ტრამვირებულმა, ცხოვრებისეულად ტრაგიკულმა და სოციალურად დრამატულმა მდგომარეობამ მაიძულა.
ჩემს ქრისტესმიერ ძმებსა და დებს კი მოგიწოდებთ, რომ მივენდოთ ჩვენთვის ჯვარცმულ ღმერთს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, გავაგრძელოდ იმედიანი ლოცვა, გავიაზროთ ორიათასწლოვანი, მებრძოლი ეკლესიის ტვირთმძიმე და დამაშვრალი ისტორია, არ ავყვეთ დაკომპლექსებული და გაბოროტებული ლიბერალების პროვოკაციებს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ და შევინანოთ ის დუმილი, კონფორმისტული პოზიცია თუ ფარისევლური ქმედებანი, რასაც წლების მანძილზე ირიბი თანამონაწილეობით (იგულისხმება დანაშაულების მიმართ შემგუებლობა და უზნეობაზე წაყრუება) ვიქმოდით. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი, რომელიც საპატრიარქოს სტრუქტურულ კრახზე მეტყველებს, ღვთივდაშვებით ხდება და სამომავლო პერსპექტივაში სასარგებლო შედეგს მოგვიტანს. როგორც ბიბლიური სოლომონი ამბობს: „ნათესავი წარვალს და ნათესავი მოვალს, და ქუეყანა უკუნისამდე ჰგიეს”(ეკლ. 1,4). ოქრო ცეცხლში იწმინდებაო ნათქვამია, კოცონი უკვე დაინთო, ახლა საკითხავია ვინ დაიწვება მასში, ან ვინ ჰპოვებს განწმენდას.
გვიხსენ უფალო და შეგვიწყალენ. ამინ