ივერიონი / თემურ მიქაუტიძე: მისი უდიდებულესობა - „რაინდი“

თემურ მიქაუტიძე: მისი უდიდებულესობა - „რაინდი“

 

 

მავანმა ის „რაინდის“ სახელით „მონათლა“.

 

მავანი მას უკავშირებს საქართველოს მომავალს: „აი, ღირსეული ქართველი, რომელიც სათავეში უნდა გვედგეს, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს“!

 

მე ამ სტატიას ბატონ ლევან ვასაძის პროპაგანდისთვის არ ვწერ. სიმართლე გითხრათ, მე მას ვერც პრეზიდენტად ვხედავ და ვერც საქართველოს „გადარჩენას“ ვაკავშირებ მასთან.

 

მაშ რატომ მაინტერესებს? - მე მას განვიხილავ. განვიხილავ, როგორც ქართველი ადამიანის ფსიქოლოგიურ ტიპს.

 

ვისაც ცოტა ხნის წინათ „ივერიონში“ დაბეჭდილი  ჩემი წინა ხუთი წერილი წაუკითხავს, ემახსოვრება, რომ საუბარი გვქონდა ამ საკითხზე და სახელმწიფოს მართვის შესაბამის ფორმებზე. სწორედ ამ კუთხით მინდა განვიხილო „რაინდის“, ბატონ ლევან ვასაძის პერსონა, რომელიც, როგორც ჩანს, საქართველოს პოლიტიკურ არენაზე შემოდის და შემოდის ფრიად ორიგინალურად!

 

„რაინდის“ პიროვნებას განვიხილავ მოსკოვში წაკითხული მისი გახმაურებული ლექციის, Третий Рим - Второй Иерусалим -ის მიხედვით.

(https://www.facebook.com/პოლიტიკური-ნაკვალევი-217550438412640/?hc_ref=NEWSFEED&fref=nf )

 

ეს ლექცია დევს ინტერნეტში და უამრავი გამოხმაურებაც აქვს. ლევან ვასაძის მიერ მკაფიოდ გამოხატული „რუსული კურსის“ მიხედვით თუ მიუხედავად, ყველა კომენტარი დადებითია და არც ერთგან უარყოფითი შეფასება არ შემხვედრია. როგორ, საინტერესოა, სად გაქრნენ მედასავლეთე კურსის აპოლოგეტები, ლიბერალები და დემოკრატები, გადაშენდნენ თუ ეს ლექცია არ უნახავთ? რატომ არ ყვირიან, რატომ არ აკრიტიკებენ?

 

არც ერთი და არც მეორე: - ვერ ბედავენ!

 

და რატომ ვერ ბედავენ, რა ასეთი ყოვლისშემძლე ვინმეა ლევან ვასაძე, რომ ვერ შეუბედო კრიტიკა მას და მის მიერ შემოთავაზებულ კურსს, როდესაც ამ „დასავლური კურსის“ უკან დგას ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ნატო და კიდევ ვინ იცის რამდენი პოლიტიკური ორგანიზაცია თუ ავტორიტეტული ფიგურა?!

 

არა, ლევან ვასაძის პიროვნების ყოვლისშემძლეობა აქ არაფერ შუაშია. ოპონენტებმა კრიტიკა ვერ გაუბედეს ქართველი ადამიანის იმ ტიპს, რომელსაც ჩვენი საზოგადოებისთვის შესაბამისი მმართველობის ფორმა ქვეცნობიერად ეყრდნობა.

 

დიახ, ოპონენტებმა (დემოკრატებმა) ვერ შებედეს კრიტიკა ქართველ „არისტოკრატს“ - მონარქიული მმართველობის საყრდენ ფსიქოლოგიურ ტიპს, დიახ-დიახ, ქართველ დიდებულს, თავადს, რომელიც თავისი ჩაცმულობით, ყველა თავისი მანერით თუ ჟესტით და განმასხვავებელი ნიშნით, წარმოადგენდა რაინდობისა და სიქველის განსახიერებას.

 

მაგრამ სამოსი, მანერები და ჟესტები საკმარისი არ არის, რომ ადამიანის ტიპი დავადგინოთ. მაშ მოვძებნოთ სხვა არგუმენტებიც.

 

Давайте допустим, что эта формула работает. Допустим в ходе этой лекции, что вы есть Третий мир, А мы второй Иерусалим.

 

ბატონმა ლევანმა ლექცია ამ დაშვებაზე ააგო. საიდან გაჩნდა, რა დაშვებაა ეს?

 

ასი წელიწადი ასეთი დაშვება აზრად არ მოუვა დემოკრატიული აზროვნების მქონე ელიტარს - ინტელიგენტს. რას ამბობთ, პირიქით: რა მესამე რომი და თანაც ისიც რუსეთი!? ან რა მეორე იერუსალიმი, როდესაც დემოკრატისთვის რელიგიური მომენტი კატეგორიულად მიუღებელია! რანაირად შეიძლება მითოლოგიზირებულ პარადიგმებზე აიგოს ფორმულა, რომელიც ურთიერთობების საძირკვლად გინდა ჩადო!?

 

არა აქვს მნიშვნელობა, რა დამოკიდებულება ჰქონდა ამ ყველაფრის მიმართ რუსულ ელიტას, „გაჭრის - არ გაჭრის“, „იმოქმედებს - არ იმოქმედებს“ ამის მკითხაობას არ დავიწყებ. თუმცა, მაყურებელმა ნახა, როგორ მოქმედებს ეს მომენტი რუსულ აუდიტორიაზე. მას არაფერი აქვს საწინააღმდეგო, რომ მესამე რომის როლში იყოს წარმოდგენილი. ის ასეც ხედავს საკუთარ თავს.  ჩვენი აზროვნებისთვის კი მეორე იერუსალიმის როლი მისაღებია კი არა - ზედგამოჭრილიც კია.  

 

ეს პარადიგმა სისხლხორცეულია მონარქიული ფსიქოლოგიური ტიპის პერსონის აზროვნებისთვის.

 

დემოკრატი - პრაგმატული მოქალაქეობრივი პატიოსნება (La vertu).

 

მონარქისტი - ამაღლებული მითოლოგიზირებული ღირსება (La honor).

 

ნიშანდობლივი ფაქტია, რომ რუსულმა აუდიტორიამ პირველივე ზუსტად ის შეკითხვა დასვა, რომელიც ყველაზე მეტად ახასიათებდა: Как вы смотрите  на заключение нового Георгиевского трактата? და მომხსენებელმაც ზუსტად ის პასუხი გასცა, რომელიც უნდა გაეცა. უფრო სწორად, ზუსტად იმ ფორმით უპასუხა, რომელიც მას, როგორც ფსიქოტიპს ახასიათებს.

 

რა პასუხი მოუვიდოდა პირველი თავში ქართულად „მოდერნიზებულ“ დემოკრატს? - ალბათ, ყველაზე ცოტა გაიფიქრებდა: «Идите Вы...», მეტყველების მეშვეობით კი მოჰყვებოდა საუბარს უფლებებზე, თანასწორობაზე,..

 

რა პასუხი გასცა არისტოკრატმა? - დააკვირდით, რა მოჰყვა რომის მცდელობას, იერუსალიმი ერთ-ერთ პროვინციად ექცია? - კატასტროფა!

 

ეს ისევ ის პასუხია, რომელიც მითოლოგიზირებულ ჭრილშია გადატანილი და რომელიც შეკითხვის ავტორამდე კონკრეტულად აღწევს. ეს პასუხი La honor პოზიციიდან არის გაცემული და აღწევს ისე, რომ არც მიმღების პოზიცია ზიანდება და არც პასუხის გამცემისა კნინდება.

 

გაადევნეთ თვალი ლევან ვასაძის საუბრის მანერას. როგორ უჭირავს მას თავი „უფროს ძმებთან“. ვასაძე აღიარებს მის „უფროსობას“ (Рим – Это сила). - და აიღეთ ნებისმიერი ჩვენი მოხელის ფოტო, გადაღებული დასავლეთელ პოლიტიკოსთან. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ჩვენი დემოკრატი „მესაჭეები“ ცოტა დაკნინებულად, მლიქვნელურად გამოიყურებიან? - რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ქართველი ფსიქოტიპი ჯერ-ჯერობით ვერშემდგარი დემოკრატია?

 

Я не европеец, какой я европеец, я кавказец! - ეს ფრაზა ჟღერს მას მერე, რაც გაიჟღერა: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“. და ამ ორ ფრაზას შორის არც ისე დიდი მონაკვეთია! როგორ, ასე ჩქარა შევიცვალეთ დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ? - არა, არაფერი შეგვცვლია, პირველად წარმოთქმული ფრაზისას ჩვენ თვითონ არ გვჯეროდა, რას ვამბობდით, ევროპა კი ღიმილით გვიყურებდა. ამ ბოლოს კი ჩვენ ვიცით რას ვამბობთ - დარწმუნებული ვართ, რომ ვამბობთ სიმართლეს და ფეხებზეც კი გვკიდია ის, რას ფიქრობს ევროპა!

 

აი, რას ნიშნავს კავკასიელობა ამ კონტექსტში, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ჩვენ დემოკრატები ვართ?! - ნურას უკაცრავად! გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ევროპა ზუსტად ამ დემოკრატობისა და ლიბერალიზმის გამოა უარყოფილი.

 

როდის ვართ ჩვენ ის, რაც მართლა ვართ?   

 

თუ ასე მომწონს ბატონი ლევან ვასაძე, როგორც პიროვნება, რატომ არ წარმოვისახავ მას საქართველოს პრეზიდენტად და რატომ არ ვაკავშირებ მასთან საქართველოს გადარჩენას?

 

ჯერ ერთი - მე ადამიანების მიმართ შთაბეჭდილებას („მომწონს - არ მომწონს“) ასეთი არგუმენტების საფუძველზე არ ვიქმნი. მეორეც - სახელმწიფოს პროგრესის საკითხი არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ და რატომ მომწონს მე. მესამე და მთავარი: იმისათვის, რომ საზოგადოება იქცეს პროგრესირებად სახელმწიფოდ, უნდა დაკმაყოფილდეს ფორმულა:

 

 

 

 

თუ ამ ფორმულაში არ არის დაცული შესაბამისობა, ვერანაირად ჯამში პროგრესირებად სახელმწიფოს ვერ მიიღებთ.

 

ამ ფორმულის პირველ შემადგენელს, X-ს, ანუ, საზოგადოებას, თქვენ ვერანაირად ვერ შეცვლით. დეგრადირებად სისტემას არ შეუძლია მისი შეცვლა, მით უმეტეს, თუ მმართველი სტრუქტურა თვითონ უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოების აღმზრდელი, ის ასეთი არ არის, და სხვა აღმზრდელი კი მას არ ჰყავს.

 

ერთადერთი, რისი შეცვლაც თქვენ შეგიძლიათ, საზოგადოების მართვის ფორმის შეცვლაა, რომლის მეშვეობითაც საზოგადოება აირჩევს წესიერ (შესაბამის) მმართველ სტრუქტურას და  მიიღებს პროგრესირებად სისტემას.  

 

და თუ ლევან ვასაძემ ეს ფორმულა არ გაითვალისწინა და კენჭი იყარა მოცემული მოდელით, ის იქნება საქართველოს ისტორიაში ყველაზე გულუბრყვილო და უსუსური ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ქვეყნის პრობლემიდან გამოყვანის ძალზე რეალური შანსი და არასწორად გამოიყენა.

 

რატომ? - იმიტომ, რომ თუ ამ ფორმულით არსებულ, მოქმედ მოდელში „ჩაჯდება“, მიიღებს იგივე შედეგს, რაც დანარჩენმა ჩვენმა ლიდერებმა: გამსახურდიამ, შევარდნაძემ, სააკაშვილმა, ივანიშვილმა, მარგველაშვილმა თუ ღარიბაშვილმა და კვირიკაშვილმა მიიღეს: ქრონიკულად დეგრადირებად სისტემას, მადლობის „არმთქმელ“ საზოგადოებას, დანგრეულ ნერვებს და შელანძღულ სახელს!

 

ერთადერთი, რაც თეორიაშია შესაძლებელი, ეს არის წმინდანის დიადემა, რომელიც  იმ შემთხვევაში ებოძება, თუ რომელიმე „მტრული“ ქვეყნის „კაციჭამია“ მმართველი მახვილით მოჰკვეთს ან მშვილდისრის ლარით წააწყვეტს თავს, ან რომელიმე შინაური მოღალატე დაახლის შუბლში ტყვიას.

 

მადლობა ღმერთს, ასეთი მომავალი მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ასეც რომ იყოს, ამით მის სამშობლოს არაფერი ეშველება, და ვფიქრობ, არც ბატონ ლევან ვასაძეს უნდა იზიდავდეს ეს პერსპექტივა.        

 

27-02-2017, 14:51
უკან დაბრუნება