ივერიონი / ნუკრი მიხანაშვილი: დეზინფორმაცია, როგორც პოლიტიკა და მავნებლობა!

ნუკრი მიხანაშვილი: დეზინფორმაცია, როგორც პოლიტიკა და მავნებლობა!

მავნებლობის ერთ-ერთი ამაზრზენი ფორმა და თანამედროვე საბრძოლო იარაღია დეზინფორმაცია, მისი შეგნებული და მიზანმიმართული გავრცელება. ის თესავს ეჭვს და ამახინჯებს ფაქტებს, ახდენს ადამიანთა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას, ფუთავს ფაქტებს ჭორების და ფაბრიკაციის საფარქვეშ. ეს ყველამ იცის, ყველა აღიარებს, მაგრამ ამ ქმედებას ზოგჯერ ამართლებენ კიდეც. ესაა პრობლემა, ყველაფერი დანარჩენი წვრილმანებია, რასაც პირადი გამორჩენის დაღი აზის.

დეზინფორმაცია 21-ე საუკუნის ქსელური დაავადებაა და ვირუსივით ადვილად ვრცელდება. ეს პრობლემა ვერ შეიფუთება ვერც „თავისუფალი სიტყვის“ ლოზუნგით და ვერც ვიღაცის კერძო ბიზნეს-ინტერესებით (რეიტინგი, კონკურენცია). საშუალო და დაბალი გონებრივი შესაძლებლობის მასა დემაგოგიას ღრუბელივით ისრუტავს.
სწორედ ამიტომ, ამ მასას შულერივით არ უნდა მოექცე, არ უნდა გააცურო, არ უნდა მოატყუო, ბრიყვად არ უნდა ჩათვალო - ეს მამაძაღლობაა! მამაძაღლობა კი, როგორც ქმედება, არასდროს ყოფილა თავისუფალი არჩევანის და თავისუფალი სიტყვის მონაპოვარი, ის მავნებლობაა და ჩვენი საზოგადოებისთვის დამაზიანებელია.

არის ამ მედლის მეორე მხარეც - სახელმწიფოს პროპაგანდისტული გეოპოლიტიკა. მაგალითად, „Sputnik“, „Russia Today“, „RTR“ - რუსული სახელმწიფოს მიზნებს ემსახურება და პოლიტიკურ დეზინფორმაციას ავრცელებს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. ისინი თესავენ ტყუილს მსოფლიოს 30 ენაზე და მუხლჩაუხრელად მუშაობენ! ამაში იღებენ ხელფას. ესეც მავნებლობაა, და ემსახურება მსოფლიო წესრიგის მოშლას.

თავის დროზე, საბჭოთა პროპაგანდა, შინ თუ გარეთ სწორედ მსგავსი დეზინფორმაციული მეთოდებით სარგებლობდა და ასე აძლიერებდა რუსულ იმპერიას. შედეგად მივიღეთ დაკომპლექსებული, რობოტიზებული, ნებაწართმეული და კონფორმისტული საბჭოთა ადამიანების რამოდენიმე თაობა. მათ ნაწილს სჯეროდა, რომ „ნათელ მიზანს“ ემსახურებოდნენ, მაგრამ არ იცოდნენ რა იყო პატრიოტიზმი, როგორც თავისუფალი ადამიანის ძირითადი ინსტიქტი, საკუთარი ქვეყნის - საქართველოს სახელმწიფოს არსი, როგორც მიზანი, და არ იბრძოდნენ ამისთვის, გარდა დისიდენტებისა. ისინი სულიერად და ფიზიკურად კარგად იკვებებოდნენ, და მეტი არც არაფერი სურდათ, ამიტომაც იყვნენ კონფორმისტები.

დღეს, ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში, ტვინების რეცხვის განუზომლად უფრო ძლიერ ინსტრუმენტად გვევლინება მასმედია - ტელევიზია, პრესა, უამრავი საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალი, და მათი მომსახურე პერსონალი - ჟურნალისტები. ამ ჟურნალისტების წვრთნა ხდება სპეციალურ, სიცრუის სწავლების „ფაბრიკებში“, სპეციალიზაცია კი მიზნის შესაბამისად ხდება. ასე იჩეკებიან „თავისუფალი“ ჟურნალისტები, მანიპულატორები, „ტროლები“, პროგრამისტები, კლავიატურაზე მოკაკუნე კოდალები და ტელე-დემაგოგები, რომლებიც გვარიგებენ ჭკუას, მოგვიწოდებენ, გვიკიჟინებენ და გვასაღებენ თავიაანთ პროდუქციას, როგორც უზადო საღ აზრს!


ამ ყველაფერს ვერ ავკრძალავთ და ვერ გავაჩერებთ - უბრალოდ, თავისი სახელი უნდა დავარქვათ! და არ უნდა ვეცადოთ შევფუთოთ ის ჩვენი განსხვავებული გემოვნების და ინტერესების შესაბამისად.

მოკლედ, დეზინფორმაცია მძლავრი იარაღია. მაგრამ, თუ მისი გამოყენება სახელმწიფოს გარეთ - სახელმწიფო პოლიტიკაა, სახელმწიფოს შიგნით - ის მავნებლობაა, და ქვეყნის დასუსტებას იწვევს.


ორივე შემთხვევაში, დღევანდელი მოცემულობით, დეზინფორმატორი იგივე ტერორისტია, რომელიც მუშაობს საზოგადოების აფეთქებაზე - ან საკუთარი, ან სხვა სახელმწიფოს წიაღში!

 

 

21-02-2017, 13:11
უკან დაბრუნება