2000-იანი წლების ბოლოს ინტერნეტსივრცის განვითარებამ, მასზე ხელმისაწვდომობის ზრდამ, „დროის დაჩქარებამ“ და კიდევ მრავალმა ასეთმა ფაქტორმა მსოფლიოს ახალი პროდუქტის შექმნაზე უბიძგა. ეს პროდუქტი ონლაინ სესხებია, რომელიც ზუსტად ასახავს თანამედროვე ადამიანის მოთხოვნას - სახლიდან გაუსვლელად უმოკლეს დროში მიიღოს ხელმისაწვდომობა ფულად სახსრებზე მოკლევადიანი ფინანსური პრობლემის დასაფინანსებლად!
ონლაინკრედიტების კომპანიები საქართველოს არასაბანკო სესხების ბაზარზე 2013 წლიდან გამოჩნდნენ. მათ მიერ გაცემული სესხების პორტფელი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“-ს ინფორმაციით, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტია, ხოლო, ორგანიზაცია „კრედიტინფოს“ მონაცემებით, 4 მილიონი ჩანაწერია აღნიშნულ სესხებთან დაკავშირებით.
აგრესიულმა სარეკლამო კამპანიამ საქართველოს მოსახლეობაში ნელ-ნელა ინტერესი გამოიწვია. საბოლოო ჯამში მოთხოვნა ისე გაიზარდა, რომ მომხმარებლის მატებასთან ერთად ყოველდღიურად ბაზარს ემატებოდა კომპანიები, რომლებიც იმავე ტიპის მომსახურებას სთავაზობდნენ მსესხებლებს.
მოთხოვნის პიკი დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ იქნა მიღწეული, მანამ, სანამ მომხმარებელთა გარკვეულ რაოდენობას პრობლემები არ შეექმნათ ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებით. გაპრობლემებული სესხი, მაღალი საპროცენტო სარგებელი, „გაფუჭებული“ საკრედიტო ისტორია-ამ ყველაფერმა ნელ-ნელა უარყოფითი დამოკიდებულება გაზარდა ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების მიმართ და ასევე, უბიძგა სახელმწიფო ორგანოებს ბაზრის რეგულირებისკენ.
ფინანსთა სამინისტრომ და ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში გაცემული სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. სესხის ვადის გაგრძელებად ითვლება არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემა 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
ასევე საკანონმდებლო ცვლილებაში არის პუნქტი, სადაც საუბარია, რომ სესხის შემთხვევაში ყველა საკომისიოს, საპროცენტო სარგებლის, სესხის გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, ასევე სესხის გაცემის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისთვის მსესხებლისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ან ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გაცემული სესხის ძირი თანხის ორმაგ ოდენობას.
აღნიშნული კანონპროექტი 2016 წლის 29 დეკემბერს დაამტკიცა პარლამენტმა, 2017 წლის 13 იანვარს ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმა, ხოლო, ძალაში 2017 წლის 15 იანვრიდან შევიდა.
სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების განცხადებით კანონპროექტის მომზადებისას გათვალისწიბენული იყო საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება.
მსოფლიო პრაქტიკაში სესხებთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები არსებობს, ძირითად შემთხვევაში დადგენილია საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი. რიგ ქვეყნებში შეზღუდვა დღიურ, თვიურ ან ერთჯერადი სახით გაცემულ განაკვეთებზე ხდება და ზღუდავს ჯამურად გადასახდელ თანხას. თუმცა, არსებობს რეგულაციების ნეგატიური გამოცდილებაც, რამაც მოთამაშის ბაზრიდან გასვლა გამოიწვია.
საქართველოს ონლაინ სესხების ბაზარზე მომუშავე კომპანიებმაც გააჟღერეს, რომ მიღებულმა რეგულაციამ შეიძლება მათ აიძულოს ბაზრის დატოვება, თუმცა იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დადგა ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, ეს ნაკლებად სავარაუდოა.
საქმე ისაა, რომ ამ კომპანიებმა კარგად შეძლეს მორგებოდნენ კანონის ცვლილებას და სიტყვების თამაშის საფუძველზე არ შეეცვალათ თავიანთი მოგება. თუ ისინი ადრე მოგებას იღბდნენ სესხის გადავადების ხარჯზე, ახლა ძირითადი შემოსავლის წყარო გახდა სესხის ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, რომელსაც მსესხებელი წინასწარ იხდის, რაც თანხობრივად იგივე ხარჯია მომხმარებლისთვის. მაგალითის სახით რომ ავიღოთ, თუ მომხმარებელს 250 ლარიანი სესხი 1 წლის განმავლობაში 540.01 ლარი უჯდებოდა, ანუ 216 %, დღეს 534.51 ლარი დაუჯდება, ანუ 213,8%, რაც მხოლოდ 2,2 პროცენტიან სხვაობას გვაძლევს!
როგორც ვხედავთ, ცვლილებამ კანონში რეალურ შედეგამდე ვერ მიგვიყვანა და ონლაინ სესხების გამცემი კომპანიები კანონის გვერდის ავლით მარტივად ახერხებენ იმ შემოსავლის მიღებას, რომელიც მცირედით განსხვავდება ძველი მონაცემისგან.
საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ონლაინ სესხებს შეეხო, მისასალმებელია, რადგან, მისი ძალაში შესვლის შემდეგ კრედიტორების უფლებები უფრო მეტად დაცული უნდა იყოს, თუმცა, ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მხოლოდ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე მაქსიმალური ზღვრის დაწესება შეიძლება საკმარისი არ იყოს პრობლემის მოსაგვარებლად. თანაც ეს ზღვარი - 100% ძალიან მაღალია და ის მინიმუმ ორჯერ ნაკლებით უნდა შეიცვალოს!
კარგი იქნებოდა, თუ დამატებით გაითვალისწინებდნენ, როგორც სხვა ქვეყნების მაგალითებს, ასევე ექსპერტების მოსაზრებებს, რომელიც შეეხება ასაკობრივ (22 წლამდე), ერთ პიროვნებაზე გაცემული პარალელური სესხების რაოდენობის და სესხის რამდენჯერმე გადავადების შეზღუდვებს. დამატებით მნიშვნელოვანი იქნება თუ გადამოწმდება მსესხებლის გადახდისუნარიანობა და საკრედიტო ისტორია.